საჯარო რეესტრის არასაჯარო გარიგებები ანუ როგორ იფლანგება ბიუჯეტის ფული
პროტესტი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში იფეთქა, დიდი ხნის "დუღილის" შედეგია. სამწუხაროდ, პატიმართა წამება ციხეებში ერთადერთი შავი ლაქა არ არის, რომელიც ჩვენი ხელისუფლების სახელს ღრმად დასმულ დაღად დააჩნდება. თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ბიზნესზე ზეწოლა, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, ელიტური კორუფცია, სახელისუფლებო ბიზნესმონოპოლიები - ამ და სხვა თემებზე არასახელისუფლებო მედია ხშირად ამახვილებდა ყურადღებას. კიდევ ერთხელ შევეცდებით "თვალი აგიხილოთ" და იქნებ ახლა მაინც დაინტერესდეთ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რა ხდება ქვეყანაში რეალურად, რადგან საბოლოოდ, საზოგადოება ამისთვის პასუხს ისევ თქვენ მოგთხოვთ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გაზეთ "24 საათის" გარიგება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება დღესაც, გამჭვირვალე შენობებში "გაუმჭვირვალე გარიგებები" და როგორ მიჩხრიალებს ვიღაცის ჯიბეში ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წელს, ფარული, გაუმჭვირვალე ტენდერი ჩაატარა განცხადებების გაზეთის გამოსაცემად და შპს "მვპ" (იგივე გაზეთი "24 საათი") გამარჯვებულად გამოაცხადა. ეს ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში მოხდა, სადაც აღნიშნულია: "მაშინ, როცა ერთი გაზეთი უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გვთავაზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფოს ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთებისთვის და ინტერნეტვებგვერდებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება. სამთავრობო სააგენტომ ამ პროექტით მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა".
მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, ნაცვლად იმისა, რომ კანონის ფარგლებში დაბრუნებულიყო, საჯარო რეესტრმა ტენდერის ჩატარებით თავი საერთოდ აღარ შეიწუხა, ისე გაუფორმა პირდაპირი კონტრაქტი იმავე "24 საათს". ამ ახალი კონტრაქტით კი გაზეთ "საჯარო რეესტრის" გამოცემის ვადა ა.წ. 27 აგვისტოს იწურებოდა. ველოდი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წინასაარჩევნო პერიოდში მაინც, უარს იტყოდა ამ უკანონო გარიგებაზე, თუმცა გაზეთის გამოცემა გაგრძელდა. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ გაუფორმა ფავორიტ გაზეთს ახალი ხელშეკრულება უტენდეროდ, წლის ბოლომდე.
საინტერესოა, რომ "24 საათის" მიერ დაფუძნებული შპს - "24 საათი პრინტი", სახელმწიფო მოხელეების ხელშეწყობით და გამომცემლებზე ზეწოლით, დღეს საქართველოში სახელმძღვანელოების ბიზნესის მონოპოლისტი გახდა - ბეჭდავს, ახდენს დისტრიბუციას და რეალიზაციას.
ასე რომ, თუ კორუფცია ყოფით დონეზე მოისპო, სამაგიეროდ, მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში ყვავის. ამის არდანახვა შეუძლებელია თუ, რა თქმა უნდა, თვალები ფართოდ დახუჭული არ გვაქვს.
P.S. "მედიაპალიტრა" პროტესტს უცხადებს იმ უკანონობას, რომელსაც თითქმის ორი წელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან აქვს ადგილი. პროტესტის ნიშნად, მანამ, სანამ სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ შეწყდება ცალკეული მედიასაშუალებების "წახალისება" სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და ამ გზით სხვა მედიასაშუალებების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, ჩვენ გადავწყვიტეთ, დაბეჯითებით ვთხოვოთ პრესის გამავრცელებლებს, ნუ გაყიდიან ჩვენს გამოცემებს იქ, სადაც იყიდება გაზეთი "საჯარო რეესტრი".