2012 ცნობილთა ობიექტივში - კვირის პალიტრა

2012 ცნობილთა ობიექტივში

ვინ არის მერაბ სეფაშვილის წლის გმირი და ია ფარულავას საიდუმლო სიმპათია

"2012 წლის კი არა, ცხრა წლის უარყოფითი ადამიანი  მიხეილ სააკაშვილია!"

როგორი იყო 2012 წელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ისინი სახუმარო და სერიოზულ კითხვებს უპასუხებენ. ხომ იცით, ხუმრობაში სიმართლის მარცვალიც ურევია, ასე რომ, თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად გულახდილები არიან ისინი "კვირის პალიტრასთან".

მერაბ სეფაშვილი–მომღერალი: - თუ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ვნებათაღელვას არ ჩავთვლით, არჩევნებს ვგულისხმობ, მშვიდი წელი მქონდა.

- რას მიიჩნევთ წლის წარმატებად?

- წარმატება იყო სოლო კონცერტი და ჩემი სახელობის ვარსკვლავის გახსნა.

წლის პოლიტიკური მოვლენა? არჩევნები, რა თქმა უნდა! ხელისუფლების ცვლა მოხდა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი!

- არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, ვის ისურვებდით ახალ წელს მეკვლედ: ბიძინა ივანიშვილს თუ მიხეილ სააკაშვილს?

- მე ვისურვებდი მეკვლედ ობამას.

- ის მომღერლები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავს დაბლოკილებად მიიჩნევდნენ, ახლა სცენაზე დგანან და პირიქით... პროცესი ხომ არ მეორდება?

- არაფერი გამიგია, ახლა ვინმე დაებლოკოთ. საერთოდ, რაც ამ მხრივ საქართველოში ხდება, არანორმალურია. მხოლოდ ჩვენთან ხდება ის, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო შეიძლება შენი საქმე ვერ აკეთო.

- ვინ არის წლის პოლიტიკოსი?

- სიმართლე გითხრათ, ქართულ პოლიტიკას ცოტა არასერიოზულად ვუყურებ.

- რატომ?

- მიმაჩნია, რომ მსოფლიოსთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს... ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები - რესპუბლიკელები რომ მოსულიყვნენ, მსოფლიო პოლიტიკა გადათამაშდებოდა... ასე უფრო დაბალანსებული იქნებოდა მსოფლიო. საქართველოში რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ - შეიცვალა ხელისუფლება და ვნახოთ, რას გააკეთებენ..

.

- ვინ არის თქვენთვის წლის გმირი?

- გმირი? ასეთად ვერავის ჩავთვლი. მაშინაც დამაბრალეს, ვიღაცებს გმირად თვლიო, მაგრამ... გმირების ნაკლებად მჯერა.

- წლის უარყოფითი პიროვნება თუ გყავთ?

- არა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველაფერში დადებითი დაინახოს, თუმცა მყავს ერთი - ვლადიმირ პუტინი, რომელიც ერჩის საქართველოს და ვერ გამიგია რა უნდა?

- რა საჩუქარი გინდათ 2013-ში?

- ვისურვებდი ჩემი ქვეყნის გამთლიანებას. "კვირის პალიტრას" კი მივულოცავ დამდეგ ახალ წელს. ჩემი უამრავი მეგობარი მუშაობს თქვენთან და გისურვებთ, 2013 წელი თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების მომტანი იყოს.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი: - 2012 წელს არ ვემადლიერები, ჩემთვის სტრესებით იყო სავსე, მაგრამ მაინც მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი ოჯახი და შვილები ჯანმრთელები არიან, ქვეყანაში კი მშვიდობაა.

წლის პოლიტიკურ პროცესად არჩევნებს მივიჩნევ, ჩემი აზრით, ეს იყო მთავარი.

- ვინ არის თქვენთვის წლის პოლიტიკოსი?

- ოო, ეს რთული კითხვაა, მართალი გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე. თუ ცოტა იუმორში გადავიტანთ, ასეთი მურმან დუმბაძეა და საოცარ პოზიტივს იწვევს ჩემში.

- ვის აირჩევდა ნანუკა მეკვლედ: ბიძინა ივანიშვილს თუ მიხეილ სააკაშვილს?

- გააჩნია, რა მინდა წლისგან რომ მივიღო და გააჩნია, რომელს უფრო კარგი ფეხი აქვს. ერთი ბიზნესშია წარმატებული, მეორე საერთაშორისო ასპარეზზე. მოდი, ასე ვთქვათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მინდა, ჩემი გადაცემის რეიტინგი მაღალი იყოს და ამისთვის სპონსორი მჭირდება, კარგი იქნებოდა, თუ ჩემს სახლში კოჰაბიტაცია შედგებოდა...

- წლის უარყოფითი ადამიანი?

- უამრავი ფარული ჩანაწერი მოგვისმენია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საზიზღარი გუბაზ სანიკიძის ჩანაწერი იყო. სამწუხაროდ, გუბაზ სანიკიძეს ვასახელებ.

წლის ტრაგედიად კახეთში მომხდარ ცხრა თვის ბავშვის ამბავს მივიჩნევ. იმედი მაქვს, ტრაგედიის მიზეზებს ოდესმე გავიგებთ.

