"ილია ჭავჭავაძის ნათლულმა ილიას მკვლელობაზე ბევრი რამ იცოდა..."
რას იხსენებს რუსუდან ბოლქვაძე თავის სახელოვან წინაპრებზე
ფაიფურის ფინჯანს ქართული ხელრთვით აწერია: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის". ყვავილებით მოხატული ლამბაქიც წარწერიანია: "ეყავნ ობოლთა, ვითარცა მამა"... ცოტა დაუჯერებელიც კი არის, რომ ამ ფინჯნით ვსვამ ყავას, რომელიც ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მომიდუღა. ჩემ წინ, ნამცხვრის თეფშზეც წარწერაა - "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი".
ამ სერვიზით ალბათ იშვიათად სარგებლობენ ოჯახში, რადგან ეს ძვირფასი რელიკვიაა, რომელიც ბებიისგან (დედის დეიდისგან) - შუშანიკ ასათიანისგან დარჩათ როგორც მოგონება ან ანდერძი და შეგონება... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თავისუფალ დროს ქათქათა ფაიფურის ჭურჭელს ამ შეგონებებს აწერდა და ხატავდა.
ყველა ჭურჭელი განსაკუთრებულია, დროში განფენილი ფუნქცია აქვს. ცხადია, უბრალოდ არ გამოუღიათ განჯინიდან ეს სერვიზი. სწორედ იმაზე ვლაპარაკობთ, "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების"...
რუსუდან ბოლქვაძის პატარა, ლამაზ ბინაში კედლებზე ძველ ფოტოებს ვუყურებდი... ადრეც ვკითხე ერთ-ერთი ფოტოს შესახებ, რომელზეც სასულიერო პირი იყო გამოსახული, - ვინ არის-მეთქი? ჩემი დიდი პაპა, დეკანოზი გიორგი ასათიანიაო... ახლა, როცა გიორგი ასათიანის ქალიშვილის, რუსუდანის მიერ შემკული ფინჯნებით ხელში ვსაუბრობთ, წარსული მეტად გვიახლოვდება და მასპინძელიც ხალისით მიამბობს:
- დეკანოზი გიორგი ასათიანი ბებიაჩემის მამა იყო, 1931 წელს 84 წლისა გარდაიცვალა ლოცვისას. წინამძღვრიანთკარში მსახურებდა მოძღვრად. თავად სოფელ გალავნიდან იყო, იქ ჰყავდა ოჯახი.
ერთ კვირადღეს ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძე დასწრებიან წინამძღვრიანთკარში წირვას. ახალგაზრდა მოძღვრის ქადაგებამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და ილიას ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკის დახმარებით თბილისში გადმოიყვანეს.
შემდეგში თბილისის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდა... თითქმის ყველა ჯგუფურ ფოტოზე, რომელზეც ილია ჭავჭავაძეა ასახული, ისიც არის.
როცა დღევანდელ პეტრიაშვილის ქუჩაზე ცნობილი ღვინის ქარხანა გაიხსნა, დეკანოზმა გიორგიმ აკურთხა, მანვე აკურთხა მუხრანის ხიდი, რომელიც საოცარი არქიტექტურული ნიმუში იყო.
ბევრი სიტყვა და ქადაგება გვაქვს შენახული, რომელსაც პაპა ფანქრით წერდა. მაგალითად, გვაქვს ალექსანდრე ყაზბეგის გასვენებისას წარმოთქმული მისი სიტყვა.
დიდ საზოგადო მოღვაწე და მეცენატ დავით სარაჯიშვილს მან აუგო წესი...
ჩვენს ოჯახს ილიასთან ნათელ-მირონიც აკავშირებდა. გიორგი ასათიანის ვაჟი, ლავრენტი, მისი ნათლული გახლდათ. 1937 წელს დახვრიტეს. ლავრენტი ასათიანი სოციალ-დემოკრატი იყო... ბებიას ერთ-ერთი და იხსენებდა: ერთხელ მოვიდა ლავრენტი აღელვებული შინ. დაგვისვა უმცროსები (ცხრა დედმამიშვილი იყვნენ) და გვითხრა, - დუქანში ვისხედით, მთვრალი კაცი შემოვიდა და თქვა, ილიას მკვლელობაზე ბევრი რამ ვიციო... დები პატარები იყვნენ და ვერ დაიმახსოვრეს მისი მოყოლილი დეტალები...
ლავრენტისაგან განსხვავებით, მამამისი, დეკანოზი გიორგი, საბჭოთა ხელისუფლების რისხვას გადაურჩა... ლავრენტის ერთ-ერთი ძმა, მამის სეხნია გიორგი, პოლონეთში ცხოვრობდა. რევოლუციის შემდეგ საზღვარი ჩაიკეტა და ვეღარ ჩამოვიდა... ომის დროს სასწაულებრივად გადარჩა. შავგვრემანი შეიძლებოდა ებრაელში არეოდათ. გერმანიის საზღვრის ახლოს, პატარა ქალაქ ზელიონაგურაში ცხოვრობდა, მეზობლად ებრაელები სახლობდნენ. მათ წასაყვანად მოსულან... გიორგისთანაც შესულან - ვინ ხართო. კავკასიელი ქართველიო. რითი დაგვიმტკიცებთო. რითი უნდა დამემტკიცებინა, ბანტიანი გიტარა მქონდა, ჩამოვიღე და "სულიკო" ვიმღერეო... გადარჩა.
