"არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინის სიკვდილის საიდუმლოება
"სანამ სტალინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდებოდა, პოლიტბიუროში ჯოჯოხეთი სუფევდა... ყველა უნდობლად უყურებდა ერთმანეთს და ამასთანავე, ცდილობდა, ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. ლავრენტი ბერია კი უკვე ყველაფრის ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს და, როგორც ამბობდნენ, ანგარიშს აღარავის უწევდა"
საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი, მსოფლიოში პირველი ქართველი გენერალისიმუსი და II მსოფლიო ომის ერთ-ერთი არქიტექტორი - იოსებ სტალინი, იგივე - ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე გარდაიცვალა.
(იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება)
საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. "დიდი ბელადის" გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად "ძლიერნი ამა ქვეყნისანიც" მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი.
იოსებ სტალინი პატარა სვეტლანასთან ერთად
დღესდღეობით "დიდი ბელადის" გარდაცვალების შესახებ არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა, ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. ამიტომაცაა, რომ უკვე სიმართლის დადგენა საკმაოდ ჭირს, მაგრამ თავისთავად, ყოველგვარი ინფორმაცია საინტერესოა. მაგალითად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა: 1953 წლის 1-ელ მარტს იგი კუნცევოს აგარაკზე, დაცვის უფროსმა ლოზგაჩოვმა უკვე დადამბლავებულ მდგომარეობაში - იატაკზე დაგდებული ნახა, მაგრამ ექიმები კუნცევოზე მხოლოდ მეორე დღეს, დილით მივიდნენ და სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ სამიოდე დღე იცოცხლა ისე, რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, "დიდი ბელადის" სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ოფიციალურ განცხადებას ბრმად ენდო; პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა, ხოლო თავად ხრუშჩოვსა და მისიანებს, ისევე, როგორც "გულაგის" მრავალრიცხოვან მკვიდრთ პოლიტიკური მტრის მოულოდნელი სიკვდილი გაუხარდათ და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად დაიწყეს მზადება. ცხადია, მომხდარით უაღრესად აღშფოთებული ჩანდა ლავრენტი ბერია. სტალინის ვაჟიშვილი, ვასილი სტალინი კი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოწამლული იყო.
(იხილეთ ასევე: მეგობრები სტალინსაც უყვარდა?!)
მოწამვლის ვერსია სტალინის ქალიშვილმა - სვეტლანა ალილუევამაც გაიზიარა: ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მამის სარეცელთან მივიდა, შეამჩნია, რომ სტალინს რაღაცის თქმა სურდა, თან მარცხენა ხელს მუშტავდა. "წარბები შეკრა და ხელი იმგვარად აამოძრავა, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა", - წერდა სვეტლანა წიგნში, რომელიც მან წლების შემდეგ, ამერიკაში გამოსცა. საინტერესოა, რომ იგი ორაზროვნად, მაგრან იქვე იმასაც უთითებს, რომ სასიკვდილო სარეცელთან ყველაზე მხნედ და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ყველაფრისთვის მზადმყოფად სწორედ ლავრენტი ბერია გამოიყურებოდა: "ის წუთითაც არ დაბნეულა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერც კი ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა და არც ის ვიცოდით, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის". აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს პოლიტბიუროს წევრთა ნაწილმა კარგად იცოდა, სტალინს და ბერიას არცთუ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველა დუმდა. სტალინ-ბერიას ურთიერთობებით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ხრუშჩოვი და მისი გარემოცვა, რომლებიც "ქართველთა აღზევების" გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ.
