პირველი სერიული მკვლელი სსრკ-ში
"გააღეთ, მოსგაზიდან ვარ!"
"მოუხელთებელი მანიაკი" თბილისელი ძველი ბიჭი აღმოჩნდა
მოსკოვი, 1963 წლის 23 დეკემბერი.
ანაზდად ზარის ხმა გაისმა. თორმეტი წლის კოსტია სობოლევმა კართან მიირბინა და ჩუმად იკითხა:
- რომელი ხარ?
- გააღეთ, მოსგაზია! - გაისმა მამაკაცის ხრინწიანი ხმა.
კოსტიამ კარი გააღო. ზღურბლზე ნაცრისფერ პალტოში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი იდგა. ბიჭის დანახვაზე გაიღიმა და თვალი ჩაუკრა:
- მარტო ხარ?
- დიახ, მობრძანდით.
კოსტია სტუმარს სამზარეულოში შეუძღვა, გაზქურა უჩვენა.
- იქ რაღაც გდია, - მამაკაცმა ცერა თითი იატაკისაკენ გაიშვირა.
კოსტია უნებლიეთ დაიხარა. მამაკაცმაც ჯიბიდან ნაჯახი ამოიღო და თავში ჩასცხო.
კოსტია სობოლევის მკვლელობა ერთად-ერთი როდი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მოსკოვში რამდენიმე მსგავსი დანაშაული დაფიქსირდა. ხელწერა იგივე იყო. მამაკაცი ბინის კარზე რეკავდა და ჩუმი ხმით ამბობდა: "გააღეთ, მოსგაზიდან ვარ!" რასაკვირველია, უმალ შინ უშვებდნენ. მამაკაციც ბინაში მყოფებს ხოცავდა, შემდეგ რაც ხელში მოხვდებოდა, პორტფელში ალაგებდა და უჩინარდებოდა. მალე მთელ მოსკოვში ხმა გავარდა:
- ქალაქში მკვლელია! მოსგაზის მოსამსახურის სახელით ის ბინებში შედის და ხალხს, განსაკუთრებით, ქალებსა და ბავშვებს მხეცურად ხოცავს.
ეს ინფორმაცია დასავლეთის "ხმებშიც" მოხვდა - რადიო "თავისუფლებამ" სსრკ-ის დედაქალაქში გამოჩენილ სერიულ მკვლელს ვრცელი გადაცემა მიუძღვნა. "მოუხელთებელი, რომელიც მოსგაზად მონათლეს", "პანიკა საბჭოთა დედაქალაქში", - გადაცემა ამგვარი ფრაზებით იყო გაჯერებული. ნიკიტა ხრუშჩოვმა მაშინდელი გენერალური პროკურორი რომან რუდენკო დაიბარა:
- რას ნიშნავს ეს?!
- ნიკიტა სერგეევიჩ! ქალაქში მანიაკი დაძრწის! - მიუგო რუდენკომ.
- რაო? რა მანიაკი? რას როშავ! - ხრუშჩოვმა მაგიდას მუშტი დასცხო, - კოსმოსში პირველად საბჭოთა ადამიანი გაფრინდა, ჩვენ ხალხს შევპირდით, რომ დღევანდელი თაობა კომუნიზმში იცხოვრებს, შენ კი რომელიღაც მანიაკზე მელაპარაკები! საბჭოთა სისტემის პირობებში არავითარი მანიაკი არ შეიძლება არსებობდეს! გაიგე?!
- დიახ, ნიკიტა სერგეევიჩ.
- ასე რომ, ეს სიტყვა არ გამაგონო! ეს არამზადა კი ორ კვირაში გაბაწრული უნდა მომგვარო! წინააღმდეგ შემთხვევაში გენპროკურატურის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა შეიცვლება! გასაგებია? ახლა შეგიძლია წახვიდე.
ამ საუბრის შემდეგ მთელი მოსკოვის მილიცია და პროკურატურა ფეხზე დადგა. მიუხედავად ამისა, შედეგი არ ჩანდა. მოუხელთებელმა მანიაკმა კი კიდევ რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინა.
МУР-ის შემდგომში ცნობილი ექსპერტი სოფია ფაინშტეინი იმხანად ახალგაზრდა გოგონა იყო. მან რამდენიმე მოწმე აღმოაჩინა, რომლებმაც მანიაკს თვალი მოჰკრეს. იმხანად ფოტორობოტები ჯერ არ იყო. ფაინშტეინმაც ინსტრუქცია დაარღვია, მოწმეთა ჩვენება თავის თაყვანისმცემელ მხატვარს, ედუარდს უამბო, რომელმაც ამის საფუძველზე მკვლელის პორტრეტი დახატა. როდესაც ის მოწმეებს წარუდგინეს, მათ ერთხმად შესძახეს: -”ესაა!”
