რუსეთში გადახვეწილი ქართველი გენერალი
სიმონ ივანოვიჩ სალაგოვს ხშირად სამწუხაროდ სომხური, უკეთეს შემთხვევაში სომხურ-ქართული წარმომავლობის გენერალთა რიცხვში თვლიან, და ამის შესახებ აქტიურად იწერება ინტერნეტსივრცეში თუ რუსულ ბეჭდვით გამოცემებში.
რუსეთის იმპერიაში მოღვაწე გენერალს, წარმოშობით ქართველს, თავად სიმონ იორამის ძე სოლოღაშვილს (Семен Иванович Салагов) საკმაოდ ნიშანდობლივი ბიოგრაფია აქვს.
სიმონი 1756 წელს თავად იორამ სოლაღაშვილის ოჯახში დაიბადა.
თავად სოლაღაშვილთა საგვარეულო ქვემო ქართლში XV საუკუნეში მესხეთიდან გადმოვიდა, სადაც მათ სათავადო ჩამოაყალიბეს და საუკუნეთა განმავლობაში ირიცხებოდნენ ქართულ წარჩინებულ საგვარეულოებს შორის.
ცნობები, როგორ მოხვდა სიმონ სოლაღაშვილი რუსეთში, არ მოგვეპოვება. საინტერესო ცნობაა დაცული ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის (1798-1800 წწ.) ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის თხზულებაში. იგი თავად ზაზა იორამის ძე სოლაღაშვილის დახასიათებისას აღნიშნავს, რომ მისი ერთი ძმა "რუსეთისა კარზე ცერემონმაისტერია". ანუ ქართლ-კახეთში ცნობილი იყო, რომ სიმონი რუსეთის საიმპერატორო კარზე, სასახლეში იმყოფებოდა. სავარაუდოა, რომ სიმონი სწორედ ქართველ მეფეს გაეგზავნა პეტერბურგში. რუსები ხშირად ქართულ სახელებსა და გვარებს თავის ყაიდაზე წერდნენ, ალბათ სიმონის მამის სახელი იორამი მათთვის უფრო გასაგები ივანეთი, ხოლო გვარი რუსული დაბოლოებით ამიტომ შეცვალეს. ასე გახდა რუსეთში სიმონ იორამის ძე სოლაღაშვილი სიმონ ივანოვიჩ სალაგოვი.
საქართველოში დარჩენილმა ზაზა სოლაღაშვილმა სოფელ ბორბალოში კოშკი და სასახლე ააშენა, სადაც თავის ძმებთან - იასე, იოანე და იოსებთან ერთად ცხოვრობდა. იგი სათავადო სახლის უფროსი და კათოლიკოსის მოლარეთუხუცესი იყო. რუსეთში წასული სიმონი კი 1771 წლიდან სევსკის ქვეითთა პოლკში მსახურობდა, შემდეგ - ჩერნიგოვის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში გადაიყვანეს. მეფის მდივან თუმანიშვილების ერთ-ერთი წერილიდან ჩანს, რომ ზაზა სოლაღაშვილი თავის ძმასთან 1797 წელს ჩასულა პეტერბურგში.
სიმონ სალაგოვმა თავი გამოიჩინა 1787-1791 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, კერძოდ, 1788 წელს ხოტინის ციხის ბრძოლის მონაწილე იყო. იგი ხოტინის ციხის ჩაბარების თაობაზე ოსმალ ჰასან ფაშასთან გაგზავნეს, რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი.
1789 წლიდან პოლკოვნიკი სიმონ სალაგოვი კავკასიის არმიაში, შემდგომ კი სუმის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში მსახურობდა. 1796 წლის 16 ივლისს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1797 წლის 16 ივლისიდან 1798 წლის 22 აპრილამდე სმოლენსკის დრაგუნთა პოლკს ხელმძღვანელობდა, 1798 წლის 9 სექტემბრიდან 1800 წლის 12 იანვრამდე ლაიბგვარდიის ჰუსართა პოლკის მეთაურია.
სიმონ სალაგოვმა დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის იმპერიის სამხედრო იურისპრუდენციის განვითარებაში. მან თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა აუდიტორული უწყება, რომელიც რუსეთის იმპერიის სამხედრო პროკურატურის წინამორბედი იყო. სალაგოვის რჩევებს ითვალისწინებდა იმპერატორი პავლე I. 1800 წლიდან იგი თადარიგში იმყოფებოდა, იმავე წლიდან გარდაცვალებამდე სენატორი გახლდათ.
სიმონ სალაგოვი დაჯილდოებული იყო: წმინდა ალექსანდრე ნეველის, წმინდა ვლადიმირის მეოთხე და მეორე ხარისხის, წმინდა ანას პირველი ხარისხის (ალმასებიანი) ორდენებით და წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენის (კომანდორთა) ჯვრით.
სიმონ სალაგოვი გარდაიცვალა 1820 წლის 4 თებერვალს, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრის ნეკროპოლში, მეუღლის, მართა ფიოდოროვნას გვერდით.
ალექსანდრე ბოშიშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”