პირველად 1956 წელს ჩამოვიდა თბილისში, 1970-იან წლებში - მეორედ. სამი წელი დარჩა... 90 წლის იყო. პან ეჟის ეძახდნენ პოლონეთში. არ დაოჯახებულა... იქნებ იმიტომ, რომ ჩამოსვლის იმედი ჰქონდა... მისი ოჯახი ჩვენ ვიყავით. და აი, პან ეჟიმ უცებ თქვა, პოლონეთში უნდა დავბრუნდე, პენსიის საქმე მოვაგვარო, სახლი გავყიდო, მერე ჩამოვალ, აქ უნდა მოვკვდეო.. მაშინ 96 წლისა იყო. ჩვენებმა ბილეთი უყიდეს. ჩაალაგა ბარგი. საქართველოში გიმნაზია ოქროს მედალზე დაუმთავრებია. მედალი ჩვენთან ინახებოდა. ოჯახს ძალიან უჭირდა, ერთი-ორჯერ დაუგირავებიათ კიდეც. ჯერ დედა უნახავდა, მერე ბებიაჩემს ჩააბარა - გიორგი რომ ჩამოვა, მიეციო. გადასცეს მედალი. წასვლამდე ყველაფერი შეამოწმეს, ხომ არაფერი რჩებოდა. და... გაქრა ბილეთი. ყველა ეძებს. გიორგი კი ზის მშვიდად საწოლის კიდეზე... როგორც ჩანს, ვერ გადაწყვიტა ბოლომდე, წასულიყო თუ არა და მიენდო ბედს... ბოლოს, იპოვეს - ლეიბის ქვეშ იდო იმ საწოლზე, რომელზეც თავად იჯდა, როგორც განსასჯელის სკამზე. წავიდა პოლონეთში. სახლი გაყიდა, გადავიდა თავშესაფარში... დადიოდა საკონსულოში, აგვარებდა დაბრუნების საკითხს...
1977 წელს ზაფხულში გამოგვიგზავნა მოწვევა. წავედით მე და დედა. არ დაგვხვდა... გვქონდა მოხუცთა თავშესაფრის მისამართი და კიდევ ორი მისამართი მისი მეგობრებისა. ღამის თორმეტი საათი ხდებოდა. დედა ღელავდა, უცხო ქალაქში ვიყავით, სადაც რუსულად მოლაპარაკეებს ვერ იტანდნენ... მივედით თავშესაფარში და ვერ გავაგონეთ ვერავის კარზე კაკუნი... წავედით ერთ მისამართზე, - არავინ დაგვხვდა, მეორეზე - იქაც არავინ იყო. შაბათ-კვირა დაემთხვა და როგორც ჩანს, ყველა გასული იყო ქალაქიდან. დავრჩით გარეთ ჩვენი ბარგიანად. ამ დროს დავინახეთ, ტაქსი გაჩერდა და გოგონა გადმოვიდა, სადარბაზოში უნდა შესულიყო, დედამ შეაჩერა და სთხოვა, ქართველები ვართ, უცხო ქალაქში დავრჩით, იქნებ ღამე გაგვათევინოთო... გოგონამ, აქ ბიძაჩემის სახლია, ავალ, ნებართვას ვთხოვ და თუ დამთანხმდა, აგიყვანთო. მართლაც მიგვიღეს, გვიმასპინძლეს... საუბარში დიასახლისმა, ეს სახლი სამი წლის წინ ქართველისგან ვიყიდეთ - პან ეჟი ასათიანისგანო... აი, ასე მოვხვდით პაპის სახლყოფილში. მეორე დღეს მასპინძლებმა მიგვაცილეს მოხუცებულთა სახლში. გიორგი ისე ააღელვა ჩვენმა დანახვამ, რომ პირველი ორი საათი პოლონურად გველაპარაკებოდა.
- როგორც ვიცი, ბებიათქვენის, რუსუდან ასათიანის მეუღლე, დედათქვენის მამა, შალვა გრიგორაშვილი, გადასახლებული იყო...
- პაპა სამხედრო იყო. 1941 წელს დაიჭირეს, - ანტისაბჭოთა ანეკდოტი თქვიო. რვა წელი მიუსაჯეს. ჯერ ურალში იყო გადასახლებული, მერე გადმოიყვანეს რუსთავში. იმხანად რუსთავს აშენებდნენ და მშენებლობაზე პატიმრები მუშაობდნენ.
დედაჩემი და ბებია რუსუდან ასათიანი მძღოლი ნიკოლაის ხელით (რომელსაც ყოველდღე მიჰქონდა სამშენებლო მასალები რუსთავის კოლონიაში) უგზავნიდნენ ბაბუას მოსაკითხს. ერთხელ ბაბუას შემოუთვლია, ნიკოლაი ჩემთან შემოგაპარებთო. მართლაც, მანქანის ძარაში დაუმალავს დედა და ბებია და შეუპარებია მამასთან. მერე ასევე გამოუპარებია...
