"პანდემიის დროს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 6 მილიარდი ლარით გაიზარდა" - კვირის პალიტრა

"პანდემიის დროს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 6 მილიარდი ლარით გაიზარდა"

"თუ დღეს ბიზნესში მეორე ადგილზეა აზარტული თამაშები, მალე პირველზე გადავა, ვაჭრობის სექტორსაც გაუსწრებს, ფაქტობრივად, მოთამაშე ქვეყანა ვიქნებით და ადამიანები თამაშში უკვე სიცოცხლეს წააგებენ"

"ყველა გზით ნაშოვნი პური არ იჭმება" - ალბათ, წინაპრებისგან ყველას სმენია ეს სიტყვები. დარწმუნებული ვარ, სათამაშო ბიზნესის მესვეურებსაც, თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მათთვის ყურიც არ უთხოვიათ. სათამაშო ბიზნესით კანონს არ არღვევენ, თუმცა კანონი მათ თარგზეა გამოჭრილი. წლების განმავლობაში ბევრი ლაპარაკის, პროტესტისა თუ ინიციატივის მიუხედავად, პოლიტიკურმა კლასმა შეზღუდვების დაწესება ვერ გაბედა და წლიდან წლამდე სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ცხადია, იზრდება თამაშდამოკიდებულთა რიცხვიც, შედეგად კი გვყავს უსახლკაროდ დარჩენილები, აწიოკებულ-დანგრეული ოჯახები, გვაქვს კრიმინალისა და სუიციდის შემთხვევებიც... პანდემიამ ეკონომიკა დააზარალა, მაგრამ სათამაშო ბიზნესისთვის, დაუჯერებლად გაზრდილი მისი ბრუნვის გამო, როგორც ჩანს, ოქროს ხანად იქცა. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე გვესაუბრება.

- რაზე მეტყველებს სტატისტიკა და რას ნიშნავს ეკონომიკისთვის ბოლო წლების მონაცემები?

- ბოლო მონაცემები კატასტროფაა და არა მარტო ეკონომიკისთვის, არამედ - ბიზნესსექტორისთვისაც.

როდესაც ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მზარდ ბიზნესად აზარტული თამაშები იქცევა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ძალიან ნელა და რთულად განვითარდება, რადგან ყველა სხვა ბიზნესსექტორი ქმნის გაცილებით მეტ დამატებით ღირებულებას და ეს თანხა მთლიანად ეკონომიკაში ნაწილდება, აზარტულ თამაშებში წაგებული ფული კი რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიდის.

მაგალითად, თონის მეპატრონე ყიდულობს ფქვილს, აცხობს პურს, რომელსაც ყიდის, მერე ამ თანხით ყიდულობს საწარმოო დანადგარებს, ისევ ფქვილს და ა.შ. ანუ როდესაც თანხა ხვდება ერთ რომელიმე ბიზნესსექტორში, მისი განსაზღვრული ნაწილი მთლიანად ეკონომიკაზე ნაწილდება. აზარტული თამაშებისას მოქალაქეების წაგებული თანხა კი, როგორც გითხარით, მფლობელთა ჯიბეებში მიდის. შედეგად ვხედავთ, რომ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ღარიბდება, წლიდან წლამდე კი ამ ბიზნესის ბრუნვა მილიარდობით ლარით იზრდება. პანდემიის დროსაც კი 6 მილიარდი ლარით გაიზარდა. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გვაქვს რეგულაციები, რომლებიც შეზღუდავდა ამ ბიზნესის მადას.

დღეს სათამაშო ბიზნესი იქცა საქართველოს ეკონომიკის პარაზიტად, რომელიც თანხებს იწოვს საქართველოს ეკონომიკიდან და გზავნის რამდენიმე ადამიანის ჯიბეში.

- რა არის ასეთი ზრდის მიზეზი? - მიზეზი არის ის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა არის მძიმე მდგომარეობაში. ასეთ ვითარებაში მოქალაქეები თამაშობენ მოგების მიზნით. ჰგონიათ, რომ თამაშით სწრაფად გამდიდრდებიან და, სამწუხაროდ, ბოლო კაპიკებსაც აგებენ.

