1937 წელი... - კვირის პალიტრა

1937 წელი...

(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #27)

ეს ამხანაგი შემოწმებულ უნდა იქნას...

1937 წლის 5 დეკემბერს საზეიმო დღე იყო. სტალინური კონსტიტუციის წლისთავი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკი) საზეიმო სესიის მოწვევით აღინიშნა. მე საზეიმო სესიაზე ე.წ. მთავრობის კონცერტის მოწყობა დამევალა. ვინაიდან ბერია მოსკოვში იყო, ყველაფერს ხელმძღვანელობდა ვალერიან ბაქრაძე. ბაქრაძემ დავალება მოგვცა, გაგვემართა ხალხური მუსიკის კონცერტი და არა აკადემიური. ჩვენც გადავწყვიტეთ, გაგვემართა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული (სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით არსებული) ანსამბლის კონცერტი. მე, როგორც პასუხისმგებელი კონცერტზე, ადრე მივედი რუსთაველის თეატრში.  ოპერის თეატრის წინ რამდენიმე საკმაოდ შეზარხოშებული  მომღერალი შემხვდა. გამოვიძახე ანსამბლის ინსპექტორი დ. მესხი და აღშფოთებულმა ხმამაღლა ვუთხარი, რას ჰგავს ეს, სრული უპასუხისმგებლობაა, ასეთი მნიშვნელოვანი კონცერტის წინ ხალხი რომ დამთვრალა-მეთქი. დ. მესხმა: რა უნდა ვქნა, ბავშვები არ არიან, ჯიბეში ხომ ვერ ჩავისვამ, სულ ხუთი თუ ათი კაცია, იმათ მოვხსნი. გუნდში მაინც ას ოცი კაცია, სცენაზე არაფერი დაემჩნევაო. ჩვენს საუბარს ყურს უგდებდნენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლები.

როცა კონცერტი დაიწყო, მითხრეს, ვ. ბაქრაძე გთხოვთ მთავრობის ლოჟაშიო. შევედი თუ არა, ბაქრაძემ მკითხა:

- თქვენ ხართ კონცერტის ორგანიზატორი?

- დიახ-მეთქი, - ვუპასუხე (იქ იყვნენ ბიუროს წევრები: გოგლიძე, კოჭლამაზაშვილი და სხვები).

- მერე, რას ჰგავს ეს, ნახევარი გუნდია სცენაზე.

- როგორ გეკადრებათ, გუნდს ნორმალურზე მეტი ხალხი არ აკლია.

- როგორ, ყველანი მთვრალები ყოფილან (ალბათ ვიღაცამ გადასცა ჩემი და მესხის საუბარი). მიუბრუნდა გოგლიძეს და უთხრა:

- ეს ამხანაგი შემოწმებულ უნდა იქნეს!

6 დეკემბერს ღამით, ორ საათზე, ჩემს ფანჯარაზე კაკუნი გაისმა. ფანჯარა გავაღე. ქუჩაში შინსახკომის ფორმიანი თანამშრომელი და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კაცი იდგნენ.

- სახლის წიგნაკი მომეცით, - იქიდანვე მთხოვა შინსახკომელმა.

- ამ სახლის გინდათ?

- ჰო, ამ სახლის, ხომ არის ეს #17, ყაზბეგის ქუჩა?

- დიახ, ეს არის.

მე მაგიდის უჯრის გასაღებად გავიწიე.

- არ არის საჭირო, თქვენს სახლში შემოსვლა არ შეიძლება? საიდან უნდა შემოვიდეთ?

- აი, მეორე ქუჩიდან (მლეთის ქუჩაზე მივუთითე).

სირბილით წავიდნენ კარისაკენ. ეზოს კარი გავუღე და სახლში მივიწვიე. იქ უკვე კიდევ ერთი კაცი შემოემატათ. ორნი სახლში შემოვიდნენ, ერთი გარეთ დარჩა.

- რა ქენით, სად არის სახლის წიგნი?

ხელმეორედ წავიწიე უჯრის გასაღებად.

- არ არის საჭირო, თქვენ გვინდიხართ, - მეუბნება ის კაცი და ხელში დასტა ორდერები უჭირავს, ზემოდან ჩემი გვარია, მსხვილად დაწერილი. ამ დროს ჩემი ცოლი გამოვიდა, დედაჩემი, უფროსი გოგო ათი წლისა იყო.

- აბა, ჩაიცვით, უნდა წავიდეთ. - მეუბნება ის კაცი.

- ვაიმე, შვილო, - იძახის დედაჩემი, იცრემლება ჩემი გოგო, ხოლო ორნი, პატარები, ლოგინში წვანან, სძინავთ, ერთი სამი წლისაა და ერთიც თერთმეტი თვის.

