13 საბედისწერო დღე
1921 წლის თებერვლის სისხლიანი ქრონიკები
70 წელიწადს სოციალისტური საქართველო გასაბჭოების დღეს ზეიმობდა. 1921 წლის 25 თებერვალი ღირსსახსოვარ დღესასწაულთა შორის ამაყად "მოაბიჯებდა"... მაგრამ ამ დღის გახსენება რევოლუციონერთა და კომუნისტთა თაობებს თუ სიამაყეს ჰგვრიდა, ქვეყნის ერთგულ შვილებს დამოუკიდებლობაწართმეული საქართველოს მწარე ხვედრზე აფიქრებდა. ასე გრძელდებოდა მთელ 70 წელიწადს. დიდი რუსეთის, "უფროსი ძმის ფრთებს შეფარებული" საბჭოთა ქართველები რომ ზარ-ზეიმით ემზადებოდნენ ამ დღის აღსანიშნავად, მოსახლეობის მეორე და არცთუ მცირე ნაწილი ჩუმად უნთებდა ეკლესიაში სანთელს 1921 წლის თებერვალში დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. თებერვლის იმ სისხლიან ქრონიკებზე ლაპარაკს კი დიდხანს ედო ტაბუ... ამ წერილით ვცადეთ ის დღეები გაგვეცოცხლებინა და მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა, რომელთაც თავისუფალი საქართველოს დამარცხება "გამარჯვებად" უქციეს ქართველ ხალხს...
11-12 თებერვალი
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს ე.წ. "ლორეს ნეიტრალურ ზონაში" განლაგებულ ქართულ შენაერთებზე თავდასხმით დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი. მოწინააღმდეგემ შეტევა განახორციელა ვორონცოვკის, ჯალალ-ოღლისა და სანაინის მიმართულებით.
სანაინთან მოუმზადებელ ძალებთან შებმა მტერს არ გასჭირვებია. სადახლომდე დაიკავეს ბამბაკის ხეობა.
13 თებერვალი
მოწინააღმდეგე მთელი დღე ქვემეხებიდან ესროდა მდინარე ძორაგეტის ნაპირზე გამაგრებულ ქართულ ნაწილებს. იმავე დღეს გენერალმა გედევანიშვილმა სადახლო-სანაინის მიმართულებაზე კონტრშეტევა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გენერალ ჯიჯიხიას დაჯგუფებამ კიზილკაის სიმაღლეები დაიკავა, საერთო შეტევა მაინც ვერ განხორციელდა. გარდა იმისა, რომ გენერალ სუმბათაშვილის შენაერთმა პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა, გადარჩენილ მებრძოლებს მორალურად და ფსიქოლოგიურად აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა. შეტევაზე მხოლოდ საგანგებო ბატალიონი გადავიდა და ცხადია, ბევრი ვერაფერი გააკეთა.
14 თებერვალი
მოწინააღმდეგემ განაახლა შეტევა გენერლების, ჯიჯიხიასა და სუმბათაშვილის ნაწილებზე. ამ უკანასკნელმა მდინარე ხრამისკენ დაიხია. მტერმა დაიკავა სადახლო და გენერალმა ჯიჯიხიამაც ხრამისკენ დაიწყო უკანდახევა.
15 თებერვალი
რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, ლენინმა ოფიციალურად გასცა მითითება, რათა მე-11 არმიას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაეწყო. მეორე დღეს მართლაც დაიწყო შეტევა წითელი და ფოილოს ხიდების მიმართულებით. წითელ ხიდთან მდგარმა გურიის ბატალიონის ასეულმა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მოწინააღმდეგემ ხიდი დაიკავა, რამაც უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო ხრამის მარცხენა ნაპირზე გამაგრებული სუმბათაშვილისა და ჯიჯიხიას ნაწილები. მტერი მათ მარცხენა ფლანგზე და ზურგში მოექცა. გენერალმა სოსო გედევანიშვილმა ნაწილები მიატოვა, სარდლობა გენერალ სუმბათაშვილს გადააბარა და თბილისში წამოვიდა. ხრამთან მდგარი ნაწილები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
რუსები ცდილობდნენ ფოილოს სარკინიგზო ხიდი დაეკავებინათ და ქართველებისთვის მისი აფეთქების საშუალება არ მიეცათ. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა მე-11 არმიის ხუთი ჯავშანმატარებელი.
