ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ (ექსკლუზივი)
დავით გალეგაშვილი: "კოკი ოსიპოვს ორი წელია არ შევხვედრივარ. სამინისტროში არ მინახავს, შესაძლოა სხვასთან ჰქონდა კონტაქტი. ხანდახან ტელეფონით ვესაუბრები, მაგრამ მასთან საქმიანი ურთიერთობა ოთხი წლის წინ დავასრულე"
კოკი ოსიპოვი: "არაფერი მაქვს დასამალი - სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად ვმართავ შეხვედრებს ორ საკითხზე: არასამართლიან ფასად ფქვილის იმპორტის შეზღუდვასა და ასევე იმ საკითხზე, რომ ერთი კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს"
"ხორბლის რეალიზაციით მოგება ხომ მჭირდება?.. ვიღაც წყალს ყიდის, ვიღაც- "აიფონს", მე ხორბლის შემოტანა ვარჩიე"
ეკა გიგაური: "ამ მასალის გამოქვეყნება, ფორმალურად, გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არის"
გასულ კვირას "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "იფქლის" დირექტორი შაქრო ბაკურაძე ბიზნესში არსებულ შეფერხებებზე საუბრობდა. მისი განმარტებით, ქვეყანაში ალტერნატიული გზებით ფქვილის შემოტანა საბაჟო ტერმინალზე იზღუდება, რაც შესაძლოა, ქვეყანაში ხორბლის ერთ-ერთ მთავარ შემომტან კომპანია "აგრიკომთან" არის კავშირში...
ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში "აგრიკომის" ხელმძღვანელის, კოკი ოსიპოვის, პოზიციით დავინტერესდით:
- ფქვილის ბიზნესი ევოლუციურად გამსხვილდა- საქართველოში 55 წისქვილი ფუნქციონირებდა, 2008 წელს მათი რაოდენობა 35-მდე შემცირდა, 2015 წლის მონაცემებით კი 11 წისქვილი მუშაობს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამ ბაზარზე 3-4 დიდი მოთამაშეც საკმარისია და რამდენიმე წელიწადში, ალბათ, აქამდეც მივალთ. სხვათა შორის, 11 სუბიექტიდან ორი "კარმენს" უჭირავს, ანუ დღეს ამ ბიზნესში, ფაქტობრივად, ცხრა კომპანია ოპერირებს.
- "კარმენმა" ბოლო წლებში საქმიანობა მკვეთრად შეამცირა, რასაც ამ ბიზნესის სხვა მოთამაშეები თქვენ გიკავშირებენ. ამბობენ, რომ ბაზარზე წესებს მხოლოდ თქვენი ინტერესების გათვალისწინებით ადგენთ.
- გეთანხმებით, წელს "კარმენი" გაცილებით პასიურია. ადრე ბაზრის 50-60%-ს ითვისებდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობა მინიმუმ ორჯერ შეამცირა. ეს ჩემი დამსახურებაა მხოლოდ იმ მხრივ, რომ სხვა გადარჩენილი კომპანიების სოლიდარული ვარ. ანტიმონოპოლიური სააგენტოს შექმნის შემდეგ "კარმენმა" რატომღაც თვითრეგულაცია დაიწყო, არადა, არავის დაუჯარიმებია, უბრალოდ, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მისი საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
- ამ კომპანიას "გლობალაგრომ" (საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია) უჩივლა, თუმცა კონკურენციის სააგენტო მომჩივნის საქმიანობითაც დაინტერესდა... თქვენც მიიღეთ მონაწილეობა საჩივრის მომზადებაში?
- "გლობალაგროსთან" მჭიდროდ ვთანამშრომლობ. მართალია, ბიზნესინტერესების გადაკვეთის გამო ასოციაციის წევრი არა, მაგრამ მათი ხშირი სტუმარი ვარ. "კარმენმა" "გლობალაგროს" უჩივლა, ასოციაციის ყრილობებზე ფასის შეთანხმებას მთხოვდაო.
