1937 წელი...
(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #27-34)
რუსეთიდან ჩამოყვანილ პატიმრებს, როგორც წესი, თან ლოგინი არ მოჰქონდათ. პირიქით, დაგვცინოდნენ კიდეც, რას დაათრევთ ამოდენა ბარგსო. მათ, რა ტანსაცმლითაც მუშაობდნენ, იმავეთი ეძინათ. ზოგჯერ მთლიანად ითოშებოდნენ. გარდა ამისა, ჩვენ, ქართველებმა, ჩასვლისთანავე დავამყარეთ კავშირი ოჯახებთან. პირველივე თვეში მოგვაწოდეს პროდუქტები სამშობლოდან.
როგორც აღვნიშნე, იქაური საკვები საკმარისი იყო, მაგრამ ცხიმიანს არაფერს გვაძლევდნენ, ხოლო უცხიმოდ ორგანიზმს გაძლება უჭირდა. ოჯახებიდან კი ყოველთვიურად გვიგზავნიდნენ ერთ კილო ღორის ქონს, ნიორს, ასკილს, დანაყილ სუნელს. ქონით ცხიმის უკმარობას ვავსებდით, ნიორი და ასკილი სურავანდისგან გვიცავდა და ხალხი არ იხოცებოდა.
ხანძარი ბანაკში
ერთი წლის შემდეგ დაიწყო ცელულოზის ქარხნის მშენებლობა და რამდენადმე შეგვეცვალა მუშაობის პროფილი: ხეტყის დამზადების ნაცვლად უკვე ქარხნის მშენებლობაზე ვმუშაობდით, მაგრამ ჯერ ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევის შესახებ უნდა გიამბოთ: ერთგან უკვე აღვნიშნე, რომ ქართულ ბრიგადებს მცველები არ გვყავდა, ერთგვარად მეტი ნდობით ვსარგებლობდით.
სწორედ იქ თავს დაგვატყდა საშინელი განსაცდელი. როგორც ლაპარაკობდნენ, სადღაც ჩვენგან 500 კილომეტრში გაჩნდა მძვინვარე ხანძარი, ხმები დადიოდა, თანდათან გვიახლოვდებაო. ტაიგა იწვოდა. მალე ჩვენი პუნქტიდან თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს ხანძართან საბრძოლველად ბრიგადების გაგზავნა. ათ-თორმეტ დღეში ხანძარი ძალიან მოუახლოვდა ჩვენს ბანაკს. უკვე თვალსაწიერზეც ჩანდა ხანძარი. ერთ დღეს მოვიდა მშენებლობის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, ინჟინერი მალოვი და მიბრძანა, ჩამემწკრივებინა ბრიგადა და წავსულიყავი ხანძართან საბრძოლველად. დავუძახე ბრიგადის წევრებს: ბიჭებო, დამწკრივდით! მე პირით ხალხისკენ ვიდექი, ისინი თან იცვამდნენ, თან მწკრივად ეწყობოდნენ. ამ დროს ზურგიდან დამეჯახა მეხანძრე, რომელიც ცხენს მოაჭენებდა...
საღამოს საავადმყოფოში მწოლიარე მოვედი გონს. თავი შეხვეული მქონდა და როგორც კი წამოვიწიე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. საავადმყოფოს მომსახურემ მომითხრო, თუ როგორ მომიყვანეს თავგატეხილი საავადმყოფოში, ბრიგადა კი დავალების შესასრულებლად წასულიყო. ამ დროს შემომესმა ძახილი:
- ავადმყოფებო, ვისაც ფეხზე დგომა შეგიძლიათ, გამოდით!
