"გალაკტიონს თავი არ მოუკლავს, ის ზღვაში შეცურდა"
წელს გალაკტიონის გარდაცვალებიდან 55 წელი შესრულდა
როცა სიტყვა ჩამოვარდება ქართულ პოეზიაზე, უპირველესად გვახსენდება გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს პოეზიის მეფედ. წელს გალაკტიონის გარდაცვალებიდან 55 წელი შესრულდა. პოეტის ძმისწულს, პროფესორ ნოდარ ტაბიძეს ვთხოვეთ, მასზე ესაუბრა:
- გალაკტიონი უზარმაზარი ფიგურაა, რომელიც არსებობდა, არსებობს და იარსებებს.
- ბატონო ნოდარ, ამბობენ, გალაკტიონის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება ერთგვარი პროტესტი იყო ცხოვრების მიმართო.
- ვიყოთ ობიექტურნი: გაოცებული დავრჩი, როდესაც ბებიაჩემის ერთ-ერთ წერილს წავაწყდი. 12 წლის გალაკტიონს დედა წერილს ატანს დეიდასთან, სადაც ასეთი ფრაზაა: "ყურადღება მიაქციე, 12 წლისაა და უკვე ლოთობა დაიწყო". ჩანს, რომ ბავშვს უკვე მიდრეკილება ჰქონდა სასმლისადმი. მე მასთან ვიზრდებოდი, ყოველდღიურად ვადევნებდი თვალს და თამამად ვიტყვი, რომ ალკოჰოლისადმი მიდრეკილება გალაკტიონის ავადმყოფობა იყო. ზოგჯერ დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე გამძაფრებული ალკოჰოლური მოთხოვნილება ჰქონდა. მეტყოდა, - მიშველე, ნოდარ, ვკვდებიო. მაშინვე მოვუტანდი არაყს, გადაკრავდა და - უჰ, აგაშენა ღმერთმა, დიდებულიაო. მისთვის სასმელი თვითგადარჩენის საშუალება იყო, მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე შემოეთავაზებინოს. იცოდა, რა საშინელებაც იყო ეს (აქვს კიდეც ჩანაწერი - "მგელს რომ ხახაში ჩაასხა ალკოჰოლი, თაგვად აქცევს და პირიქით"), მაგრამ ვერ სძლევდა ამ ავადმყოფობას.
- სწორედ ეს სენი ხომ არ იყო მისი გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი?
- ბევრი ფიქრობს, რომ ალკოჰოლმა იმსხვერპლა. სამი დღე ვეხვეწებოდი, საავადმყოფოში დაწოლილიყო. ბოლოს, დავითანხმე. როდესაც საავადმყოფოს მივუახლოვდით, მძღოლს ვუთხარი, გაეჩერებინა, მაგრამ გალაკტიონმა შესძახა: - ამას ვინ ჰკითხავს? გარეკეო... მივედით ვაკის სასაფლაოზე. იქ პატარა დუქანი იყო, იყიდა არაყი და დალია. მხოლოდ მეორე დღეს წამომყვა საავადმყოფოში. შევიყვანე საავადმყოფოს აბაზანაში და გავასუფთავე (წესი იყო ასეთი). იქიდან გამოსულებს ქართველ მწერალთა დელეგაცია შეგვხვდა - დიდი მწერალი, შალვა დადიანი გარდაცვლილიყო და მის გადასასვენებლად მოსულიყვნენ. ჯგუფს ერთადერთი - ირაკლი აბაშიძე გამოეყო და გალაკტიონს ხელი ჩამოართვა: - როგორ ბრძანდებით, ბატონო გალაკტიონ? გრიპი, ძამიკო, გრიპი, - მიუგო. სხვა მწერლებს არც კი შეუხედავთ. ავედით მესამე სართულზე, ვნახეთ პალატა... გალაკტიონი ბორგავს, უჭირს ზარხოშიდან გამოსვლა. სწორედ ახლა უნდა ყურადღება... სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი იქ არ აღმოჩნდა... დავტოვე საავადმყოფოში და ნახევარ საათში დამირეკეს. სასწრაფოდ გავიქეცი. დირექტორის ოთახში უნივერსიტეტის პრორექტორი, იურისტი სერგო ჯორბენაძე შემხვდა, გამიკვირდა მისი იქ დანახვა. მერეღა მივხვდი, - იურისტის კონსულტაცია სჭირდებოდათ.
...როცა მე წამოვედი, მთვრალ-ფხიზელი გალაკტიონი დერეფანში ბოლთას სცემდა, არავინ აქცევდა ყურადღებას... ფანჯარასთან სკამი დგას, სკამზე კოხტად დაკეცილი ხალათია - ამ ფაქტს ყოველთვის აღვნიშნავ, რადგან ის თვითმკვლელობის მიზნით არ გადამხტარა! მოეჩვენა, რომ ქვემოთ ზღვა ლივლვებდა, ამიტომაც ლამაზად კეცავს ხალათს და ისე ეშვება ფანჯრიდან, თითქოს ზღვაში შეცურდაო. არ მაჩვენეს გარდაცვლილი და ახლა მესმის, რატომაც. ალბათ დაცემისას, გამოფხიზლდა და ტრაგიკულზე ტრაგიკული სახე ჰქონდა... შემდეგ გაუკეთეს გრიმი და კუბოში ღვთაებასავით იწვა. მისი სიკვდილი არ ყოფილა შეგნებული აქტი. ეს გარემოება გაითვალისწინა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მრავალი წლის შემდეგ წესი აუგო.
