რა დაპირისპირება მოჰყვა შაჰ აბასის სიკვდილს ირანში
როგორ აიყვანეს ქართველებმა ტახტზე ახალი შაჰი
ირანის მდგომარეობა XVII საუკუნეში, აბას I-ის (1587-1629 წწ.), „შაჰ აბას დიდის“, „სპარსეთის ლომის“ ზეობის შედეგად არნახულად განმტკიცდა. შაჰ აბასმა ირანის შიდა პროვინციებსა და კავკასიაში გაბატონებული ოსმალები დაამარცხა და განდევნა. რამდენჯერმე ილაშქრა თავისი სამეფოსთვის არასტაბილურ მხარეებში, მათ შორის კახეთში, სადაც განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა, ასეულ ათასობით ადამიანი აყარა და ირანში გადაასახლა.
აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფოს მშენებლობაში, მის შემდგომ წარმატებასა და გაძლიერებაში უდიდესი წვლილი ქართველებს მიუძღვით.
XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური ჯუსტო პრატო აღნიშნავდა: "დღეს მთელი სპარსეთი სავსეა ქართველებით, სჯულგანდგომილებით, მათ ხელშია ყველა დიდი თანამდებობა". მართლაც, შაჰ აბასის ზეობისას ირანში მრავალი ქართველი იყო გადახვეწილი. დედაქალაქ ისპაჰანის ტარუღები, ირანის სარდლები და ბეგლარბეგების დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ (როსტომ სააკაძე, უნდილაძეების საგვარეულო, სეფი ყული ხანი მირიმანიძე, ხოსრო მირზა ბატონიშვილი, ბარათაშვილები და სხვ). 1612 წლიდან მათ რიგს მოურავი გიორგი სააკაძე შეუერთდა.
შაჰ აბასი ჭირვეული, ეჭვიანი და სასტიკი დესპოტი იყო. თავისი უფროსი ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე, ნიჭიერი მოჰამედ ბაყერი, იგივე სეფი მირზა მოაკვლევინა. სეფი მირზა ირანში ძალიან პოპულარული იყო და ჩანს, შაჰს ეშინოდა, მის სიცოცხლეშივე არ მოენდომებინა მამის ტახტიდან ჩამოგდება. შაჰ აბასი თავის ამ საქციელს დიდხანს ნანობდა, მით უმეტეს, რაც გაცხადდა, რომ არანაირ შეთქმულებას არ უმზადებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმავე "საფრთხის" გამო, მომდევნო ორი ვაჟი - მუჰამედ მირზა და იმამყული მირზა დააბრმავებინა, ხოლო მეოთხე და მეხუთე - ისმაილ მირზა და ჰასან მირზა – ბავშვობაშივე გარდაიცვალნენ.
ირანის ძლიერების ზენიტში მყოფი შაჰ აბასი თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მუდმივად აფიქრებდა მემკვიდრის საკითხი და აწუხებდა კითხვა – ვინ იქნებოდა მის შემდეგ?
და რადგან შვილები თვითონვე მოიშორა, უმემკვიდროდ დარჩენილმა და საგონებელში ჩავარდნილმა შაჰმა ბოლოს არჩევანი უფროსი ვაჟიშვილის, სეფი მირზას ძეზე - საამ მირზაზე შეაჩერა და მემკვიდრედაც ის გამოაცხადა. საამის დედა ქართველი ქალი იყო. ადამ ოლეარიუსის მიხედვით, ეს ქართველი ქალი შაჰ აბას I-ისთვის უჩუქებიათ, მაგრამ რადგან იგი სეფი მირზას შეუყვარდა, შაჰმა შვილს მასზე დაქორწინების ნება დართო და ასე მოევლინა ქვეყანას საამ მირზა. იგი ნაზი და უნებისყოფო, ჰარამხანაში გაზრდილი ჭირვეული ახალგაზრდა იყო. მის შემდეგ სეფიანებმა წესადაც კი შემოიღეს თავიანთი უფლისწულების ჰარამხანაში გაზრდა, რათა ისინი ტახტზე მჯდომი შაჰისთვის უსაფრთხო პიროვნებად ჩამოყალიბებულიყვნენ.
შაჰ აბასის სურვილით საამ მირზას ტახტზე ასვლის შემდეგ სახელი უნდა შეეცვალა და შაჰ აბასის "საყვარელი" შვილის, სეფის სახელი უნდა დარქმეოდა.
თუმცა შაჰის ტახტზე პრეტენზია შეიძლებოდა განეცხადებინა ისა ხან ყორჩიბაშის შვილსაც, რომელიც ასევე შაჰ აბასის შვილიშვილი იყო. თვით ისა ხანი შაჰის სიძე გახლდათ.