წლის პოზიტიური მოვლენა, ალბათ, ჩემი დაბრუნებაა "რუსთავი 2"-ში.

- თქვენი აზრით, ვინ არის წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი?

- ირაკლი კოდუა.

- რას ისურვებდით თოვლის ბაბუისგან?

- არაფერს მატერიალურს. მინდა, მშვიდ გარემოში ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად. კარგი იქნებოდა, თუ ლონდონში შევხვდებოდი ახალ წელს. მინდა, თქვენს მკითხველსაც მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო ყველაფერი კარგი, თუმცა პირველ რიგში, ქვეყანას მინდა ვუსურვო მშვიდობა და თქვენს გაზეთს ბევრი მკითხველი.

ია ფარულავა–მსახიობი, ტელეწამყვანი: - ეს წელი ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილით დაიწყო - ძმა გარდამეცვალა და ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, თუმცა "დღის შოუს" ეთერში მალევე დავჯექი, შევძელი თავი ხელში ამეყვანა. გარდა ამისა, მთელი წელი სასამართლოში მიჩიოდნენ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, ვერ მიჩივლეს.

- რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ წარმატებად?

- ხალხის სიყვარულს! ამას მაშინ მივხვდი, როდესაც "დღის შოუში" დავბრუნდი. თურმე ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი წარმატება ყოფილა. ბუნებრივია, ყველას არ ვუყვარვარ, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ.

- ვინ არის თქვენთვის წლის პოლიტიკოსი?

- ჩემთვის არც ერთი პოლიტიკოსი აღარ არსებობს. ახლა ყველა ერთ პასუხს გასცემს: ივანიშვილი, მაგრამ მე მინდა ვიცხოვრო ისე, რომ პოლიტიკა საერთოდ არ შემეხოს.

- ახალი წლის ღამეს ვის ისურვებდით მეკვლედ: სააკაშვილს თუ ივანიშვილს?

- ვაიმე, არც ერთი არ მინდა! დალაი ლამას ან ნელსონ მანდელას.

- ვინ არის თქვენი ფავორიტი წყვილი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები"?

- ასეთი არ მყავს, ვცდილობ, ვიყო ობიექტური. ვგულშემატკივრობდი რატი წითელაძეს და ძალიან დამწყდა გული, პროექტი რომ დატოვა. დარჩენილი წყვილებიდან კი ყველა იმსახურებს ფინალში გასვლას.

- ვის მიანიჭებდით წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტულს?

- უნდა მოვიფიქრო. ერთ მამაკაცს ვიტყოდი, მაგრამ არა, ვერ დავასახელებ.

- იქნებ მაინც გვითხრათ, არა მგონია ეწყინოს...

- თქვენ მასწავლეთ ახლა, გაუხარდებათ თუ ეწყინება. არა, არ ვიტყვი...

- ვის მიიჩნევთ წლის უარყოფით ადამიანად?

- ვლადიმერ ბედუკაძეს, ალბათ ყველა ხვდებით, რატომაც....

დოდო ხურცილავა (დოდოშკა) "დღის შოუს" ყოფილი წამყვანი: - ამ წელში რაღაცები შემისრულდა. შეიძლება პირადად ჩემთვის არ იყო კარგი, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან წარმატებული იყო.

- დოდო ხურცილავას წლის შეცდომა.

- ხანდახან ძალიან ვბრაზდები და ზედმეტებს ვლაპარაკობ, ტელეიმედიდან ჩემი წამოსვლის ამბავს ვგულისხმობ...

წლის ფაქტი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ჩვენ, ქართველებმა, თითქოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოვაწყვეთ შეთქმულება და გავიმარჯვეთ კიდეც.

- ვინ არის წლის პოლიტიკოსი?

- ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი. ამ კაცმა დაგვრაზმა, გაგვიღვიძა ღირსების გრძნობა და გაგვახსენა ვისი გორისა ვართ.

წლის უარყოფითი პიროვნება კი... წლის კი არა, ცხრა წლის უარყოფითი ადამიანი  მიხეილ სააკაშვილია!

ანრი ჯოხაძე,–მომღერალი: - საერთო ჯამში კარგი წელი იყო. წარუმატებლობა ალბათ ევროვიზია იყო.

- ანრი, ახლა ამბობენ, რომ ის მომღერლები დაიბლოკებიან, ვინც წინა ხელისუფლების დროს მღეროდა.

- ასე ამბობენ... ეს მომღერლები გვერდით ედგნენ მიხეილ სააკაშვილს... მე არ მქონია სამთავრობო კონცერტებში სიმღერის ფუფუნება, არავის დავუპატიჟებივარ, რომ მემღერა. ასე რომ, ეს მე არ მეხება, არ მაღელვებს...

წლის პოლიტიკოსი ჩემთვის შალვა ნათელაშვილია, ყველაზე მაგარია!

- ვინ არის წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონი?

- ია ფარულავა, ის ყველაზე სექსუალური და სკანდალური იყო ამ წელიწადში.

- ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ჩაიდინე და სიამოვნებით გაატანდი 2012 წელს?

- ის, რომ თმა შევიღებე და "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მივიღე მონაწილეობა.

- ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

- დედაჩემს ეგონა, პენსია გაეზრდებოდა, მაგრამ... ამის გამო ძალიან ნერვიულობს...

ქეთი საგინაშვილი