- მდიდარ ქვეყნებში გასართობად თამაშობენ, ჩვენთან კი ორიოდე კაპიკის საშოვნელად? - მდიდარ ქვეყნებში, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, უფრო ძნელად ებმებიან მახეში, საქართველოს მსგავს ქვეყნებში კი ასეთ მახეში გაბმა უფრო ადვილია. გარდა ამისა, ჩვენთან სუსტია რეგულაციები. ისინი ისე უნდა გამკაცრდეს, როგორც არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

- რომც გინდოდეს თამაშზე უარის თქმა, მოგდის მესიჯები, ტელევიზიიდან რეკლამა გიტევს, ქალაქი სავსეა უზარმაზარი ბანერებით... რა უნდა იღონო?! - დიახ, ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია, რომ აზარტული თამაშების მასშტაბი ასე კატასროფულად იზრდება. დღემდე ვერ მივიღეთ კანონი რეკლამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კანონპროექტი იყო წარდგენილი. ერთი წელიც არ გასულა, რაც პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ჩავარდა. დღეს სათამაშო ბიზნესი ყველაზე მეტს ხარჯავს რეკლამაში. რატომ? იმიტომ, რომ მოქალაქეებს, მათ შორის - არასრულწლოვნებს, მუდმივად ყურში ჩაესმოდეთ, რომ შეუძლიათ მილიონების, მანქანის, ბინის მოგება. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანებზე, რომელთაც, ბოლოს და ბოლოს, ითრევენ აზარტულ თამაშებში.

ეს ისეთივე პრობლემაა, როგორიც, მაგალითად, ნარკომანია, ალკოჰოლზე დამოკიდებულება. როგორც ალკოჰოლის რეკლამაა აკრძალული დროის გარკვეულ პერიოდებში, რათა არასრულწლოვნებმა არ დაინახონ, ასევე უნდა იყოს აკრძალული აზარტული თამაშებიც. ასეა ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

ზოგან აზარტული თამაშების რეკლამა სრულიად აკრძალულია.

- მოზარდებისთვის აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობა გართულებულია ევროპის ქვეყნებში. საქართველოში ამ კუთხით რამე კეთდება? - დაახლოებით 5-6 თვის წინ, გამკაცრდა აზარტულ თამაშებზე რეგისტრაცია. ამან ნაწილობრივ მოახდინა გავლენა, რადგან პირადობის მოწმობის ატვირთვა და ფოტოს წარდგენა დასჭირდათ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

- ძალიან ადვილია ამ რეგულაციისთვის გვერდის ავლა. მე არაერთი ვიცი სხვისი პირადობის მოწმობით რომ დარეგისტრირებულა.. - დიახ, ამ რეგულაციისთვის გვერდის ავლა ადვილია. ჩემი აზრით, საჭიროა განვითარებული ქვეყნების გზით წავიდეთ და სავალდებულო გახდეს რეგისტრაცია ან კაზინოებში, ან შემოსავლების სამსახურის ბაზაზე. ანუ ადამიანმა მისვლით უნდა დაადასტუროს, რომ ნამდვილად თავისთვის ხსნის ეკაუნტს. ასევე შეიძლება ბარიერების დაწესება, რომელთა მეშვეობით მაქსიმალურად შევზღუდავთ არასწრულწლოვანთა მონაწილეობას აზარტულ თამაშებში. მთლიანად ამის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა თუ მათ ხელი არ შეუწყვეს მშობლებმა, ახლობლებმა, უფროსმა ადამიანებმა, მათ თამაშის საშუალება არ ექნებათ.