ქართველ მესანგრეთა მიერ წინასწარ დანაღმული იყო ხიდის თავი და იერიშის დაწყებისთანავე იგი ააფეთქეს. საპასუხოდ რუსების ოთხმა ჯავშანმატარებელმა, საველე ბატარეებმა და მძიმე არტილერიამ ქართველ გვარდიელთა პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. ქართველებმა უკან დაიხიეს და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. რუსებმა ორჯერ სცადეს ფონის გადმოლახვა, მაგრამ ორივეჯერ უკუაქციეს. მთელი დღე მათ მცდელობას, მდინარე გადმოელახათ, წარმატება არ მოჰყოლია. 22 საათზე ფოილოს ხიდთან მდგარმა ნაწილებმა თბილისისკენ უკან დახევის შესახებ მთავარსარდლის ბრძანება მიიღეს და პოზიციები დატოვეს.
16-17 თებერვალი
დაიწყო შემოტევა ზაქათალის მხრიდან. კახეთში დისლოცირებული მე-6 ათასეულის მცირე რაზმებად დაშლილმა შენაერთებმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ასეთ ვითარებაში დღის პირველ ნახევარში მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ახალმა მთავარსარდალმა თბილისის დაცვის სამი სექტორი შექმნა - გენერლების - ანდრონიკაშვილის, მაზნიაშვილისა და ჯიჯიხიას სარდლობით.
თბილისის დაცვაში მონაწილეობდნენ გვარდიის საგანგებო, თბილისის სამი, დუშეთის, გორის, ხაშურის, ახალციხის, იმერეთის მე-2 და მე-3, სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის ბატალიონები და არმიის 1-ელი, მე-4, მე-5 (აღდგენილი), მე-7, მე-9, მე-10 ათასეულები. ასევე სადარაჯო და საყარაულო ათასეულთა ნაწილები, სამხედრო სკოლა, მოხალისეები, გვარდიისა და არმიის საკავალერიო ნაწილები. უხეში გათვლებით, თბილისს დაახლოებით 12-15 ათასი კაცი იცავდა.
ვნახოთ, როგორი იყო მე-11 არმიის შემადგენლობა და შეიარაღება: 40 200 ქვეითი და ცხენოსანი, 196 ქვემეხი, 1065 ტყვიამფრქვევი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 8 ტანკი, ჯავშანმანქანების რაზმი და 50 თვითმფრინავი. მე-11 არმიას ეხმარებოდა სომხეთის ერთი საკავალერიო და მე-5 და მე-6 ქვეითი პოლკები. მტრის ძირითადი შეტევა წითელი ხიდიდან თბილისის მიმართულებით ხორციელდებოდა. ამ საჯარისო ჯგუფს ველიკანოვი მეთაურობდა და მის შემადგენლობაში შედიოდა მე-9, მე-20 და 32-ე ქვეითი და მე-12 საკავალერიო დივიზიები. მეორე ჯგუფს ზაქათალიდან კახეთის გავლით, თბილისის გვერდის ავლით, მცხეთისკენ უნდა ემოძრავა და ქართული ნაწილებისთვის თბილისიდან უკანდასახევი გზა მოეჭრა. ამ შენაერთს კურიშკო მეთაურობდა ორი ქვეითი პოლკითა და მე-18 საკავალერიო დივიზიით. მოწინააღმდეგენი სულ მცირე, სამჯერ აღემატებოდნენ დედაქალაქის დამცველებს.