- ფიქრობთ, ბრალდება უსაფუძვლოა?
- "კარმენი" სერიოზული კომპანიაა და, ალბათ, ბრალდება არგუმენტებით ექნება გამყარებული, უბრალოდ, 35 მოთამაშეს შორის მსგავსი შეთანხმება არარეალური ჩანს. 11 კომპანიას შორის შეთანხმება კიდევ შესაძლებელია.
- "კარმენსა" და ფქვილის მწარმოებლებთან ბრძოლაში თავად ჩამოყალიბდით ხორბლის შემომტან უმსხვილეს კომპანიად...
- ხორბალი სხვა კომპანიებსაც შემოაქვთ, თუმცა ჩემს კომპანიას ბაზრის მეოთხედი უკავია. დღესაც ფოთის პორტის მონაცემებში ნათლად ჩანს, რომ ხორბალს სხვა კომპანიებიც ელოდებიან, მათ შორის, "კარმენიც". მოვიდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში გემების შემოსვლას ზღუდავენ, მაგრამ ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სხვათა შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ, შპს "პროგრესის" ვაგონები, რომელმაც ჩემგან ხორბალი იყიდა და გემი ფოთში დაცალა, სამტრედიაში გააჩერეს, ნიმუშები უნდა ავიღოთო. "კვირის პალიტრაში" გასული მასალის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა პორტთან არსებული ჩვენი ელევატორებიდანაც აიღო ხორბლის ნიმუშები. მანამდე, ივნისიდან, ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, არ შევუმოწმებივართ.
- და როგორ მოხდა, რომ თქვენ, ანუ ხორბლის შემომტან პირველ წყაროს, არ გამოწმებდნენ, როცა თქვენს მომხმარებლებს სამტრედიაში აჩერებენ, ფქვილის მწარმოებლებს კი ტერმინალებზე აყოვნებდნენ - სანამ აჟიოტაჟი არ ატყდა, უპირატესობით რატომ სარგებლობდით?
- საინტერესო კითხვაა... ხარისხზე რეგულაცია ყოველთვის იყო, წელიწადში ერთხელ უვნებლობის სამსახური ყველას ამოწმებს, მაგრამ კონტროლის გამკაცრების შემდეგ ნამდვილად არავის შევუმოწმებივარ... თქვენს გაზეთში დაბეჭდილი მასალის შემდეგ იმასაც ვიკვლევ, რატომ არიან პურის მწარმოებლები ჩემით უკმაყოფილო.
- გედავებიან, რომ ხორბალს ძვირად ყიდით და ფქვილის შემოტანის ალტერნატიულ წყაროებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანთან შეთანხმებით კეტავთ.
- სხვათა შორის, ჩვენ ხორბლის ღირებულების 5-7 დოლარით შემცირებას ვგეგმავთ.
- ფასის შემცირებაზე პურისა და ფქვილის მწარმოებლებს რატომ არაფერს ეუბნებოდით მანამ, სანამ მედიაში აჟიოტაჟი არ ატყდა? გამოდის, შეგეძლოთ ხორბალზე ფასის დაწევა?
- ასე არ არის. წელს დოლარის ისტორიულად მაღალი კურსი დაფიქსირდა, თანაც მარაგში ძველი ხორბალი გვქონდა, რომელიც სეზონის დაწყებამდე ძვირად ვიყიდეთ. ახალი გემების მიღების შემდეგ, ფასს დავაკლებთ. მე არა ვარ ინფორმირებული, როგორ მოხდა, რომ სამი თვის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილის ფასი თითქმის 7 ლარით გაიზარდა, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემი კომპანიის განვითარებით ვარ დაინტერესებული- ხორბლის რეალიზაციით მოგება ხომ მჭირდება? წინააღმდეგ შემთხვევაში, თავი გაკოტრებულად უნდა გამოვაცხადო. კომპანია ადგენს, რა რენტაბელობით უნდა გაყიდოს ხორბალი. ჩვენ სეზონი 225 დოლარით დავიწყეთ, შარშან კი, ზუსტად ამ დროს, ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 250 დოლარი იყო.