ირანში ამ დროს ქართველები უკვე ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დაწინაურებულთა შორის გამოიკვეთა ქართული წარმომავლობის დიდებულების ორი ძლიერი დაჯგუფება.
პირველი ეს იყო შაჰ აბასისგან მეტად დაფასებული უნდილაძეების ოჯახი. სეფიანთა ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ასპარეზზე მოღვაწე ქართველებიდან განსაკუთრებული მდგომარეობა სწორედ უნდილაანთ ფეოდალურ სახლს ეკავა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ ალავერდი ხანი, იმამყული ხანი, დაუდ ხანი და სეფიყული ხანი.
XVI საუკუნის ბოლოდან 1614 წლამდე ალავერდი ხანი განაგებდა ფარსის საბეგლარბეგოს. მისი გარდაცვალების შემდეგ ფარსის ბეგლარბეგი გახდა მისი ძე იმამყული ხანი, რომელმაც სპარსეთის ყურეში პორტუგალიელებს ჰორმუზი წაართვა, რამაც დიდება და სახელი მოუტანა. იმამყული ხანი მის თანამედროვე ევროპულ წყაროებში სამხრეთ ირანის ვიცე-კოროლად იხსენიება. მისი ერთი ასული ცოლად ჰყავდა ანდუყაფარ ამილახორს, მეორე - ირანში მოღვაწე დაუდ ბეგ გურჯს, ხოლო მესამე, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის, როსტომ სააკაძის ძმის, ალიყულიბეგის ცოლი იყო. ასევე გამორჩეული იყო იმამყული ხანის ძმა, განჯა ყარაბაღის ბეგლარბეგი (1625-1632 წწ.) დაუდ ხანი, რომელსაც ცოლად თეიმურაზ I-ის (1606-1648 წწ.) და ელენე ჰყავდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან. იგი 1625 წელს, შაჰ აბასის ელჩის სტატუსით თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. ფარსიდან კავკასიაში გადმოსულ დაუდ ხანსა და თეიმურაზ I-ს შორის უფრო მტკიცდება კავშირი.
უნდილაძეების ოჯახი ირანში ერთ-ერთი უმდიდრესი იყო, ისინი ფლობდნენ ბაზრებს, ფუნდუკებს, ქარვასლებს. რადგან აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო-სატრანზიტო გზები იმ დროს ისპაჰანსა და ფარსიზე გადიოდა, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ვაჭრობაშიც. ცნობილი იყვნენ ინტენსიური მშენებლობითაც, ცენტრალურ და სამხრეთ ირანში აშენებდნენ კაშხლებს, არხებს, ხიდებს, ქარვასლებს, მედრესეებს, რომლებიც დღესაც ხიბლავს მნახველს.
ქართველთა მეორე ნაწილი კი სიმონ I-ის (1556-1569; 1578-1600 წწ.) გამაჰმადიანებული ძმის, დაუდ ხანის (ქართლის მეფე დავით XI, 1569-1578 წწ.) უკანონო შვილის, ხოსრო მირზას ირგვლივ ჯგუფდებოდა. იგი ირანში გაქცეულ დაუდხანს წავკისელი გლეხის ქალისგან შეეძინა, ხოლო როცა დაუდხანი საქართველოში წამოვიდა (1569 წ.), მცირეწლოვანი ხოსრო მირზა და დედამისი „მუნ დაშთა“. ირანში დარჩენილი დედა-შვილი სიღატაკეში ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ შაჰ აბასმა სწორედ სიღარიბეში ჩავარდნილ ხოსრო მირზას მიაქცია ყურადღება. ქართული წყაროების მიხედვით, პირველად გიორგი სააკაძემ აღმოაჩინა ნიჭიერი, ახალგაზრდა ხოსრო მირზა და მის დაწინაურებასაც დიდად შეუწყო ხელი. ხოსრო მირზამ გონიერებით გამოიჩინა თავი შაჰის კარზე. მან მალე 1618 წელს ირანის დედაქალაქის, ისპაჰანის ტარუღობას მიაღწია. შაჰის არჩევანი გამართლდა. ქართველი უფლისწული სეფიანთა დინასტიისადმი ერთგულებით, სიმამაცითა და პოლიტიკური ალღოთი გამოირჩეოდა. ხოსრო მირზა ძალ-ღონეს არ იშურებდა სეფიანთა დინასტიის ხელისუფლების განმტკიცებისთვის. უდიდესი გავლენით სარგებლობდა მთელ ირანში.