მყისვე წამოვხტი, ადგომისას თავი მეტკინა, მაგრამ ფეხზე რომ დავდექი, ტკივილმა გამიარა. ბევრი მეხვეწა საავადმყოფოს მომსახურე, გორელი ავეტიქოვი (საექიმო პერსონალი ან ვინმე უფროსი საავადმყოფოში არ ჩანდა): ნუ წახვალ, შენ არ გეხება ეს ბრძანებაო, - მაგრამ არ ვიცი, ალბათ იღბალმა გამაჯიუტა და ეზოში გამოვედი, სადაც ადამიანები უკვე მწკრივდებოდნენ. მეც მათთან დავდექი, ხელში ნიჩბები მოგვცეს და ერთი კაცი წინ გაგვიძღვა. ხანძარი უკვე ჩვენს ეზოსთან მოსულიყო და ძლიერი ქარი ცეცხლს წიწვიან ტყეში უხვად აფრქვევდა. გვითხრეს, პატარა თხრილი გაგვეთხარა ჩვენი ზონის გარშემო. თხრა დავიწყეთ, მაგრამ, რაღა აზრი ჰქონდა, როცა ქარმა უკვე ხანძარი ჩვენს ზურგს უკან გადაისროლა და პირველ ბარაკსაც მოედო ცეცხლი. კიდევ კარგი, პუნქტის უფროსი მოვიდა, სამუშაოდან მოგვხსნა და დაგვიძახა: გასწით! ყველამ თავს უშველეთო! ჩვენც შევერიეთ ხალხის დიდ ნაკადს და გავიქეცით ხანძრისაგან. ზონაში შესვლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფებისგან არც ერთი არ გადარჩენილა ცოცხალი...
გავედით დიდ შარაგზაზე, უკნიდან კი ხანძარი მოგვდევდა, გადავლახეთ მდინარე ვიატკა, ხანძრის მოძრაობა შეწყდა და ამით დამთავრდა ეს განსაცდელი.
უეცრად საიდანღაც ჩემი ბრიგადის ბიჭები გაჩნდნენ, მომვარდნენ, დამიწყეს კოცნა და მითხრეს, ჩვენ უკვე მკვდრად გთვლიდითო, თავი ხის ნაჭერზე დაარტყი, შუაზე გაქვს გახეთქილიო. თავი მთლიანად შეხვეული მქონდა და არ ვიცოდი, როგორი იყო ჭრილობა, ეტყობა, მხოლოდ ზედა კანი გადასკდა, თავის ქალა კი არ გატეხილა, თორემ ფეხზე დგომას როგორღა მოვახერხებდი. ჩავედით ბანაკის სამმართველოში, ღამე ფეხზე გავათენეთ. საკვები მოგვცეს და გადაგვთვალეს, ხომ არავინ აკლიაო. ყველანი სახეზე აღმოვჩნდით. რამდენიმე ათასი კაცი მოდიოდა და არავის უცდია, სადმე ტყეში მიმალულიყო. პუნქტის უფროსი ხარჩენკო სიცილით ამბობდა:
- ჩვენ მხოლოდ ერთი კაცი დაგვიზიანდა, მგალობლიშვილი დაიჭრაო.
ისევ ავაგეთ ახალი ბარაკები, ისევ ახალი პუნქტები დავაარსეთ. დაახლოებით ერთ თვეს ნარებზე ერთიმეორეს ვათბობდით. ღვთის მადლით ხანძარი ზაფხულში მოხდა, თუმცა ღამე ციოდა, მაგრამ მაინც ასატანი იყო. ერთი თვის შემდეგ კი სახლებიდან ახალი ლოგინები მოგვაშველეს და ხელახლა მოვეწყვეთ.
ვის სჭირდებოდა ეს?