- ბრძანეთ, მწერალთა დელეგაციიდან ირაკლი აბაშიძის გარდა, არავის მოუკითხავს გალაკტიონიო.
- გალაკტიონი იყო ალკოჰოლიზმით დაავადებული კაცი, ამიტომ გაურბოდნენ - არავინ უწყოდა, რას იტყოდა სიმთვრალისას მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტი...
- გალაკტიონის წერილებიდან ჩანს მისი სიყვარული ოლია ოკუჯავასადმი...
- როდესაც გალაკტიონი გარდაიცვალა, მისი კაბინეტი დავლუქეთ და ვიპოვეთ ოლია ოკუჯავასადმი მიძღვნილი საქაღალდე. გალაკტიონი ამ წერილების შენახვით სასწორზე დებდა თავს, ხელისუფლებას რომ ენახა, უმკაცრესად დასჯიდა, რადგან ოლია მძიმე ბრალდებით იყო გადასახლებული. გალაკტიონს და მის მეუღლეს იშვიათი სიყვარული ჰქონდათ. ამ წერილებით სულ სხვა გალაკტიონს ვიცნობთ. სხვათა შორის, გალაკტიონს 4 ცოლი ჰყავდა, მაგრამ ვაღიარებთ მხოლოდ ერთს - ოლია ოკუჯავას.
- მართალია, რომ გალაკტიონთან იშვიათად მიდიოდნენ ცნობილი ადამიანები სტუმრად და თავადაც უბრალო ხალხთან ყოფნა უყვარდა...
- არ მახსოვს, ჩვენს ოჯახს რომელიმე დიდი მწერალი სწვეოდა. ერთადერთი - არჩილ სულაკაური მაგონდება. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა პოეტი კალე ბობოხიძე. ერთხელ გადასძახა შუშაბანდიდან, - კალე, ამოდიო. ამოვიდა. მომატანინა ღვინო და სუფრა შუშაბანდშივე გამაშლევინა. თავისებური იყო ყველაფერში...
- ვინ იყო გალაკტიონისთვის მერი შერვაშიძე?
- მწერალი ქმნის იდეალს ქალის სახით, რომელშიც მოკვდავის ყველა საუკეთესო თვისებაა გაერთიანებული, სწორედ ასეთი იყო გალაკტიონისთვის მერი.
ერთი მნიშვნელოვან ფაქტს გეტყვით, რომელიც მედეა ჯაფარიძემ მიამბო: "2 თვის წინ ვიყავი პარიზში და მინდოდა მერი შერვაშიძე მენახა. არ მიმიღო, - ცუდად ვარო. ცოტა ხნის შემდეგ ქართულ რესტორანში დავინახე ულამაზესი ქალი და მივხვდი, მერი იყო. მივედი... საუბრისას ვუთხარი, გალაკტიონის "მერი"”ქართული პოეზიის შედევრია-მეთქი. მიპასუხა, - მე არც კი ვიცნობდი გალაკტიონსო. შეიძლება არ იცნობდით, მაგრამ მან იცოდა თქვენი სილამაზის ფასი და გეტრფოდათ-მეთქი. შეიძლებაო, - მომიგო".”
როგორც ჩანს, არისტოკრატ ქალს შეურაცხყოფად მიაჩნდა, პოეტი იქნებოდა, თუ ქუჩის ბიჭი, უკან რომ დასდევდა. თავად გალაკტიონი არასოდეს საუბრობდა მერიზე. ის მისთვის იდეალი იყო...
- გალაკტიონის და ტიციანის ურთიერთობა დღემდე განსჯის საგანია.
- მათ ახალგაზრდობაში უბრწყინვალესი ურთიერთობა ჰქონდათ. ოლიასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში წერს: "ახლა მე და ტიტე ვსხედვართ ჭადრის ქვემოთ, ვსვამთ შენს სადღეგრძელოს და გვიხარია ერთად ყოფნა". მეგობრები ერთმანეთს უზიარებდნენ გულისნადებს. ჩემს არქივში ახლაც დაცულია წერილები, სადაც ტიციანი გალაკტიონს სწერს: "ჩამოდი მოსკოვს. აქ გაგაცნობ საუცხოო პოეტებს". მერე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გალაკტიონი ერთგან კიდეც სწერს:“"არაფერი მჯერა ცისფერყანწელების და არც გავეკარები მათ, რადგან ისინი იძახიან - ჩვენ, ჩვენ, ჩვენ და სხვა ყველას უარყოფენ". ჩემს არქივში არის ერთი საოცარი წერილი, სადაც გალაკტიონი სწერს დედას: "სონიას (ტიციანის უფროსი და) ქორწილში ვიყავი, ვერ წარმოიდგენ, რა კარგ საზოგადოებას მოეყარა თავი. ტიციანმა შენი სადღეგრძელო საგანგებოდ დალია. ძალიან მოვილხინეთ. ბედნიერი ვიყავი, დედიკო, მაშინ". ნახეთ, ისინი ცდილობენ, რომ გალღვეს ყინული, მაგრამ მაინც შორიშორს იდგნენ ერთმანეთისგან...
ჩემს ოჯახში პირველი გალაკტიონის სადღეგრძელო ისმება, წითელი კვერცხი გალაკტიონის სახელზე იღებება. აქ მარადიულად ცოცხლობს პოეზიის მეფე.
ლადო გოგოლაძე