ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე! - დღეს ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეა
მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად აღარ არის, კიდევ უფრო მეტად შევიგრძენით, რომ მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ქართული კულტურის ბურჯი იყო. მისი უსაზღვრო ნიჭიერება სცდებოდა უბრალოდ ნიჭიერი მსახიობობის ფარგლებს, იყო დიდი ხელოვანი, რომელმაც ეპოქა შექმნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო თეატრის ისტორიაში. ეპოქა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე!
ლეგენდარული მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 1918 წლის 28 თებერვალს დაიბადა. დღეს დიდ არტისტს 97 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" საარქივო სტატიიდან, როემლშიც მსახიობი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებს:
"ნადირობა არ მიყვარს, ძველი ფეხბურთელი იყო - სპარტაკ გეგელავა, იმან წამიყვანა ერთხელ მთაში სანადიროდ, განთქმულ მონადირეებთან - ქირიკაშვილებთან ერთად. მანამ მიხვალ ჯიხვის მოსაკლავად, ისეთი ადგილები უნდა გადაიარო, ბეწვის ხიდივით. ვფიქრობდი, უკან როგორ უნდა დავბრუნდე, არ გადავვარდები-მეთქი?.. ჩემთვის პატივისცემა უნდოდათ. ქირიკაშვილმა, - ზევით ჯიხვის ჯოგია, მოვუვლი, გადმოვრეკავ და შენ ესროლეო. წამოვიდნენ ჯიხვები. მოფრინავდნენ პირდაპირ. მართლა ჯოგი იყო... მიჭირავს ვინტოვკა. ათი მეტრი მაშორებს მარტო, მაგრამ ვერ ვესროლე. საოცარი სილამაზე იყო. დამიძახეს იქიდან, რატომ არ ესროლე, დაგვღუპე, კაცოო? გაიჭედა ვინტოვკა-მეთქი. ქირიკაშვილს ერთი დაუჭრია და იმის კვალს მიჰყვა, მოკლა და მოიტანა. ჯიხვის ცრემლიანი თვალი რომ ვნახე, ისე ცუდად გავხდი, იმის მერე სანადიროდ არ წავსულვარ.
თევზაობა უფრო მიყვარდა. ბავშვობაში ხელაობა ვიცოდით, იმერეთში ხელით ვიჭერდით თევზს...
გემზე გავიცანი ნატაშა. იმ გემზე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ შევხვდებოდი. მე და გურამი მივდიოდით ოდესაში. იალტაში შემოვიდა ნატაშა. რამ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ცოლის შერთვაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია... ახლა რომ ამბობენ, ვიღაცა საცოლე ჰყავდაო, შვილი ჰყავსო, სულ ტყუილია. ზოგი იმასაც ამბობს თურმე, რამაზ ჩხიკვაძის ცოლი ვიყავიო... არა, ღმერთმანი, საცოლეც არ მყოლია ცხოვრებაში, ნატაშას გარდა. მერე აირდაირია ყველაფერი, ჩემს მშობლებს ბევრი ცუდი რამ უთხრეს და გული ატკინეს... ურთიერთობა ისე დაგვეძაბა... ეს ყველაზე მძიმე მოსაგონარია... 30 წლის კაცი ვიყავი, ცოლი რომ შევირთე... როგორ შეიძლებოდა ასეთი ამბის ატეხა... არ მივაქციე არავის ყურადღება. სახლიდან წამოვედით. ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად. ოცი ბინა გვაქვს გამოცვლილი. სარდაფშიც ვცხოვრობდით, სხვენშიც, მერე ეროსისთან ვიყავით ცოტა ხანი, კარლოს ოჯახშიც ვცხოვრობდით... ედიშერ მაღალაშვილთანაც... ეროსის მეზობლები იყვნენ - უჩა და ოლიკო, იმათაც შეგვიფარეს... ორი წელიწადი არ გამოგვიშვეს... არ მავიწყდება არც ერთი მათგანი.
ხომ ხედავთ, რამდენ წელს გაუძლო სიყვარულმა. სახლიც ავაშენეთ. მეგობრებიც დამეხმარნენ. მათი მადლიერი ვარ სამარადისოდ.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით ოპერის პირდაპირ. ამინდიც სხვანაირი იყო, ზამთარი ზამთარს ჰგავდა, ზაფხული - ზაფხულს. ზამთარში ვციგაობდით, ოპერამდე ჩამოვსრიალდებოდით ხოლმე.
თავისი მუსიკა ჰქონდა ჩვენს ქალაქს, თავისი მომღერლები ჰყავდა. ვინა? - თბილისელი თუ წყნეთიდან ჩამოსული მოვაჭრეები! ჩამოივლიდნენ და მუსიკალურად გაიძახოდნენ: ხართუთააა! ააკოშკის შუშებიი! სამოვარნი პიესოკ! სულ სხვადასხვა ტონალობაში იძახდნენ. ყველაფერი ნატურალური იყო. ახლა ყველაფრის გეშინია, აღარ იცი, რას მოგყიდიან. ხალხი იქამდე მივიდა, წამალსაც კი ტყუილს ამზადებენ. ამას როგორ იფიქრებდი კაცი! ცარცის ნაჭერს ყიდულობს ვიღაც და აყლაპებს ავადმყოფ ბავშვს, რომელიც შეიძლება მოკვდეს უწამლობით. მე რომ თბილისს ვიხსენებ, სხვანაირი იყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა! ბიძაჩემი - ვანო ჯაბუა აფთიაქის გამგე იყო. ის როგორ წარმოიდგენდა, რომ ვინმე მოშხამულ წამალს მისცემდა ხალხს! მშვიდი, წყნარი ცხოვრება გვქონდა. აბა, ახლა არის ცხოვრება? ხალხს ვერ გაუგია, რა ქვეყანაში ცხოვრობს, რა ცხოვრება ექნება. 81 წელს გადავცილდი, ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა. ნორმალური ჯამაგირი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს ყველას, რომ იცხოვროს... ვნახოთ, კი ბატონო, რა იქნება!"