18-19 თებერვალი
18 თებერვალს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შემდეგი პოზიციები ეკავა: მარჯვენა ფლანგზე - კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქორ-ოღლის) ციხემდე მე-4 ათასეულის ორი ასეული იდგა, პოლკოვნიკ პლატონ ჩიქოვანის მეთაურობით. ამ ათასეულის დანარჩენი ნაწილები ადგილზე 19 თებერვალს მივიდნენ. ტაბახმელის მონაკვეთი სამხედრო სკოლას ეკავა. ამ ფრთას გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. ცენტრში - გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნაწილი იყო დისლოცირებული. შავნაბადას სიმაღლეები მე-9 ათასეულს ეკავა, სოღანლუღის სიმაღლეები - პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის სადარაჯო ათასეულსა და მეტყვიამფრქვევეთა ბატალიონს. მათგან მარჯვნივ, რკინიგზის ხაზთან სანაპირო ათასეულის რაზმი იყო განლაგებული ორი ზარბაზნით.
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე რკინიგზის ხაზამდე გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები იდგნენ. მარცხენა ფლანგზე - გვარდიის აღდგენილი ნაწილები გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით. კერძოდ, იმერეთის მე-2, ზუგდიდისა და დუშეთის ბატალიონები და თითო-თითო საველე და სამთო-საარტილერიო ბატარეები. სოფელ ლილოსთან იდგა გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. 20-21 საათზე ქართველმა სადაზვერვო რაზმებმა მოწინააღმდეგის მოძრაობა დააფიქსირეს. 22 საათისათვის მოწინააღმდეგემ იაღლუჯის ქედს მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან შემოუარა და გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებისკენ დაიძრა. დაზვერვაზე წასულმა გორის გვარდიისა და სადარაჯო ათასეულის რაზმებმა მტრის ავანგარდთან მცირე შეტაკების შემდეგ უკან დაიხიეს. მათ ჯავშანმანქანათა რაზმი ეხმარებოდა, საიდანაც გენერალ მაზნიაშვილს შეატყობინეს, რომ მტერი სოღანლუღისკენ მოიწევდა.
ამავე დროს, მე-9 ათასეულის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვაჩნაძე იტყობინებოდა, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანდა. იმავე ინფორმაციას აწვდიდა მაზნიაშვილს ჯავშანმატარებლის მეთაური ვალოდია გოგუაძე კუმისის სადგურიდან. გენერალმა მაზნიაშვილმა დაასკვნა, რომ მტერი ძირითად იერიშს მხოლოდ ერთი მიმართულებით, მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე არსებულ მონაკვეთზე მოიტანდა. მაზნიაშვილი გვარდიის გორის ბატალიონის მიერ დაკავებულ პოზიციებზე მივიდა, რადგან შეტევა სწორედ აქ იყო მოსალოდნელი. გენერალმა ძლივს მოასწრო ბატალიონის უფროსის მოხსენების მოსმენა, რომ შეტევა დაიწყო (დაახლოებით 01:30 საათზე).
მოწინააღმდეგის იერიშის დაწყებისთანავე სოღანლუღის ხიდთან ბრძოლაში ჯავშანმატარებელი ჩაება. მე-11 არმიის ნაწილებმა შეტევის ფრონტი გაშალეს და ბრძოლაში უკვე საყარაულო რაზმი და სადარაჯო ათასეულიც ჩაერთო. მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ორი ზარბაზანი და მიუახლოვდა სოღანლუღის სადგურს.
ქართულმა ჯავშანმატარებელმა მოწინააღმდეგეს სადგურის დაკავების საშუალება არ მისცა. 19 თებერვლის 2-დან 3 საათამდე მტერმა სადარაჯო ათასეულის მიმართულებით იერიში შეწყვიტა და მთელი ძალებით გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტია. სადარაჯო ათასეული სანგრებიდან სროლით ცდილობდა გორის ბატალიონის დახმარებას. გვარდიელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისათვის ბრძოლაში კვინიტაძის ბრძანებით გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო, ვალიკო ჯუღელის მიერ მოყვანილი ჯავშანმანქანების დახმარებით სოღანლუღის სადგურიდან მტერი უკუაგდეს.
