თვითმფრინავების სკანდალი - რა ხელშეკრულება გაფორმდა "თბილავიამშენსა" და აზერბაიჯანულ მხარეს შორის
მამუკა არეშიძე: "2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ გარემონტების შესაძლებლობა მიანიჭა"
"კვირის პალიტრასთან" საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე "თბილავიამშენსა" და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ კონკურენტის განვითარებას ხელი შეგნებულად შეუწყო.
- კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ გარემონტების შესაძლებლობა მიანიჭა. ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა და "თბილავიამშენის" ხელმძღვანელმა მეზობელ ქვეყანას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. არადა, "თბილავიამშენი" თავისი პროფილით კავკასიაში ყველაზე მსხვილ და უკონკურენტო კომპანიას წარმოადგენდა. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიამ მეზობელ ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალისტები მიავლინა, აზერბაიჯანელი კადრები გადაამზადა და სერტიფიცირება გაატარა. შედეგად, დღეს აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ სუმგაითში, ჩამოყალიბდა ძლიერი საავიაციო საწარმო, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მიღებულ შეკვეთებს, მათ შორის, Су-25-ებს კაპიტალურად არემონტებს; ანუ საქართველომ დაკარგა პრივილეგია - ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში ერთადერთი იყო, რომელსაც საბჭოთა წარმოების Су-25-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ჰქონდა.
სკანდალური შეთანხმების დანართის მიხედვით ირკვევა, რომ კაბალური ხელშეკრულების დადებას 2008 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და "თბილავიამშენს" შორის გაფორმებული კონტრაქტი უსწრებდა. შეთანხმების თანახმად, "თბილავიამშენს" 2009 წლის ბოლომდე აზერბაიჯანისთვის 124.000.000 აშშ დოლარის ღირებულების 15 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 სრული კომპლექტაციით უნდა მიეწოდებინა. ამასთან, მისთვის 25.076.370 აშშ დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილებიც გადაეცა. თუმცა, როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანის დაკვეთის დათქმულ ვადებში შესრულება ვერ მოახერხა. მოგეხსენებათ, ამავე პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობაც გაწყდა. არადა, "თბილავიამშენი “Су-25-ების ძრავებს სწორედ რუსეთისგან ყიდულობდა, ანუ 2008 წელს კომპანიამ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა ვეღარ შეძლო.
უკვე 2010 წელს საავიაციო ქარხანა სრულ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა: კომპანიას 70 მილიონი ვალი დაუგროვდა და ზარალზე მუშაობდა, შეკვეთებს აღარ იღებდა, რის გამოც იძულებული გახდა, თანამშრომლების 80% უხელფასო შვებულებაში გაეშვა. ამავე პერიოდში "თბილავიამშენში" აუდიტის სამსახური შევიდა. მაშინ კომპანიაში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეს და საავიაციო ქარხნის მაშინდელი დირექტორი, პანტიკო თორდია, ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს. როგორც ვიცი, დაკითხვაზე მისულმა თორდიამ სამართალდამცველები დაარწმუნა, რომ აზერბაიჯანელების დაკვეთა მის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, რადგან პირად მოლაპარაკებებს მეზობელი ქვეყნის პირველ პირებთან აწარმოებდა. "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანთან მოლაპარაკება 2010 წელს განაახლა. საბოლოოდ, 10 ივნისს ახალი ხელშეკრულება გაფორმდა და პირობები შეიცვალა. როგორც მეუბნებიან, "თბილავიამშენს" აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სრულიად უფასოდ, საკუთრებაში Су-25-ის კაპიტალური სარემონტო ქარხნისთვის აუცილებელი მოწყობილობა და საკონტროლო-შესამოწმებელი აპარატურა, ასევე, ტექნიკური დოკუმენტაცია და საჭირო ლიტერატურა უნდა გადაეცა. ამასთან, "თბილავიამშენი" 2010 წლის 30 ნოემბრამდე სუმგაითის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე სარემონტო უბნებისა და ლაბორატორიების მოწყობის ვალდებულებას იღებდა.
ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ იძებნება არანაირი ნებართვა, აზერბაიჯანისთვის თვითმფრინავების ამწყობი ან სარემონტო ტექნოლოგიის, აპარატურის, სარემონტო ქარხნის მოწყობის და შესაბამისი ატესტაცია-სერტიფიცირების, ქარხნის პერსონალის ატესტაცია-სერტიფიცირების გაყიდვის თაობაზე. არ არის გამორიცხული, რომ კონტრაქტის შედეგად მიღებული სახსრები არა სახელმწიფოს ბიუჯეტში, არამედ ცალკეული მაღალჩინოსნების ჯიბეში წავიდა. თუ დადასტურდა, რომ საქმე სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე მიღებულ პირად სარგებელთან გვაქვს, მასში მონაწილე პირები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების გასარკვევად, შპს "თბილავიამშენის" დირექტორ შოთა კვარაცხელიას დავუკავშირდით: "2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია, ამიტომ ინფორმაციას საჯაროდ ვერ გავახმაურებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კაბალური პირობები არ დადებულა და საქართველო ექსკლუზივს ისევ ფლობს. ბუნებრივია, ვერც ჩვენს შესაძლებლობებზე მოგიყვებით, რადგან საქმე სამხედრო ტექნიკას ეხება".
რუსუდან შელია