როცა ასე თუ ისე ნორმალურ კალაპოტში ჩავდექით, გავერკვიეთ ჩვენს მოვალეობაში და ყოფის საკითხებიც დავადგინეთ, მოვიდა დრო, სერიოზულად დავფიქრებულიყავი: რა მოხდა? რისთვის გადაბრუნდა ეს ძალიან კარგად აწყობილი ქვეყანა, მოსპეს არა მარტო სახელმწიფო და პარტიული მუშაკების სამი თაობა, არამედ უამრავი სწავლული, ხელოვანი, სპეციალისტი, დაიღუპა მილიონობით კოლმეურნე, ერთი სიტყვით, ქვეყანას აუნაზღაურებელი ზარალი მიადგა. საკითხავია, რისთვის? საქართველოში მომხდარ ამბებს თვალდათვალ ვხედავდით, ვხედავდით, რომ ვიღაცა ღუპავს ქვეყანას და ვინ არის ეს, ან როგორ ახერხებს ყოველივეს, გაუგებარი იყო. დირიჟორ ევგენი მიქელაძის მოსპობა პატარა ერისათვის აუნაზღაურებელი დანაკლისია, - მიქელაძე ხომ გენიალური მუსიკოსი იყო, ბოდიში ყველა ქართველი დირიჟორის წინაშე, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: 35 წელიწადი გავიდა, მისი შემცვლელი კი არ ჩანს. ამგვარი ტალანტი საუკუნეში ერთხელ იბადება. ვინ აგვინაზღაურებს მსოფლიოში სახელგანთქმული ელინისტის, პროფესორ გრიგოლ წერეთლის დანაკლისს? ვუყურებდი უამრავ ხალხს, უცნაური, რაღაც მოჩმახული ბრალდებებით გაუბედურებულებს, გადასახლებულებს ცივ ქვეყანაში და ვერ ვურიგდებოდი აზრს, რომ ეს ჩვენთან, საბჭოთა ქვეყანაში ხდება, რომ კომუნისტური პარტია თვითონ სჩადის ყოველივე ამას. ძნელი წარმოსადგენია, რომ მამია ორახელაშვილი, ყველა ქართველი კაცისათვის საყვარელი, უჭკვიანესი ხელმძღვანელი, დახვრიტეს როგორც კონტრრევოლუციონერი. როგორც ამბობდნენ, მას ბრალად ედებოდა ნოე ჟორდანიასთან კავშირი. სულ ოდნავი დაფიქრებაა საჭირო, რომ ეჭვი შეგეპაროს ამ საოცარ ულოგიკობაში - მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ნოე ჟორდანია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო, მამია ორახელაშვილი, მისი უდიდესი იდეური მტერი, მეტეხის ციხეში იჯდა და როცა ჟორდანია საქართველოდან განდევნილი, ემიგრანტი, საფრანგეთში უთვისტომოდ ლევდა თავის დღეებს, მაშინ დაუკავშირდა მას მამია? რა არის ეს, თუ არა საგანგებოდ შეთითხნილი ბრალდება, რათა ქართველ ხალხს შეაძულონ ორახელაშვილი, პარტიას შეაძულონ და ვინაიდან ხალხი უსაზღვროდ ერთგული და დამჯერეა პარტიის ცენტრალური კომიტეტის, ხალხის ბელადის ი. სტალინის - ვიღაცა იყენებს ამ სიყვარულს ბოროტად და სპობს უერთგულეს ადამიანებს. აქ პასუხად გაიგონებდი, თვითონ მოაწერა ხელი ბრალდებასო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით, როგორ ხდებოდა "ხელმოწერა" და ბრალდების მიღება საკუთარ თავზე. ერთხელ, ადრე, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჩეკისტმა ჩემს უარზე, რომ მე არ მივიღებდი მათ მიერ შემოთავაზებულ უვარგის სცენარს, მიპასუხა:
- ჩვენ ნუ მოვინდომებთ, თორემ ინგლისის მეფედ დაგსვამთო.
როცა ხელს ვაწერდი ამ შეთითხნილ ბრალდებებს, მაგონდებოდა ეს პასუხი და ვფიქრობდი, მართალი ყოფილან ის ჩეკისტები-მეთქი.