დაახლოებით 3 სთ-დან 4-ის ნახევრამდე გენერალი მაზნიაშვილი სადარაჯო ათასეულის დისლოკაციის ადგილზე გადავიდა და იქიდან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა. იგი შიშობდა, რომ მოწინააღმდეგე ძირითად მიმართულებას შეცვლიდა და მის მარჯვენა ფლანგს შეუტევდა, სადაც მე-9 ათასეული იყო განლაგებული. თუმცა ეს შიში არ გამართლდა. მოწინააღმდეგე კვლავ ჯიუტად ცდილობდა გორის გვარდიელთა პოზიციების გარღვევას.
გამთენიისას, მოწინააღმდეგის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ სადარაჯო ათასეული იერიშზე გადავიდა. გორის ბატალიონიც სანგრებიდან ამოვიდა. მას სარეზერვო ბატალიონიც შეუერთდა. დაიკავეს საყარაულო ათასეულის რაზმის მიერ დატოვებული თავდაპირველი პოზიციები. მტერმა უკან დაიხია იაღლუჯის მიმართულებით. ტყვედ ჩავარდა 1600 წითელარმიელი.
19 თებერვალი
მე-11 არმიის სარდლობა 19 თებერვალს თბილისის აღებას ვარაუდობდა. ცენტრში დამარცხების შემდეგ მიმართულება შეცვალეს და ჩვენი ჯარების მარჯვენა ფრთას შეუტიეს. დილის 8 საათზე მტერი სოფლების, ვაშლოვანისა და კუმისის წინ გამოჩნდა და ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებით დაიძრა. ტაბახმელას სამხედრო სკოლასთან ერთად მე-10 ათასეულის მეომრებიც იცავდნენ პოლკოვნიკ საგინაშვილის მეთაურობით. ეს სამხედრო ნაწილი სკოლის დასახმარებლად პოზიციებზე 18 თებერვალს საღამოს მივიდა. ტაბახმელის პოზიციებიდან მაიორმა ბახუტაშვილმა მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა და დაფანტა. მალე მტრის ცხენოსანი რაზმი გამოჩნდა. ქართველმა არტილერისტებმა ამჯერად მათ გაუხსნეს ცეცხლი.
მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა და ნელ-ნელა წინ მოიწევდა. 12 საათისათვის ტაბახმელას პოზიციებს შეუტიეს. #1 სანგრიდან, ლეიტენანტ ერისთავის მეთაურობით გახსნილმა ტყვიამფრქვევების ცეცხლმა მტერი შეაყოვნა. პარალელურად მტერი კოჯრის მიმართულებითაც უტევდა. აქ მყოფმა მე-4 ათასეულის ნაწილებმა თავდასხმა ვერ მოიგერიეს და მამადავითის მიმართულებით უკან დაიხიეს. კოჯრის დაკავების შემდეგ ბოლშევიკები წავკისისა და ტაბახმელის მიმართულებით დაეშვნენ (13:30 საათზე). ტაბახმელის პოზიციებზე მყოფ ქართულ ნაწილებს ალყაში მოქცევის საფრთხე მოელოდა, ამიტომ გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს ტაბახმელის დატოვება და ბრძოლით მამადავითისკენ დახევა უბრძანა.
ჩხეიძემ იცოდა, რომ თავისი ძალებით კოჯრის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, მაგრამ საჭირო იყო მტრის შეჩერება, სანამ მთავარსარდალი დამატებით ძალებს გამოგზავნიდა. გენერალი კვინიტაძე სწორ გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა, ამაში პოლკოვნიკი დარწმუნებული იყო. მართლაც, გენერალმა კვინიტაძემ, კოჯრის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტაბახმელის მიმართულებით გაგზავნა მე-5 ათასეული, გვარდიის იმერეთის და ბათუმის ბატალიონები. ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე უნდა მისულიყო და შემდგომ ბრძანებებს დალოდებოდა გვარდიის თბილისის ორი ბატალიონი.
პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მაიორ ბახუტაშვილს არტილერიის მობრუნება და მტრისათვის ცეცხლის გახსნა უბრძანა. დროებით, სარდლობა ნესტორ გარდაფხაძეს გადააბარა და თავად გენერალ ანდრონიკაშვილთან შტაბში ჩავიდა. გადაწყდა არსებული ძალებით კონტრშეტევის განხორციელება და მტრის შეჩერება. იუნკრები, კაპიტან თოიძისა და მე-10 ათასეულის მებრძოლთა ნაწილი, კაპიტან ქარუმიძის მეთაურობით შეტევაზე გადავიდანენ. პირველი ამოცანა გადაჭრილი იყო, მტრის შეტევა შეჩერდა. იმ დღესვე მოწინააღმდეგე მარცხენა ფრთაზეც გამოჩნდა. ამ მიმართულებით მცირე შეტაკებები მიმდინარეობდა.
20 თებერვალი
20 თებერვალს დილაადრიან დაიწყო იერიში კოჯრის გათავისუფლებისათვის. ქართველთა შეტევის შესაჩერებლად მოწინააღმდეგემ ტაბახმელას პოზიციებს შემოუტია. გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს სასწრაფოდ სკოლის პოზიციებზე დაბრუნება უბრძანა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის იერიშს ვერ გაუძლეს და უკან დახევა დაიწყეს. სწორედ ამ დროს კაპიტანი შავდია იუნკრებს შეტევაზე წაუძღვა. სანგრები დაიბრუნეს. მოწინააღმდეგემ კიდევ ორჯერ მიიტანა იერიში ტაბახმელაზე, მაგრამ ქართველი მეომრები მტკიცედ იცავდნენ პოზიციებს. ქართველ იუნკერთა წინააღმდეგ ბაქოს "წითელი" კურსანტებიც ჩააბეს ბრძოლაში, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწიეს. იმ დილით სკოლამ მოწინააღმდეგის სამი იერიში მოიგერია.
ამასობაში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა კოჯრის გასათავისუფლებლად. ქართულმა ჯარმა ხელთ იგდო მტრის ოთხი ზარბაზანი, ათზე მეტი ტყვიამფრქვევი, ერთი ჯავშნოსანი და ტყვეები. გვარდიის იმერეთის მე-3 ბატალიონის მებრძოლთა ერთი ჯგუფი სოფელ ვაშლოვანში შევიდა. იქ მდგარი ბოლშევიკების აღალი გაანადგურა და თავის პოზიციებზე დაბრუნდა. მარცხენა ფრთაზე გვარდიის ნაწილებმა მტერი უკუაგდეს და სადგური ვაზიანი დაიკავეს.
20-21 თებერვალი
20 თებერვალს მთელი ღამე მოწინააღმდეგე კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე უშედეგო შეტევას განაგრძობდა და მხოლოდ 21 თებერვალს, დილით დაიწყო უკან დახევა. მალე მათი ქვეითი ჯარი აღარსად ჩანდა. ძირითადი მოვლენები გენერალ ჯიჯიხიას სექტორში განვითარდა. მოწინააღმდეგემ თბილისის დამცველთა მარცხენა ფლანგის შემოვლა განიზრახა, მაგრამ გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ჯიჯიხიას ძალები კვინიტაძემ წინასწარ დამატებითი ბატალიონებით (მათ შორის ერთ-ერთი ახალციხისა იყო) გააძლიერა. სოფელ ლილოდან ხუთმა გვარდიულმა ბატალიონმა, ქართველ კავალერისტთა მხარდაჭერით, მოწინააღმდეგის ფლანგს დაარტყა. ორხევში მდგარმა, ასევე ორმა გვარდიულმა ბატალიონმა ფრონტალური შეტევით მოწინააღმდეგეზე ძლიერი იერიში მიიტანა.