ბებია რუსუდანი მიამბობდა, ერთხელ რუსთავში შეპარულებს ღამის გათენება მოგვიხდაო. ცოლ-ქმარი ლებედევები ყოფილან, მათ შეუფარებიათ. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა რისკი იყო მათთვისაც. დედა 18 წლის ყოფილა... მასპინძელი თურმე ზეწარს უთოთი უთბობდა, რომ გოგონას არ შეცივნოდა. ბებია მეუბნებოდა, - გახსოვდეს, ლებედევებთან ვალში ვართო... მათ სად ვიპოვი, იქნებ ცოცხლები აღარც არიან-მეთქი... ლებედევს თუ შეხვდები ვინმეს, მას დაუბრუნე სიკეთეო...
- მერე შეხვდით რომელიმე ლებედევს?
- ეს განსაკუთრებული ამბავია... ლენინგრადში გასტროლებზე წავედით. "დონ ჟუანი" ვითამაშეთ, საღამოს კი მოეწყო შეხვედრა, რომელსაც მთელი ტოვსტონოგოვის დასი ესწრებოდა. "ბნელი ოთახიდან" ვითამაშეთ ნაწყვეტი. ის ეპიზოდი, სადაც ქმარი - თაზო თოლორაია ჩემზე ეჭვიანობდა და მე - ცოლი ანთებულ სიგარეტზე ვჯდებოდი. თაზო ძალიან ნერვიულობდა, მეც ვღელავდი. ჩანს, ვიღაცამ ურჩია თაზოს, ერთი ჭიქა კონიაკი "ჩაარტყი" და დამშვიდდებიო. ერთ ჭიქას მეორე მიაყოლა და სცენაზე რომ გამოვიდა, კაი ნასვამი იყო.
მე რომ ვაჯდებოდი ანთებულ სიგარეტს, თაზო თამაშობდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და არ გადაეშვა სცენიდან? პირდაპირ კალთაში ჩაუხტა ტოვსტონოგოვს!.. მერე ჰყვებოდა, ჩამესმა მშვიდი, ბოხი ხმა: "ადი, ბიჭო, სცენაზე, ხო არ გაგიჟდიო", - ტოვსტონოგოვი იყო... უცებ გამოვხიზლდიო... შურდულივით ამოხტა უკან.
იმ საღამოს ტოვსტონოგოვის გვერდით იჯდა მისი და, ქალბატონი დოდო და სიძე, ცნობილი მსახიობი, ისიც თბილისში დაბადებული ევგენი ლებედევი. მან არაჩვეულებრივი კეთილშობილებით გამოხატა ჩვენი - ახალგაზრდა მსახიობების აღიარება, ამოვიდა სცენაზე, თეატრალური ჟესტით ჩაიმუხლა და მომმართა - ცოლად გამომყევითო... ვითომდა ეჭვიანი ქმრისგან ასე უნდა ვეხსენი...
არ შემიძლია, თქვენ ბრწყინვალე მეუღლე გყავთ-მეთქი, - მივუთითე ქალბატონ დოდოზე. ამ აღიარებით დაბნეულმა ვერ მოვახერხე, ვერ შევასრულე ბებიის თხოვნა და ვერ ვუთხარი, რომ ჩვენი ოჯახი ვალში იყო ლებედევებთან...
მამის მხრიდანაც რეპრესირებული წინაპრები მყავდა. მამაჩემის დედის ძმა, ვლადიმერ ჯიქია, პროფესიით ენერგეტიკოსი იყო, საბედისწერო ბინაში, ბერიას მეზობლად ცხოვრობდა და ემსხვერპლა კიდეც - დაიჭირეს და დახვრიტეს. მისი მეუღლე, უმშვენიერესი თინათინი, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიამ მიუძღვნა "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას", ათი წელი იყო გადასახლებული...
მამა მიხეილ მამულაშვილთან მეგობრობდა. ახლაც გვაქვს შენახული მისი წერილები. ყვავილების საოცარი კომპოზიცია ახლდა ამ მოკითხვის ბარათებს. ჩვენც დავკრეფდით ყვავილებს, დავაწებებდით ფურცელზე და ისე ვპასუხობდით.
P.S. იმ საღამოს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, სამწუხაროდ, ყველაფერს ერთ წერილში ვერ ჩავატევ... ერთი რამ თვალნათლივ დავინახე - რუსუდან ბოლქვაძე თავისი წინაპრების გაგრძელებაა, სწორედ ამიტომ არასდროს წუწუნებს, ვერც მხრებჩამოყრილს ნახავთ... მისი დიდი პაპა, დეკანოზი გიორგი ამბობდა ერთ-ერთ ქადაგებაში: "როგორი უნდა იყოს დედაკაცი?! - მხნე". ეს მხნეობა ცხოვლად აჩნია რუსუდანის სულს...