"შეწყალებას არ მოვითხოვდი, დახვრეტაც რომ მქონოდა მისჯილი"
"ყველა პატიმარს მივცემდი ერთ შანსს, ისეთებსაც კი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ"
"რაც წინა ხელისუფლების ლაქიები მოშორდნენ აქაურობას, პატიმრების ტანჯვა დამთავრდა"
"ველოდები დემეს გამოსვლას, ციხის კართან ბურთით უნდა დავხვდე"
"კარცერში ხელსაბანს წვეტიანი კუთხე ჰქონდა და ამით ვცადე თავის დაზიანება"
ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე პარლამენტმა პოლიტპატიმრად აღიარა. სავარაუდოდ, ის მალე დატოვებს ციხეს. დემეტრაძე, ყოფილ ძალოვან კახა მისირელთან ერთად, 2010 წელს დააკავეს. იგი მეგობარს, დავით გაგნიძეს უნდა შეხვედროდა. მათ ქურდული სამყაროს მიმდევრობაში დასდეს ბრალი. დაკავებულებიდან მხოლოდ პოლიციელი გამოუშვეს თავდებით, პარადოქსია, მაგრამ ამ ძალოვანსაც ქურდული სამყაროს წევრობა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვა ედებოდა ბრალად. როგორც ამბობენ, დემეტრაძე ვატო ყიფიანთან მეგობრობის გამო დაისაჯა, თუმცა საზოგადოებამ ისიც იცის, რომ ციხეში მყოფი ვატო ყიფიანი 2008 წელს თავად ხელისუფლებამ გაუშვა და ქვეყნიდან გასვლის უფლებაც მისცა.
დემეტრაძე და გაგნიძე აცხადებდნენ, რომ არანაირი შეხება ქურდულ სამყაროსთან არ ჰქონიათ. მაშინ ფეხბურთის ფედერაციაში გიორგი დემეტრაძის მამა მივიდა და შვილის დახასიათება ითხოვა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს ისე, რომ მიზეზიც არ აუხსნიათ...
სასამართლოში განსასჯელებს ნიღბიანი, შეიარაღებული ბადრაგის თანამშრომლები იცავდნენ. სასამართლო პროცესებზე დასწრების მსურველი ბევრი იყო, მაგრამ სხდომებს ვერ ესწრებოდნენ, რადგან პატარა დარბაზში ტარდებოდა. მხოლოდ ოჯახის წევრები ახერხებდნენ შესვლას. რამდენიმე სხდომას ლევან ყიფიანი დაესწრო, ერთხელ კახა კალაძეც მოვიდა და მეგობარი გაამხნევა, სხვა ფეხბურთელები იქ არ გამოჩენილან. ძირითადად, პროცესებზე გიორგის ბავშვობის მეგობრები დადიოდნენ, ასევე თითქმის ყველა სხდომაზე მოდიოდა რუსთავიდან დემეტრაძის გულშემატკივარი ოთარ მამასახლისი. ხშირად, ის დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდა, სხდომის დასრულებას დერეფანში საათობით ელოდა. მის თეთრ მაისურს ასეთი წარწერა ჰქონდა: "თავისუფლება დემეს". მხოლოდ ერთ სხდომაზე მოახერხა დარბაზში ბურთით შესვლა და ფეხბურთელი შეძახილით გაამხნევა: "დემე, აი, ბურთი, არ ვიცი, როგორ მოგაწოდო, იცოდე, შენთან ვარ!".
"18 წლის იყო დემეტრაძე, თბილისის დინამოში რომ თამაშობდა და იმ დროიდან ვგულშემატკივრობ. რატომ გაწირეს სამი ქვეყნის ბომბარდირი?! მისი თამაშის საყურებლად კიევშიც კი ჩავედი... ველოდები დემეს გამოსვლას, ციხის კართან ბურთით უნდა დავხვდე. რუსთავის ციხეში რომ იჯდა, სპეციალურად მივედი, მასთან ვინ შემიშვებდა, ამიტომ ციხის შესასვლელთან დავდექი და ვყვიროდი: "დემე, დემე, შენთან ვართ, გამაგრდი!". არ ვიცი, გაიგო თუ არა ჩემი ხმა, მინდოდა გამემხნევებინა. იმედი მაქვს, ციხის თანამშრომლები ეტყოდნენ ყველაფერს და გაუხარდებოდა. დემეს დაბადების დღეზე ტორტი შევუკვეთე, გავაკეთებინე წარწერა: "დემე 35 წლის". ტორტი მისი ოჯახის წევრებს მივართვი და მივულოცე. მინდა მალე გარეთ ვნახო", - ამბობს ოთარ მამასახლისი.
