"მიშას ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!"(ექსკლუზივი)
"სააკაშვილი რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა"
"თქვენ გეკითხებით, ყოფილ ხელისუფლებაზე დიდი ქურდები გეგულებათ სადმე?"
რის თქმას აპირებს პავლიაშვილი გამოძიების დამთავრების შემდეგ?
რა მინდა პოლიტიკაში, შემომხედეთ, გიჟს ვგავარ?
სოსო პავლიაშვილი ეკლესიას ააშენებს?!
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დროებით თუ სამუდამოდ, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ბინა მეზობელ რუსეთში დაიდო. "კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა ჩვენებურებს შეხმიანებოდა და მათი ცხოვრების ამსახველი ერთი დღის რეპორტაჟი შეეთავაზებინა მკითხველისთვის.
მაშ ასე, რუბრიკის პირველი სტუმარია ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი სოსო პავლიაშვილი. იგი წლებია, მოსკოვში მოღვაწეობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. როგორც აქაური ქართველები ამბობენ, სოსო ნამდვილ "გრუზინად" დარჩა. არიან ისეთებიც, პავლიაშვილს დიდად რომ არ სწყალობენ. ალბათ, ესეც გენეტიკურია - ქართველებს ხომ წარმატებული ქართველი რატომღაც არ გვიყვარს!
მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ ცოტა ხნის წინ პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - თავისი მეგობრის, ავთო ადუაშვილის მკვლელობის შემკვეთად დასახელდა, რომელიც 2012 წლის 23 ნოემბერს ზაზიაშვილის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიებამ პავლიაშვილის დის ქმარი, ვახო ჩხაპალია დააკავა, რომელიც დღესაც პატიმარია.
მოგვიანებით მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პავლიაშვილის ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ამ საქმესთან მომღერალს კავშირი არა აქვს. პასუხად კი სოსომ კბილაშვილს მოსკოვის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზის სცენიდან საჯაროდ გადაუხადა მადლობა. რა მოხდა სინამდვილეში და რას უკავშირებს პავლიაშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, ამ და სხვა საინტერესო თემაზე სოსო თავად გვიამბობს.
შეთანხმებისამებრ, პავლიაშვილს დღის 3 საათზე, სახლთან ახლოს, თავის რესტორან "შაბადაში" ვეწვიეთ. "შაბადა" უზბეკურ ენაზე "ნიავს" ნიშნავს. ეზოში შესულებს უზბეკური ნიავისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ლამაზი სანახაობა ნამდვილად დაგვხვდა. მორაკრაკე ჩანჩქერი, მწვანე მოლი, გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი და ფარდებს მიღმა განლაგებული სავარძლები, რომელიც კომფორტული დასვენების გარანტიას იძლევა.
აქაურობას თითქოს ქართული ელფერიც დაჰკრავს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, რესტორნის დიზაინსა და მოწყობაზე მის მეუღლეს, ირინა პავლიაშვილს უზრუნია.
- როგორ ხართ?
- ძალიან კარგად (იღიმის).
- პატარა საქართველო მოიწყვეთ?
- კი, თავი უბანში მგონია.
- როგორია სოსო პავლიაშვილის ერთი დღე?
- ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. დილაობით ერთი საათი ვსეირნობ ველოსიპედით, შემდეგ ცოტას წავიხემსებ და სტუდიაში გავრბივარ. მოგვიანებით აუზზე ვინაცვლებ და საღამოს რესტორანში მოვდივარ... ივნისში 35 კონცერტი მაქვს დაგეგმილი და ვცდილობ, ფორმაში ვიყო. ბოლოს და ბოლოს, სამ შვილს პატრონობა ხომ უნდა?
- რამხელები არიან?
- ლევანი 26 წლის ხდება, ახლა ერთ-ერთ სოლიდურ სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, შუათანა გოგონა - ლიზა 8 წლისაა, დღეს ჩამოდის, ჩემი მეუღლის მშობლებთან ერთად ნორვეგიაში ისვენებდა, სანდრა კი 5 წლის გახდა.
- ქართული იციან?
- ცდილობენ (იღიმის).
- მეოთხე შვილსაც ხომ არ გეგმავთ?
