"ნაპოვნია ანტიკური ხანის სამარხი, მამაკაცის ნეშტს პირში მონეტა, გვერდით კი რკინის გრძელი მახვილი ედო" - აღმოჩენა ცაგერის რაიონში
ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ დეხვირში სამაროვანის გათხრისას მნიშვნელოვანი სამარხებია ნაპოვნი, რომელთაგან ერთ-ერთში მამაკაცის ჩონჩხი იპოვეს. სამარხი, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მესამე საუკუნეებს განეკუთვნება.
kvirispalitra.ge ექსპედიციის ხელმძღვანელს, ნინო სულავას ესაუბრა:
- უკვე მეორე წელია, ცხეთა-დეხვირის ტერიტორიაზე ითხრება ანტიკური ხანის სამაროვანი, სადაც შარშან ოთხი სამარხი ვიპოვეთ, წელსაც ასევე ოთხი სამარხი აღმოვაჩინეთ. რვავე სამარხი ანტიკური ხანით თარიღდება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მამაკაცის სამარხი, რომელსაც პირში უდევს მონეტა (მონეტას პირში იმიტომ უდებდნენ, რომ მათი რწმენით სასუფეველში როცა წარდგებოდა გარდაცვლილი, იქ შესვლისას უნდა გადაეხადა), როცა ნეშტი გასუფთავდება და ქიმიურად დამუშავდება, შეგვეძლება ვთქვათ, ზუსტად რა პერიოდისაა. ამავე სამარხში აღმოჩნდა რკინის გრძელი მახვილი, რომლის თავიც შემკული იყო ბრინჯაოს ღილაკით, ასევე ვნახეთ რკინის შუბისპირი და ბრინჯაოს აბზინდა. სამარხში მამაკაცის ფეხებთან დაკრძალული იყო მოზარდის ნეშტიც, რომელთან ერთადაც აღმოჩნდა დოქი. ეს ნეშტი ჯერ აღებული არ გვაქვს და ვერ გეტყვით მას რაიმე ნივთი აქვს თუ არა ჩატანებული.
კოლხური ნასახლარის ერთ-ერთი თხრილი.
- როგორც თქვენ ბრძანეთ, აღმოჩენილ მამაკაცს პირში ბრინჯაოს მონეტა და მახვილი ჰქონდა, ასევე ბრინჯაოს აბზინდა. ეს მის სოციალურ ფენაზე ხომ არ მიუთითებს?
- შესაძლებელია რომ ასეც იყოს. აღმოჩენილი მახვილი რკინისაა და ვიდრე ლაბორატორიულად არ დამუშავდება, რთული იქნება ცალსახა პასუხი. მახვილზე არის ორნამენტებიც, რომელიც კარგად არ ჩანს და აუცილებელია მისი დამუშავებაც.
- რითაა ეს სამაროვანი სხვა სამაროვანებისაგან გამორჩეული?
- ეს სამაროვანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამგვარი სამარხები, რომელიც მთელ ანტიკურ პერიოდს მოიცავს, საქართველოში იშვიათია, ამასთანავე ეს სამაროვანი მიუთითებს თანადროულ გარე სამყაროსთან არსებულ მჭიდრო კონტაქტებზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს აქ აღმოჩენილი უცხოური ნივთები (ძირითადად სამკაული), რომელიც შარშანდელ აღმოჩენებშიც უხვადაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ცხეთა-დეხვირის ტერიტორია გამოცხადებულია ცაგერის ისტორიული მუზეუმის ღია ცისქვეშ არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიულ მუზეუმად და ის მოიცავს სამი პერიოდის ძეგლებს, კერძოდ: ძვ.წ. პირველი ათასწლეულიდან აქ წარმოდგენილია კოლხური ნასახლარი; შემდეგ მოდის ანტიკური ხანის სამაროვანი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III საუკუნიდან ახ.წ. III-IV საუკუნემდე და შუა საუკუნეების ციხეთა კომპლექსი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ტერიტორია რამდენიმე ათასობით წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო როგორც მდებარეობით, ასევე სტრატეგიული პოზიციით.
- არქეოლოგიური გათხრები გრძელდება და თუ შესაძლებელია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდეს?
- რა თქმა უნდა, ვვარაუდობთ, რომ უფრო ძველ ნიმუშებსაც მივაკვლევთ.
(სტატიის მთავრი ფოტოს ავტორი: ნუგზარ კოპალიანი)
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)