გიორგი დემეტრაძემ ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა, საპროცესო გარიგება არ შედგა. მას სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა, დავით გაგნიძეს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფეხბურთელის ადვოკატმა აღნიშნული საქმე სტრასბურგშიც გაასაჩივრა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი სარჩელი პროკურატურაშიც შეიტანა.
ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია გიორგი დემეტრაძის გათავისუფლებაზე. ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტმა დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა, თუმცა არ გაუთავისუფლებია. გიორგი დაოჯახებული არ არის. ჩვენ მის დასაც გავესაუბრეთ, რომელიც გიორგიზე 10 წლით უფროსია.
ნინო დემეტრაძე: - 6 წლის იყო, მამამ ფეხბურთზე რომ შეიყვანა, ცელქი და ძალიან მოსიყვარულე ბავშვი იყო. თავისით გაიკაფა გზა. არ ვიცი, რატომ გაიმეტეს უდანაშაულო ბიჭი. როცა ციხეში მივდივარ, სულ მეტირება, ამიტომ მარტო არასოდეს დავდივარ. ის ხედავს ჩემს ცრემლებს და ცდილობს სხვა რამეზე გადაიტანოს საუბარი.
გიორგის დისშვილმა ანამ კი მისი დაკავების დღე ასე გაიხსენა: - კარზე ზარი გაისმა, როგორც კი გავაღე, პოლიციელები შემოცვივდნენ - 6 კაცი და ერთი ქალი. თქვეს, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, რაღაც ქურდულ საქმიანობას უკავშირდებაო. ამაზე გაგვეცინა, მართლა ხუმრობა გვეგონა, სახლი ძირფესვიანად გაჩხრიკეს, ეძებდნენ იარაღს. ჩემი უფროსი გოგოს შარვლის ჯიბეებიც კი გადმოატრიალეს, იქიდან რვეულის დაკუჭული ფურცლები რომ ამოიღეს და კითხვა დაიწყეს, ვკითხე, რას აკეთებთ-მეთქი? იქნებ "ობშჩიაკის" ფურცლები არისო... ეს რას ნიშნავდა, არ ვიცოდი. მერე ბავშვის ეტლთან მივიდნენ, სადაც 4 თვის პატარა იწვა. მომთხოვეს ამომეყვანა, ესეც უნდა გავჩხრიკოთო, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი და კატეგორიული უარი განვაცხადე. იმდენად ვერ წარმოვიდგინე გიორგის დაკავება, რომ გადიოდნენ, გავეკიდე, ვინ გამოგგზავნათ, ხომ უნდა ვიცოდეთ-მეთქი? დაგიკავშირდებიანო და წავიდნენ. შემდეგ ახლობელმა უკრაინიდან დაგვირეკა და გვითხრა, გიორგი დააკავესო. გიორგი სააკაშვილის პირადი პატიმარია, მას სურდა ამ გზით ვიღაცაზე ეძია შური, მაგრამ ეს გზა არ გამოადგა.
- როგორც ვიცით, გიორგის დაკავება ვატო ყიფიანთან მისი კავშირის გამო მოხდა.
- ვატო ყიფიანის მამა და გიორგის მამა, ანუ ბაბუაჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. ოჯახებით გვაქვს ურთიერთობა. ცნობილია, რომ ვატოს ათხოვა უკრაინაში თავისი ბინა. რა არის ამაში გასაკვირი? ნებისმიერ ახლობელს რომ ეთქვა, ბინა დამითმეო, დაუთმობდა.
თავიდანვე ვიცოდით, რომ გიორგი დამნაშავე არ იყო. იმედი გვქონდა, გაათავისუფლებდნენ, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში, ასეთი რამ არ ხდებოდა. ახლა მოუთმენლად ველოდებით. ქვეყნის სირცხვილია, გიორგი დემეტრაძე პატიმრობაში რომ არის ძალიან აბსურდული ბრალდებით. იმდენჯერ გავრცელდა მის გათავისუფლებაზე ინფორმაცია, ალბათ სიმართლესაც ვერ დავიჯერებთ. ძნელია, სულ მოლოდინში რომ ხარ...
- ანა, გიორგიმ ერთი წელი რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში, ე.წ. კრიტშიც გაატარა, ხომ არ იცით, იქ რატომ გადაიყვანეს?