- კი, ვაპირებთ...
- მეუღლეზე გვიამბეთ, სად გაიცანით?
- სადაც ჩამწერი სტუდია მქონდა, იქ დადიოდა ერთ-ერთ სტუდიაში, სპექტაკლებს დგამდნენ, მღეროდნენ... მას კი ჩემი სიმღერა მოეწონა - "ია სტაბოი" და... "ანა სამნოი"...
- ცნობილი დონ ჟუანი უცებ მოათვინიერეს?
- ნამდვილად, თუმცა, მიუხედავად ჩემი დონჟუანობისა, ქალისთვის გული არ მიტკენია.
- როგორც ქართველს, მოსკოვში დამკვიდრება ხომ არ გაგიჭირდათ?
- არა, იყო რაღაცები, მაგრამ საერთო ჯამში არ მქონია პრობლემა.
- როგორია მოსკოვიდან დანახული საქართველო?
- ქართული ტელეარხები საერთოდ არა მაქვს... საქართველოს სჭირდება რუსეთი, თორემ რუსებს ნაკლებად ვჭირდებით. ჯერ ერთი, საქართველოს რუსეთის ბაზარი სჭირდება. მეორეც, ერთმორწმუნე ერები ვართ და ამ ორ ქვეყანას შორის შუღლი მიუღებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთიდან ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილია. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დაიღუპებოდა საქართველო! ამ დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები? ისევ ქართველები დავერიეთ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, ცოცხებით მოგვხვეტენ-მეთქი და სამწუხაროდ, კიდეც ახდა... წლებია გავიძახი, ნუ აგინებთ რუსებს, გავა წლები და მოკუნტულებს მოგვიწევს მოსვლა ბოდიშის მოსახდელად-მეთქი და... როცა ამას ვამბობდი, ეგ მოღალატე რუსეთშია და ჭკუას ნუ გვასწავლისო... კი ბატონო, ხმასაც აღარ ვიღებდი...
- თქვენი კონფლიქტი ყოფილ ხელისუფლებასთან საიდან დაიწყო?
- რუსეთში ყოფნით... 2008 წლის პირველ აგვისტოს მიშამ ღირსების ორდენიც კი მომანიჭა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. "იურმალაზე" გამარჯვებულ ჯგუფ "ჯორჯიასთვის" პრიზის გადაცემის პატივი მერგო, რაც ძალიან გამიხარდა. ჰოდა, ჩამოვედი, პრიზი გადავეცი და მოულოდნელად ორდენიც გადმომცეს...
- ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი იყავით და სწორედ მისი გარდაცვალების გამო (კითხვას აღარ მამთავრებინებს. - თ. ღ.).
- დიახ, ზურა ჩემი მეგობარი იყო. თუმცა სააკაშვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. უკეთესს გეტყვით, სააკაშვილი მოსკოვში ერთ-ერთ სუფრაზე გავიცანი, სადაც რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა. უთანხმოება მხოლოდ მის იდეოლოგიურ გარემოცვასთან მქონდა.
- ვინ არიან სააკაშვილის იდეოლოგები ან რა უთანხმოებაზე ლაპარაკობთ?
- არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი... ზოგი იეღოველი იყო, ზოგიც კიდევ... რაც იყო, იყო. ყველაფერი ცუდი გააკეთეს-მეთქი, ვერ ვიტყვით, მაგრამ როგორც გავიგე, საქართველოს 12 მილიარდი ვალი ჰქონია... და ეს სიტუაცია როგორ უნდა გამოსწორდეს, წარმოდგენაც არა მაქვს. ერთი, რასაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი ის არის, რომ საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს ყველა შანსი, პირველ რიგში რუსეთთან და თუ უნდა, ამერიკასთანაც.
- როგორც ქართველმა, რა მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გამოსწორებულიყო?
- რუსების გულის მოსაგებად არც გვარი გამომიცვლია, არც სახალხო არტისტის წოდების მისაღებად დამიხრია ვინმესთვის თავი. მე ვარ ქართველი და ყოველთვის დავრჩები ქარ|თველად.