შაჰ აბასი 1629 წლის იანვარში გარდაიცვალა. როცა ეს ცნობილი გახდა, ისპაჰანში არეულობა დაიწყო. ყველას ქალაქის ტარუღამ, ხოსრო მირზამ დაასწრო, მან მაშინვე შეკრიბა და შეაიარაღა მოქალაქენი, შემდეგ ქალაქის ცენტრში ქართველი ყულების ჯარი ჩააყენა, ხოლო შაჰის ხაზინას მცველებად საიმედო პირები მიუჩინა, ამით ფაქტობრივად განიმტკიცა მდგომარეობა და ისპაჰანზე კონტროლი აღადგინა. წესრიგის დამყარების შემდეგ ხოსრო მირზამ შაჰ აბასის მემკვიდრე სეფი მირზა ტახტზე აიყვანა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი ავტორიტეტი ირანში. შაჰი ხოსრო მირზას გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, „ნიჭვიდა ყაენი ურიცხვსა და უხმობდა მამად“.
ახალმა შაჰმა სეფი I-მა (1629-1642 წწ.), ჭირვეულმა და ავადმყოფურად სასტიკმა ახალგაზრდამ, ტახტზე ასვლისთანავე შაჰ აბას I-ის კარზე მოღვაწე ნიჭიერი დიდებულების ჩამოცილება დაიწყო.
შაჰ აბასის ანდერძის თანახმად, შაჰ სეფის პირველი მრჩეველი იმამყული ხან უნდილაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ მისიას ფაქტობრივად ხოსრო მირზა ასრულებდა. აშკარა იყო, მისი სახით იმამყული ხანსა და მთლიანად უნდილაძეებს სახიფათო მეტოქე გამოუჩნდათ.
ირანში მყოფი ქართველები თანდათან ამ ორი ძლიერი პიროვნების ირგვლივ დაირაზმნენ.
პირველ ხანებში შაჰ სეფი თავისი წინამორბედის ყველაზე გავლენიან ხელისუფალს პატივისცემით ეპყრობოდა და მის ღირსებას იმით აფასებდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში და საჯაროდ მამას უწოდებდა.
უნდილაძეთა ძლიერი ფეოდალური სახლის ერთბაშად დამხობა ძნელი იყო. ეს კარგად ესმოდა შაჰსაც და მის ახლო წრესაც. მათ თანდათან განაპირებასა და ბოლოს, ამოწყვეტა-გადაშენებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.
შაჰი და მისი მრჩეველი, მუდამ ფრთხილი ხოსრო მირზა, დაუპირისპირდა არა ძლიერსა და გავლენიან იმამყული ხანს, არამედ, შორს, კავკასიაში მყოფ დაუდ ხან უნდილაძეს, მით უმეტეს, რომ ამ დაპირისპირებით იგი ერთდროულად ქართლში თეიმურაზის მეფობის საკითხსაც წამოჭრიდა. რადგან ხოსრო მირზა ქართლის ბაგრატიონების შთამომავალი იყო, ხოლო თეიმურაზი კახეთის, იგი ფიქრობდა, რომ თეიმურაზს ქართლის სამეფო უკანონოდ ეკავა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ხოსრო მირზა ქართლის მეფობასაც აპირებდა. მისი რჩევით შაჰმაც დაუდ ხანი ამოიღო მიზანში. მალე აშკარა კონფლიქტმა იჩინა თავი, დაუდ ხანს შაჰი რამდენჯერმე გაუწყრა, ხოლო გულმოსული დაუდ ხანი საქართველოში გაიქცა და თეიმურაზთან ერთად აჯანყების მომზადება დაიწყო.
აჯანყებულებმა განჯა-ყარაბაღი მოარბიეს. ამ დარბევაში მონაწილეობდნენ თეიმურაზ I, იმერეთის მეფე ალექსანდრე, ოდიშის მთავარი ლევან დადიანი, მესხნი თავადნი და აზნაურნი, ქართლელნი და კახელნი. აჯანყებულებს მხარს უჭერდა განძასარის სომეხთა კათალიკოსიც.
საერთო ჯამში ეს აჯანყება საბედისწერო აღმოჩნდა უნდილაძეებისთვის, სწორედ ამის შემდეგ დაჩქარდა მათი ორმოცწლიანი ბატონობის დამხობა ფარსიში. შაჰ სეფი განრისხებას ვერ მალავდა, მაგრამ მაინც ფრთხილად მოიქცა. თეიმურაზს მრავალ წყალობას დაპირდა, თუ იგი დაუდ ხანს გასცემდა, მაგრამ თეიმურაზმა უარი განუცხადა.
