ვერეს გზის დოკუმენტაციას გეოლოგიური დასკვნა აკლია(!) "
"ალტერნატიული საპროექტო წინადადებები ვერეს ხეობაში ესტაკადების აგებას ითვალისწინებდა"
13 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა ვაკე-საბურთალოს ახალი გზა მთლიანად დატბორა. ახალ მაგისტრალზე იმ დროს უამრავი ავტომობილი მოძრაობდა. მოქალაქეები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ გზის არჩევა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა.
სტიქიიდან მეორე დღეს თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა. გამოძიება შეისწავლის, მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოიკვლიეს თუ არა ადგილმდებარეობა, გაითვალისწინეს თუ არა მოსალოდნელი რისკები და დაიცვეს თუ არა უსაფრთხოების ნორმები მშენებლობისას. პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. საინტერესოა, რომ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა(!) - ის დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ არის. შესაძლოა, დასკვნა პროექტის შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს ან საერთოდ არც არსებობდეს. "კვირის პალიტრა" ამ თემის მოკვლევას მომავალში განაგრძობს...
ვერეს ხეობაში 3 კილომეტრამდე გზის აშენების იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიბადა. "გორპროექტმა" რამდენიმე სამუშაო პროექტიც შექმნა, თუმცა, ამის იქით საქმე აღარ წასულა. თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის დაკავშირების იდეა ყოფილმა ხელისუფლებამ "გააცოცხლა". მიხეილ სააკაშვილის მოწადინების მთავარი მიზანი ქალაქში საცობების პრობლემის მოხსნა იყო, მაგრამ ასეთი მასშტაბური მშენებლობისთვის ვერეს ხეობა დეტალურ გეოლოგიურ კვლევას საჭიროებდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ სულელური გადაწყვეტილება მიიღო - გზა რაც შეიძლება სწრაფად და იაფად უნდა გაყვანილიყო! 2009 წლის 8 მაისს თბილისის მერიამ ტენდერი
გამოაცხადა ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის შედგენაზე, რომელშიც სამი კომპანია მონაწილეობდა: "ტერიტორიათა განვითარების სააგენტო თბილქალაქპროექტი", "ტრანსპროექტი" და "საქგზამეცნიერება". გამარჯვებულად ეს უკანასკნელი დასახელდა, რომლის პროექტითაც ახალი გზა უფრო სწრაფად და იაფად აშენდებოდა.
მშენებლობა კი ყოფილმა ხელისუფლებამ 2005 წელს დაარსებულ კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტს" ანდო, რომელსაც სააკაშვილის მიერ დასაქმების სახელმწიფო მინისტრად დანიშნული პაატა ტრაპაიძე ხელმძღვანელობდა...
ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: "დოკუმენტაციაში, რომელიც ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობას ეხება, რამდენიმე უცნაური გარემოება აღმოჩნდა. მაგალითად, მანამდე გზა ფიზიკურად არ არსებობდა, დოკუმენტებში კი სამუშაო გატარებულია, როგორც არსებული გზის რეაბილიტაცია და არა ახალი გზის მშენებლობა.
მოგეხსენებათ, ახალი გზის გაყვანა ბევრ კვლევას, დასკვნასა და შეთანხმებას საჭიროებს. რეალურად ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალი მეხუთე კატეგორიის გზაა, რომლის მშენებლობა ეკონომიკის სამინისტროსთანაც კი უნდა შეთანხმებულიყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისი კომპეტენტური აზრი უნდა გამოეთქვათ და დასკვნა წარმოედგინათ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და ზონალურ საბჭოსაც, რადგან მშენებლობა სარეკრეაციო ზონაში მიმდინარეობდა. არც ერთ ამ უწყებაში პროექტი განსახილველად არ შესულა, რადგან "გზის რეაბილიტაცია" ამას არ საჭიროებდა.
სწორედ ეს არის გამოსაძიებელი: რატომ წარიმართა ასე უკუღმართად გზის მშენებლობა და რატომ ცდილობდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ყველაფრის ასე სწრაფად გაკეთებას? ტენდერში გამარჯვებული "საქგზამეცნიერების" პროექტისგან განსხვავებით, ორივე სხვა მონაწილის პროექტები ვერეს ხეობაში ავტომაგისტრალის ხიმინჯებით შესვლას გულისხმობდა".
ნინო ღოღობერიძე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი: - ოფიციალურად ეს პროექტი გატარდა, როგორც თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი. თამარაშვილის ქუჩაზეც და გმირთა მოედანზეც ნამდვილად რეკონსტრუქცია ჩატარდა, მაგრამ მათი დამაკავშირებელი გზა არ არსებობდა და თავიდან აშენდა. მიუხედავად ამისა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ტენდერი გზის რეკონსტრუქციაზე გამოაცხადა.
სამ პრეტენდენტს შორის ძალიან დიდი ფასთა სხვაობა იყო. ერთ კომპანიას პროექტის განხორციელების ღირებულებად მითითებული ჰქონდა დაახლოებით 165 მილიონი ლარი, მეორეს დაახლოებით 158 მილიონი, ხოლო მესამეს - 85 მილიონი. ტენდერში გამარჯვებული კი, სამწუხაროდ, ფასით განისაზღვრება. 85-მილიონიანი პროექტი გზის აგებას 1,5 წელიწადში ითვალისწინებდა.
- რით განსხვავდებოდა ეს სამი პროექტი ერთმანეთისგან?
- ტენდერში დამარცხებული პროექტები ვერეს ხეობაში ახალი გზის ხიდებით შესვლას ითვალისწინებდა. ანუ გზა ზედაპირიდან მაღლა იქნებოდა აწეული. ცხადია, ასეთი კონსტრუქციები უფრო ძვირი ღირს და რთული შესასრულებელია.
P.S. ჩვენ ვცადეთ ვაკე-საბურთალოს გზის ის პროექტები მოგვეპოვებინა, რომელიც წინა ხელისუფლებამ სიძვირისა და სირთულის გამო დაიწუნა, თუმცა, კიდევ ერთი უცნაურობის წინაშე აღმოვჩნდით.
როგორც გაირკვა, დროის სიმცირის გამო, კომპანიებს პროექტები არც წარმოუდგენიათ და ტენდერში საპროექტო წინადადებებით მონაწილეობდნენ.
ახალი გზის მშენებლობა და პროექტირება, ფაქტობრივად, ერთდროულად მიმდინარეობდა.
საინტერესოა, რას დაასკვნის გამოძიება. თუმცა, სავარაუდოდ, თუ ავტომაგისტრალი ვერეს ხეობაში ხიმინჯებით შევიდოდა, მდინარე გვირაბების ნაცვლად ღია სივრცეში გაივლიდა და გზის დატბორვის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდებოდა. ადამიანის სიცოცხლე კი ყველაფერზე ძვირად ფასობს.
"ამ გზაზე არ არის არც ერთი დაბრკოლება"
მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ის სააკაშვილმა და უგულავამ გახსნეს და მაგისტრალზე ფორმულა 3-ის ავტომობილებით გაიქროლეს. "ეს მანქანა მცირე დაბრკოლების მიმართაც კი ძალიან მგრძნობიარეა და ფაქტობრივად, ამ გზაზე არ არის არც ერთი დაბრკოლება", - სააკაშვილის ამ კომენტარიდან რამდენიმე წელიწადში აზვირთებულმა მდინარემ გზაზე ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.