როდესაც 2008 წლის ომი მოხდა, ბევრმა რუსმა საზოგადო მოღვაწემ თუ რიგითმა მოქალაქემ ბოდიში მომიხადა. აი, ეს გააკეთა სოსო პავლიაშვილმა.
- როგორ შეაფასებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს?
- რუსეთმა ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა. არ ვიცი, წინასწარ იყო გათვლილი, რომ ტერიტორია უნდა დაეკარგათ და მერე რუსებისთვის დაებრალებინათ, ან რაღაც შიზოიდურ ქმედებასთან გვქონდა საქმე, ან შეიძლება პროვოცირებაც იყო... არ ვიცი, ამერიკელებმა გააგიჟეს თუ ვინ, მაგრამ ფაქტია, სიგიჟესთან გვქონდა საქმე. მის ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!
- ვის გულისხმობთ?
- სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას!
- რუსეთი ოკუპანტია თუ არა?
- მათ საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ დამწყვდეულ დათვს გალიაში ხელს რომ შეუყოფ, ხომ წინასწარ იცი, რომ მოგაჭამს და ვისი ბრალი იქნება ეს - დათვის?!
- დღეს რა ვითარებაა, როგორ ფიქრობთ, გვეშველება ქართველებსა და საქართველოს?
- ქართველებმა ერთმანეთის ლანძღვას თავი უნდა დავანებოთ, მოსმენა ვისწავლოთ და გვეშველება, რაც ყველაზე დიდი ხელის შეწყობაა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.
ამხელა სიძულვილი, რაც დღეს საქართველოში სუფევს, 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა, როცა არც შუქი გვქონდა და არც გაზი!
- ბიძინა ივანიშვილზე რას გვეტყვით?
- არ ვიცნობ და შეიძლება ისე გავიდეს ცხოვრება, რომ ვერასოდეს შევხვდე, თუმცა ვფიქრობ, ადამიანს, რომელსაც ამდენი ქველმოქმედება აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, თავისი ქვეყანა ნამდვილად ეყვარება. ხელისუფლებაში თუ ოდესმე ვინმესთან შეხება მქონია, ეს ზურაბ ჟვანია იყო. კახა კალაძესაც ვიცნობ, მაგარი ქართველია, ამდენი სიმწარის მიუხედავად, ქართველებზე გული არ აუცრუებია და ეს ნამდვილად დასაფასებელია.
- ქველმოქმედებაზე გამახსენდა, გავიგე, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებით.
- (უხერხულობისგან მხრებს იჩეჩს. - თ. ღ.) დიახ. არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, რა სათქმელია?..
- არის ისეთი ვინმე, ვის წყენასაც ვერასოდეს დაივიწყებთ, ან ვისი სიკეთეც სულ გეხსომებათ?
- ოჯახის წევრებს თუ არ ჩავთვლით, რომლებმაც ხელიც გამიმართეს და გზაც გამიკვალეს, მაღალი ღმერთია... წყენა ბევრი ყოფილა. არავის უკითხავს, სოსო როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირსო? მოკითხვას ვინ ჩივის, სმს-ით დაბადების დღეც კი არავის მოულოცავს. არც არავის "გავუქაჩივარ". აქამდე ჩემი კაცობით მოვედი. კიდევ კარგი, თორემ წამოსაძახებელი ექნებოდათ!
- ვინ იყვნენ ისინი, ვინც გაწყენინათ, ქართველები თუ..
- მეკითხები კიდეც, აბა, ვინ იქნებოდა, თუ არა ქართველი?! მხედველობაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მყავს. ვიმედოვნებ, ახალი ხელისუფლებისთვის მაგალითი იქნება, რომ ახალ თაობას ხელი შეუწყოს. მე ყოველთვის შევეცდები თითოეულ მათგანს მხარში დავუდგე, რათა ქვეყანა კიდევ ბევრჯერ ასახელონ.
- საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- იქ რა ვაკეთო, როცა ამდენი ადამიანი მყავს კისერზე სარჩენად ჩამოკიდებული? ისე, ეგ დროც მოვა.
- ფიქრობთ, ემიგრანტების დაბრუნების დრო ჯერ არ დამდგარა?