მე-11 არმიის ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს. მათი დევნა დაღამებამდე გაგრძელდა. ქართულმა შენაერთებმა მტერს 10 კილომეტრზე მეტით დაახევინეს უკან. ეს წარმატება განაპირობა კაპიტან ედიგარაშვილის ბორჩალოს მოხალისეთა საკავალერიო ასეულით გაძლიერებული გვარდიის ცხენოსანი დანაყოფების სწრაფმა და ეფექტიანმა მოქმედებამ.
22 თებერვალი
რადგან თბილისის პირდაპირი იერიშით აღება ვერ მოხერხდა, მე-11 არმიის სარდლობამ ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლა განიზრახა და ძალების გადაჯგუფება დაიწყო. შეიქმნა ორი, ველიკანოვისა და კუიბიშევის დაჯგუფება. ამ უკანასკნელმა, დედოფლისწყაროსთან ქართულ ნაწილებთან ბრძოლის დროს მოკლული კურიშკო შეცვალა. კუიბიშევის დაჯგუფება მე-9 ქვეითი და მე-12 საკავალერიო დივიზიებით გაძლიერდა. მას თბილისზე აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეტევა დაევალა. ველიკანოვს დასავლეთიდან უნდა განეხორციელებინა შეტევა. იმავე დღეს მოწინააღმდეგის ცხენოსანმა რაზმმა მანგლისი დაიკავა და მანგლისი-კოჯრის გზატკეცილის გასწვრივ იერიში წამოიწყო, თუმცა მარცხი იწვნია.
შედარებით სიმშვიდე იყო ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებაზე, თუმცა ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ ლეიტენანტები ერისთავი და ანდრონიკაშვილი.
23 თებერვალი
მოწინააღმდეგემ თავისი მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაიწყო. ამ მიმართულებით მე-11 არმიის ცხენოსანი ნაწილები, მე-12 და მე-18 საკავალერიო დივიზიები გამოჩნდნენ. მტერმა ძლიერი იერიში მიიტანა ქართულ ნაწილებზე და ამის გამო, გენერალ ჯიჯიხიას ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს და ძველი, 21 თებერვლამდელი, პოზიციები დაიკავეს.
14 საათზე მოწინააღმდეგემ ქართველთა უკანდახევისას აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდი აღადგინა, რამაც დამატებითი ძალების (მათ შორის ტანკების) სწრაფი გადაადგილებისა და ჯავშანმატარებლების გამოყენების საშუალება მისცა. იმავე საღამოს ამ ჯავშანმატარებლებმა ქართულ პოზიციებთან მოახლოება სცადეს, მაგრამ ქართველ არტილერისტთა ზუსტი ცეცხლის გამო იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. საღამოს მოწინააღმდეგემ ტაბახმელას პოზიციებზე მიიტანა იერიში, რომელიც რამდენჯერმე მოიგერიეს.
24 თებერვალი
მარჯვენა ფლანგზე მტერმა დილიდანვე დაუშინა ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა. იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაცი დარჩენილიყო. დიდი იყო დანაკლისი ნაცვალთა შორისაც. მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მტერმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და ნაშუადღევს #4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩნდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა.
მათ ოფიცრების შავდიას, ხოშტარიასა და ჩოჩუას წინამძღოლობით სხვა იუნკრებიც წამოეშველნენ და მტერს უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგე მარჯვნივ და მარცხნივ გაიფანტა და ამით უკან მყოფ თავის მეტყვიამფრქვევეებს 100-120 ნაბიჯის მანძილიდან იუნკრებისათვის ცეცხლის გახსნის საშუალება მისცა. იუნკერთა ნაწილმა კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით მეტყვიამფრქვევეებს შეუტია.
მტრის რიგებამდე პირველმა იუნკერმა შალვა ერისთავმა მიირბინა და მემიზნე ოფიცერი ხიშტით განგმირა, თუმცა თავადაც სასიკვდილოდ დაჭრილი დაეცა. ასევე დაიღუპნენ იუნკრები ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი, 15-მდე კი დაიჭრა. დაიჭრა თავად კაპიტანი ჩოჩუაც. ასევე დაიჭრნენ კაპიტნები შავდია და ხოშტარია. იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე მათ იერიში შეწყვიტეს და უკან დაიხიეს.
