როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს - კვირის პალიტრა

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს

სომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი იყო. სომხეთის სამეფოს თავისი სიძლიერის ხანაში (ძვ.წ. II-I სს.) რამდენჯერმე ჰქონდა დაპყრობილი ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, XI საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული კი, სამხრეთ კავკასიაში სომხური სამეფო აღარ არსებობს. საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.

1918 წელს სომხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღიდგინეს. ახალდაარსებულმა სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებად "დიდი სომხეთის" შექმნის იდეა წამოაყენა. სომეხი ნაციონალისტები ყველა იმ ტერიტორიას ითხოვდნენ, სადაც ოდესმე ფეხი დაედგა სომეხს.

ვიქტორ ნოზაძე იგონებდა: "სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო - თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი".

1918 წლის დეკემბერში სომხეთის სამხედრო ნაწილებმა ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელეს ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მიმართულებით.

ქართულმა ნაწილებმა მოახერხეს მტრის შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი განდევნა ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ კონფლიქტის შემდეგ სომხეთ-საქართველოს შორის გაფორმდა საგანგებო შეთანხმება, რომლითაც სადავო - ბორჩალოს მაზრის, ლორეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში - სომხეთის.

მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შედგენილ ლორეს რაიონის სოფლის მოსახლეობის მიმართვაში ვკითხულობთ:

"უხსოვარ დროს მართლმორწმუნეთა ტაძრები, ძეგლები და სასაფლაონი, რომლებიც ჩვენში აქამდე უვნებლადაა დაცული, უეჭვოდ ამტკიცებს, რომ ლორეს სამუსლიმანო რაიონი მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო საქართველოსი და ამ რაიონის მოსახლენი ბურჯად ედგნენ საქართველოს საზღვრებს სიმტკიცისათვის. საქართველოს მთავრობა ლორეს რაიონს რატომღაც, ვითომდა სადავო ტერიტორიად თვლის საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც ძლიერ დამღუპველ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ტფილისთან ვართ დაკავშირებული ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სულიერად და ყოველმხრივ. ამიტომ მისგან ჩამოშორება არ შეგვიძლიან, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველგვარი ზომები მიიღოს ჩვენს დაუყოვნებლივ საქართველოს ტერიტორიისთვის მისაერთებლად".

მიმართვას ხელს აწერენ ლორეს რაიონის ექვსი სოფლის მცხოვრებნი.

მიუხედავად ამისა, ლორეს ოლქთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა უყოყმანოდ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სადავო ტერიტორია მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში დაიკავა, ისიც სომხეთის მთავრობის თხოვნით.

სომხეთის გასაბჭოების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ალექსანდრ ბეკზადიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო ნოტით მოსთხოვა ქართული ჯარის მიერ ლორეს ოლქის დატოვება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სომეხი კომუნისტების ამ პრეტენზიას დასაბუთებული პასუხი შეუთვალა.

1921 წელს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩვენში ლორესთვის უკვე აღარავის ეცალა. ამით ისარგებლეს სომეხმა ბოლშევიკებმა და ოლქის შენიღბული ინკორპორაცია მოახდინეს.

გაზეთი "კომუნისტი" ამავე წლის 15 მარტს იუწყებოდა: "4 მარტს დაიწყო მოქმედება სომხეთის კომპარტიის ცკ-ის ბიურომ. სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა გადადგა ნაბიჯი რევოლუციური წესრიგის მოსაწყობად ლორეს რაიონში, რომლის ცენტრად არჩეულია სადგური ალავერდი, დანიშნულია რევკომის თავმჯდომარისა და სამხედრო რევოლუციური კომიტეტის რწმუნებულად ამხ. საფრაზბეკოვი".

სამწუხაროდ, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ლორეს ოლქის მითვისებისა. დასაწყისში სომხეთის ახალჩამოყალიბებულმა საბჭოთა რეჟიმმა ლორეს ოლქში თავისი რწმუნებული დანიშნა. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია ამიერიდან სომხეთის მთავრობის გავლენის ზონაში მოექცა.

ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავენ ბოლშევიკები და ამიტომ უკვე 1921 წელს რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი.

ამ კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 1921 წლის 25-27 ივნისს, თბილისში. ჩვენამდე მოაღწია ამ მეტად საინტერესო სხდომის ოქმმა, რომელიც სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, ვ. მურადიანის მიერაა შედგენილი. სადემარკაციო კომისიის 25 ივნისის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის სსრ წარმომადგენელი "ამხ. ბეკზადიანი". იგი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებზე ისე საუბრობს, არ შეიძლება მისმა გამონათქვამებმა მკითხველს ღიმილი არ მოჰგვაროს.

სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

"სიტყვა ეკუთვნის ამხ. ბეკზადიანს, რომელმაც განაცხადა: სომხეთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მან თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა ეკონომიკურ რესურსებიანად. ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია, რომ მეზობელ აზერბაიჯანსა და საქართველოს რესპუბლიკებს ჩამოეჭრათ ტერიტორია სომხეთის სასარგებლოდ. როცა მოსკოვში ამხ. მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს, ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა.

ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე, სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხ. ქართველებს, თათრებს, გაითვალისწინონ სომხეთის განსაკუთრებული მდგომარეობა და საერთო სოლიდარობის გულისათვის, ერთხელ და სამუდამოდ, უაღრესად გულწრფელი, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების დამყარების გულისათვის დაგვთანხმდნენ განსაზღვრული ტერიტორიების დათმობას".

სომეხი ბოლშევიკები არა მარტო ლორეს ოლქს ითხოვდნენ საქართველოსგან, არამედ ახალქალაქის მაზრასა და ბორჩალოს მაზრის ნაწილს. სადემარკაციო კომისიამ საბოლოო შეთანხმება ვერ მოახერხა, ამიტომ შიდა საზღვრების გამიჯვნის საკითხი რესპუბლიკების ცენტრალურმა კომიტეტებმა რკპ(ბ) კავბიუროს მიანდეს.

1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ იოსებ სტალინის მონაწილეობით ეს საკითხი საგანგებოდ განიხილა და დაადგინა, რომ ე.წ. ნეიტრალური ზონა - ლორეს ოლქი - გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. რაც შეეხება ხრამისა და ახალქალაქის რაიონებს, ეს საკითხი კავბიურომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიანდო გადასაწყვეტად, რომლის დასკვნა შემდგომ ისევ კავბიუროს უნდა დაემტკიცებინა.

ამდენად, 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით ლორეს ოლქზე საქართველოს პრეტენზიები საბოლოოდ გაუქმდა. ამ ეტაპზე ლორეს ოლქი კი არა, ხრამისა და ახალქალაქის რაიონები იყო შესანარჩუნებელი. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოში გავრცელებული მოარული ხმები, თითქოსდა, სტალინმა არაფერი იცოდა საქართველოს ტერიტორიის გასაჩუქრების შესახებ და რომ ეს ყველაფერი სერგო ორჯონიკიძის ნამოქმედარი იყო, დოკუმენტებით არ დასტურდება. მეტიც, "ხალხთა დიდი ბელადი" არათუ ყველაფრის საქმის კურსში იყო, არამედ თავად მონაწილეობდა ამ პროცესში.

ამიერკავკასიის კავბიუროს დადგენილების საფუძველზე, 1921 წლის 16 ივლისს შეიკრიბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელმაც განიხილა ორი საკითხი: 1. ნეიტრალური ზონისა და 2. ახალქალაქისა და ხრამის რაიონების საბჭოთა სომხეთისადმი გადაცემის საკითხები. პოლიტბიუროს დადგენილებაში ვკითხულობთ: "1. დადასტურდეს რკპ ცკ-ის კავბიუროს დადგენილება საბჭოთა სომხეთისათვის ამ ზონის გადაცემის შესახებ.

2. პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე, რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დაკავშირებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად მიგვაჩნია". იგივე საკითხი 1921 წლის 3 აგვისტოს განიხილა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმმა. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისადმი გადაცემამ. სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი: "იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ, ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში".

მიუხედავად ქართველი კომუნისტების პრინციპული მოხოვნისა ლორეს ნეიტრალურ ზონაში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, კავბიურომ არ გაითვალისწინა პლენუმის ეს გადაწყვეტილება. მთლიანობაში, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე სომხეთის სსრ-ს გადაეცა.

ამდენად, 1921 წელს კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კავბიუროსა და საქართველოს კომპარტიის პოლიტბიუროს დადგენილებით სომხეთს გადაეცა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი, ე.წ. "ლორეს რაიონი - 2367 კვკმ ფართობით. მოგვიანებით, 1925 წელს სომხეთს ასევე გადაეცა ბორჩალოს მაზრის კიდევ ერთი ნაწილი 207,94 კვკმ ფართობი. ერთობლიობაში 1921-1925 წლებში სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 2575,38 კვკმ.

ჯაბა სამუშია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”