- არაფერი დამიშავებია. რაღაც გაუგებრობაა, წავალ და უკანვე მოვალ, - გულს ვუმაგრებ, მაგრამ თვითონვე არ მჯერა ჩემი სიტყვებისა, ვგრძნობ, რომ ფუყე ნუგეშია ჩემი ოჯახისათვის იმიტომ, რომ იმათაც გაგებული აქვთ: ყველა, ვისაც აპატიმრებენ, ასეთსავე სიტყვებს ეუბნება თავის ოჯახს, მაგრამ უკან არავინ დაბრუნებულა.

- ერთი პატარა ლეიბი, თხელი საბანი და ორიოდე წყვილი საცვლები ჩაულაგეთ, - ეუბნება ჩემს ცოლს ის კაცი. დატრიალდნენ დედაჩემი, ცოლი, შვილი, რაღაც მოაქვთ, ზოგი ტანსაცმელს ყრის, ზოგი ბალიშებს. თვითონ არ ესმით, რას შვრებიან. როცა ადგილზე მიმიყვანეს და დავალაგე, არც ერთი წყვილი წინდა არ იყო, სულ ცალ-ცალი იყო, საშინაო პიჟამა ორი წყვილი ჩაედოთ.

- რევოლვერი მოგვეცით.

- მე რევოლვერი არა მაქვს.

- იცოდეთ გავჩხრეკთ, თუ აღმოჩნდება, თქვენი პასუხისმგებლობა გაიზრდება.

- კი ბატონო!

გარეთ მანქანა იდგა. ჩავსხედით ორნი და წავედით. თავზარდაცემული ვიყავი, მაგრამ მაინც ვკითხე:

- მაინც რაშია საქმე, რა დავაშავე?

ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა:

- იქ გეტყვიან.

ორთაჭალის ციხეში

მანქანამ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანა. ეზოში შემიყვანეს. ჩემი ლოგინი ძირს დავდე და სულ შემოსასვლელისკენ ვიჭვრიტებოდი, მოსულ მანქანებს ან ალაყაფში გავლილ ხალხს ვათვალიერებდი, ჩემი ცოლი ხომ არსად არის-მეთქი, ვფიქრობდი. დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი იქვე, იმ წუთში სიკვდილზე, თუ ვინმე პირობას მომცემდა, შენ დაგხვრეტთ, მაგრამ შენს ცოლს ხელს არ ვახლებთო.

დაახლოებით ღამის 4-5 საათისათვის  ორმოცდაათამდე კაცი მოგროვდა. ხუთი საათიაო, ვიღაცამ თქვა და - დადექით! - გაისმა ბრძანება.  ოთახის კართან ჩაგვამწკრივეს. ამ დროს საპატიმრო კორპუსიდან ნამძინარევი კაცები გამოიყვანეს, უწმაწური სიტყვებით იგინებოდნენ. რომ მოგვიახლოვდნენ, მივხვდით, ჩვენ გვაგინებდნენ, - თქვენი დედა... თქვე კონტრებო, თქვენი ასე და ისე, თქვენი გულისათვის პატიოსან ხალხს ძილი არა აქვს, თქვე ჩათლახებო, თქვენ რად გინდათ რეგისტრაცია, პირდაპირ თქვენი სახლის კარებთან უნდა დაგხვრიტონ, ციხეს რატომ უნდა აბინძურებდეთო. ჩვენ ერთიმეორეს ვუჩურჩულეთ: "ვინ არის ეს ხალხი და რატომ გვლანძღავენ ასე უშვერი სიტყვებით?" თურმე ესენი პატიმრები იყვნენ, ე.წ. "ყოფითი დამნაშავენი" ("Бытовики") - ქურდები, მკვლელები, გამფლანგველები და ვინ იცის, კიდევ... ესენი გამოყოფილნი იყვნენ დაქტილოსკოპიის გადასაღებად. რიგრიგობით მივდიოდით და ასე "ტკბილსიტყვაობაში" თითების ანაბეჭდებს გვიღებდნენ.

შემდეგ დაგვამწკრივეს და წაგვიყვანეს საპატიმრო კორპუსში. იქ ჩხრეკა და... კამერებში სხვადასხვა სართულზე გაგვანაწილეს.  მესამე სართულზე ავედით. ტუსაღებს სათითაოდ კამერებში ათავსებდნენ. მე სულ ბოლო კამერაში შემიყვანეს. ბნელოდა. მაშინვე გამიჩნდა აზრი: თუ ყველას აქვს სინათლე, მე ბნელში რად შემაგდეს, ალბათ ამაღამვე, დაუკითხავად მხვრეტენ-მეთქი. ამის მიზეზად მივიღე ბერიას დამოკიდებულება მგალობლიშვილიანთ გვარისადმი, იმიტომ, რომ  სახკომსაბჭოს თავმჯდომარე გერმანე მგალობლიშვილი უცხოეთის ჯაშუში "აღმოჩნდა". ალბათ მთელი გვარის განადგურებას ლამობს-მეთქი. ამის საბუთს ისიც მაძლევდა, რომ, როცა მგალობლიშვილის გვარის პატარა ბავშვმა ოლიმპიადაზე საუცხოოდ იცეკვა და ჟიურიმ პირველ ჯილდოზე წარადგინა, ბერიამ კი პირადად ამოშალა ეს ბავშვი სიიდან, ხალხის მტრის ნაშიერი იქნებაო.