ვფიქრობდი, რომ ასეთ საქმეში გერმანიის დაზვერვის ხელიც ერია, რომ ფაშისტების დაზვერვა აწვდიდა შინსახკომს "საბუთებს", რითაც უნდობლობას თესავდა პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელი მუშაკებისადმი, პირადად მე ბევრჯერ მიფიქრია, ეჟოვი შემოპარული ჯაშუშია-მეთქი, მაგრამ როცა სტალინზე გავიფიქრებდი - ეს რწმენა ირყეოდა. ვამბობდი: ნუთუ სტალინი ვერ ხვდება ეჟოვის გამყიდველობას? სტალინის განჭვრეტის უნარში, ბელადის შორსმჭვრეტელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო, რადგან უსაზღვროდ გვჯეროდა მისი. იმასაც ვფიქრობდი, რომ წარმოუდგენელი იყო აგენტურის მიერ შინსახკომის მთელი აპარატის მოსყიდვა. მაშ, ასე ბრმად რად ღუპავენ ხალხს? თუმცა ისეთი კონტროლს დაუქვემდებარებელი დაწესებულებაც კი, როგორიც იმ დროის შინსახკომის ორგანოები იყო, შეიძლებოდა ქცეულიყო უკანონობისა და თვითნებობის წყაროდ.
იქ, სადაც საზოგადოებრივ აზრს გასავალი არა აქვს, ყოველთვის გასაქანი ეძლევა საშინელ უკანონობას.
ადმინისტრაციული და საგამომძიებლო მუშაკი არ ვყოფილვარ, კულტმუშაკი ვიყავი, მაგრამ ასე მგონია, სრული უკონტროლობის, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფისა და პირადი შეუვალობის პირობებში, ალბათ, ცხოვრების უკუღმართობა თავისთავად გამომცვლიდა. მით უმეტეს, ეს დაემართებოდა ისეთი ორგანოს მუშაკებს, რომელსაც ხელთ ეპყრა ადმინისტრაციული, საგამომძიებლო და სასამართლო ორგანოების ფუნქციები, სამივე ერთად, რაზედაც პარტიულ ორგანოებსაც კი არ გააჩნდათ კონტროლისა და ზემოქმედების უფლება. იმ დროს ეს ნამდვილად ასე იყო, შინსახკომს რესპუბლიკის პარტიის ცენტრალურ კომიტეტზე უმეტესი ნდობა ჰქონდა. კერძოდ, საქართველოში ცეკას მდივანი ბერია იყო და ის ადრიდანვე შინსახკომის ორგანოებზე დაყრდნობით მუშაობდა; და, ამდენად, უნდობლად ეკიდებოდა რაიკომებს და პარტიულ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, შინსახკომის მუშაკები სხვადასხვა მავნებლური, კონტრრევოლუციური ორგანიზაციების აღმოჩენისათვის უმაღლეს სახელმწიფოებრივ ჯილდოებს იღებდნენ. შინსახკომის მთელი რიგი მუშაკები ლენინის ორდენით დააჯილდოეს, როგორც პირდაპირ იყო ნათქვამი ბრძანებულებაში, კონტრრევოლუციური ორგანიზაციების აღმოჩენისთვის.
დიდი წმენდა საქართველოში
პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიაღწია. რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით: 1. მოსახლეობის უმრავლესობას, რომელსაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიისა და სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა იარაღად. 2. კომუნისტურ პარტიაში სტალინის კურსს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 3. ძველი ინტელიგენცია, რომელიც არასდროს შერიგებია საბჭოთა სისტემას. ამ მიზეზთა გამო ქვეყანაში ყალიბდებოდა ძლიერი ოპოზიციური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტურ პარტიას.
იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით, დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში დიდი გულმოდგინებით ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად, ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.
30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ გამოჩენილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები - პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა. პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც, სიკვდილით იქნა დასჯილი: მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლევან ღოღობერიძე, ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვანი და სხვანი...