კორუფციული ლაბირინთი ფასდაუდებელ პარლამენტში
როგორ და რა სახსრებით შენდებოდა პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, ვინ აშენებდა მრავალმილიონიან პროექტს, რომელმაც მალე შესაძლოა საკანონმდებლო უწყების ფუნქცია დაკარგოს, როგორი იყო პარლამენტის მშენებლობის ხარჯები და დაფინანსების სქემა - ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხის მოძიება მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ქუთაისში "დიდების მემორიალის" ადგილას პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული იყო. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ საჯარო დაწესებულებებისგან პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია მოეპოვებინა, თუმცა ამის მიღწევა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროდან და "სახელმწიფო მომსახურების ბიუროდან" მიღებული დოკუმენტაციის შესწავლისას ბევრი საინტერესო გარემოება გამოიკვეთა, რაზეც ინსტიტუტის წარმომადგენლებმა თავად გვიამბეს.
ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" თავმჯდომარე: "პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ამ მშენებლობის დამკვეთი ქუთაისის მერია იყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის და გეოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად ქუთაისის მერიას
5 000 000 ლარი გამოეყო, ხოლო სამუშაოს მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულებისთვის სახელმწიფო შესყიდვები უნდა მომხდარიყო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, ასევე პარლამენტის შენობის დაპროექტების, მშენებლობის ექსპერტიზისა და სხვა
გადაუდებელი სამუშაოების დასაფინანსებლად ქუთაისის მერიას გამოეყო 42 000 000 ლარი. იმავე მიზნით, ქუთაისის მერიამ მოგვიანებით 26 775 300 ლარიც მიიღო. ჯამში კი 2009-2010 წლებში ქუთაისის მერიისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხულმა თანხამ 73 775 300 ლარი შეადგინა.
2011 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტის მშენებლობის დამკვეთი გახდა შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიურო", რომელიც კერძო კომპანია იყო 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით. ამან კი კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახადა მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების ათვისების პროცესი. პარლამენტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის
მიზნით, შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს", ბიუჯეტიდან გადაერიცხა ჯერ 60 000 000 ლარი, ხოლო შემდეგ იმავე მიზნით 10 600 000 ლარი.
რეალურად პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მშენებლობისთვის გადარიცხული თანხა.
"სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" მიერ მოწოდებული შესყიდვების ჩამონათვალისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ირკვევა, რომ პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის მათ კომპანია "მენო ინტერნეიშენალს"
216 470 114 ლარი გადაურიცხეს, რაც სამჯერ აღემატება ფინანსთა სამინისტროს შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროსთვის" გადარიცხულ თანხას. ყველაზე საინტერესოც სწორედ ის იყო, თუ როგორ ახერხებდა "სახელმწიფო მომსახურების ბიურო" თავისი კაპიტალის ზრდას სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვის გარეშე. გაირკვა, რომ შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიურო" პარლამენტის მშენებლობას ახორციელებდა საკუთარი კაპიტალით, რომელიც სახელმწიფო ქონების გასხვისების
ხარჯზე ხდებოდა.
სქემა ძალიან მარტივი იყო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას გადასცემდა "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" და ამით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის კაპიტალს ზრდიდა, ეს უკანასკნელი კი ამ ქონების რეალიზაციას ახდენდა.
ასე მოხდა "ხრამჰესის" აქციების 100%-იანი წილის, ბათუმსა და თბილისში არასაცხოვრებელი ფართის და ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის აქციების გაყიდვისას. ამ გზით გაყიდულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებისა და ქონების ვრცელ ნუსხაზე ინსტიტუტი ახლაც მუშაობს და უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ".
გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი:
"როგორც ირკვევა, პარლამენტის მშენებლობისთვის ყველაზე მსხვილი თანხა მობილიზებული იყო "ხრამჰესის" აქციების გაყიდვით - 99 774 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ "ხრამჰესი" შეიძინა კომპანია GAღDABANI HOLDINGშ B.V.-მ, რომელიც რუსეთის მსხვილ სახელმწიფო ჰოლდინგს "ინტერ რაოს" ეკუთვნის. ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტაციით, 2009-2012 წლებში, პარლამენტის მშენებლობისთვის გამოიყო 326 243 038 ლარი, საიდანაც 144 375 300 ლარის გადარიცხვა მოხდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი თანხა - 181 867 738 ლარი, "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" მიერ სახელმწიფო ქონების გაყიდვის ან სხვა კომერციული საქმიანობის ხარჯზე. გარდა ამისა, საინტერესოა ის კომპანიებიც, რომლებიც პარლამენტისმშენებლობაში მონაწილეობდნენ. როგორც "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს"-გან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, ყველაზე დიდი თანხა, დაახლოებით 217 მილიონი ლარი, პარლამენტის მშენებლობისთვის, გადარიცხულია შპს "მენო ინტერნეიშენალისთვის". ამ კომპანიის 33%-იანი წილი კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს ეკუთვნის. მეორე დიდი ტრანსფერი (34 797 370,52 ლარი) პარლამენტის მშენებლობისთვის განხორციელდა შპს "კავკასუს როუდ პროჯექტისთვის". ამ კომპანიის სახელს უკავშირდება ასევე ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობა, რისთვისაც მას "სახელმწიფო მომსახურების ბიურომ" გადაურიცხა 20 951 734,12 ლარი. ამავე დროს, "კავკასუს როუდ პროჯექტის" 100%-იანი წილის მფლობელია დასაქმების ყოფილი მინისტრი პაატა ტრაპაიძე.
პარლამენტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირების მიერ კონტროლირებადი კერძო კომპანიები, ხოლო მათმა მესვეურებმა ამ კომპანიების საქმიანობიდან საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღეს.
"მენო ინტერნეიშენალის" სამეწარმეო საქმიანობიდან ირაკლი ჩიქოვანმა შემოსავლის სახით მიიღო 917 623 ლარი, "კავკასუს როუდ პროჯექტის" მეწილემ კი კომპანიის სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლის სახით მიიღო 1 048 075 ლარი, ხოლო როგორც გენერალურმა დირექტორმა ანაზღაურების სახით - 84 874 ლარი. ყოველივე ეს კი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, თუ
რამდენად მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, რადგან დაფინანსების და მშენებლობის ასეთი სქემა, ზრდის კორუფციული გარიგებების ალბათობას".
(სპეციალურად საიტისთვის)