- აბა, ერთი მომღერალი მაჩვენე საქართველოში, რომელიც კარგად ცხოვრობს და კი, ბატონო...
- რატომაც არა, მაგალითად ამბობენ, ლელა წურწუმია მშვენივრად ცხოვრობსო?
- გინდათ მითხრათ, რომ რასაც მე აქ ვშოულობ, წურწუმია იმდენივეს გამოიმუშავებს თვის განმავლობაში? ღმერთმა ბევრი მისცეს წურწუმიას, მაგრამ მას ვერ ექნება 30 კონცერტი თვეში და მე მაქვს... ამას კი დიდი შრომისა და წვალების ფასად მივაღწიე...
- რამდენია პავლიაშვილის ყოველთვიური ანაზღაურება?
- (იღიმის) 50.000-დოლარიანი ფეხსაცმელები აცვიაო, ამბობენ და ეგ აბსოლუტური სიცრუეა, რადგან წარმოდგენაც კი არა მაქვს, ასეთი ფეხსაცმელი როგორ გამოიყურება!
- საქართველოში კონცერტის ჩატარებას ხომ არ გეგმვთ?
- მაგისი დროც მალე მოვა.
- ბოლო დროს მოსკოვის კლიმატმა გარკვეული გავლენა იქონია აქაურ, ფულიან ქართველებზე და ყველამ ერთბაშად გადაწყვიტა საქართველოში პოლიტიკოსობა დაიწყოს. თქვენზეც ხომ არ უმოქმედია მოსკოვის ჰავას?
- რას ამბობთ, ალბათ, ხუმრობთ? რა მინდა პოლიტიკაში?! (ხარხარებს). შემომხედეთ, გიჟს ვგავარ, თავი ჩემი ხელით მოვიკლა? მე ჩემი საქმე მაქვს და პირობას გაძლევთ, რომ სოსო პავლიაშვილს პოლიტიკაში ვერასოდეს იხილავთ!
- ავთო ადუაშვილის თემასაც მინდა შევეხო...
- ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ამიტომ გამოძიების დამთავრებამდე არაფრის თქმას არ ვაპირებ. ერთს გეტყვით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი სიძე, ვახო ჩხაპალია, დამნაშავე არ არის და ის პროკურორი, რომელიც საქმეს იძიებდა, მოხსნეს... გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით.
ერთადერთი, ახლა რა მიზანიც მამოძრავებს, ის არის, რომ შემოდგომისთვის საქართველოში ეკლესიის აშენება დავიწყო, სადაც ჩემი ოჯახისა და მეგობრების, |მათ შორის ცხონებული ავთოს სახელიც იქნება მოხსენიებული...
- სად აშენებთ, თბილისში?
- არა, ამას მერე გეტყვით...
...უცებ საქართველოს ისტორიის უახლესი წარსული თვალწინ დამიდგა, როცა ყველა ნაძველბიჭარმა, ქურდმა თუ მამაძაღლმა ეკლესიის აშენებით, მონასტერში ბერად წასვლითა და ანაფორას ამოფარებულმა გადაწყვიტა ცოდვების მონანიება, მაგრამ პავლიაშვილი მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. მაშ, რაშია საქმე? გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ეკლესიას ყოველგვარი ქვეაზრების გარეშე აგებს?
- ამბობენ, "კანონიერ ქურდებთან" მეგობრობსო, მართალია?
- ყველასთან ვმეგობრობ, ვისაც ჩემი სიმღერები მოსწონს, დაწყებული გენერლით და რიგითით დამთავრებული... გაუგებარია, იდეოლოგიის გამო კაცი რატომ უნდა დაიჭირო? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი "კრუგიდან" არის, თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, პასუხიც უნდა აგოს! თქვენ გეკითხებით, ყოფილ ხელისუფლებაზე დიდი ქურდები გეგულებათ სადმე? თუ რადგან ჩინოვნიკები იყვნენ, უნდა ეპატიოთ?
- რას უსურვებთ ქართველებს?
- მოთმინებას, გამძლეობას, ურთიერთპატივისცემას და პატრიარქისთვის ყურის გდებას. ამ ყველაფერს როცა შევძლებთ, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა.
თეა ღვანია