- მაშინ რეზერვი არსებობდა და წლის განმავლობაში ხორბლის ღირებულების საშუალო მაჩვენებელი ნაკლები იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ("ზარალა") ერთად, ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილიც კურირებს. თქვენ თუ იცნობთ მას?
- გალეგაშვილი ერთ-ერთი დიდი წისქვილის, "რუსთავის პროგრესის", დირექტორი იყო. ეს წისქვილი ბაზარზე დღესაც წარმატებით ოპერირებს. გალეგაშვილი ფქვილის მწარმოებლების ასოციაციის წევრიც იყო. ის ჩემგან ხორბალს ყიდულობდა და შესაძლოა, ამ ბიზნესს ამის გამო უკავშირებენ.
- დღესაც გაქვთ საქმიანი ურთიერთობა?
- საქმიანი ურთიერთობა ნამდვილად გვქონდა, თუმცა, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გახდა, ბიზნესთან კავშირი გაწყვიტა. გიორგი რამიშვილს კი "აგრიკომთან" კავშირი ლოკალურ ბაზარზე არა აქვს. მომავალში გადაწყდება, აპირებს თუ არა ის ხორბლის გაყიდვას. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.
- ანუ შეიძლება რამიშვილი ბაზარზე ერთ-ერთ მოთამაშედ ჩაერთოს?
- ამ ეტაპზე, "აგრიკომის" ასპროცენტიანი წილის მფლობელი მე ვარ, რამიშვილს კი თავისი ბიზნესი აქვს ტელეკომუნიკაციების, დეველოპმენტისა და სასტუმროების ქსელის მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაში ვართ პარტნიორები.
- პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თქვენ მეტი კონტაქტი გაქვთ, ვიდრე მათ ასოციაციას.
- კონტაქტი ნამდვილად მაქვს და მქონდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში პირადად არავინ მინახავს, მაგრამ სატელეფონო ურთიერთობა გვაქვს.
- სახელდობრ ვისთან?
- საპასუხისმგებლო პირებთან. გააჩნია, ვისთან რა თემაზე ვსაუბრობთ. დავანებოთ ამ თემას თავი.- ვერ დავანებებთ, რადგან პურის მწარმოებლების ინფორმაციით, მინისტრი მათ შეხვედრას ჰპირდება და შემდეგ უარს ეუბნება, თქვენ კი სამინისტროსთან კავშირი გაქვთ.- მე მინისტრი არასოდეს შემხვედრია, ამის საჭიროება არ შემქმნია. არაფერი მაქვს დასამალი- სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად ვმართავ შეხვედრებს ორ საკითხზე: არასამართლიან ფასად ფქვილის იმპორტის შეზღუდვასა და ასევე იმ საკითხზე, რომ ერთი კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, ანუ ადრე "კარმენთან" დაკავშირებითაც ვხვდებოდი. მე ეს ორი მთავარი პრობლემა მაქვს. როგორც კი არასამართლიან ფასად იმპორტირებული ფქვილი შემოვა, ადგილობრივი წარმოება დაინგრევა. მეც ბაზარზე ოპერირებას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან მომხმარებელი არ მეყოლება.
- გამოდის, ლოგიკურია პურის მწარმოებლების ბრალდებაც. ფქვილის ალტერნატიული გზებით შემოტანას იმიტომ ზღუდავთ, რომ თქვენი ბიზნესის გადარჩენას ცდილობთ?
- ბუნებრივია, ამ კუთხით ჩემს ბიზნესს ვლობირებ და დაინტერესებული ვარ, წისქვილებმა კარგად იმუშაონ. ადგილობრივი წარმოება ვერ იქნება ძლიერი, თუ რუსული ფქვილი არასამართლიან ფასად შემოვა. მაშინ მეც ფქვილით ვაჭრობაზე უნდა გადავიდე.
