რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი სოხუმის ქუჩებს გვიდა (?!) (ექსკლუზივი)
”კვირის პალიტრის” არქივიდან, 2002 წელი:
”- რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის ქალიშვილი ტატიანა აფხაზეთის ომამდე სოხუმში ცხოვრობდა, იმპერატორის ოჯახის დანარჩენი წევრები კი კარგა ხნის წინათ მიიბარა საქართველოს მიწამ. უფლისწული ალექსი დაახლოებით 20 წლის ასაკში მოწამლეს გუდაუთაში, სადაც მოგვიანებით ვიღაც გამვლელმა ცემით მოკლა მეფის ასული ანასტასია. მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა დიდებული ოჯახის თითოეული წევრი, - მიამბობს თამარ მეფის ორდენის მაგისტრი ვახტანგ ჯორჯიკია და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის შესახებ დღემდე გაგონილი, წაკითხული თუ ფილმად ნანახი ყველაფერი თავდაყირა დგება და კითხვა - ნუთუ მართალია? - გონებას ბურღავს. აკვიატებულ კითხვას ნაამბობთან ერთად, ვახტანგ ჯორჯიკიას დიდი წინაპრის (ბაბუა დედის მხრიდან), ალექსანდრე გრიგოლიას მიერ სასწაულებრივად გადარჩენილი დოკუმენტები, ფოტო ემატება, სადაც 1918 წლის 17 ივლისს სკანდალურად გახმაურებული დახვრეტის შემდეგ, ”მკვდრეთით აღმდგარი” ნიკოლოზ II და უფლისწული ალექსი არიან აღბეჭდილნი.
- ოფიციალური ცნობებით, ნიკოლოზ II და მისი ოჯახის ყველა წევრი ბარბაროსულად დახვრიტეს ეკატერინბურგში, მაგრამ ეს ასე არ იყო. 1918 წელს გერმანელებმა კატეგორიულად გააფრთხილეს ბოლშევიკები, რომ თუ იმპერატორის ოჯახს გაანადგურებდნენ რუსეთში, გერმანია ლენინის საქმეებს, მის ორმაგ აგენტობას გამოამზეურებდა. დანაშაული მაინც მოხდა, მაგრამ ეკატერინბურგში ბოლშევიკებმა რომანოვების ორეულები დახოცეს და ვითომ სამეფო სამარხში სწორედ მათი დანაწევრებული და მჟავითა და ბენზინით დამწვარი ცხედრები ჩაყარეს.
- ე.ი. ლენინის ცოდვებმა ნიკოლოზ II-ის ოჯახი საშინელი სიკვდილისგან იხსნა?
- განა შეიძლება ასე ითქვას? მათ მაინც მოწამებრივი ცხოვრება ხვდათ წილად. დაპატიმრებული იმპერატორის ოჯახს ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ ზურგი აქცია. მხოლოდ საქართველომ მიხედა განსაცდელში მყოფთ. ძნელად დასაჯერებელი ამბავია, მაგრამ მეფის ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი საქართველოში კოდორის ხეობით, სოხუმის სამხედრო გზით შემოვიდა.
- ვინ განახორციელა ეს ურთულესი ოპერაცია?
- ნიკოლოზ II-ის ოჯახის წინაშე ამ დამსახურებისათვის ერთადერთი ბაბუაჩემი გადაურჩა ბოლშევიკების რისხვას. ამ პროცესში მონაწილე მისი ძმებიდან ერთი დახვრიტეს და ერთმაც თავი მოიკლა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, უჩა დადიანი - ბებიაჩემ მენიკის ძმა და ერთი შარვაშიძეთაგანი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, ამ ურთულესი ოპერაციის მონაწილეები იყვნენ, მისი უდიდებულესობის ე.წ. ”ველური დივიზიის” ქართველ ოფიცრებთან, თეთრგვარდიელებთან და რუს ბოლშევიკებთან ერთად.
- ვინ მასპინძლობდა საქართველოში რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს?
- ბებიაჩემის, მენიკ დადიანის ბაბუა მექი ფაღავა ალექსანდრე III-სთან დაახლოებული პირი იყო. ამიტომაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე, დიდი თავადის მიხეილის სასახლეში გადასვლამდე რომანოვები ბაბუაჩემის სახლში ცხოვრობდნენ. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ იმპერატორის ოჯახი უკიდურესად შეავიწროვეს. ნიკოლოზ II, იგივე სერგეი დავიდოვიჩ ბერიოზკინი, სოხუმში მეეზოვედ და ღამის დარაჯად მუშაობდა. იგი 1957 წელს გარდაიცვალა. დედოფალი ალექსანდრა ფიოდოროვნა ხან აფანასიევას გვარს ატარებდა, ხანაც სეროვას. საბრალო დრანდის ციხეშიც მჯდარა ერთხანს. მისი ერთ-ერთი ასული მარია 30-იან წლებში გულაგში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. ეს ამბავი მასთან ერთად ბანაკში მყოფმა მეგი კაჭარავამ, ცნობილი ზღვაოსნის, ანატოლი კაჭარავას დამ მიამბო. ანასტასია გუდაუთაში მოკლეს ცემით, ისეთივე გაურკვეველ ვითარებაში, როგორც უფლისწული ალექსი. ტატიანა, იგივე ფებრონია დოცენკო კი, აფხაზეთის ომამდე ცოცხალი იყო და სოხუმში ცხოვრობდა. ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა რომანოვების საქართველოში ყოფნის შესახებ და ყველა უფრთხილდებოდა ტანჯული მეფის ოჯახს.
