სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარი საზოგადოებას მის ანდერძს უმხელს...
"ირინამ ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვიდან დაასახელა თავისი მკვლელების სახელებიც და გვარებიც"
რა სკანდალურ განცხადებებს აკეთებს დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე
"მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს: დღეგამოშვებით შადრევნების ლენტებს ჭრის, ერთხელ ამ ტრაგედიის ლენტიც გაჭრას!" - ეს სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის სიტყვებია. თუმცა, პრეზიდენტს არ ეყო ძალა, ამ ტრაგედიის დამტრიალებელი და დამკვეთები დაესაჯა! პირიქით, ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, სასჯელი შეუმსუბუქა და ვადამდე ადრე გაათავისუფლა. მისდა საბედნიეროდ, ირინა ენუქიძე ამას ვერ მოესწრო. ყოველთვის ამბობდა: "ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ, ან სანდროს მკვლელებს დავსჯი, ან ისინი მეც დამსჯიანო", - ამ სიტყვებს ახლა ირინა ენუქიძის მოძღვარი, დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე იხსენებს, რომელიც ეჭვობს, რომ ირინა ენუქიძეც მოკლეს და საზოგადოებას სანდრო გირგვლიანის დედის ანდერძს უმხელს, რომელიც თურმე ქალბატონმა ირინამ მოძღვარს სიკვდილის წინ გაანდო.
- ირინა ჩემს მრევლში იყო. ჩვენი ურთიერთობა სანდროს სიკვდილის შემდეგ დაიწყო. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ვწირავდი, რომელიც იქვე, სანდროს საფლავთან ახლოს არის. ჩემს მრევლში ირინას მეგობრები იყვნენ და მათგან შევიტყვე, რომ თურმე სანდროს საფლავზე არ ადიოდა. ფიცი ჰქონია დადებული, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დავსჯი, სანდროს საფლავზე არ ავალო! მისივე მეგობრების პირით შევუთვალე, ამ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა, მაგრამ გამწარებული დედა იყო და ვერაფერი შევასმინე. ერთ მშვენიერ დღეს ისევ მეგობრების დახმარებით შევატყობინე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატრიარქი მოდის და იქნებ გვეწვიოთ-მეთქი. გავაფრთხილე, რომ ამ დღისთვის ქრისტიანულად მომზადებულიყო. მართლაც მოვიდა ქალბატონი ირინა ჩვენს ეკლესიაში, ვაზიარეთ, შევახვედრეთ პატრიარქს. უწმინდესმა სთხოვა, სანდროს საფლავზე მასთან ერთად გასულიყო. ქალბატონმა ირინამ, რომელიც საოცარი პრინციპულობით გამოირჩეოდა, პატრიარქის თხოვნა შეასრულა. უწმინდესმა მაშინ სანდროს საფლავთან ახლოს ადგილი აკურთხა და თქვა, აქ უნდა აშენდეს ეკლესია, სადაც სანდროს სულის უკვდავსაყოფად ილოცებენო. ირინა პირველი იყო, ვინც ამ ეკლესიის მშენებლობაში წვლილი შეიტანა, - მისი პირველი შენატანი 500 ლარი იყო. მალე სხვა შვილმკვდარი დედებიც დაუდგნენ მხარში და ტაძრის მშენებლობის საქმეში კიდევ ბევრმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ასე აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, სადაც მე ვწირავდი და, რაღა თქმა უნდა, სანდროს სულის უკვდავსაყოფადაც ვლოცულობდი.
- კიდევ რას გაიხსენებთ ქალბატონ ირინაზე?
- ქალბატონი ირინა ხვდებოდა, რომ ჩამოაშორებდნენ იმ პროცესს, რომელიც საქართველოში სანდროს მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ყველას გახსოვთ მისი განცხადებები, საზოგადოებრივი აქტიურობა. საოცრად მებრძოლი ადამიანი და თავგანწირული დედა იყო. ამბობდა, ისინი ამ ბრძოლას არ მაპატიებენ და მეც მომკლავენ, მაგრამ ეს ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან დასაკარგი აღარაფერი მაქვს, რაც უფრო ადრე წავალ ჩემს შვილთან, მით უკეთესი იქნებაო. მართლაც სანდროს გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევარში დაიღუპა ეს საოცრად ბრძოლისუნარიანი და ღირსეული ქალი, ერთი შეხედვით, ძლიერი, ჯანმრთელი, საღ-სალამათი. სიმბოლურია, რომ 24 აგვისტოს გარდაიცვალა და ზუსტად მარიამობა დღეს ავუგეთ წესი და დავკრძალეთ.
- როგორც ვიცი, პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ფაქტს ეჭვით რატომ შეხედეთ?
- დიახ, ბოლო თვის განმავლობაში პანკრეასის სიმსივნეზე მკურნალობდა, თუმცა, თვლიდა, რომ მისი მკვლელობა სცადეს. ქალბატონმა ირინამ ბოლო კვირას თითქოს მოიხედა, სწორედ მაშინ ვინახულე. მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლება სანამ იქნება, ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილიო. შეიძლება ითქვას, ეს მისი ანდერძი იყო და როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ეს ვთქვა, მით უფრო, რომ მთავრობა უკვე შეიცვალა.