- პარლამენტი აზარტული თამაშების ბიზნესთან ვერაფერს გახდა, თუ არ მოინდომა? - ჩემი აზრით, უფრო არაფერს გახდა. ალბათ, ამის მიზეზია სათამაშო ბიზნესის დიდი გავლენა. დღეს სათამაშო ბიზნესს აქვს დიდი ფინანსური რესურსი. ამ ფულით ისინი გავლენას მოიპოვებენ და ახერხებენ, ეს ყველაფერი პოლიტიკურ სპექტრსაც თავს მოახვიონ.

არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ძალიან იშვიათად, ფაქტობრივად, არასდროს ლაპარაკობენ ამ პრობლემაზე. ჩემი აზრით, ეს სწორედ ამ დიდი გავლენის შედეგია.

შეუძლებელია, დღეს ცხოვრობდე ამ ქვეყანაში და ვერ ხედავდე, როგორ პრობლემებს ქმნის სათამაშო ბიზნესი, მაგრამ პოლიტიკოსებს წინა პლანზე არასდროს გამოაქვთ ეს პრობლემები. თუკი ლაპარაკობენ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთზე, სიღარიბის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზზე, რატომ არ ახსენებენ აზარტულ თამაშებს? არც საპროცენტო განაკვეთები, არც ბანკები და არც სხვა რომელიმე ბიზნესსექტორი არ ქმნის დღეს ისეთ პრობლემებს, როგორსაც აზარტული თამაშები! დღეს მოსახლეობას განსაკუთრებულად აღარიბებს სათამაშო ბიზნესი, უპირველესად კი - ონლაინთამაშები, რომლებშიც თითქმის მთელი ჩვენი მოსახლეობაა ჩართული.

- გვაქვს ინფორმაცია, რამდენი მოთამაშე გვყავს, რა ასაკის არიან ისინი და რომელი სქესის? - სამწუხაროდ არ ვიცით, რამდენი ადამიანი თამაშობს, რა თანხას აგებენ, ან რა ასაკის არიან. როდესაც ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, მან განაცხადა, რომ ჩაატარეს კვლევა და, მართალია, დაზუსტებული არ იყო, მაგრამ ქვეყანაში დაახლოებით 700 ათასი ადამიანი თამაშობდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს იყო პანდემიამდე. დღეს მოთამაშეთა რაოდენობა გაზრდილი იქნება. ეს საკითხიც რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს და მაშინ შევძლებთ ზუსტად ყველაფრის გაგებას. რამდენიმე ორგანიზაციამ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით კვლევები ჩაატარა და იქაც საგანგაშო ტენდენცია გამოიკვეთა - დაახლოებით 15%-დან 20%-მდე სკოლის მოსწავლემ თქვა, რომ უთამაშია აზარტული თამაშები. საგანგაშოა არა მარტო ეს მაჩვენებელი, არამედ ისიც, რომ ბავშვები ამის თქმას არ ერიდებიან. ესეც მეტყველებს, რომ დღეს არც საზოგადოებამ და, მით უფრო, არც ბავშვებმა, არ იციან, რა ზიანის მომტანია აზარტული თამაშები. იგივე კითხვა რომ დაესვათ თამბაქოსთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რამდენი იქნებოდა მომხმარებელი, ამას ხმამაღლა 3-4%-ზე მეტი არ იტყოდა, რადგან იციან, რომ ეს პრობლემაა. სამწუხაროდ, ამაზე ჩვენს მედიაშიც იშვიათად ლაპარაკობენ, ამიტომ განსაკუთრებულ მადლობას გიხდით "პალიტრა მედია ჰოლდინგსა" და მის ყველა პლატფორმას, რომ მუდმივად საუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელთაც დღეს ქვეყანაში ქმნის აზარტული თამაშები.

მედიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ყველა ისე მოიქცეს, როგორც თქვენ მოიქეცით. იმის გამო, რომ რეკლამით დიდ შემოსავალს იღებენ, არ უნდა გაჩუმდნენ. სხვაგვარად ნებისმიერ ჩვენგანამდე ან ჩვენი ოჯახის წევრამდე შეიძლება მოვიდეს ეს პრობლემა.