ამრიგად, მილიციას მკვლელის პორტრეტი უკვე ჰქონდა.
ამასობაში მანიაკმა ახალი დანაშაული ჩაიდინა - მოქალაქე აგამალოვა მოკლა და მისი ბინიდან ტელევიზორი გაიტაცა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ბავშვებმა, რომლებიც ეზოში თამაშობდნენ, დაინახეს მაღალი მამაკაცი, რომელიც სადარბაზოდან გამოვარდა, ხელში კი ტელევიზორი ეჭირა. როცა ბავშვებს მხატვრის მიერ დახატული პორტრეტი აჩვენეს, იყვირეს: - ესაა!
ბავშვებმა თქვეს, რომ მამაკაცმა სატვირთო მანქანა გააჩერა და შიგ ჩაჯდა. ერთ-ერთი მოზარდი კი იმდენად დაკვირვებული აღმოჩნდა, რომ მანქანის ნომერი დაიმახსოვრა. ამის შემდეგ ადვილად იპოვეს მძღოლი, რომელმაც განაცხადა, რომ მართლაც ჩაისვა მგზავრი, რომელსაც ხელში ტელევიზორი "რეკორდი" ეჭირა და რიგის ვაგზალთან ჩავიდა. მაძებრებს გუმანი კარნახობდა, რომ მკვლელს სადღაც ვაგზლის მახლობლად უნდა ჰქონოდა ბინა და მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყეს, - ვინმემ ოჯახში ტელევიზორი ხომ არ მიიტანაო. მართლაც, ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა:
- ჩვენ ქვემოთ კავკასიელი ცხოვრობს, გუშინ ტელევიზორი მოიტანა და შემომთავაზა, მოგყიდიო. ფული არ მქონდა და...
- რა გვარისაა?
- იონესიანი. ძალიან კარგი ბიჭია.
როცა ქალს ფაინშტეინის თაყვანისმცემლის მიერ შექმნილი პორტრეტი აჩვენეს, უმალ ამოიცნო იონესიანი.
იონესიანზე ცნობების შეგროვება იოლი აღმოჩნდა. მანამდე ის ორჯერ ყოფილა ნასამართლევი (ქურდობისა და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის).
ვლადიმერ იონესიანი 1937 წელს თბილისში დაიბადა, აქვე მიიღო საშუალო მუსიკალური განათლება. 17 წლისა იყო, როცა მამამისი გაფლანგვისთვის დააპატიმრეს. იონესიანი კი ქუჩის ბიჭებს დაუმეგობრდა... მერე დაქორწინდა და შორეულ ორენბურგში წავიდა, სადაც მუსკომედიის თეატრში დაიწყო მუშაობა. იქ გაიცნო ვალენტინა დმიტრიევა. იონესიანმა მიატოვა ცოლ-შვილი და დმიტრიევასთან ერთად მოსკოვში ჩავიდა.
ხსენებულ ბინაში იონესიანი დმიტრიევასთან ერთად ცხოვრობდა. დაკითხვაზე დმიტრიევამ განაცხადა: - ვალოდიამ მითხრა, რომ სუკ-ის სპეცაგენტია და ხშირად უწევს მოგზაურობა. ახლაც დავალებაზეა ყაზანში.
МУР-ში მოუხელთებელი მკვლელის შესაპყრობად სპეცოპერაცია დაგეგმეს. ერთ-ერთ ოპერმუშაკ ქალს დმიტრიევას გრიმი გაუკეთეს და ყაზანს გაამგზავრეს - დმიტრიევამ დაკითხვაზე განაცხადა: მოვილაპარაკეთ, 12 იანვარს ყაზანში მოსკოვის მატარებლით ჩავალ, ის კი ვაგზალზე დამხვდებაო.
იონესიანი სიტყვის კაცი აღმოჩნდა, თავის გულის რჩეულს პერონზე უცდიდა. როცა "დმიტრიევა" დაინახა, რომელიც მატარებლიდან ჩამოდიოდა, ხელი ასწია და დაიძახა:
- გამარჯობა!
გაისმა ჩხაკუნი. იონესიანმა გონს მოსვლა ვერც მოასწრო, რომ ხელებზე უკვე ხელბორკილი ედო... რუდენკომ პირობა შეასრულა, იონესიანი ხრუშჩოვს მიჰგვარა. კრემლში იონესიანი პირადად რუდენკოს მანქანით წაიყვანეს. ის პირველი და უკანასკნელი სისხლის სამართლის დამნაშავე იყო, რომელსაც გენპროკურორის მანქანით მგზავრობის პატივი ხვდა. ვლადიმერ იონესიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. მოსგაზი”- ასე შევიდა ისტორიაში იონესიანი, პირველი სერიული მკვლელი სსრ კავშირში, რომლის საქმეც ასე გახმაურდა.
ნიკა თევზაძე