- მიზეზი ნამდვილად არ ვიცით, ალბათ, მისი გატეხა სურდათ. 11 თვე იქ გაატარა. გლდანის ციხიდან ღამით გადაიყვანეს, არაფერი უთქვამთ, ერთი თვე არც რეკავდა, საშინელი ზეწოლა იყო, ჰიგიენური პირობებიც კი არ ჰქონდა, დაუბანელი, წვერგაუპარსავი იყო. მის სანახავად მოძღვარი შევიდა და შეწუხებული გამოვიდა, ეს რა ვნახე, ჩემზე დიდი წვერი აქვს, საშინელ მდგომარეობაშია, ძალიან გამხდარიაო. სამი კვირა საჭმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, რადგან ბარათი ჩამოართვეს, იქაურ საჭმელს ვერ ჭამდა, ამიტომ ის დღეები მარტო პურზე იყო. შემდეგ გახმაურდა ეს ფაქტი და ზეწოლა აღარ გაგრძელებულა.
- როგორია ციხეში თქვენი შეხვედრა?
- ძალიან ძნელია, როცა შუშიდან უყურებ შენს საყვარელ ადამიანს, ტელეფონით ესაუბრები და მასთან შეხების საშუალება არ გეძლევა. გიორგი ძალიან გახდა, ამიტომ სულ ვთხოვთ, კვებას მიაქციოს ყურადღება. ძალიან ბევრს ვარჯიშობს. სულ მთხოვს ჩემი ბავშვები მივუყვანო და ვაჩვენო, მათ შორიდან ეთამაშება.
აქვე გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი დემეტრაძესთან:
- გიორგი, პოლიტპატიმრის სტატუსის მოლოდინში დღეებმა როგორ გაიარა?
- მოლოდინი მქონდა, მაგრამ ამაზე ჩაციკლული არ ვყოფილვარ. ვიცი, მალე დავტოვებ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მაგრამ განვიცდი იმას, რომ ჩემთან ერთად ბევრი უდანაშაულო ადამიანი ვერ დატოვებს ციხეს. იმედი მაქვს, მათ ამნისტია აუცილებლად შეეხება.
- ცნობილია თქვენი პრინციპული დამოკიდებულება, გინდათ დაამტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა, პროკურატურაშიც ხომ არ შეგიტანიათ საჩივარი საქმის გადახედვის მოთხოვნით?
- როგორც ვიცი, ჩემმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ პროკურატურას უკვე მიმართა. მართალია, პოლიტპატიმრად მაღიარეს და შეიძლება შემეხოს გათავისუფლება, მაგრამ ჩემ გარდა უდანაშაულოა ჩემთან ერთად გასამართლებული, ჩემი მეგობარი დათუნა გაგნიძეც. შეიძლება მას არ შეეხოს, ამიტომ ვითხოვთ საქმის ხელახლა გადასინჯვას და გათავისუფლებას. რა დააშავა, რატომ უნდა იჯდეს ციხეში?
- ვინ უნდა აგოს პასუხი თქვენი პატიმრობის გამო?
- იმ ადამიანებმა, ვინც დაუკვეთა ჩვენი დაკავება. ციხისთვის ყველა მეცოდება, მით უმეტეს ამ დაკვეთის შემსრულებელი, მაგრამ პასუხი უნდა აგოს მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა, ამ სამმა ვირთხამ.
- მოულოდნელად პრეზიდენტმა დარჩენილი სასჯელი გაგინახევრათ. ისიც ფაქტია, მან უმძიმესი ბრალდებით დაკავებული არაერთი პატიმარი გაათავისუფლა, როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ არ გაგათავისუფლეს?
- ჯერ ერთი, შეწყალება არავის დაუწერია და არც მითხოვია. მოულოდნელად მოვიდა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ დარჩენილი სასჯელი გამინახევრდა. მერწმუნეთ, შეწყალებას არ მოვითხოვდი, დახვრეტაც რომ მქონოდა მისჯილი. ბოლო დროს კიდევ ერთხელ მომივიდა შეწყალების ფურცელი, ამჯერად მასზე ხელის მოწერა მთხოვეს, მაგრამ ხელი არ მოვაწერე. უდანაშაულო ვარ, რატომ უნდა მოვაწერო ხელი, მე ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო.
- აქ ფიქრისთვის დიდი დრო გქონდათ, როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდით პატიმრობაში?
- საპატიმროში მოხვედრისგან დაზღვეული არავინაა, მით უმეტეს, ასეთი ფაშისტური რეჟიმის პირობებში. გული იმაზე მწყდება, რომ უდანაშაულო კაცმა ორწელიწად-ნახევარი ციხეში გავატარე.
- ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც თავიდანვე აპროტესტებდა თქვენს დაკავებას, კახა კალაძე იყო. თუ გაქვთ მასთან სატელეფონო კავშირი, მიულოცეთ მინისტრობა?
- კახას რამდენჯერმე დავურეკე და მეგობრულად მოვიკითხე. ის სულ გვერდით მედგა, სამართლიანობის იმედი მომცა. მივესალმები მის წინსვლას, მიხარია. როგორი ნიჭიერიც იყო ფეხბურთში, ისეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.
- ალბათ, გული გწყდებათ, რომ იმ ადამიანებისგან, ვისაც მეგობრებად თვლიდით, მხარდაჭერა ვერ იგრძენით?
- ზოგიერთებზე მართლა დამწყდა გული... არა უშავს, მთავარია, ჯანმრთელობა იყოს წესრიგში და ყველაფერს მოევლება.
- მაჯა დასერილი გქონდათ რამდენიმე ადგილას და ეს დაზიანება კარცერში ყოფნისას მიიღეთ, იქნებ გვითხრათ, რატომ მოხვდით კარცერში და მაჯა როგორ დაიზიანეთ?
- კარცერში ვიჯექი 5 დღე. ხმამაღალი სიცილის გამო ჩამსვეს. ძალიან რთულ პირობებში ვიყავი. ყოველ დილით, 10 საათზე ციხის თანამშრომელი კარცერში შემოდიოდა, საწოლს აკეცავდა და საღამოს 10 საათამდე ბოქლომს ადებდა. ფაქტობრივად, მთელი დღე ფეხზე ყოფნა მიწევდა. დილას ვარჯიშით ვიწყებდი, მაგრამ ვარჯიშით რომ დავიღლებოდი, მერე არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. იქვე ხელსაბანი იყო, რომელსაც წვეტიანი კუთხე ჰქონდა და იმით მართლა ვცადე თავის დაზიანება. იმ წვეტიან კუთხეს მაჯა რამდენჯერმე ჩამოვუსვი, მინდოდა იქიდან ციხის საავადმყოფოში გადავეყვანე.
- ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ციხის პირობები შეიცვალა?
- რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. სამართლიანები არიან, ახლა მე-12 დაწესებულებაში პატიმრებს ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. დაწესებულების უფროსი და მისი მოადგილე ცდილობენ, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ პატიმრებთან. ამ დაწესებულებაში ფიზიკური ვარჯიშისთვისაც ყველანაირი პირობებია შექმნილი. არის ტრენაჟორები, ფრენბურთის პატარა სტადიონი, კალათბურთის ფარი და, ძირითადად, აქ გაგვყავს დრო. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. წინა დირექტორის დროს, ეს ტერიტორია პატიმრებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. მაშინდელ დირექტორს, მეტსახელად გედეს, სტადიონზე კურდღლები ჰყავდა მოშენებული, ამიტომ პატიმრები ვერ სარგებლობდნენ. რაც წინა ხელისუფლების ლაქიები მოშორდნენ აქაურობას, პატიმრების ტანჯვა დამთავრდა, ამოისუნთქეს.
- შუქს 10 საათზე გიქრობდნენ, რადიოს თიშავდნენ. საინფორმაციო საშუალებები და პრესა ხელმიუწვდომელი იყო, ამ კუთხით თუ გამოსწორდა რამე?
- ამ მხრივაც პრობლემა მოიხსნა. 11 საათამდე საკანში გვაქვს შუქი, მაგრამ თუ პატიმარს სჭირდება, ადმინისტრაცია უპრობლემოდ რთავს უფლებას, საკანში შუქი ენთოს მანამდე, სანამ სურს. ჩვენს დაწესებულებაში შეუზღუდავად არის საეკლესიო არხი, "კავკასია", "მეცხრე არხი", რადიო "პალიტრა". ამდენად, ინფორმაცია ხელმისაწვდომია. სხვა დაწესებულებების პატიმრებს ეს შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან არ არის დამონტაჟებული შესაბამისი აპარატურა. სხვა მხრივ კარგად ვართ და ველოდებით ამნისტიას. პატიმრების 70-80 პროცენტი, უდანაშაულოა, მინდა ყველა პატიმარი ახალ წელს თავის სახლში შეხვდეს და მათთვის ეს ტანჯვა საბოლოოდ დასრულდეს. პირადად მე, გიორგი დემეტრაძე, ყველა პატიმარს მივცემდი ერთ შანსს, ისეთებსაც კი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
თეა ხურცილავა