ლავრენტის აღზევება - რა ხრიკით ჩამოიშორა ბერიამ ეჟოვი - კვირის პალიტრა

ლავრენტის აღზევება - რა ხრიკით ჩამოიშორა ბერიამ ეჟოვი

მოსკოვი, 1937 წლის დეკემბერი. კრემლში იოსებ სტალინი  საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას ხვდება. ბერიამ საუბარი ქართულად დაიწყო. სტალინი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა და ლაპარაკი რუსულად განაგრძო. ბერიაც უმალ რუსულზე გადავიდა:

- ამხანაგ ეჟოვზე რას იტყვით? - მოულოდნელად შეეკითხა სტალინი.

- ეჟოვზე?

ბერია გაოცებას ვერ მალავდა. ეჟოვი ხომ საკავშირო შინსახკომს ედგა სათავეში. 1936-37 წწ-ის "წმენდებიც" მის სახელთან იყო დაკავშირებული.

- ჩემი აზრით, აუცილებელია ეჟოვის მოღვაწეობის  სწრაფი და უხმაურო შემოწმება, - განაგრძო სტალინმა, - შინსახკომის ცენტრალური აპარატი ამას ვერ შეძლებს, რადგან იქ ეჟოვის ხალხია. შენს გუნდში ბევრი ნიჭიერი ჩეკისტია. მათ თბილისიდან მოსკოვში გადავიყვანდით.  ამხანაგები მეხლისი და ფრინოვსკი მათ დაეხმარებიან. გყავს ასეთი ბიჭები?

- დიახ, ამხანაგო სტალინ! - მტკიცედ მიუგო ბერიამ.

მეხლისი და ბერია

მეორე დღეს ბერია წითელი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსმა მეხლისმა ინახულა, ლავრენტის ხელი მაგრად ჩამოართვა და სიცილით უთხრა:

- მაშ ასე, ამ ომში ერთად ვართ, არა?

ბერიამ პასუხი არ გასცა. მეხლისი სავარძელში მოკალათდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო: - ეჟოვთან ძველი ანგარიშები მაქვს, ეს გარეწარი ჩემს დაპატიმრებას მოითხოვდა. სხვათა შორის, შენს დაჭერასაც აპირებდა.

მეხლისი გაჩუმდა. ბერიაც დუმდა.

- თუკი ეჟოვი შინსახკომის სათავეში  დარჩა, ორივეს გაგვისწორდება, - განაგრძო მეხლისმა, - დავამხობთ? მაშინ, გადავრჩებით. სტალინს ეჟოვზე გული გაუტყდა, რადგან მან უზარმაზარი ძალაუფლება იგდო ხელთ. ის როგორც შინსახკომის, ისე გრუ-ს თავკაციცაა.

- რა გინდა? - შეაწყვეტინა ბერიამ.

- ფრინოვსკი, ეჟოვის მოადგილე, მის  სკამს უმიზნებს, - მეხლისს მისი შეკითხვა თითქოს არც გაუგონია, - ის ეჟოვზე უკეთესი არ არის. ფრინოვსკი ჩვენი მხოლოდ ტაქტიკური მოკავშირეა, მაგრამ არა სტრატეგიული.

- რა გინდა?

- ეჟოვი უნდა მოვიშოროთ, ანუ გადავრჩეთ, იმედია, შენც ეს გინდა!

საიდუმლო თათბირი

ბერიას, ფრინოვსკისა და მეხლისის შეხვედრა კონსპირაციულ ბინაში მოხდა. ფრინოვსკი ძალზე აქტიურობდა, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, ეჟოვის შემდეგ შინსახკომს სათავეში ჩაუდგებოდა.

დღეს ეჟოვის დამხობა სავსებით შესაძლებელია, - ჩუმად წარმოთქვა მეხლისმა, - თუკი რაიმე საგანგებო შემთხვევა მოხდა, სტალინი საბოლოოდ გაწირავს. რას იტყვი, ლავრენტი პავლოვიჩ?

- აქცენტი შორეულ აღმოსავლეთზე უნდა გაკეთდეს. იქ კარგა ხანია იაპონელებთან თამაში მიმდინარეობს. იქნებ ეს გამოგვეყენებინა, - შენიშნა ბერიამ.

ფსიქოლოგიური შეტევა

ცოტა ხნის შემდეგ ვლადივოსტოკის შს სახალხო კომისარი და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჰენრიხ ლუშკოვი  მოსკოვში ჩავიდა. ლუშკოვმა  შენიშნა "კუდი" და უმალ ეჟოვს მიაკითხა.