სიბნელეში მძინარე ხალხი შეიშმუშნა. "ახალი მოიყვანეს, - თქვა ვიღაცამ, - იქით წადი, იქით, ბოლოსკენ, აქეთ ადგილი არ არის". სიბნელეში ვცადე ბოლოსკენ წასვლა, მაგრამ მუხლები რკინის საწოლზე მივამტვრიე და უკანვე მოვბრუნდი, შემოსასვლელ კარებში ჩემი ლოგინი დავდე და ზედვე დავჯექი. სასოწარკვეთილ ფიქრებს გავყევი. პაპიროსს პაპიროსზე ვეწეოდი და ჩუმად ვიყავი. ვიღაც  საწოლიდან გადმოვიდა და ჩემთან მოვიდა.

- რა გვარი ხარ შენ?

ვუპასუხე.

- აქაური ხარ, თბილისელი?

- კი.

- კაი პაპიროზი გექნება შენ.

"რეკორდის" კოლოფი მივაწოდე.

- აი მოდი ჩემთან იყოს, შენ ისეც დიდხანს ეწეოდი კაი პაპიროზს, ახლა, ეს მოწიე, - და მომაწოდა "პამირი".

- მთელი მახარაძის რაიონი დეიჭირა კვინტრაძემ, მარა მგონი თვითონაც გაუქაჩავთ, ხომ არ გაგიგონია?

- არ ვიცი, კვინტრაძეს არ ვიცნობ.

ვიღაცამ იქიდან დაიძახა:

- "Хватит болтать, спать мешайте!"ვეუბნები გურულს - ცეცხლაძეს:

- ხომ გესმით, ხალხი შეწუხდა, ხვალ ვილაპარაკოთ.

- მაი სულელია, კაცო, მაგას რა ყურს უგდებ შენ.

ამ დროს გათენდა კიდეც. კარი გააღეს - ჩქარა საპირფარეშოშიო. ერთბაშად წამოცვივდა ხალხი, ზოგი პირსახოცით გარბის, ზოგიც საჭირო ალაგში. თუ ახლა არ მოასწარი, მთელი დღე თავი რომ მოიკლა, კარს არ გაგიღებენ, რაც გინდა და სადაც გინდა ქენი. მეც ჩემი ბარგი გვერდზე მივდგი და ხალხს გამოვყევი, პირი დავიბანეთ და სანამ საკანში შევბრუნდით, იმდენად გათენდა, რომ კაცის ცნობა შეიძლებოდა.

- ბიჭო, მიშა ხარ შენ? - მომესმა ხმა, დავაკვირდი. სახკინმრეწვის საგეგმო განყოფილების უფროსი ხავთასი აღმოჩნდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, როცა ხავთასს ველაპარაკებოდი, ვიღაცამ მომაბრუნა.

- აქეთ მოიხედე, ყმაწვილო! - ვიცანი თბილისის გარეუბნის შინსახკომის უფროსი გრიშა ტაბიძე, იქვე კოჭლობით მოვიდა ჭაღარამოსილი სამხედრო კაცი და რუსულად მეკითხება:

- ვერ მიცანით? აბა, რას მიცნობთ, წვერებში ბებერს დავემგვანე. მე თქვენი სტენოგრაფისტის ქმარი ვარ. ვყოფილვარ თქვენთან, გვისაუბრია.

- როგორ არა, ახლა გიცანით. თქვენი ცოლიც ხომ დაპატიმრებულია. არ გინახავთ?

- ვაიმე, ნუთუ დააპატიმრეს ისიც, - უნებურად გამოვდექი მწარე ამბის მიმტანი, მაშინვე სინანულში ჩავვარდი, მაგრამ გვიანღა იყო, უფრო დაწვრილებით მომიხდა მოყოლა, რა თქმა უნდა, რაც ვიცოდი. ჩემისთანა პატიმარი მეტად სასურველი გამოდგა პატარა საკანში, სადაც ოცდათორმეტი კაცი იყო მოთავსებული. საკანში უმთავრესად ზაფხულში დაპატიმრებული ხალხი იჯდა, გამოძიების ქვეშ იყვნენ და სრულიად მოსწყვეტოდნენ ქვეყანას.

