ჯარისკაცის მამა
1971 წელს თბილისში გულის შეტევით გარდაიცვალა სერგო ზაქარიაძე. ჯან-ღონით აღსავსე, 61 წლის მსახიობის გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ახლობლებისა და თაყვანისმცემლებისთვის. მას ხომ არასოდეს არაფერზე დაუჩივლია. მხოლოდ ერთხელ, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, თეატრში ცხარე კამათი მოუხდა და მაშინ ჩაილაპარაკა, რაღაც გულმა შემომიტიაო, რაც ზოგიერთმა კონფლიქტისგან თავის ასარიდებლად მოფიქრებულ ფანდად ჩაუთვალა. თურმე, არ ტყუოდა. ეს სულ მალე დადასტურდა, როდესაც ცხედარი გაკვეთეს და გულზე სხვადასხვა წელს გადატანილი მიკროინფარქტების ნაკვალევი აღმოუჩინეს.
როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ბატონ სერგოს არ შეეძლო როლის "თამაში". ის მთელი არსებით განიცდიდა თავისი გმირის სიხარულსა და მწუხარებას და ამის გამო უდიდეს სტრესს იღებდა. ასე მოხდა "ჯარისკაცის მამის" გადაღების დროსაც. მრავალჯერ ნახვის შემდეგაც კი შეუძლებელია ფილმის ბოლოს მამისა და მომაკვდავი შვილის შეხვედრის სცენის უცრემლოდ ყურება. სურათის რეჟისორი, რეზო ჩხეიძე, საინტერესო ამბებს იხსენებს.
რეჟისორმა საგრიმიოროში მიაკითხა სერგო ზაქარიაძეს და ფილმში გადაღება შესთავაზა. ზაქარიაძემ შინაარსის მოყოლა მოსთხოვა. მანაც დაიწყო. როდესაც ხსენებულ სცენას მიადგა, მსახიობმა გრიმის გაკეთებას თავი მიანება და დაძაბულმა იკითხა: - მერე, მერე? - ბოლოს კი ცრემლით სავსე დიდრონი თვალებით მიუბრუნდა და ჰკითხა, - როგორ, კაცო, რას ამბობ, მოკვდა?! იმ წუთში სერგო ზაქარიაძემ რეალურად გადაიტანა შვილის სიკვდილი, - იგონებს რეჟისორი. რეზო ჩხეიძე იმ სცენის გადაღებასაც იხსენებს, სადაც გოდერძი მახარაშვილი შვილის პოვნის იმედით ტანკების კოლონას აედევნება. მსახიობი იმდენად იყო ატანილი მონატრებულ "შვილთან" შეხვედრის სურვილით, რომ ლამის ქვეშ უვარდებოდა უზარმაზარ საბრძოლო მანქანებს. რამდენჯერმე გადაღებაც შეწყდა, რადგან შეშინებულმა სამხედროებმა შეაჩერეს ტანკები, რომ მსახიობი არ გაესრისათ.
ვისაც ფილმი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის მამაპაპური ალიყური, რითაც რიგითი გიორგი მახარაშვილი უმასპინძლდება რუს ჯარისკაცს, მის დასაცავად გამოვარდნილ ოფიცერს კი საყელოთი დაითრევს და გინებასაც მიაყოლებს, რადგანაც მათ ბრძოლის ველად ქცეულ გერმანულ ქალაქში ვიღაცის მადლიანი ხელით გაშენებული ვაზი გაანადგურეს.
ფილმი 1964 წელს გადაიღეს. მაშინდელი წესისამებრ, სურათი "დასამტკიცებლად" მოსკოვში უნდა წაეღოთ და თუ იქაური კომისია "დაბრაკავდა", უარეს შემთხვევაში სამუდამოდ თაროზე შემოდება, უკეთეს შემთხვევაში კი უმოწყალოდ დაჩეხა არ ასცდებოდა. გაიმართა დახურული ჩვენება. დარბაზში საკავშირო კინოს ჩინოსნებისა და ათასი ჯურის ცენზორების მხარდამხარ მრავლად სხედან საპარადო ფორმაში გამოწყობილი მილიციისა და სამხედრო უწყების ოფიცრები და გენერლები. დასრულდა ფილმი და წამოვიდა ლანძღვა-გინების ნიაღვარი. სურათის თაროზე შემოდებას ვინღა ჩივის, რეჟისორი და გადამღები ჯგუფი იმის მოლოდინშია, რომ დარბაზიდან გასვლისთანავე დააპატიმრებენ. მთელი ეს დავიდარაბა კი იმ ცნობილ სცენაში ნაჩვენებმა კახურმა ალიყურმა გამოიწვია, რის გამოც ფილმის შემქმნელები სუბორდინაციის დარღვევაში, ნაციონალური შუღლის გაღვივებასა და კიდევ ათას ანტისაბჭოთა ქმედებაში დაადანაშაულეს. ბოლოს ერთი ხნოვანი გენერალი წამოდგა, რომელსაც "ვერდიქტი" უნდა გამოეტანა. "ოფიცერს რიგითმა ჯარისკაცმა კი არ დაარტყა, არამედ მამამ ასწავლა შვილებს ჭკუა!" - განაცხადა გენერალმა, რომელმაც ფილმში გადმოცემული ამბავი სწორად შეაფასა. ამ სიტყვებმა ყველაფერი შეცვალა. დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. ყველა ულოცავდა მოფერიანებულ რეჟისორს ამ "შესანიშნავი, იდეურად სრულიად გამართლებული" ფილმის შექმნას. გადარჩნენ "ჯარისკაცის მამაც" და მისი ავტორიც.
ლადო გოგუაძე