იოსებ სტალინსა და ლავრენტი ბერიას ურთიერთობა ჯერ კიდევ ომის შემდგომი წლებიდან დაეძაბათ - მაშინ "დიდმა ბელადმა" გადაწყვიტა, "პენსნეიანი კაცი" და მისი კლანი თავიდან მოეშორებინა და კრემლში ახალ-ახალი კადრების მოყვანა - დაწინაურებას შეუდგა. ბერიამ მაშინ შეძლო, სტალინის ჩანაფიქრი გამოეცნო და საფრთხე თავიდან ისე აერიდებინა, რომ ხელისუფლებაში გავლენა არ დაეკარგა - ჩაშალა ის ინტრიგები, რომელთაც პირადად სტალინი უწევდა კონტროლს, თანაც - ამას ყოველთვის ისე ახერხებდა, რომ "დიდ ბელადს" პიროვნულად არც ერთხელ არ დაჰპირისპირებია; გარეგნულად იგი კვლავ სტალინის უპირველეს მომხრედ რჩებოდა და მხოლოდ ერთეულები გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
"პენსნეიან კაცს" სტალინის მოწამვლა შესაძლებელია, მართლაც ნდომოდა, მაგრამ მისთვის ამის დამტკიცება ძალიან ძნელი იყო - ბერია არასოდეს ტოვებდა რაიმე ხელჩასაჭიდს, რითაც მისი გამოჭერა იქნებოდა შესაძლებელი. ის ამგვარ საქმეებში მეტად ფრთხილი იყო და ეს მისმა მტრებმაც იცოდნენ. მათ არაერთხელ სცადეს, "პენსნეიანი კაცი" ხაფანგში გაებათ, მაგრამ ამაოდ. ერთხელ ქალიც კი მიუგზავნეს, რომელსაც მისი ნდობის მოპოვება და სტალინის წინააღმდეგ პროვოცირება ევალებოდა, მაგრამ ბერიამ ლამაზმანი ისე მოხიბლა, თავი არ დაუკარგავს. ერთი სიტყვით, ბერიას მეშვეობით სტალინის მოშორების მსურველებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
აქედან გამომდინარე, სტალინის გარდაცვალებისას, ერთი შეხედვით, ბერიას შემართება არაფრისმთქმელი იყო, რადგანაც მას კრიტიკულ სიტუაციებში დაბნევა არ სჩვეოდა. "პენსნეიანი კაცი" სტალინის სარეცელთან იდგა - ვოროშილოვთან, ხრუშჩოვთან, კაგანოვიჩთან, მალენკოვთან ერთად და ბელადის უკანასკნელ წამებს შუბლშეკრული ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიკოსი ვინოგრადოვი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში სტალინის პირადი ექიმი იყო, ამ ამბიდან რამდენიმე წლით ადრე, სწორედ ბერიას ბრძანებით დააპატიმრეს; ამიტომ იქ სხვა ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებიც სტალინს კარგად არც იცნობდნენ და დაბნეულებიც ჩანდნენ. ვასილი სტალინის მოგონებით, ლავრენტი ბერია მამამისის სარეცელთან იხრებოდა და მკაფიო ხმით სთხოვდა, ეთქვა ან ენიშნებინა რაიმე: "მან რამდენჯერმე გააკეთა ასე... მამა მას უყურებდა, თუმცა ხმის ამოღება არ შეეძლო და ბერია კი, ამ ფონზე, უჩვეულოდ ცქვიტად გამოიყურებოდა". სხვათა შორის, სწორედ მას შეეპარა ეჭვი პირველად - მამაჩემი ბერიას მოწამლული ხომ არ არისო და მოგვიანებით, ხრუშჩოვმა ეს ვერსია სათავისოდ გამოიყენა.
სხვათა შორის, სტალინის სიკვდილიდან მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გახდა ცნობილი ერთი მეტად საეჭვო გარემოება - დიდი დიქტატორი 1953 წლის 28 თებერვლის ღამეს ბერიასთან, ხრუშჩოვთან, მალენკოვთან, ბულგანინთან ერთად იჯდა სუფრასთან და წითელ ღვინოს სვამდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს 1949 წლის მერე მისი და ბერიას პირველი თანამეინახეობა იყო. იმ სუფრის დეტალები უცნობია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტალინს ბერიასთვის უთქვამს: "ვიცი, ჩემ შემდეგ ყველაფერი განადგურდება, რაც შემიქმნია, მაგრამ ეს ისეთმა კაცმა უნდა გააკეთოს, რომელსაც უფრო ღირებულის შექმნა შეეძლება და, არა სულელმა!" - ასე წერს ცნობილი ჩეჩენი დისიდენტი მწერალი აბდურაჰმან ავთურხანოვი, ოღონდ წყაროს არ ასახელებს; ასე იყო თუ ისე, სტალინი ალბათ ხვდებოდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა - მასაც ისევე, როგორც ყველა ცნობილ დიქტატორს, აღსასრულის მოახლოების ალღო გამახვილებული ჰქონდა.