- უკაცრავად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ფქვილისა და პურის მწარმოებლებიც იმაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული, თქვენ რაც შეიძლება მეტი ხორბალი გაყიდოთ და არაფერს ნიშნავს ის, თუ პურის ფასი გაიზრდება?
- აქ იდეაზეა ლაპარაკი: რა სჯობს, ფქვილი შემოვიტანოთ თუ ხორბალი, რომელსაც შემდეგ გადამუშავება სჭირდება და მხოლოდ ფქვილის საწარმოებლად არ გამოიყენება? მნიშვნელოვანია, რომ ხორბლისგან კომბინირებული საკვებიც მიიღება.
- ამ ლოგიკით ხორბლის ადგილობრივ წარმოებას უშლით ხელს... თქვენ საიდან შემოგაქვთ ხორბალი?
- რუსეთიდან...
- ანუ რუსულ ფქვილთან პრობლემა გაქვთ და რუსულ ხორბალთან - არა? ისიც საინტერესოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრებზე რას გპირდებოდნენ?
- დაპირებებს არ ვიღებდი. სამინისტროში მეთანხმებოდნენ, რომ არასამართლიან ფასად ფქვილი არ უნდა შემოდიოდეს. ეს პოზიცია სოფლის მეურნეობას ნამდვილად აქვს.
- და ეს პოზიცია მინისტრის დონეზე წყდებოდა?
- სავარაუდოდ.
- ტერმინალებზე ფქვილის გაჩერებაში რომელიმე ჩინოსანი მონაწილეობდა?
- არა... არა მგონია, ეს პრობლემა დღესაც არსებობდეს... რუსული ფქვილი კარგია, მაგრამ რუსული ხორბალი უნდა შემოვიტანოთ ორი მარტივი მიზეზის გამო: მისი შემოტანით იმუშავებს ადგილობრივი წარმოება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ინდუსტრიებს შორის; ფქვილის შემოტანით წარმოებას ვკლავთ... მეც შემიძლია ფქვილი შემოვიტანო, მაგრამ ვიღაც წყალს ყიდის, ვიღაც- "აიფონს". მე ხორბლის შემოტანა ვარჩიე.
კოკი ოსიპოვთან საუბრის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, დავით გალეგაშვილს დავუკავშირდით:
- ჩემი ურთიერთობა წისქვილებსა და ხორბალთან რამდენიმე წლის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე კავშირი მხოლოდ იმ თვალსაზრისით მაქვს, რომ სხვადასხვა ჯიშის ხორბლის გამოცდა დავიწყეთ. კერძოდ, 35 ჯიშიდან უნდა შევარჩიოთ 3-5 ჯიში, რომლის წარმოება საქართველოში გაამართლებს. ჩვენი მიზანია, საქართველომ ხორბალი თავად აწარმოოს.
- ოსიპოვის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეთანხმებოდნენ, რომ არასამართლიან (დაბალ) ფასად ფქვილი არ უნდა შემოდიოდეს. რატომ წყდება ეს საკითხი სამინისტროში, როდესაც არსებობს კონკურენციის სააგენტო და ბიზნესომბუდსმენი?
- სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ფასების საკითხი არა მხოლოდ ხორბლის, ყურძნის, ციტრუსების, კარტოფილისა და სხვა მიმართულებითაც საინტერესოა. ინფორმაციას ვაგროვებთ... რაც შეეხება "კარმენს", ნებისმიერი მონოპოლისტი კომპანიის წინააღმდეგი ვიქნები. "კარმენმა" თავის დროზე ოთხი უზარმაზარი წისქვილი იყიდა, ანტიმონოპოლიური კანონის მიღების შემდეგ კი ამ კუთხით კარგი მოქმედებები დაიწყო. უპირატეს მდგომარეობაში არც ერთი კომპანია არ უნდა იყოს. რაც შეეხება კოკი ოსიპოვს, ორი წელია არ შევხვედრივარ.
- მაშ, ვის ხვდებოდა ბიზნესმენი სამინისტროში? და კიდევ, ივნისიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, რატომ არ ამოწმებდნენ სხვა კომპანიებთან ერთად "აგრიკომს"?
