ტრადიციული ქართული ნაწარმი მხოლოდ უცხოელთა იმედზეა
საქართველოში რამდენიმე ბიზნესსფერო ძირითადად უცხოელი ტურისტების ხარჯზე არსებობს. ტრადიციული ქართული ხელოვნებისა და ხელსაქმის ნიმუშებით უცხოელები უფრო ინტერესდებიან, ვიდრე ქართველები. ქართულ სუვენირებს, ხალიჩებს, ფარდაგებს, მინანქარს ყველაზე ნაკლებად სწორედ ქართველები ყიდულობენ.
მანანა არქანია (კავკასიური ხალიჩების გალერეის ხელმძღვანელი): "12 წელიწადია, ამ საქმეში ვარ ჩართული. ყველანაირი ხალიჩა გვაქვს: დაღესტნური, ირანული, აზერბაიჯანული, შუააზიაური, მაგრამ ჩვენი სიამაყე მაინც ძველებური ქართული ხალიჩაა, რომელიც ხელით იქსოვება. ხალხი, რომელიც ტრადიციულ ქართულ ხალიჩებს ქმნის, ძირითადად სოფლებში ცხოვრობს: თუშეთის, კერძოდ ომალოს ხალიჩები განთქმულია თავისი სილამაზითა და ხარისხით. ძალიან კარგ ხალიჩებს ქსოვენ კახეთში, ახალციხის რაიონში და საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ხალიჩების ქსოვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ხალიჩის არჩევას ცოდნა სჭირდება. შესაძლოა ერთი შეხედვით ძველი, გაცვეთილი ხალიჩა ათასობით ლარი ღირდეს, ხოლო ახალთახალი - მასზე ათჯერ ნაკლები. აქ რამდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი: ქსოვის ტექნიკა, ფერები, ორნამენტები, რომლითაც ხალიჩა არის შემკული, ძალიან მნიშვნელოვანია შალის ხარისხიც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარგი ხალიჩა ნატურალური საღებავებისგან უნდა იყოს შექმნილი.
მაღალხარისხიანი ხალიჩის ან ფარდაგის შექმნა რთულია და შრომატევადი. ხშირად მას მთელი წლის განმავლობაში ქსოვენ, ფასი ოდნავადაც ვერ ანაზღაურებს ჩადებულ შრომას. ზოგჯერ 200-300 ლარად ვყიდით ხალიჩას, რომელიც ათჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ თუ ამგვარ დათმობაზე არ წავალთ, ჩვენი ბიზნესი გაჩერდება. რამდენიმე წლის წინ თბილისში ოცზე მეტი მაღაზია იყო, სადაც შეიძლებოდა ორიგინალური, კარგი ხალიჩა გეყიდათ, ახლა კი სულ რამდენიმეღა დარჩა. ჩვენი გალერეა დღემდე არსებობს, მაგრამ ეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, მყიდველები ძირითადად უცხოელები არიან. მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველოში კარგ ხალიჩას იაფად შეიძენენ და ამიტომაც ყიდულობენ. სხვათა შორის, 1990-იან წლებში ჩვენი ქვეყნიდან თურქებმა გაიტანეს ბევრი უნიკალური ხალიჩა და ფარდაგი.
პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ჩვენი მაინც გამორჩეულია: თუ რეკლამა არ იქნება, თუ ხელი არ შეგვიწყვეს, ეს სფერო მოკვდება, მხოლოდ უცხოელების იმედად ვერ ვიქნებით. ჩვენს მოსახლეობასაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თორემ უცხოელებს ინტერნეტითაც დავუკავშირდებით. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხალხი ძირითადად ფაბრიკების ნაწარმ ხალიჩებს ყიდულობს, რომლებიც უხარისხოა და მალე ცვდება. ტრადიციული, ხელით ნაქსოვი ხალიჩა კი წლების განმავლობაში ძლებს, ამიტომ მისი ყიდვა გაცილებით მომგებიანია".
ქეთევან ღვალაძე (სუვენირების მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი): "ეს მაღაზია დედაჩემმა გახსნა. ლესელიძის ქუჩაზე ხშირად დადიან უცხოელები და ჩვენს სუვენირებსაც ძირითადად ისინი ყიდულობენ. სიმართლე გითხრათ, უცხოელი ტურისტების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩვენს პროდუქციას ქართველებიც ყიდულობენ, მაგრამ უფრო მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ მიდიან და სურთ, მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრები ჩაუტანონ. უცხოელ სტუმრებს ძალიან მოსწონთ ქართული ორნამენტებით შემკული ნივთები, სამაჯურები, საყურეები. მამაკაცები ძირითადად კერამიკის ნაწარმს ყიდულობენ - ყანწებს, სურებს, ტრადიციულ ქართულ ხანჯლებს და სხვ. ქალები კი სამკაულს, თექის ნაწარმს - სამოსს, ყვავილებს, შარფებსა და საფულეებს. ფრანგებსა და იტალიელებს განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენს ეროვნულ სამოსში "გამოწყობილი" თოჯინები, კერამიკის ან თექის სუვენირები. სიამოვნებით ყიდულობენ ფაფახს, ხევსურულ და სვანურ ქუდებს. ზოგიერთი მათგანი ქართული სამოსის შეძენის სურვილსაც გამოთქვამს, მაგრამ ასეთები შედარებით ცოტაა".
ხათუნა ბაბუნაშვილი (მინანქრის გალერეა "ორნამენტის" დამფუძნებელი): - უცხოელი სტუმრები ქართული მინანქრით განსაკუთრებით ინტერესდებიან, რადგან ეს მათთვის ნამდვილი ბრენდია. როდესაც ადამიანი ჩადის შვეიცარიაში, ცდილობს უკან შვეიცარიული საათით დაბრუნდეს, ასეთივე განწყობაა ქართული მინანქრის მიმართაც. ჩვენი შემოსავლის 80% სწორედ უცხოელებზე მოდის, მათ გარეშე ჩვენი გალერეა ვერ იარსებებდა. ყველაზე ხშირად უცხოელები მინანქრის სამკაულებს ყიდულობენ, თუმცა ზოგიერთს კომპოზიციები და ხატებიც აინტერესებს. ხელისუფლებამ უფრო მეტად რომ შეგვიწყოს ხელი, შეიძლება ეს საქმე უფრო მომგებიანი გახდეს და ქართული მინანქრის წარმოებაშიც უფრო მეტი ხალხი დასაქმდეს, იმიტომ რომ მოთხოვნილება ქართულ მინანქარზე ძალიან დიდია. ჯერჯერობით კი მინანქარი ფუფუნების საგანია, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება".
ხათუნა ჩიგოგიძე