არანაკლებ მძიმე და სისხლის მღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა სოღანლუღი-შავნაბადას მიმართულებაზე. ამ სექტორში მოწინააღმდეგემ მთავარი დარტყმა გზატკეცილისა და რკინიგზის ხაზის გასწვრივ განავითარა. ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის მოგერიება მოხერხდა, მაგრამ კრიტიკული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც მტერი თელეთიდან გადმოვიდა შეტევაზე, ფრონტი გაარღვია და 18 საათისათვის სოღანლუღის ქედზე მდებარე სიმაღლე დაიკავა. შეიქმნა საშიშროება, რომ მოწინააღმდეგე ღრმად შემოიჭრებოდა და საშუალება მიეცემოდა ზურგში მოჰქცეოდა არა მარტო გენერალ მაზნიაშვილის ნაწილებს, არამედ გენერალ ანდრონიკაშვილის შენაერთებსაც. საჭირო იყო სასწრაფოდ სიმაღლის დაბრუნება.
14 საათზე ქართული პოზიციებიდან განახლდა საარტილერიო და ტყვიამფრქვევების ცეცხლი. 16 საათისთვის დაიწყო თოვა, ჩამოწვა ბურუსი, ძალიან აცივდა. სწორედ ამ დროს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა იერიში მიიტანა მტრის ჯავშანმატარებლებზე და ოცდაათამდე ბომბი ჩამოაგდო. ბრძოლაში ქართული ჯავშანმატარებელიც ჩაერთო, მაგრამ მოწინააღმდეგის ძალიან დიდი უპირატესობის გამო ნავთლუღისკენ დაიხია. ნავთლუღის მიდამოები კი მოწინააღმდეგის ავიაციამ დაბომბა.
ორხევის სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის არაერთი იერიში მოიგერიეს, მაგრამ როდესაც დაახლოებით 17 საათისათვის სანგრებთან მტრის სამი ტანკი გამოჩნდა, იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერეთის მე-2 ბატალიონს კონტრშეტევა დაავალა. ბატალიონის მეთაურის, აკაკი კვიტაიშვილის ინფორმაციით, "ბატალიონმა წარმატებით აწარმოა კონტრიერიში. მას შეუერთდნენ მეგრელები, რომლებიც სანგრების უკან, გორაკზე იყვნენ ჩასაფრებულნი. იმერლები და მეგრელები ყიჟინით შეცვივდნენ სანგრებში, ამორეკეს იქიდან რუსები და დაედევნენ".
ამ დროს რუსების ერთი ტანკი ხრამში გადავარდა და მწყობრიდან გამოვიდა. სანამ ორხევთან ბრძოლა მიმდინარეობდა, მოწინააღმდეგის კავალერიამ ჩვენი ჯარების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა და სოფელ ლილოსთან გამოჩნდა. მთავარსარდალი იძულებული გახდა დაცვის კიდევ ერთი სექტორი გაეხსნა გენერალური შტაბის ოპერატიული სამსახურის უფროსის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის მეთაურობით. გენერალ ზაქარიაძის ინფორმაციით, მას დაექვემდებარნენ გვარდიის სამი ბატალიონი, მოხალისეები, არმიისა და გვარდიის ცხენოსანი რაზმები. წითელმა კავალერიამ სოფელ დიდ ლილოს შემოუარა და ავჭალისკენ დაიძრა.
მთავარსარდალმა 15-16 საათზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეიტყო, რომ მოწინააღმდეგის კავალერიამ დაიკავა სოფლები მამკოდა, გლდანი და თვით ავჭალა. კვინიტაძე წერს: "იქ ჯავშანმატარებლით, შანიძის მეთაურობით, მოხალისეთა რაზმი გავაგზავნე, სადგურ ავჭალის განთავისუფლება და რკინიგზაზე თავისუფლად მიმოსვლის უზრუნველყოფა ვუბრძანე". გენერალური შტაბის უფროსის, ალექსანდრე ზაქარიაძის ინფორმაციით, ავჭალაში ორი ჯავშანმატარებელი გაიგზავნა ვალოდია გოგუაძის მეთაურობით. ავჭალიდან მოხერხდა მოწინააღმდეგის განდევნა.
მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ვერც ერთი მიმართულებით ქართული პოზიციების გარღვევა ვერ შეძლო, გენერალმა კვინიტაძემ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იგი წერდა: "24 თებერვლის საღამოსთვის თბილისი, არსებითად ალყაში მოექცა... თბილისის ქუჩებში ბრძოლების გამართვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქალაქი ტაფობში მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული. ეს ხაფანგი იყო, საიდანაც ვერავინ გააღწევდა და ჯარი იძულებული გახდებოდა დანებებულიყო. ჯარის გაყვანა და თბილისიდან 12-13 ვერსის მანძილზე გამაგრება გადავწყვიტე. თბილისის დასაცავი ყველა ძალა და საშუალება ამოიწურა, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვეძლო. ქვეყნის დასაცავად თბილისი უნდა დაგვეტოვებინა, თუ არა ჯარისა და მმართველობის გარდაუვალი დაღუპვა გველოდა.
ჩემი ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარეს ვაცნობე. თბილისზე გავლით ბრძოლით უკან დახევა წარმატებას არ გვიქადდა. საუკეთესო საშუალება ღამის სიბნელეში უკან დახევა იყო". მთავარსარდლის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გენერალი ილია ოდიშელიძე, რომელმაც განაცხადა: "ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია უკან დახევა, რადგანაც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, თუ რა ფსიქოლოგიურ გამოძახილს პოვებს ეს ნაბიჯი ჩვენს გამარჯვებულ ჯარში. ვფიქრობ, მცხეთაში არც ერთი ჯარისკაცი არ გაჩერდება. ამიტომ, თუ ხსნა გვიწერია, ხსნა ისევ იქ არის, იმ პოზიციებზე, რომელიც ჯარს უკავია... თუ სხვა რამ არ გვიწერია, მე ვფიქრობ, უმჯობესია თბილისის წინ სასახელოდ დავიხოცოთ". მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მთავარსარდალს დაუჯერა და 24 თებერვალს, ღამით ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თბილისი დატოვეს.
1921 წლის 18-დან 24 თებერვლის ჩათვლით, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქის მოსახლეობის გასაოცარი თანადგომით, გმირულად დაიცვეს თბილისი სულ ცოტა სამჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში.
უკან დახევის მერე კი ყველაფერი მართლაც ისე მოხდა, როგორც ილია ოდიშელიძემ იწინასწარმეტყველა. მცხეთაში შეჩერება ვეღარ მოხერხდა. მხოლოდ ოსიაურთან იყო მცდელობა კონტრშეტევისა და ისიც ჩაიშალა.
თბილისთან ბრძოლების პარალელურად, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ბრძოლა სხვა მიმართულებებზეც უხდებოდა. 20 თებერვალს 31-ე დივიზიამ ადლერიდან დაიწყო შემოჭრა და მართალია, 23 თებერვალს გაგრა დაიკავა, მაგრამ ქართულმა შენაერთებმა (ამ მიმართულებას მე-2 და მე-3 ათასეულები იცავდნენ) გენერალ დავით ართმელიძის მეთაურობით, მტერი განდევნეს. 22 თებერვალს დაიწყო შემოტევა დარიალიდან. ქართველმა მეომრებმა მოწინააღმდეგის პირველი იერიში მოიგერიეს, თუმცა 25 თებერვალს 33-ე დივიზიის 98-ე ბრიგადამ მამისონის უღელტეხილი გადმოლახა.
მიუხედავად ქართული შეიარაღებული ძალების თავგანწირული ბრძოლისა, საბჭოთა რუსეთის აგრესიის შეჩერება ვერ მოხერხდა და საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
მიხეილ ბახტაძე
ჟურნალი "ისტორიანი" #2