ხმლით ჩაჭრილ ხის ჯვარს ახლაც ატყვია სისხლის კვალი
ბეთლემის ყინულებში აღმოჩენილი სანთლები სამების საკათედრო ტაძარში სიწმინდედ არის დაბრძანებული
კრძალვით დავხარე თავი ზღვის დონიდან თითქმის 4000 მ სიმაღლეზე ათასი წლის წინ ნალოც ჯვარ-სანთლებთან. ამ ჯვრის ნაწილი და თავმომწვარი სანთელი საპატრიარქოს უნივერსიტეტში მისმა რექტორმა, ბატონმა პარმენ მარგველაშვილმა მაჩვენა.
- ვისაც ილიას "განდეგილი" ახსოვს, თვალწინ მიახლოებით მაინც დაუდგება ის ადგილები, რომლებზეც წმინდანი წერდა: "სადაც დიდებულ მთასა მყინვარსა, ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან... სად წვიმა, თოვლი ყინულად ქმნილნი, მზისგან აროდეს არა დნებიან... უწინდელ დროში ღვთისა მოსავთა გამოუქვაბამთ მუნ მონასტერი და იმ ყინულში შეთხრილ ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი", - მიამბობს ბატონი პარმენი.
- კლდეში გამოჭრილი ბეთლემის გამოქვაბული ხევში, მყინვარზე, 4000 მ სიმაღლეზეა. სწორედ იქ, ამ სიმაღლეზე განმარტოვდებოდნენ ჩვენი წმინდა მამები და ლოცულობდნენ მაშინდელი საქართველოსთვის, დღევანდელი საქართველოსთვის. იქ ჯაჭვით ადიოდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: ბეთლემი "ძნელად სავალ არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა გადმოკიდებული ქვაბიდან". მაგრამ ეს დიდებული ბეთლემის გამოქვაბული სენაკია იმ ტაძრისა, რომლისგანაც მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა.
მე კი 80-იანი წლების დასაწყისში, ჩემმა უფროსმა მეგობარმა შოთა მირიანაშვილმა მითხრა, - ბეთლემის ქვემოთ ნანგრევებია, ხომ არ ნახავდიო. შოთა ალპინისტია და სულ იქ დადიოდა. როგორ არ ვენდობოდით, - ექსპედიცია წავედით უნივერსიტეტიდან. არქეოლოგი ბაადურ მჭედლიშვილი გვახლდა. თითქმის მყინვარამდე მისულებმა საოცრება ვნახეთ - ბეთლემიდან 250 მეტრში, ნანგრევებს შორის ბუნებრივ გუმბათად აღმომართულიყო მთის სვეტი, რომელსაც თავზე ჯვრის სადგამი ჰქონდა, ჩრდილოეთიდან კი წარწერები იყო, რომლებიც, სამწუხაროდ, ვეღარ ამოვიკითხეთ. გუმბათიდან ჩამოვარდნილი ჯვარი ნანგრევებში ეგდო. ულამაზეს ქვის ჯვარს ცალი მხარე წითელი ჰქონდა, მეორე - თეთრი. თანაც იმ კლდის ჯიშისა კი არ იყო, რისგანაც ტაძარი გამოეკვეთათ, საიდანღაც მოეტანათ ბერებს.
- და გათხრები დაიწყეთ?
- გათხრებს ვერ ვუწოდებთ - ეს არის ყინულის არქეოლოგია, ძალიან მძიმე. მზე მხოლოდ 12 საათამდე გეხმარება, მერე შენ უნდა ამტვრიო ყინული. თანაც ჰაერი გაიშვიათებულია და სუნთქვა ჭირს. აწ განსვენებული ბაადურ მჭედლიშვილი ამ სილამაზეს ასე აღწერდა: "აგვისტოს მეორე ნახევარში მზე მხოლოდ 11-12 საათამდე აცხუნებს მწვერვალს, შემდეგ კი, როგორც მწყემსების ნაგაზები, კლდეებიდან ამოდიან ნისლის ენები, ზლაზვნით მოიწევენ სულ ზევით და ზევით, ერთიანდებიან, აქრობენ მზეს და ქარის ზუზუნში აყრიან ხან სეტყვას, ხან სუსხიან თოვლს"... და აი, ამ პირობებში ჩვენ ვალაგებდით ზედაპირულ ლოდებს და მივაღწიეთ ქვედა ფენებამდე, რომელიც ისე იყო ჩაყინული, წერაყინი პირს ძლივს იკიდებდა. მერე ვბრუნდებოდით მეტეოსადგურში და დილას ისევ ყველაფერს თავიდან ვიწყებდით. რაც უფრო ქვემოთ ჩავდიოდით, მით უფრო იზრდებოდა ჩვენი განცვიფრება - ერთ ნიშში ქოთანი ვნახეთ.
როცა გავწმინდეთ და შიგ ყინული მზემ გამოადნო, ჰაერში საკმევლის სუნი ავარდა... ჩავედით ხის იატაკამდე. პირველი, რაც დავინახეთ და რამაც შეგვძრა, იყო ნახანძრალი და ზედ დაყრილი ისრის წვერები - იქაურობა გადამწვარი და დარბეული იყო. სუნთქვა შეგვიკრა, მთელი, გამხმარი თავთავის მზისფერი ჭილოფის დანახვამ, უმაღლესი ხელოვნებით იყო დაწნული. იქვე - საწერი მაგიდა იდგა... ამ ულამაზეს ჭილოფზე ქუჩის მწვანე, ხასხასა ყლორტი და სამი ფოთოლი ეგდო, გეგონებოდა ახლა მოუწყვეტიათო. ათასი წლის წინანდელი ქუჩის ყლორტი. არადა, ჩვენ X-XI საუკუნეებში მყინვარზე ნაგებ ტაძარს ვთხრიდით.
ყინულის გამოისობით ათასი წელიწადი ცოცხლად იყო გადარჩენილი. მაგრამ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეს სიცოცხლე. არ გვქონდა საშუალება, მათთვის კონსერვაცია გაგვეკეთებინა... ძალიან მალე დაიშალა ყველაფერი. თუმცა დარჩა უდიდესი სიმდიდრე, რასაც დრო ვერაფერს აკლებს, - ნახანძრალ იატაკზე მიმოფანტული სანთლის ნამწვავები და ხმლით ჩაჭრილი ხის ჯვარი, რომელზეც ახლაც არის სისხლის კვალი. ეტყობა, მომხდური ტაძარში უცებ შეიჭრა, იქაურობა გადაწვა, ააოხრა... რბევის კვალი კი იატაკზე დარჩა, მაგრამ როდის ჩაინთქა საბოლოოდ ყინულში, არავინ იცის. ამბობენ, ათი საუკუნის განმავლობაში ადგილობრივი კლიმატი ისე შეიცვალა, დღეს ბეთლემსა და სტეფანწმინდის ტაძარში სულდგმული ვეღარ გაძლებსო...
- ის სანთლები არ დაგინთიათ?
- მაგას როგორ შევეხებოდით, თუმცა გამოვიკვლიეთ და მასში ბამბის პატრუქის ნაცვლად წივანას ღეროა. მთაში მას ქუჩს ეძახიან. რამდენიმე სანთელი სტეფანწმინდის მუზეუმშია, რამდენიმე - ჩვენს უწმინდესს ვაჩუქეთ და სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. შემთხვევითი არ არის, რომ უწმინდესი სტეფანწმინდიდან არის, იქიდან, საიდანაც ჩვენი წინაპრები დაგვცქეროდნენ და დღევანდელი საქართველოს გადასარჩენად ლოცულობდნენ.