- რა გველოდება პერსპექტივაში, თუ რამე არ ვიღონეთ? - მივალთ უკიდურეს სიღარიბემდე, გვეყოლება ძალიან ბევრი წაგებული ადამიანი, გვეყოლება ახალი თაობები, რომლებსაც ცხოვრება გაუჭირდებათ აზარტული თამაშების გამო. ბუნებრივია, ბრუნვის მილიარდობით მაჩვენებელი სადღაც გაჩერდება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ როცა ეს გაჩერდება, მდგომარეობა უკვე კატასტროფული იქნება. თუ დღეს ბიზნესში მეორე ადგილზეა აზარტული თამაშები, მალე პირველზე გადავა, ვაჭრობის სექტორსაც გაუსწრებს, ფაქტობრივად, მოთამაშე ქვეყანა ვიქნებით და ადამიანები თამაშში უკვე სიცოცხლეს წააგებენ. იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ.

ბოლო პერიოდში მოვისმინე ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ისინი რეგულაციებზე მუშაობენ, ფაქტობრივად, მზად აქვთ და 2022 წლიდან დაიწყება სათამაშო ბიზნესის უფრო აქტიური შესწავლა, რეგულაციების ამუშავება, შემცირდება ფულის გათეთრების რისკი, არასრულწლოვანთა ჩართულობა და ა.შ. მიხარია, რომ ამაზე ფინანსთა სამინისტრო ალაპარაკდა. რეგულაციები, უპირველესად, უნდა დაწესდეს ონლაინთამაშებთან დაკავშირებით. საჭიროა მარწუხების მოჭერა სათამაშო ბიზნესისთვის, გადასახადების გაზრდა, რადგან, როგორც თქვენმა მედიასაშუალებამაც გამოაქვეყნა, ის ბიუჯეტში თავის ბრუნვის მაჩვენებელზე 1300-ჯერ ნაკლებს იხდის. რეგულაციების მეშვეობით ჩვენ უდავოდ მივიღებთ შედეგს. მთლიანად, ბუნებრივია, ამ სფეროს ვერ გავაქრობთ, მაგრამ სათამაშო ბიზნესის ბრუნვას საგრძნობლად შევამცირებთ. შემცირდება მოთამაშეთა რიცხვიც. რაც მთავარია, სასწრაფოდ მისაღებია რეკლამის შესახებ კანონი! ყველგან და ყოველთვის რეკლამა უნდა აიკრძალოს. შეიძლება იყოს მხოლოდ ღამით, როგორც ალკოჰოლის, ან თამბაქოს მსგავსად მივუდგეთ და საერთოდ გავაქროთ. ტყუილია ის, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ჩვენ სათამაშო ბიზნესს შევზღუდავთ, ეს ყველაფერი გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში. ეს არის, ასე ვთქვათ, სათამაშო ბიზნესის "გაპრავება". მიწისქვეშა კაზინოებში ისედაც უცხოელი ტურისტები დადიან, ონლაინთამაშებში კი, ძირითადად, ჩვენი მოსახლეობაა ჩართული. მიწისქვეშეთში არაფერი გადაინაცვლებს, უბრალოდ, ჩვენ აღარ გვეყოლება მოთამაშე თაობა, შევამცირებთ მოთამაშეების რაოდენობას და ხალხი შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას.

მეორე სექტორი ქვეყანაში...

2020 წელს გასულ წელს ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში სათამაშო ბიზნესის წილი 28%-მდე გაიზარდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო, 2018 წელს კი - 16%.

სათამაშო ბიზნესი უფრო მასშტაბურია, ვიდრე მშენებლობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და სხვ. სათამაშო ბიზნესზე დიდი ბრუნვა მხოლოდ ვაჭრობის სექტორს აქვს - 37,9% (43,355 მლრდ ლარი).

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2020 წელს აზარტულ ბიზნესში 9 864 ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 1 598 ლარი იყო. შარშან ამ სექტორში 30,2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.