ქართული ტელევიზიის პირველი დიქტორები და... - მაუწყებლობის დაწყებამდე 3500 ტელევიზორი გაიყიდა, თითოეულის ფასი 200 მანეთი იყო (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ქართული ტელევიზიის პირველი დიქტორები და... - მაუწყებლობის დაწყებამდე 3500 ტელევიზორი გაიყიდა, თითოეულის ფასი 200 მანეთი იყო (ფოტოგალერეა)

ყველაფერი ასე იწყებოდა - საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში ტელეცენტრის აშენება გადაწყვიტა და 1953 წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე მისი დაპროექტებაც დაიწყეს. სსრკ-ში იმჟამად ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე მიუჩინეს ადგილი ტელესტუდიას და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობაც დაიწყო.

(ფოტოგალერეა)

როგორც ამბობენ, ტელემაუწყებლობის დაწყებამდე თბილისსა და რუსთავში 3500 შავ-თეთრი ტელევიზორი გაიყიდა და თითოეულის ფასი 200 მანეთი იყო.

საცდელი მაუწყებლობიდან რეალურზე ტელევიზია 1956 წლის 30 დეკემბერს გადავიდა და აქედან იწყება ქართული ტელევიზიის ისტორიაც.

პირველი დიქტორები ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე იყვნენ. მაუწყებლობა კვირაში ექვსი დღე, საღამოს 7 საათსა და 30 წუთიდან ხორციელდებოდა.

თავდაპირველად, სატელევიზიო სტუდია ერთ პატარ ოთახს წარმოადგენდა, რომელსაც ერთი უძრავი კამერა ჰქონდა. შესაბამისად, მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა.

1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემები. 1968 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა საინფორმაციო გადაცემა "მოამბე". ამ დროისთვის, მოსახლეობაში უკვე იზრდებოდა ტელევიზიის დიქტორების პოპულარობა. მათ ცნობდნენ ქუჩაში და გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. პოპულარულ სატელევიზიო სახეებად იქცნენ: დავით ძიგუა, ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ომარ ტივაძე, თენგიზ ნათაძე, დავით სოკოლოვი, ჟანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ნუგზარ ჯუღელი, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი, ირინა მათიაშვილი, მანანა მაჩაბელი და სხვ.

მწირი და ჯერ სრულიად დაუხვეწავი ტექნიკის პირობებში, ვიდეოჩაწერა ვერ ხორციელდებოდა და პირდაპირ ეთერში კი ბევრი კურიოზიც ხდებოდა. მაშინ, როდესაც გადაცემები "ცოცხლად" გადიოდა ეთერში.

მერებ თავაძე: "ვეჭვობ, დღეს რომელიმე ტელევიზიამ შესძლოს ის, რაც მაშინ, თუნდაც 1970-იანი წლების დასაწყისში, ჩვეულებრვ სამუშაო რეჟიმში ხდებოდა. მარტო ხელით აწყობილი, ძვირადღირებული დეკორაციების მაყურებლისგან შეუმჩნევლად ცვლა რად ღირდა. ისიც კი მოხდა, რომ საკონცერტო ნომრებს შორის პავილიონში შემოტანილი "თბილისური აივნიანი სახლის" ბოლომდე კარკასზე მიჭედება ვერ მოასწრეს და რომ არ წაქცეულიყო, გადაცემის დამთავრებამდე ორ მუშას ხელით ეჭირა თითქმის ოთხი მეტრის სიმაღლის "კედელი". რეჟისორის თანაშემწიდან დაწყებული, მთავარი რედაქტორით დამთავრებული, ყველა საგანგებო ყურადღებით იქცეოდა. უმცირესი შეცდომა მთლიანად საეთერო პროგრამას დააყენებდა ყირაზე. უმძიმესი დატვირთვა წამყვანებზე (დიქტორებზე)მოდიოდა. ლია მიქაძე, თენგიზ ნათაძე, შურა მაჭავარიანი, ომარ ტივაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ჟანეტა არჩვაძე, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი… საკმაოდ მოცულობით ტექსტებს მოკარნახისა და "სუფლიორი მონიტორების" გარეშე ზეპირად ამბობდნენ. ეს "სიამოვნება" მოგვიანებით გაჩნდა. ისიც მახსოვს, როგორ ეჭირა ერთ-ერთი დიქტორის წინ, აწეულ ხელებში სასწრაფოდ შეცვლილი და ორი მეტრის სიგრძის შპალერის რულონზე დიდი ასოებით დაწერილი ტექსტი სკამზე შემდგარ "ტელე-რადიოს" მაშინდელ თავმჯდომარეს - კარლო გარდაფხაძეს. საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, ტელევიზია სხვა სახელმწიფო უწყებებს არ ჰგავდა". (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართული ტელევიზიის პირველი დიქტორები და...