- და მაინც, რას გულისხმობდა ქალბატონი ირინა სიტყვებში "მეც მომკლეს"?
- ამის შესახებ აღარ ულაპარაკია. თუმცა, გარკვეული ეჭვი მეც და მის ახლობლებსაც გაუჩნდათ. შეიძლებოდა თუ არა მისი დაავადება რამე ზემოქმედებით ყოფილიყო გამოწვეული? იმხანად ირინასთან ურთიერთობის გამო მეც მუდმივად მაკონტროლებდნენ, მაგრამ მაინც მოვახერხე და ვკითხე მედპერსონალს, შესაძლებელია თუ არა, პანკრეასის ჯირკვლის სიმსივნის სწრაფად განვითარება მოჰყვეს ისეთ რამეს, როგორიცაა, მაგალითად, მოწამვლა-მეთქი და დამიდასტურეს.
- 2007 წლის აგვისტოში ირინა ენუქიძე გარდაიცვალა, მერე იყო ნოემბრის მოვლენები, მალე ბადრი პატარკაციშვილიც მოულოდნელად გარდაიცვალა. მის გარდაცვალებაზეც არსებობდა მსგავსი "მითური" ეჭვები.
- მეც მსმენია ამის შესახებ, თუმცა, ვერაფერს ვიტყვი. ქალბატონ ირინასაც არ დაუზუსტებია, რატომ თვლიდა, რომ "ისიც მოკლეს", რა ხერხი ან მეთოდი გამოიყენეს. თუმცა, მან ჩემთან საუბრისას ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვიდან დაასახელა თავისი მკვლელების სახელებიც და გვარებიც. ცხადია, ახლა ამას მიზეზთა გამო არ ვიტყვი. ქალბატონ ირინასთან ურთიერთობის შემდეგ მეც მოვექეცი ზეწოლის ქვეშ, მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები. მას მერეც ბევრი ხიფათი გადამხდა.
ცალკე საკითხია, რა დევნა განვიცადე ამდენი ხნის განმავლობაში... და ამაში როგორც საერო, ისე ზოგიერთი სასულიერო პირიც იყო ჩართული.
ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ დღეს წირვა-ლოცვას აღარ აღვავლენ იმ ეკლესიაში, რომელიც სანდროს სულის უკვდავსაყოფად აშენდა. ახლა საშობაო მარხვაა და ამ საკითხებზე მეტ საუბარს აღარ გავაგრძელებ.
"კვირის პალიტრა" ირინა ენუქიძის ძმას, გოგი ენუქიძეს გაესაუბრა: - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც მამა გრიგოლი ამბობს. ვნახოთ, დაინტერესდება თუ არა გამოძიება. ფაქტია, ირინას პანკრეასის ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა. ის სანდროს ამბავმა შეიწირა. როგორ და რა მეთოდებით, ეს სხვა საკითხია.
სანდროს მკვლელების დასჯა წინა მთავრობის დროს ვერ მოხერხდა. ჩვენთვის იმედისმომცემია მთავარი პროკურორის სიტყვები, გირგვლიანის საქმე წლის ბოლომდე გაიხსნება და მკვლელები დაისჯებიანო. ირინა სულ ამას ამბობდა, სანდროს მკვლელობაში არ მონაწილეობენ მხოლოდ ისინი, ვინც ამისთვის გაასამართლესო. ალბათ, მალე ყველაფერს მოეფინება ნათელი.
P.S. ჩვენ ასევე დავუკავშირდით სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილ ადვოკატს შალვა შავგულიძეს და დავინტერესდით, რა ახალი დეტალები შეიძლება გამოიკვეთოს სანდრო გირგვლიანის საქმეში.
- მონაწილეობდა თუ არა ამ მკვლელობაში 4 პერსონაზე უფრო მეტი? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც წინა ხელისუფლება საგანგებოდ ჩქმალავდა. ქალბატონ ირინას მიაჩნდა, რომ "შარდენ-ბარის" სუფრის წევრებს: დათა ახალაიას, ვასილ სანოძეს, გურამ დონაძესა და თაკო სალაყაიას უშუალო კავშირი ჰქონდათ სანდროს მკვლელებთან. გამოძიება მაშინ არ დაინტერესდა, თუ რა ზარები გაკეთდა (დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენიდან უახლოეს პერიოდში) ზემოთ დასახელებულ პირთა და უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლებს შორის. ალბათ, გახსოვთ, რომ ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა დაჩეხილი ვიდეოფირი, რომელიც ასახავდა სანდროს მანქანით გატაცებას ოქროყანის მიმართულებით. სრულად რომ გაეგზავნათ ჩანაწერი, გაირკვეოდა, მიჰყვა თუ არა უკან გატაცებული სანდროს ავტომობილს სხვა ზემოთ დასახელებულ პერსონათა კუთვნილი მანქანები. ვფიქრობ, შესაძლებელია საქმე ამ მიმართულებით გაიხსნას და ახალი დეტალებიც გახდეს ცნობილი".