პირველი სატელეფონო კავშირი
საუბრის შორ მანძილზე გადაცემის იდეა XIX საუკუნეში გაჩნდა. გამოგონების ავტორი ალექსანდრ გრემ ბელია. ბელი ბრიტანეთში დაიბადა. 1870 წელს კი მისი ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც ბგერებზე დაკვირვებით გატაცებულმა ბელმა ლაბორატორია მოაწყო.
1875 წლის მარტში ბელი ცნობილ მეცნიერ ჯოზეფ ჰენრის ესტუმრა და სთხოვა, რჩევა მიეცა მრავალმავთულიან ელექტროაპარატთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც იგი ტელეგრაფით ადამიანის ხმის გადაცემას ვარაუდობდა. ჰენრიმ უთხრა, ამ საკითხის გადაწყვეტა თავადვე შეგიძლიაო. ალექსანდრემ უპასუხა, რომ საამისოდ საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. "მაშინ შეიძინე ეს ცოდნა" - მეცნიერის ამ ნათქვამმა ბელი გაამხნევა.
მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი ფინანსები არ გააჩნდა ცდების გასაგრძელებლად, ბელმა მოახერხა დაფინანსების მიღება. ასისტენტად გამოცდილი ინჟინერ-მექანიკოსი ტომას უოტსონი აიყვანა. ისინი აკუსტიკურ ტელეგრაფზე ატარებდნენ ცდებს. 1875 წლის 2 ივნისს, უოტსონმა შემთხვევით ერთ-ერთი მავთული გამოსწია და ხაზის მეორე ბოლოში მყოფმა ბელმა ბგერები გაიგონა; ბგერები, რომლებიც საჭირო იყო საუბრის, ხმის გადასაცემად. ამან ბელს დაანახვა, რომ ბგერის გადასაცემად, რამდენიმე კი არა, ერთი მავთულიც საკმარისი იქნებოდა. სწორედ ამას მოჰყვა ტელეფონის შექმნა.
XIX საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში სატელეგრაფო ხაზს მხოლოდ ერთი დანიშნულებით იყენებდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის დეპეშების გადაცემაზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო გაჩნდა აზრი შორ მანძილზე სატელეფონო კავშირის დამყარების აუცილებლობის შესახებ. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შეიძლებოდა სატელეფონო გადაცემისთვის სატელეგრაფო ხაზი გამოეყენებინათ, რაც სახელმწიფოსაც ეკონომიას მისცემდა.
XIX საუკუნის დასასრულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერმა და გამომგონებელმა დაიწყო ამ იდეის განხორციელებაზე მუშაობა.
მაშინდელ რუსეთის იმპერიაში, რომელშიც საქართველოც შედიოდა, ამ ურთულესი ტექნიკური საკითხის გადაწყვეტაზე განსაკუთრებული წარმატებით მუშაობდა იმ დროისათვის უკვე ცნობილი გამომგონებელი ე. გვოზდევი და პირველმაც სწორედ მან განახორციელა ერთი ხაზით დეპეშებისა და სატელეფონო საუბრის ერთდროული გადაცემა.
სად და როდის გამოიყენეს ეს მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონება?
რუსულ გამოცემებში, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის კავშირგაბმულობის შესახებ, ყველგან აღნიშნულია, რომ 1893 წელს 128 ვერსზე, ოდესასა და ნიკოლაევს შორის მოეწყო პირველი სატელეფონო კავშირი, სადაც გამოიყენეს ტელეგრაფის ხაზი. ამ უკანასკნელით ერთდროულად გადაიცემოდა დეპეშები და სატელეფონო საუბარი, რომელიც გვოზდევმა განახორციელაო.
სპეციალურ ლიტერატურაში არსად არის აღნიშნული, მაგრამ პ. კარბელაშვილმა ყურადღება მიაქცია იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სანამ გვოზდევი ოდესაში ჩავიდოდა და თავის გამოგონებას დანერგავდა, პეტერბურგიდან ჯერ თბილისში ჩამოსულა და დეპეშებისა და სატელეფონო საუბრის ერთი ხაზით გადაცემა პირველად თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზზე განუხორციელებია.
რუსი გამომგონებელი საქართველოს 1893 წელს ეწვია. თბილისში ჩამოსულმა მეცნიერმა ივლისის პირველ რიცხვებში გადაწყვიტა, სატელეფონო კავშირი დაემყარებინა თბილისსა და კოჯორს შორის. ეს ამბავი ქალაქს სენსაციად მოედო, ბევრს არც სჯეროდა ასეთი უჩვეულო კავშირის დამყარების შესაძლებლობა.