განრისხებულმა შაჰმა ჯერ თავისთან მძევლად მყოფ დაუდ ხანის ცოლსა და შვილზე იყარა ჯავრი. ხოლო, შემდეგ ყაზვინის მოედანზე გამოიყვანა იმამყული ხანის სამი ვაჟი – ლარის ბეგლარბეგი სეფიყული ხანი, ფათალი ბეგი და ალიყული ბეგი და დახოცა, თვით იმამყული ხანს კი მოსაკლავად მისივე სიძეები გაუგზავნა, რომელთაც დასაძინებლად გამზადებული ხანი მოტყუებით გამოიყვანეს და მოკლეს.
ფარსის ბეგლარბეგად ოღიურ ხანი დაინიშნა, მასვე დაევალა უნდილაძეების გადარჩენილი ნათესავების, პირველ რიგში კი დაუდ ხანის ვაჟის, გორგანის მმართველის მოკვლა.
როცა თეიმურაზმა და დაუდ ხანმა ეს ამბები შეიტყვეს, ყოველგვარი იმედი დაჰკარგეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დაუდ ხან უნდილაძე ოსმალეთში, სტამბოლში გადაიხვეწა; სიკვდილს მხოლოდ იმამყული ხანის უმცროსი ვაჟი გადაურჩა, რომლის დედაც არაბი შეიხის ასული იყო. იგი დედასთან ერთად არაბეთში გაიქცა და შემდეგ ბასრაში ცხოვრობდა.
სეფი I-ის დროს ირანის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეირყა. ოზბეგი ხანების თავდასხმა ხორასანზე მართალია მოიგერიეს, მაგრამ ყანდაარი დაიპყრო "დიდმა მოგოლმა" ჯეჰან შაჰმა. ამავე ხანებში ირანს ოსმალეთის სულთან მურად IV-ის (1623-1640 წწ.) ჯარი დაესხა თავს. ოსმალეთთან განახლებულ ომში ირანი იძულებული იყო, თავდაცვით შემოფარგლულიყო. ოსმალებმა 1630 წელს დაიკავეს ქალაქი ჰამადანი, ამოწყვიტეს მისი მოსახლეობა, 1635 წელს, დროებით დაიპყრეს ერევანი, გადაწვეს ნახიჭევანი და თავრიზი, ბოლოს 1638 წელს ბაღდადი აიღეს. 1639 წლის ზოჰაბის ზავით სეფიანებმა ოსმალებს დაუთმეს სამცხე-საათაბაგო მთლიანად და არაბეთის ერაყი ბაღდადითურთ.
უნდილაძეთა ძლიერი სახლის დაცემამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ირანში. მიზეზებსაც დაუწყეს ძებნა. საინტერესოა, რომ ერთი ასეთი ვერსიაც ყოფილა: შაჰ აბას I თავის ყველაზე დაახლოებულ პირს, იმამყული ხანს თავისი ჰარამხანიდან ქალებს უგზავნიდა საჩუქრად. ერთ-ერთი ქალი ფეხმძიმედ აღმოჩნდა და მას მალე ვაჟი შეეძინა. იმამყული ხანს თითქოს განზრახული ჰქონდა ამ ვაჟის (შაჰ აბასის შვილის) შაჰ აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე აყვანა. სეფი I-მა იმის შიშით, იმამყული ხანს თავისი განზრახვა არ შეესრულებინა, მთელი უნდილაძეები ამოწყვიტა.
როცა ხოსრო მირზამ ირანში მოწინააღმდეგეები მოიშორა და საბოლოოდ დაამარცხა, ხოლო თეიმურაზი ქართლიდან გააძევა, ასეთ ვითარებაში, მისთვის უკვე ძნელი არ იყო ქართლის ტახტის შოვნა, რაზედაც დიდი ხანი ოცნებობდა. 1632 წელს შაჰ სეფიმ ირანის ყულარაღასი და ისპაჰანის ტარუღა (თუმცა ისპაჰანის ტარუღობა სიკვდილამდე შეინარჩუნა, მის სიცოცხლეში ირანის დედაქალაქს ნაიბები, ანუ მოადგილეები განაგებდნენ) გურჯისტანის ვალიდ დანიშნა. მას ახალი სახელი როსტომი ეწოდა. დიდი არმიითა და საკუთარი, გამუსლიმებული ქართველებისგან შემდგარი არისტოკრატიით ქართლში ჩამოვიდა, 67 წლის ასაკში ქართლის მეფე გახდა. ქართლში იგი ორბუნება პოლიტიკას ატარებდა, ქართველობას აშკარა ბრძოლას არ უცხადებდა, ამავე დროს, შესაძლოა მოჩვენებითაც "ყიზილბაშობის" დანერგვისთვის იღვწოდა. როსტომი 1658 წელს გარდაიცვალა, იგი წაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში.
ალექსანდრე ბოშიშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”