"მაიძულებდნენ მეთქვა, რომ გოგა ხაინდრავამ დამავალა შარაძის მოკვლა"
დადგა დრო, როცა გიორგი ბარათელის სკანდალური აღიარება საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდება. ახლახან მან ციხიდან წერილი გამოგზავნა და დეტალურად აღწერა ის ზეწოლა, რომელსაც საპატიმროში განიცდიდა. უფრო ადრე კი განაცხადა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას ჯერ კიდევ მაშინ სთხოვდნენ, როცა შარაძე ცოცხალი იყო(?!). ვინ როგორ ცდილობდა ბარათელზე გავლენის მოხდენას და რის აღიარებას სთხოვდნენ, პატიმრის წერილიდან შეიტყობთ.
გიორგი ბარათელი (სტილი დაცულია): "2007 წლის 20 მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში არჩადენილი დანაშაულისთვის. ყოფილი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავმა ორგანოებმა იძულებული გამხადეს, რომ მეღიარებინა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა, რომელიც არ ჩამიდენია. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, რეალურად დაეფარათ შარაძის მკვლელი ან მკვლელები და უდანაშაულო ადამიანი გამომამწყვდიეს ხანგრძლივი ვადით საპყრობილეში იმ იმედით, რომ სიმართლე არასოდეს გაირკვეოდა. მე მხოლოდ იმის გამო ვაღიარე, თითქოსდა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა ჩავიდინე, რომ ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ იყო დაცული.
მთავრობის შეცვლის შემდეგ მომეცა იმედი, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ჩემი სიცოცხლეც დაცული იქნებოდა და ამიტომ გავბედე მეთქვა სიმართლე, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს. 2012 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დავეკითხე. ამავდროულად, ჩემი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ბატონმა მამუკა ნოზაძემ არაერთხელ მიმართა იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს ჩემი დაკითხვისა და ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების თაობაზე, რასაც დღემდე არ მოჰყოლია არანაირი შედეგი... ვაცნობიერებ, რომ პროკურატურას არა აქვს საკმარისი რესურსი და დაკავებულია სხვა საქმეებით, მაგრამ როდესაც საქმე უდანაშაულო ადამიანის, საზოგადო მოღვაწის, ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას ეხება, უფრო ადეკვატური დამოკიდებულება უნდა იქნეს გამოხატული, არ უნდა მოხდეს გამოძიების დაწყების მიზანმიმართული გაჭიანურება. მთელი ჩემი პატიმრობის მანძილზე მუდმივად ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ვკონტროლდებოდი პატიმრების მხრიდან, რომ სიმართლე არ მეთქვა. 2011 წელს მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, თვითდაზიანებებიც კი მივიყენე, რის თაობაზეც დავიკითხე კიდეც. მას შემდგომ, რაც გავაჟღერე ჩემი უდანაშაულობის თაობაზე, გაძლიერდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ არ მეთქვა სიმართლე და ძველი ჩვენება არ გადამეთქვა, რის გამოც არ დავყევი მოგზავნილ პატიმარს, ზურაბ ჭონიაშვილს. მომიწყვეს პროვოკაცია და ცდილობენ, შეთითხნონ სისხლის სამართლის საქმე, თითქოსდა მე დავჭერი ლურსმნით აღნიშნული პიროვნება და მე გამაჩნდა ლურსმანი, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ვერ მექნებოდა ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკანს სისტემატურად ამოწმებს ციხის ადმინისტრაცია. რაიმე რომ მქონოდა, ბუნებრივია, ამოიღებდნენ.
მიმაჩნია, რომ ზურაბ ჭონიაშვილი ჩემთან მოაგზავნეს იმ პირებმა, ვისაც არ აწყობს შარაძის მკვლელობის გახსნა... ეს აპრობირებული მეთოდია არასასურველი პატიმრების დევნისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ ვნახე ფოტო, რომელიც წარადგინა ქალბატონმა ნინო მიქიაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და მთავარ პროკურატურაში და ვადასტურებ, რომ მასზე გამოსახულმა პოლიციელებმა მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ძველი თბილისის პოლიციაში. ამასთან, ერთ-ერთი, კაკო გაფრინდაშვილი, მიტარებდა ინსტრუქციებს, თუ რა ჩვენება უნდა მიმეცა, ჩართული იქნა ჩამწერიც და მიმითითეს, მეთქვა, თუ როგორ ვიხმარდით ნარკოტიკებს შვეიცარიაში მე და გიორგი შარაძე და თუ როგორ მოხდა ჩვენ შორის კონფლიქტი, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ჩემი პატიმრობის განმავლობაში მუდმივად "ნასედკა" პატიმრების გარემოცვაში ვიმყოფებოდი. ე. წ. "ბალნიჩკაზე" ყოფნისას ბათუმელმა პატიმარმა, ვინმე ხვიჩამ შემომთავაზა, რომ შემოიტანდა ე.წ. "ჟუჩოკს", ანუ ჩამწერს (დეპარტამენტის მეშვეობით) და უნდა მეთქვა, რომ ოპოზიციონერმა გოგა ხაინდრავამ მთხოვა, რომ მომეკლა გურამ შარაძე, რაზეც არ დავთანხმდი და შემომთავაზა მეორე ვერსია, თითქოსდა რუსმა კილერმა მოკლა გურამ შარაძე, მე კი ჩემს თავზე ავიღე იმის გამო, რომ გოგა ხაინდრავა არის რუსეთთან დაახლოებული. ბათუმელ ხვიჩას, რომლის გვარიც არ ვიცი და იყო ინვალიდი, სურდა, ვითომდა გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა და ამით მიიღებდა თავისუფლებას და მეც დამეხმარებოდა გათავისუფლებაში. ამასთან, ანგარიშს გაუსწორებდნენ გოგა ხაინდრავას, რომლის დაჭერაც ხელისუფლებას სურდა.
თანახმა ვარ და ჩემი სურვილია, შევხვდე რუსიკო შარაძეს და გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემი თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნეს.
უმორჩილესად გთხოვთ, თითოეული თქვენგანი, რომელთათვისაც ჩემი პოზიცია იქნება ცნობილი, დამეხმაროთ სამართლიანობისათვის ბრძოლაში და არ გაჩუმდეთ უკანონობაზე, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელდა და ამჟამად კვლავ ცდილობენ პროვოცირების წყალობით დამიმძიმონ ბრალი".
კარგა ხანია, რუსუდან შარაძეც უშედეგოდ ითხოვს ბარათელთან შეხვედრას. ის მას თანაუგრძნობს, უფრო მეტიც, ზემოთ მოყვანილი წერილის გამოქვეყნების შემდეგ რუსუდან შარაძემ მამის მკვლელობისთვის გასამართლებულ ბარათელს სოციალური ქსელის მეშვეობით დაბადების დღეც მიულოცა (1-ელ დეკემბერს). შარაძის ოჯახი იმედოვნებს, რომ პროკურატურა შარაძის მკვლელობის საქმეს გადახედავს და ნამდვილი მკვლელები დაუსჯელნი არ დარჩებიან.