მე თბილისში თითქმის ყველას ვიცნობდი, ვიცოდი ვინ იყო უკვე დაპატიმრებული და ვინ არა. ვიცოდი სიღნაღის და აჭარის, აფხაზეთის საჩვენებელი პროცესების შინაარსი. ერთი სიტყვით, ჩემისთანა "გათვითცნობიერებული" კაცი პირდაპირ განძი იყო ამ ხალხისათვის, დამსვეს და დამაყარეს შეკითხვები, მეც ვპასუხობდი და ამ "იმპროვიზებული პრესკონფერენციისა" დიდად კმაყოფილი დარჩნენ. მერე, გაიგეს, რომ მე მოსკოვში 1936-37 წ.წ. გამართული ქართული ხელოვნების დეკადის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი, სულ გაგიჟდნენ: მოგვიყევი, როგორ იყო, კრემლში თუ იყავი, სტალინი თუ პირადად ნახე, რა ბედნიერი კაცი ყოფილხარო! მე დაწვრილებით ვუყვებოდი დიდი თეატრის კონცერტებზე, კრემლში მიღებაზე, სტალინთან და მოლოტოვთან სტუმრობაზე, იმ უდიდეს აღტყინებაზე, რაც სუფევდა დეკადის მონაწილეთა და მოსკოველთა შორის. რამდენჯერმე მამეორებინებდნენ ცალკეულ ეპიზოდებს, განსაკუთრებით - რას აკეთებდა სტალინი, რა თქვა, როგორ მოიქცა. ეს ცხვარივით გულუბრყვილო ხალხი სიცოცხლის გამოსალმების წინაშე იდგა, მაგრამ სტალინის სიყვარულს, ერთგულებას და მისდამი როგორც ბელადისადმი თაყვანისცემას ვერაფერი არყევდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ მოხდა რაღაც დიდი შეცდომა, მაგრამ პარტია დღეს თუ ხვალ სიმართლეს გაიგებს და გამოასწორებს, როგორც არაერთხელ გამოუსწორებია და ხალხი მაინც სწორი გზით უტარებია კომუნიზმისაკენ.

"კედელთან, დაიხვრიტოს!"

"ყურს ატკბობს, ალხენს დალეწილ ძვლების ჩხარუნი, სიცოცხლის მსხვრევა. განა კი არის სასმენელად საამო სხვა რამ, ან რა გამოსცემს მელოდიას უფრო უკეთესს... აი, ამიტომ მე მიჩქროლავს გული მამაცი და მინდა მყისვე აღვასრულო ეს განაჩენი - სწრაფად კედელთან! დაიხვრიტოს ყოველი კაცი!" - ეს "შედევრი" ეკუთვნის ერთ-ერთი ჩეკისტი ჯალათის, ალექსანდრ ეიდუკის კალამს. და შემთხვევითი როდია, რომ მისი თანამოაზრეების მსგავს შედევრებთან  ერთად, ეს ლექსიც დაიბეჭდა კრებულში,  ცინიკური სათაურით "ჩკ"-ს ღიმილი". კიდევ ერთი პოეტი და "ჩკ"-ს პუბლიცისტი მარტინ ლაცისი,  რომელიც საგანგებო გაზეთს გამოსცემდა სიკვდილმისჯილთა სტატისტიკური მონაცემებით, 1921 წელს წერდა: "ჩკ" მომავლის პარტიის საბრძოლო ორგანოა, იგი არ იძიებს კონკრეტულ სამხილებს და გასამართლების გარეშე ანადგურებს მავანთ. უპირველესად, დაისმის კითხვა - რომელ კლასს ეკუთვნის ბრალდებული. პასუხი ამ კითხვაზე მის ბედს სწყვეტს. სწორედ ამაშია არსი წითელი ტერორისა. ის კი არ ასამართლებს მტერს, ფიზიკურად ანადგურებს მას".

ცნობილია, რომ ტირანიის შემქმნელთა რიგებში, გარდა ყველა დროისა და ყველა ხალხის დიდი ბელადის იოსებ სტალინისა, ლექსის წერის ჟინი "ჩკ"-ს პირველ ხელმძღვანელებს ფელიქს ძერჟინსკისა და ვიაჩესლავ მენჟიცკისაც არ ასვენებდა. ხოლო ავადსახსენებელმა ჰენრიხ იაგოდამ, "ჩკ"-ს ყველაზე ერთგულმა შემსრულებელმა, ისე მონუსხა თავის ლირიკით დიდი მაქსიმ გორკი, რომ ვლადიმირ მაიაკოვსკის კვალდაკვალ, მასაც აღაფრთოვანებდა წითელი ტერორი და ახალგაზრდობას მოუწოდებდა მაგალითი ძერჟინსკისგან აეღო...