1893 წლის 11 ივლისს გაზეთი "ტიფლისსკი ლისტოკი" წერდა: ამ დღეებში თბილისი და კოჯორი ერთმანეთს დაუკავშირდა გვოზდევის ტელეფონით, რომელიც ტელეგრაფთან ერთდროულად და ერთ ხაზში მოქმედებდა. იგივე "ტიფლისსკი ლისტოკი"“15 ივლისის ნომერში იტყობინებოდა, რომ "ამ დღეებში, ტფილისში, ტელეფონის ქსელის მშენებლებმა ჩაატარეს თბილისსა და კოჯორს შორის ტელეფონირების ცდები.
კოჯრიდან ლაპარაკი სავსებით ნათლად და გარკვევით ისმოდა ცენტრალურ სატელეფონო სადგურში. ტელეგრაფის სადენით ლაპარაკი წარმოებდა ბატონ გვოზდევის სისტემის ტელეფონის აპარატებით, რომლებიც მოქმედებს ტელეგრაფთან ერთდროულად და ერთი და იმავე ხაზით. იმავე დღეს, 1893 წლის 15 ივლისს, გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე" წერდა: ამჟამად ცდის სახით თბილისსა და კოჯორს შორის მოქმედებს გვოზდევის სისტემის ტელეფონი, რომელიც დამზადებულია ფირმა "ობრის" მიერ საზღვარგარეთ, დადგმულია ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში გამომგონებლის და პეტერბურგში ახალი სატელეფონო ამხანაგობის აუქციონერის, თბილისელთათვის ცნობილი რკინიგზელი მოღვაწის ბატონ ბუნგეს მიერ". გაზეთში დაწვრილებით არის აღწერილი გვოზდევის აპარატის უპირატესობა სხვა მსგავს აპარატებთან შედარებით.
საფოსტო-სატელეგრაფო უწყებამ მოსახლეობას ნება დართო თბილისსა და კოჯორს შორის დამყარებული სატელეფონო კავშირით ესარგებლა. ამ არაჩვეულებრივ სიახლეს თბილისის მოსახლეობა დიდი ინტერესით შეხვდა. 1893 წლის 18 ივლისს "ნოვოე ობოზრენიე" წერდა: შესანიშნავად მუშაობს ფოსტა, უფრო უკეთესად ტელეგრაფი. არასოდეს თბილისელებს საზღვარგარეთის კურორტებთანაც არ ჰქონიათ ასეთი გაცხოველებული კავშირი. კარგი სამსახური გასწია ტელეფონმაც, სამი დღეა, რაც ის გაიხსნა კოჯორში და სადგური უკვე გაივსო შეკვეთებით“.
ამგვარად, საქართველოში პირველად თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზზე აიდგა ფეხი იმ დროისათვის მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონებამ.
თბილისში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებით კმაყოფილი გვოზდევი, რუსეთში გაემგზავრა, ოდესა-ნიკოლაევის ტელეგრაფის ხაზზეც მსგავსი ცდები ჩაატარა. „ნოვოე ობოზრენიე“ 27 ივლისს წერდა: „ამ დღეებში გაუმჯობესებული ტელეფონის გამომგონებელი ბატონი გვოზდევი თბილისიდან ოდესაში გაემგზავრა თავისი ტელეფონების იქ დასადგმელად და ტელეფონების ხაზის გასაყვანად ოდესასა და ნიკოლაევს შორის“.
1887 წელს სამშენებლო ფირმა "ბუნგე და პალაშკოვის" ერთ-ერთი მეპატრონის (ამ ფირმამ ააგო რკინიგზის ბევრი მონაკვეთი და შავი ზღვის ყველა ნავსადგური), ცნობილი ბიზნესმენის ა. ბუნგეს ინიციატივით დაარსდა "ა. ბუნგეს და გამომგონებელ ე. გვოზდევის სატელეფონო ამხანაგობა". ჩანს, მეცნიერს ფინანსურ დახმარებას ბუნგე უწევდა. 1893 წელს გვოზდევმა თავისი გამოგონება სწორედ ბუნგეს რჩევით ჩამოიტანა თბილისში. ბუნგე და ნიკო ნიკოლაძე დიდი მეგობრები იყვნენ. სავარაუდოდ, ჩანს, ეს ყველაფერი ნიკო ნიკოლაძის იდეა იყო, რომელიც იმხანად კოჯორში ისვენებდა და ექსპერიმენტიც სწორედ ამიტომ ჩატარდა თბილისისა და კოჯრის სატელეგრაფო ხაზზე.
რუსმა გამომგონებელმა გვოზდევმა სწორედ თბილისში ჩაატარა ბრწყინვალე ექსპერიმენტი, რომელმაც მას სახელი და დიდება მოუტანა. თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზი კი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომლითაც ერთდროულად გადაიცემოდა დეპეშები და სატელეფონო საუბარი.
ჟურნალი "ისტორიანი" #2