"ანომალია" თბილისის ცენტრში
თუ თხრილი არ ამოივსო, მიწა, რომელზეც სახლები დგას, შესაძლოა, მოწყდეს და სახლები დაინგრეს
ექვსი წელია, თბილისში, გუთნისა და ფოსტის ქუჩის მცხოვრებნი ქვეწარმავლებსა და მწერებს ებრძვიან... წლების წინ ამ ორ ქუჩას შორის ახალი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად საძირკველი გაჭრეს და მიატოვეს. დღეს ეს უზარმაზარი თხრილი წყლით აივსო, იქაურობა პოლიეთილენის ბოთლებით და სხვა ნაგვით არის სავსე.
ამ ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში საცხოვრებელი სახლები დგას. გუთნისქუჩელები ამბობენ, თუ თხრილი არ ამოივსო, მიწა, რომელზეც მათი სახლები დგას, შესაძლოა, მოწყდეს და სახლები დაინგრეს. დაახლოებით 30 მ სიგანისა და 10 მ სიღრმის დატბორილი ტერიტორია ფიცრით არის შემოფარგლული, თუმცა, რამდენიმე ადგილას ღობე მორღვეულია და ბავშვები ხშირად იპარებიან. ცოტა ხნის წინ ერთი მათგანი წყალში ჩავარდნას მეზობელმა გადაარჩინა.
მარინა ოზაშვილი, გუთნის ქუჩის მცხოვრები: - 2008 წლის დასაწყისში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ეს ტერიტორია შეიძინა, ავარიული სახლები დაანგრია და ახალი კორპუსის ასაშენებლად საძირკველი გაჭრა. სამუშაოები ღამითაც მიმდინარეობდა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე შეჩერდა. როგორც ვიცით, ის კომპანია გაკოტრდა და ბანკმა ტექნიკა გაუყიდა. მას მერე აქაურობა ბაყაყების გუბედ იქცა. ზოგჯერ ისეთი სუნი მოდის, სუნთქვაც შეუძლებელია...
- ნაგავს ალბათ, აქაურები ყრიან...
- არა მხოლოდ... ძლიერი ქარის დროს ნაგავი ამ ტერიტორიაზე გროვდება.
- ვინმეს დახმარება სთხოვეთ?
- რამდენჯერმე მივმართეთ მერიას და საკრებულოს. დააჯარიმეს კიდეც კომპანიის მფლობელი. ერთხელ დეზინფექციაც ჩაატარეს, მაგრამ საშველი არ დაგვადგა. როცა წვიმს, მგონია, რომ უცებ მოწყდება ეს მიწა და ჩვენს სახლს ჩაიტანს. ორმო გრუნტის წყალმა გაავსო, წვიმამაც შეუწყო ხელი და ასე იქცა ხელოვნურ ტბად. დაშრობაც სცადეს, თუმცა, წყალი ბოლომდე ვერ ამოტუმბეს.
თამარ სხირტლაძე, ფოსტის ქუჩის მკვიდრი: - ამ "ტბის" მოსაზღვრედ სტადიონია, მაგრამ უფუნქციო. იქ ბავშვებს აღარ ვუშვებთ, ღმერთმა იცის, როდის ჩავარდება მიწა. მთელი უბანი გზას გადავკეტავთ, იქნებ ასე მაინც მოგვაქციონ ყურადღება. მხოლოდ ერთს ვითხოვთ, წყალი ამოტუმბონ, თორემ შეგვჭამეს ქვეწარმავლებმა და მწერებმა.
მარინა ასანიძე, ფოსტის ქუჩის მკვიდრი:
- ამას წინათ მოხუცი ქალბატონი ქუჩაში ცუდად გახდა და ამ ფიცრულ ღობეს მიეყრდნო. გული რომ წასვლოდა, პირდაპირ წყალში ჩავარდებოდა. რამდენიმე დღის წინ კიდევ მთვრალი მამაკაცები ჩხუბობდნენ. ფანჯრიდან ვკიოდი, - გამოდით მაქედან, წყალში არ ჩავარდეთ-მეთქი... გაგიკვირდებათ და, ხშირად მოდიან ამ ტერიტორიაზე სათევზაოდ. თევზი საიდან გაჩნდა, არავინ იცის.
- აქ თევზის რომელი სახეობა ბინადრობს?
- რამდენჯერმე ვნახეთ პატარა ზომის თევზები, თუმცა, სახეობა არ ვიცი.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამ უბანს თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ნარმანია ესტუმრა და მობინადრეებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ დაპირება დაპირებად არ დარჩება...
SOS!
რამდენად უსაფრთხოა ამ "ტბაში" დაჭერილი თევზის საკვებად გამოყენება ან შეიძლება, რომ ეს თევზი ბაზარში გასაყიდად მოხვდეს? ამ კითხვით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ.
გიგა ქურდოვანიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: - გამორიცხულია ამ წყალში დაჭერილი თევზის სამომხმარებლო დახლზე მოხვედრა, მაგრამ აქაურ მეთევზეებს ვურჩევთ, არ გამოიყენონ საკვებად, რადგან შესაძლოა, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. სამშენებლო მიზნით გაჭრილ საძირკველში დაგროვილ წყალში არავინ იცის, რა ჩაედინება, ვინ რას ყრის, შესაძლოა, წყალში ტოქსიკური ნივთიერებებიც იყოს, ამიტომ ამ ე.წ. ტბაში თევზი ჯანმრთელი არ იქნება.
იხილეთ სიუჟეტი www.palitratv.ge-ზე
თორნიკე ყაჯრიშვილი