- მალე თქვენთან კომისია ჩამოვა, ასე რომ, მოემზადე! -  ჩუმად წარმოთქვა ეჟოვმა.

- ცუდად არის საქმე, - გაიფიქრა ლუშკოვმა, - როგორც ჩანს,“ზემოთ ეჟოვის გაწირვა გადაწყვიტეს. შინ დაბრუნებულმა ლუშკოვმა ყველაფერი გულდასმით გააანალიზა. იაგოდას დამხობას მისი გუნდის წევრების დაღუპვაც მოჰყვა. ზოგი დახვრიტეს, ზოგსაც გულაგში უკრეს თავი. ლუშკოვი მაშინ ბეწვზე გადარჩა. გამოსავალი ერთია - საზღვარგარეთ გაქცევა, მაგრამ როგორ? შორეულ აღმოსავლეთში ფსევდო-ანტისაბჭოთა ჯგუფი მოქმედებდა. ამ ჯგუფის წყალობით  დამყარდა კავშირი იაპონიის გარკვეულ გავლენიან წრეებთან. ლუშკოვი, როგორც შორეული აღმოსავლეთის შინსახკომის უფროსი, ამ არხს სრულად აკონტროლებდა.

- ეს გადარჩენის ერთადერთი შანსია.

ფსიქოლოგიურმა შეტევამ, რომლის იდეაც ბერიას ეკუთვნოდა, გაამართლა. ლუშკოვს განზრახ დემონსტრაციულად უთვალთვალებდნენ. სასოწარკვეთილმა ჩეკისტმაც უცხოეთში გაქცევის გადაწყვეტილება მიიღო. ფრინოვსკი, რომელიც შეფს ფხიზლად უთვალთვალებდა, თავდაპირველად ყოყმანობდა.

- ეს ხომ საგანგებო შემთხვევაა! ლუშკოვი ინფორმირებული კაცია. თუკი იაპონიაში გადავა, წლების მანძილზე აწყობილი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობა ჩაიშლება!

მეხლისმა დაარწმუნა, ლუშკოვი ეჟოვის კაცია და მასზე პასუხსაც ის აგებსო. ლუშკოვის გაქცევა სერიოზული ჩავარდნა იქნება. სტალინი ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს და ეჟოვსაც მოხსნიან, მისი თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი კი მის მოადგილეს, ანუ შენ გაქვსო. ამან გაჭრა. ფრინოვსკი დათანხმდა, რათა ბერიას გეგმა განეხორციელებინა.

რა მოხდა შემდეგ

რამდენიმე კვირის შემდეგ ლუშკოვი  იაპონიაში გადავიდა. ფრინოვსკიმ  გაქცევას ხელი არ შეუშალა. ბერიამ  ყოველივე კეთილსინდისიერად დააფიქსირა  და მეხლისს ჰკითხა:

- ამხანაგ სტალინს შენ მოახსენებ?

- სტალინმა უკვე ყველაფერი იცის, - მიუგო მეხლისმა.

სტალინმა ეჟოვი გამოიძახა. მან მაგიდას მუშტი დასცხო: - რას ნიშნავს ეს?! აკი ამბობდით, რომ ლუშკოვი ღირსეული ბოლშევიკია!

ეჟოვის კარიერაც დასრულდა. 1938 წლის აგვისტოში მას ახალი პირველი მოადგილე დაუნიშნეს. ეს ლავრენტი ბერია გახლდათ.

მალე საკავშირო შინსახკომის  თავკაცის პოსტზე ეჟოვი ბერიამ შეცვალა. ფრინოვსკი, რომელიც ამ თანამდებობას თავად უმიზნებდა, გაწბილებული იყო. ეჟოვმაც ნიშნის მოგებით უთხრა:

- ჩემი სკამი გინდოდა? Bვერ მოგართვი!  ღალატი არავის შერჩენია! გაიგე?!

ეპილოგი

1938 წელს ფრინოვსკი სამხედრო-საზღვაო ფლოტის თავკაცად გადაიყვანეს. ამ დროს ეჟოვი უკვე საწყალოსნო ტრანსპორტის სახალხო კომისარიატს ედგა სათავეში. შინსახკომს კი ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. 1939 წელს ეჟოვიცა და ფრინოვსკიც დააპატიმრეს. დაკითხვაზე ორივემ განაცხადა:

- ოღონდაც ნუ გვაწამებთ! ყველაფერს ხელს მოვაწერთ!

1940 წელს ეჟოვი და ფრინოვსკი  დახვრიტეს.

ნიკა თევზაძე