დავით IV აღმაშენებელი
აღმაშენებელი - ეს წოდება საქართველოს ისტორიაში მხოლოდ მეფე დავით IV-ს ხვდა. რატომ? მოვუსმინოთ ვახუშტი ბაგრატიონს: "ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდენ იქმნა მეფედ, იყო ქვეყანა ესე სრულიად ოხერი;
ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტყოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი..." ვფიქრობთ, ღრმა და ამომწურავი პასუხია გაცემული.
დავით IV აღმაშენებლის ხელრთვა
XI საუკუნის 80-იანი წლების ეკონომიკურად დაქვეითებულ და პოლიტიკურად დასუსტებულ საქართველოს ნამდვილი მხსნელი მოევლინა, რომელმაც მოახერხა დაქსაქსული მოსახლეობის შეკავშირება, მომხდურთა დამარცხება და ქვეყნის აღმავლობის გზაზე დაყენება, რასაც უმნიშვნელოვანესი გარდაქმნები და მშენებლობები მოჰყვა. XII საუკუნის პირველი მეოთხედი პოლიტიკურად მომძლავრებული საქართველოს ეკონომიკა და კულტურა აღორძინებასა და აღმშენებლობას განიცდიდა და სავსებით ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის უშუალო შემოქმედი დავით IV თანამედროვეებმა და შთამომავლობამ აღმაშენებლად აღიარა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი) დააწესა.
XI საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მეტად დამძიმდა. ოთხმოციანი წლების დამდეგი თურქ-სელჩუკთა ურიცხვ ბრბოთა ახალი შემოსევებით აღინიშნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი "დიდი თურქობის" სახელით მოიხსენიებს ამ შემოსევებს. კალიასავით შეესივნენ თურქები საქართველოს: ერთ დღეს გადაუწვავთ თურქ-სელჩუკებს ქუთაისი, არტანუჯისა და კლარჯეთის უდაბნონი. თოვლის მოსვლამდე დარჩნენ, მოჭამეს მთელი ქვეყანა და წავიდნენ. ასე გრძელდებოდა: გაზაფხულობით მოდიოდნენ, აოხრებდნენ ქვეყანას, ზამთრის მოახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ.
ქართველი ხალხი უმძიმესი საფრთხის წინაშე დადგა - თურქ-სელჩუკთა შემოსევა არსებითად განსხვავდებოდა ბიზანტიელთა და არაბთა ბატონობისაგან. თურქული მომთაბარეობა საფუძველს აცლიდა ქართულ ფეოდალურ მეურნეობას, რაც ქვეყანას ერთიანად გადაშენებას უქადდა: "არა იყო მათ ჟამთა წინა თესვა და მკა: მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გარდაიქცა, ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა... მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩვილნი მიმოდატაცებულ... მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყეველნი ქვეყნისანი" (ქართლის ცხოვრება).
ასეთი მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად 16 წლის დავითს, თურქ-სელჩუკთაგან აკლებული და განადგურებული ქვეყანა, მთებში გახიზნული და დამშეული მოსახლეობა, დაცარიელებული ციხე-ქალაქები და სოფლები...
ერთიანი სამეფო იმდენად დაკნინებულიყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. პირველ ყოვლისა, ქვეყანა უნდა მოშენებულიყო და მეფეს გაბნეული და დაქსაქსული ქვეშევრდომები შემოეკრიბა; შემდეგ თურქ-სელჩუკების განდევნა იყო საჭირო. დავით აღმაშენებელმაც ასე დაიწყო. შემოიკრიბა თავისი ერთგულები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით წარემართა ქვეყნის საქმეები.
საქართველოს სამეფო კარი თავს უყრიდა ერთგულ მხედართა რაზმებს. სწორედ ერთგული მოლაშქრეებით ესხმოდა თავს თურქ-სელჩუკებს, ამარცხებდა მათ და ამით მტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ მიწის მუშას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა. დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკები ქართლიდან თანდათან აყარა. ეს მცირე გამარჯვებები ქართველ ხალხში მტრის გარდაუვალი დამარცხების აუცილებლობასა და საკუთარი ძალის რწმენას აღვივებდა. ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას. ქალაქები აღორძინების გზას დაადგა.
დავით აღმაშენებელმა დაამარცხა დიდგვაროვანი მოწინააღმდეგენი (ბაღვაშები, აბულეთისძეები), 1099 წელს სელჩუკთა სულთანს ხარკის მიცემა შეუწყვიტა, გააუქმა კლდეკარის საერისთავო (1103 წელს), ყოველმხრივ ცდილობდა საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალი - ერისთავები ფეოდალური მონარქიის ცენტრალური მმართველობისთვის დაექვემდებარებინა, 1104 წელს ერთიან სამეფოს ჰერეთი და კახეთი შემოუერთდა.
მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ. როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი ქვეყნის შემადგენელი გახდა, მრავალი კახელითურთ გაეცალნენ მის საზღვრებს და დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, თურქეთის სულთნის მოხელეს. შეიკრიბა სულთნის მრავალრიცხოვანი ლაშქარი, აქვეა განძის ათაბაგი თავისი მომხრეებით "და უმრავლესი კახთა და ქუეყანისა ერი".
ეს დიდი ძალა იყო და სათანადო გამკლავება სჭირდებოდა. დავით აღმაშენებელმა მტერთან შედარებით ბევრად მცირე ლაშქარი გამოიყვანა (შესაძლოა, მეტის შეკრება სიჩქარის გამო ვერ მოასწრო) და, როგორც მისი ისტორიკოსი გადმოგვცემს, ერწუხთან შეება მტერს. მტრის რიცხობრივ უპირატესობას საქართველოს სამეფო კარმა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი და პატრიოტი, თავგანწირული მებრძოლები დაუპირისპირა.
ერწუხის ომის სრულად წარმოდგენა, წყაროების სიმცირის გამო, ძნელია. ნათელია, რომ მტერი გარემოადგა თუ არა ქვეყანას, დავით აღმაშენებელმა "ქმნა წყობანი დიდნი", ე.ი. მტკიცედ განაწყო თავისი ჯარი და ისე მედგრად შეუტია მტერს, რომ მემატიანე განცვიფრებულია მისი სწრაფი წარმატებებით ("ადვილად და მოსწრაფედ, ხელთუხსნა ღმერთმან საკვირველებათამან"). იგი შესაშური ხატოვანებითა და ოსტატობით გადმოგვცემს ბრძოლის სიმძაფრეს: "...ერთი ათასთა არათუ სდევდა, არამედ ხელითა იპყრობდა და ორთა არათუ წარექცივნეს ბევრნი, არამედ სანთლითა თვით მათვე ტყვეთათ და მთხოებელთათ ტყუედ მოჰყვანდეს ყოველნი ქრისტიანენი" (ქართლის ცხოვრება).
"ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" თვალსაჩინოდ აღწერს დავით აღმაშენებლის უშუალო მონაწილეობას ერწუხის ბრძოლაში. იგი არ ჰგავდა სხვა მხედართუფროსებს, რომლებიც, წესისამებრ, ლაშქარს უკან უდგანან და იქიდან აძლევენ განკარგულებას მეომრებს. დავითი "უპირატეს ყოველთასა თვით წინა უვიდოდა და ვითა ლომი, შეუზახებდა ხმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა" (ქართლის ცხოვრება). გოლიათივით წინ მიიმართებოდა და თავისი ძლიერი, მტკიცე მკლავით მუსრს ავლებდა მტერს.
მისი ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე სისხლმა უბეები აუვსო ისე, რომ ომის დამთავრების შემდეგ, როცა სარტყელი შეიხსნა, ეს დაგუბებული სისხლი გადმოიღვარა; მხილველები თავიდან შეეჭვებულან, მეფე ხომ არ დაჭრილაო. იმ დღეს დავით აღმაშენებელს სამი ცხენი მოუკლეს და "მეოთხესღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი".
ერწუხის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა ძლევამოსილად გაიმარჯვა. მტერმა სრული განადგურება იგემა. თურქ-სელჩუკები გაიქცნენ; კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებული იყვნენ დანებულიყვნენ. ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დავითმა "...თვითმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი".
ჰერეთ-კახეთი საბოლოოდ შემოერთებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების გაზრდის თვალსაზრისით. აქედან მოყოლებული საქართველოს სამეფომ ბევრი ისეთი გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანა იმდროინდელ წინა აზიასა და კავკასიაში ერთ-ერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია.
დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება 1104 წელს სრულიად საქართველოს დიდი (რუის-ურბნისის) საეკლესიო კრების მოწვევა. გარდა იმისა, რომ კრებას ღირსებათა მიხედვით საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი უნდა განეხილა, მოსაგვარებელი იყო მთელი რიგი სხვა საქმეებიც. კერძოდ, ირღვეოდა ხელდასხმის წესი, ნიავდებოდა საეკლესიო ქონება, იყო "ჩვილთა ქალ-ყრმათა" გვირგვინის კურთხევის შემთხვევები, მონასტერში იმართებოდა ვაჭრობა, რაც ქრისტიანული დოგმებით არ შეეფერებოდა "წმინდა დაწესებულებას" და სხვ. "წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს", - გულისტკივილით აღნიშნავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.
"დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრიბა ერი მრავალი" (ქართლის ცხოვრება). შეკრებილთა სიმრავლესთან ერთად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს შეუმჩნეველი არ დარჩენია მათი შემადგენლობაც: "რამეთუ სამეფოსა თვისისა კათალიკოსი, მღვდელმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შემოიკრიბნა წინაშე მისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა". კრებას, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, დავით აღმაშენებელიც დასწრებია, მაგრამ იგი იქ ყოფილა "არა ვითარცა მეფე, არამედ ვითარცა მონა"
არაფერია უჩვეულო იმაში, რომ საეკლესიო კრება საქართველოს მეფემ მოიწვია. ცნობილია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებს ბიზანტიის იმპერატორები იწვევდნენ მათ მიერ დაწესებულ დროს და შერჩეულ ადგილას. იმპერატორები კრების საქმიანობაში ფორმალურ ჩაურევლობას არჩევდნენ, ფაქტობრივად კი ყოველმხრივ ცდილობდნენ საკუთარი პოლიტიკის გატარებას. ასევე უნდა ვიფიქროთ დავით აღმაშენებლის შესახებაც. იგი ფორმალურად კრებას დაესწრო "ვითარცა მონა", ფაქტობრივად კი სამეფო კარის პოლიტიკა მიაღებინა.
XII საუკუნის დამდეგს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქვეყნის საბოლოო შემომტკიცების საკითხმა. დავითმა საქართველოს ერთიან სამეფოს შემოუერთა სამშვილდე (1110 წ.), რუსთავი (1115 წ.), გიში (1117 წ.) და ლორე (1118 წ.). მართალია, მტერი თითქმის მთლიანად განიდევნა, მაგრამ ვიდრე შირვანი, რანი და სომხეთი თურქ-სელჩუკთა ხელში იყო და საქართველოსთან მიმდებარე ყაბალა-განძა-ანისში თურქ-სელჩუკები ბატონობდნენ, საფრთხე მაინც მოსალოდნელი იყო. საქართველოს უშიშროების დაცვა მოითხოვდა ომის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კავკასიის ხალხები თვითონაც ებრძოდნენ თურქ-სელჩუკებს და ყოველთვის მზად იყვნენ მხარში ამოდგომოდნენ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ.
უწინარეს ყოვლისა, საჭირო გახდა სამხედრო რეფორმები. ლაშქრის კარგად გაწვრთნასთან ერთად, დავით აღმაშენებელმა ჩრდილო კავკასიიდან ყივჩაღთა 40000 ოჯახი ჩამოასახლა, რომელთაგან 40000 მოლაშქრე შეიმატა და უკვე 1120 წლისთვის სამოციათასიანი მუდმივი ლაშქარი შექმნა. ამის გარდა, დავით აღმაშენებელს ჰყავდა ხუთიათასიანი პირადი ("მცველად მისად") გვარდია "მონა-სპა" ("რჩეულნი და განსწავლულნი... მისანდომნი და გამოცდილნი სიმხნითა"). ქვეყნის ლაშქრის ერთ ნაწილს შეადგენდნენ "სამეფოს სპანი", რომელიც მუდმივი ლაშქრისგან განსხვავებით იყო "ქვეყნითგან გამოყვანილნი და ერისთავთა ქვეშე დაწესებული" (ვახუშტი ბაგრატიონი). ამ ლაშქარს შეჰყრიდნენ დროდადრო ("მოუწოდიან ჟამად"), საჭიროების შემთხვევაში. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ლაშქარს ემატებოდა "როქის სპა", - უცხოელთა დაქირავებული ჯარი.
საქართველოს სამეფო კარის ღონისძიებებმა ქვეყანა გაამაგრა და გააძლიერა, სამეფო ხელისუფლების ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის ცხოვრების ყველა მხარე თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა და ხელისუფლების სრული კონცენტრირება მოახდინა: საქართველოს მეფე თვითმპყრობელი გახდა.
ქართველი ერის სამართლიანი ბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დიდგორს. ცნობები ამ ბრძოლის შესახებ და აგრეთვე მისი შეფასება გვხვდება როგორც ქართველ, ისე უცხოელ ისტორიკოსთა ნაშრომებში.
ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შემდეგ საქართველოს სამეფო კარი აქტიური ბრძოლის ტაქტიკას ირჩევს მომხდურის დასამარცხებლად და საქართველოს საბოლოოდ შემოსამტკიცებლად (საქართველოს დედაქალაქი თბილისი ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული). ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებითა და გააქტიურებით შეშფოთებული იყვნენ მაჰმადიანი მფლობელებიც, სათანადო მომენტს უცდიდნენ მის წინააღმდეგ გასალაშქრებლად...
მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი და წამომწყები ჩანს ერაყის სელჩუკიანთა გამგებელი, სულთანი მაჰმუდ მუჰამედის ძე (1117-1131 წწ.). მან მიმართა მაჰმადიანებს "ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს" მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით, "სულტანმა მოუწოდა არაბეთის მეფეს დურბეიზს, სადაყას ძეს და მოსცა ძე თავისი მალიქი და ყოველი ძალი მისი, და ანიჭა სპასალარად ელღაზი ძე არდუხისი... და უბრძანა: ...ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხეთისა და ამირათა".
კოალიციური ლაშქრის რაოდენობა სომეხი ისტორიკოსის მატთეოს ურჰაეცის მიხედვით შეადგენდა 560000 კაცს. ანტიოქიის სამთავროს კანცლერის ფრანგი გოტიეს ცნობით, კოალიციურ მოლაშქრეთა რიცხვი 600000-ს აღწევდა. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ მტრის ლაშქარში დიდგორის ბრძოლისას 300000 მეომარი უნდა ყოფილიყო.
რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა? გოტიეს ცნობით, 80000 მხედრით გავიდა საბრძოლველად. ეს მონაცემიც გაზვიადებული ჩანს. უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის დეტალური ცნობა საქართველოს ლაშქრის რაოდენობის შესახებ. მისი მიხედვით, დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში საომრად გაიყვანა 55600 მოლაშქრე, აქედან 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ევროპელი მეომარი. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე გამოყვანილი ლაშქრის ორ მესამედს ქართველები შეადგენდნენ. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ გადამწყვეტ მომენტში ძირითად ძალას ქართულ ლაშქარში სწორედ სამეფო სპა-ქართველები შეადგენდნენ. თურქ-სელჩუკების კოალიციურ ჯარსა და დავით აღმაშენებლის ლაშქარს შორის გენერალური ბრძოლა დიდგორთან გაიმართა.
საქართველოს ჯარი დავით აღმაშენებელმა დიდგორს განალაგა. გოტიეს გადმოცემით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მგზნებარე მოწოდებით მიმართა თავის ლაშქარს: "მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთ რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდევ რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ".
დავით აღმაშენებლის სიტყვიდან აშკარა ხდება, რომ ქართული ლაშქარი იდგა ხეობაში, რომლის შესასვლელიც საგანგებოდ ჩაუხერგავთ. ეს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ქართველ მოლაშქრეთა წინაშე იდგა ერთი ამოცანა - ან გამარჯვება, ან ზურგშეუქცეველი სიკვდილი. ამგვარი ქცევა საერთოდ ქართველთათვის ნორმა გახდა და უკვე შემდგომი დროის ისტორიკოსები მას წარმოგვიდგენდნენ, როგორც დაკანონებულ წესს: "არა არს წესი ჩუენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩვენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შევაქციოთ დაღათუ იყოს სიკუდილი" (ჟამთააღმწერელი ამბობს: "არა არს წესიო", იქნებ სწორედ დიდგორის ბრძოლის შემდგომ პერიოდს გულისხმობს იგი).
1121 წლის 12 აგვისტო, ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათი...
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, საქართველოს ლაშქრის სარდლობის მიერ გატარებული სტრატეგიული და ტაქტიკური სიახლეებისა და მებრძოლთა თავგანწირული შემართების წყალობით დიდგორის ბრძოლა სამი ჟამი (საათი) გაგრძელებულა... მტერი სასტიკად დამარცხდა. ქართველთა ლაშქრისა და მისი სარდლობის დამსახურება ის იყო, რომ გაქცეულ მტერს შეკავშირებისა და გაერთიანების საშუალება არ მისცა, კონტრშეტევის ყოველგვარი საშუალება მოუსპო და მისი სრული მარცხი განაპირობა. ამრიგად, ქართველმა მოლაშქრეებმა 1121 წლის 12 აგვისტოს მაჰმადიანურ კოალიციურ ჯარებთან რთულ და ამავე დროს გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამეფოსათვის თბილისის შემოერთებას წინ აღარაფერი ედგა. საქართველოს ძველი დედაქალაქისა და სხვა ქალაქების დამორჩილება ფაქტობრივად დიდგორის ბრძოლის გაგრძელება იყო. "მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა, და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ" (ქართლის ცხოვრება). ამგვარად, თბილისი 1122 წელს შემოიერთეს და საქართველოს სატახტო ქალაქი კვლავ აქ გადმოიტანეს.
დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა შირვანი (1123 წ.) და ანისი (1124 წ.). მისმა გეგმაზომიერმა საქმიანობამ დაამშვიდა ქვეყანა, "...განავსო და აღაშენა ყოველი ოხერ-ქმნილი". ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ "სულტანი დასვა მოხარკედ თვისა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარცა სახლეული თვისი: დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასვა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი" (ქართლის ცხოვრება).
დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა მრავალმხრივმა ღონისძიებამ განაპირობა წარმატებები ქვეყნის ეკონომიკური მომძლავრების საქმეში. XII საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოს სოფლის მეურნეობამ და ხელოსნობა-ვაჭრობამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია.
დავითი ფრიად განსწავლული კაცი იყო და ერის განათლებაზეც რეალურად ფიქრობდა. მეფეს ორმოცი ბავშვი აურჩევია და ცოდნის მისაღებად საბერძნეთში გაუგზავნია. სწავლა-აღზრდის საქმე თვით საქართველოშიც დაწინაურდა. ეკლესია-მონასტრებთან არსებულ სკოლებში ასწავლიდნენ ქართულ მწიგნობრობას, თეოლოგიას, ჰიმნოგრაფიასა და ლიტურგიკას.
დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში არაერთი უმაღლესი სკოლა და აკადემია ყოფილა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი გელათს უკავია. დავითმა 1106 წელს "მოიგონა აღშენება მონასტრისა" და "ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა" ააგო ტაძარი, რომელიც იყო "აღმატებული ყოველთა წინანდებულთა ქმნულთა". ეს იყო გელათი, სადაც დაფუძნდა ქართული განათლებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. მემატიანე გელათს მოიხსენიებს "ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა ეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად" (ქართლის ცხოვრება). გელათი გახდა მაღალი დონის კულტურულ-საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრი, საერო-ფილოსოფიური და სასულიერო განათლების მნიშვნელოვანი კერა. დავით აღმაშენებელი ზრუნავდა იმისთვის, რომ გელათის აკადემიაში ღირსეულ და ნიჭიერ კაცთ ეღვაწათ.
მაღალი კრიტერიუმებით უდგებოდა სწავლულთა შერჩევას. გამოძებნა და "შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა". დავით აღმაშენებელმა მოიწვია სამოღვაწეოდ არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი. მათთან ერთად სხვა გამოჩენილ პირთა მოღვაწეობამ გელათის აკადემიის მნიშვნელობა უაღრესად გაზარდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მსგავსად (იგი იერუსალიმსა და ათინას ადარებს მას) გამოჩენილ ქართველი მოღვაწე, პოეტი იოანე შავთელი დიდ შეფასებას აძლევს გელათს და მას რომსა და ელადას ადარებდა.
XII საუკუნის საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრები ყოფილა იყალთოში - იყალთოს აკადემია, რომლის დამაარსებელი და პირველი მოძღვართმოძღვარი იყო არსენ იყალთოელი.
დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურული ცენტრების გამრავლებას საზღვარგარეთაც. მრავალმხრივ და ღრმად განათლებულ საქართველოს მეფეს თავისი დამხმარე ხელი შორს გაუწვდენია: "...აღავსო ზღუა და ხმელი ქუელის საქმემან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისაცა, მთაწმინდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა... რამეთუ მთასა სინასა... აღაშენა მონასტერი და წარსცა ოქრო მრავალათასეული" (ქართლის ცხოვრება).
საზღვარგარეთ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების გაჩენა საერთაშორისო მასშტაბით დავით აღმაშენებლის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის დასტურია.
1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა ოცდათექვსმეტი წელი საქართველოს მეფედ ყოფილი (მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა), "მესიის მახვილად" შერაცხული დავით IV აღმაშენებელი. იგი დაკრძალულია მის მიერვე აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის მონასტერში. ქვის ფილაზე, რომელიც მონასტრის ძველი, ჩრდილოეთის შესასვლელის იატაკზეა დაგებული, ასეთი წარწერაა:
"ესე არს განსასუენებელი ჩემი
უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს:
აქა დავემკვიდრო მე".
ცხრა საუკუნე გვაცილებს დავით აღმაშენებლის ხანას; ხანას ქართველი ხალხის გმირული ბრძოლისა და შრომისა. ქართველი ხალხი თავის ხსოვნაში ინახავს და კეთილს მიაგებს ქვეყნის წინსვლისათვის მებრძოლ მოღვაწეებს, რომელთა შორის განსაკუთრებულად მოიხსენიება მეფე დავით IV აღმაშენებელი.
როინ მეტრეველი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”