- კოკი სამინისტროში არ მინახავს, შესაძლოა სხვასთან ჰქონდა კონტაქტი. ხანდახან ტელეფონით ვესაუბრები, მაგრამ როგორც გითხარით, მასთან საქმიანი ურთიერთობა ოთხი წლის წინ დავასრულე. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, უვნებლობის სამსახური ყველას ამოწმებს, მათ შორის, "აგრიკომს", თუმცა საზღვარზე კომპანიების შემოწმებაში ჩვენ არ ვერევით, მხოლოდ ქვეყნის შიგნით ყველა პროდუქტის მაჩვენებლებს ვამოწმებთ.
ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო": "თუ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი ან იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ან ზოგადად სახელმწიფო ფქვილის შემომტანს სამართლებრივ ბარიერებს უქმნის, ამ საკითხით კონკურენციის სააგენტო უნდა დაინტერესდეს. საგამოძიებო ორგანოების გამოსაკვლევია, ვის ტვირთებს აჩერებენ საბაჟოზე სპეციალურად. ამ მასალის გამოქვეყნებაც, ფორმალურად, გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არის. ინფორმაციას ჩვენც გვაწვდიან, რომ ფქვილის ბაზარზე ჯანსაღი მდგომარეობა არ არის და ზოგიერთ კომპანიას ფქვილისა და ხორბლის შემოტანაზე პრობლემები ექმნება. სამწუხაროდ, ამის გადამოწმების მექანიზმი არა გვაქვს და ამიტომ რამის მტკიცება რთულია".
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ბიზნესი დამოუკიდებლად მუშაობას შეჩვეული არ არის, ამიტომ მუდმივად "პატრონის" ძიებაშია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ივანიშვილმა ბიზნესმენების შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადა: ხელისუფლებისა და ბიზნესის მეგობრობა დასრულებულია, სახელმწიფო მხოლოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაგეხმარებათო, მაგრამ ბიზნესმენებმა ოლიგარქიული მენტალიტეტით განაგრძეს საქმიანობა. ფიქრობენ, რომ წარმატების მოპოვება მხოლოდ სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებითა და კონკურენტებისთვის პრობლემების შექმნით არის შესაძლებელი. გალეგაშვილის სახელი დიდი ხანია ამ ბიზნესში მესმის, თუმცა მის საქმიანობაზე ფაქტებით საუბარი არ შემიძლია. ვერც იმას ვიტყვი, რომ ოსიპოვის "პატრონი" სწორედ მინისტრის მოადგილეა, მაგრამ არაფერია გამორიცხული. ფქვილისა და პურის ბიზნესში ეს ტენდენცია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან არსებობს. ოსიპოვიც ხორბლის ბიზნესში იმ პერიოდიდან ჩაერთო. ბიზნესმენები ცდილობდნენ, კონკურენტული გარემო ჩაეკეტათ- ვიღაც ამბობდა, რომ კონკურენტს უხარისხო ხორბალი შემოაქვს, ზოგს ხორბლის ცენტრალიზებულად შეძენის იდეაც აწუხებდა. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის პირადი ინტერესები დღესაც ნათელი მიზნებით იფუთება- სხვას "აშავებს", რომ მონოპოლისტი თავად გახდეს. შესაძლოა, ხელისუფლება შეცდომაშია შეყვანილი და მართლაც კეთილი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ რაც უნდა კეთილ მიზნებს ემსახურებოდე, ბაზრის განვითარებისთვის ნებისმიერი მონოპოლია საზიანოა.
რაც შეეხება ხორბალზე ფასის დაკლების დაპირებას, მსგავსი დაპირებები მხოლოდ აჟიოტაჟის დროებით ჩაცხრომას ემსახურება - მონოპოლიის მიზანი ყოველთვის ექსკლუზიური მოგების მიღებაა. მონოპოლია გარემოს ვერ გააუმჯობესებს, ეს მხოლოდ შეტყუების მექანიზმია".
რუსუდან შელია