სოხუმში გადაღებული ფოტო: მეორე რიგში - ნიკოლოზ II-ბერიოზკინი (მარცხნიდან პირველი), მესამე რიგში - ნ. ბუხარინი (მარჯვნიდან მეორე), მეოთხე რიგში - ვოროშილოვი (მარჯვნიდან პირველი), ბერია (მეორე), რადეკი - (მეხუთე).
- ბატონო ვახტანგ, როგორ შეძელით ნიკოლოზ II-ის ოჯახის საქართველოში ყოფნის შესახებ ცნობების მოგროვება?
- ჯერ კიდევ სტუდენტობის ჟამს გამანდო ბაბუამ, ალექსანდრე გრიგოლიამ დიდი საიდუმლო რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის შესახებ და მთხოვა, ჩვენს ოჯახში დამალულ დოკუმენტებსა და ფოტოებს გავფრთხილებოდი. აფხაზეთის ომის დროს კი სამჯერ გაგვძარცვეს, წაიღეს იმპერატორის ოჯახისეული ძვირფასეულობა, იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ მეორის ჯვარი, განძეული, ბებიაჩემის კოლექცია - ქართული მონეტები, უფლისწულ ალექსეის ოქროსჩარჩოიანი მედალიონი, მიურატისეული ნივთები...
გრანდიოზულ ძარცვამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოლოზ II-ის გრავიურის ჩასასმელად კედლიდან ლამაზი, მოოქრულჩარჩოიანი საოჯახო სურათი ჩამოვხსენი. უჩვეულოდ სქელი მუყაოს გაჩხრეკის შემდეგ, უნიკალური ფოტოები და ისტორიული დოკუმენტები აღმოვაჩინე. მძარცველები შეცდომით ეძებდნენ განძს, რომელიც ფერწერულ ტილოებში კი არა, საოჯახო ფოტოგრაფიების ჩარჩოში ყოფილა დამალული.
- თუ რომანოვების ოჯახი სინამდვილეში არ დაუხვრეტიათ და ეს საიდუმლო ყველამ იცის, მაშინ რატომ არ აღიარებენ ამ ამბავს თვით რომანოვები ან ეკლესია?
- აბა, რა გითხრათ? ცდება, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნიკოლოზ II-ის დამხობა ღვთის ნება და პროგრესული მოვლენა იყო. რომანოვების მხრიდან კი საინტერესოა დიდი მთავრის, ვლადიმირ კირილოვიჩის მოსაზრება, რომ რომანოვების სახლის ტრაგედია ნიკოლოზ II-ის უბედურებამდე ბევრად ადრე დაიწყო. მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ბაგრატიონებს ღმერთისგან ბოძებული გვირგვინი წაართვა... ამ ცოდვის მქნელი პავლე I შვილმა გაწირა, თავად ალექსანდრე I-მა კი ტახტი მიატოვა, ციმბირში გაჰყვა მლოცველებს და დაიკარგა. ნიკოლოზ I-მა ცეცხლითა და მახვილით დაიმკვიდრა ტახტი და ყირიმის მარცხის გამო, თავი მოიკლა. ალექსანდე III, განმათავისუფლებელი, ააფეთქეს. ნიკოლოზ II-ის ოჯახი ოფიციალური ცნობით, ეკატერინბურგში დახვრიტეს, არაოფიციალურად კი, ისინი საქართველომ შეიფარა. ბაგრატიონების წინაშე რომანოვების მიერ ჩადენილ დანაშაულს ჯერ კიდევ იმპერატორობის ჟამს ხვდებოდა თურმე ნიკოლოზ II.
- რეალურად, რით გამოიხატებოდა სინანული?
- ბაგრატიონებისთვის ტახტის დასაბრუნებლად გარკვეული ნაბიჯებიც კი გადადგა. ეს იმდროინდელ რუკებზეც ჩანს. მინახავს ამ ვერსიის დამადასტურებელი დოკუმენტები. ნიკოლოზ II საქართველოში მონარქიის აღდგენას აპირებდა ავტონომიის ფარგლებში. ტახტის მემკვიდრის კანდიდატურა ერთ-ერთი მანდილოსანი ბაგრატიონი გახლდათ.
ეკა ლომიძე