საინტერესოა ისიც, რომ ცხოვრების ბოლო წლებში იოსებ სტალინი რელიგიისადმი ლმობიერებით გამოირჩეოდა, რის გამოც, სასულიერო პირთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთელ საბჭოთა კავშირში მკვეთრად შესუსტდა, თუმცა ცხადია, საბოლოოდ არ აღმოფხვრილა. ნიკიტა ხრუშჩოვს ეს არ მოსწონდა და თანამედროვეთა გადმოცემით, პოლიტბიუროს სხდომებზე სულ "თავგასული მღვდლების" გამო ბუზღუნებდა. როგორც ჩანს, სტალინი თავს იკავებდა, მაგრამ საბოლოოდ, ვეღარ მოითმინა და მობუზღუნე ხრუშჩოვი სხდომიდანაც კი გააძევა, რასაც ბერიას თავშეუკავებელი ხარხარი მოჰყვა. სტალინი "პენსნეიან კაცს" მიუბრუნდა და ღიმილით, რუსულად უთხრა: "ასეთების დაცინვა ცოდვაა!" ნიკიტამ ეს ძაღლის ნაკბენივით დაიმახსოვრა და "დიდ ბელადს" ავად უმზერდა.
28 თებერვლის სუფრაზე კი, აბდურაჰმან ავთურხანოვის ცნობით, ხრუშჩოვი უჩვეულოდ ლაღად გამოიყურებოდა, თუმცაღა ცუდი სიმთვრალე მოიმიზეზა და წვეთიც არ დაულევია. ბერიამაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მხოლოდ ორიოდ ჭიქა შესვა, ისიც - სტალინის დაჟინებული მოთხოვნით. დაუზუსტებელი ცნობებით, ბერიამ წასულების შესანდობარი დალია და "დიდმა ბელადმაც" სწორედ ამ დროს ჩაილაპარაკა: "ვისურვებდი, წესი მაინც ამიგონ..."
ამდენად, სტალინის უკანასკნელი წუთების მოგონებისას, სვეტლანა ალილუევა წერს, რომ კუნცევოს აგარაკზე ვიღაცას მღვდლის მიყვანაც კი მოუთხოვია, მაგრამ პოლიტბიუროს წევრებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევიათ. სწორედ ამის შემდეგ, სტალინი როგორღაც, გრძნობაზე მოვიდა, მარცხენა ხელი მომუშტა და უცნაურად გაარხია. "მღვდლის ხსენება არ სიამოვნებს!" - უთქვამს მაშინ ხრუშჩოვს და პოლიტბიუროს წევრებსაც სასწრაფოდ შეუწყვეტიათ ამაზე ლაპარაკი. ორიოდე საათში სტალინი გარდაიცვალა. ექიმებმა, რომლებიც დაბნეულები აქეთ-იქით დარბოდნენ, სიკვდილი დააფიქსირეს და როგორც წესი, იკითხეს, თუ შეიძლებოდა ცხედრის გაკვეთა დამატებითი დასკვნების გასაკეთებლად. ლავრენტი ბერია უხმოდ მივიდა იმ ექიმთან, რომელმაც შეკითხვა დასვა და ხელკავით გარეთ გაიყვანა, ოთახში კი მარტო შემობრუნდა. "მაშ ასე, ამხანაგებო! პანიკა საჭირო არ არის, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ!" - თქვა მან ბრძანებლურად და რატომღაც, ხრუშჩოვს გადახედა. ნიკიტამ "პენსნეიან კაცს" თვალი აარიდა.
"სანამ სტალინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდებოდა, პოლიტბიუროში ჯოჯოხეთი სუფევდა... ყველა უნდობლად უყურებდა ერთმანეთს და ამასთანავე, ცდილობდა, ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. ლავრენტი ბერია კი უკვე ყველაფრის ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს და, როგორც ამბობდნენ, ანგარიშს აღარავის უწევდა", - იხსენებს სვეტლანა ალილუევა. დღევანდელი გადასახედიდან, მართლაც საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა გონებაშეზღუდულმა ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მათზე გაცილებით ფრთხილი ლავრენტი ბერიას ჩამოშორება - იმავე ალილუევას ცნობით (რაც დაზუსტებას საჭიროებს), საამისოდ გამოიყენეს ცნობილი ლამაზმანი, გერმანული წარმოშობის რუსი ქალბატონი, რომელიც ბერიას დიდი ხნის საყვარელი იყო.
გაგრძელება