"სიხარულისგან მთელი ციხე გუგუნებდა"
ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან გოგიჩაიშვილთან
"დანაშაული რომ ჩამედინა, იმის ვაჟკაცობაც მეყოფოდა, მეღიარებინა კიდეც"
"მალე ჩავებმები თავისუფლების ფერხულში"
"ციხემ ნერვების მოთოკვა მასწავლა"
"ყველას მოვუწოდებ, ჩაეხუტონ საკუთარ დედიკოებსა და მამიკოებს"
"თანასწორობის ინსტიტუტის" - "9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის" დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი დავით ლეჟავას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით იხდის სასჯელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 8 ივნისს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილის, ირინას დაბადების დღეზე 17 წლის დავით ლეჟავა დაჭრეს... 17 ივნისს კი ლევან გოგიჩაიშვილი დააპატიმრეს. მას დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები ამხელდნენ. არადა, გაირკვა, რომ დაზარალებულის და, ირინა ლეჟავა, რომელიც გოგიჩაიშვილს ძმის დაზიანებაში სდებდა ბრალს, თავად იყო უმძიმესი ბრალდებით დაკავებული - დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში. გოგიჩაიშვილის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ირწმუნებოდა, რომ ირინა ლეჟავასთან გარიგება მოხდა და მისი თავისუფლების სანაცვლოდ ლეჟავებმა უდანაშაულო გოგიჩაიშვილი ამხილეს. ამას ადასტურებს საქმის მასალებიც, მოსამართლე გოგინაშვილმა ირინა ლეჟავა 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სწორედ 17 ივნისს, გოგიჩაიშვილის დაკავების დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ამჟამად ლევან გოგიჩაიშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და მისი საქმე სტრასბურგშია გასაჩივრებული. პარლამენტმა მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა და დღე-დღეზე გათავისუფლებას ელის. მან პრეზიდენტის შეწყალებაზე კატეგორიული უარი თქვა. როგორი განწყობით შეხვდა ახალ წელს, რატომ დააკავეს, ამ და სხვა საკითხებზე ლევან გოგიჩაიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ლევან, როგორი განწყობით შეხვდი ახალ წელს?
- სამი წელია ციხეში ვხვდები ახალ წელს ოცნებით, მომავლის იმედით. როცა პატიმრობაში ხარ, ცდილობ, ამ დღეს მაინც მოსწყდე რეალობას და ხელოვნურად შეიქმნა განწყობა. წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან გათავისუფლებას ველოდები. ამისთვის დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, "ქართულ ოცნებასა" და ქართველ ხალხს. ციხეში სამწელიწად-ნახევარზე მეტი გავატარე, ეს ცოტა დრო არ არის და, ბუნებრივია, მომიწევს ადაპტაციის პერიოდის გავლა, მაგრამ მალე ჩავებმები თავისუფლების ფერხულში. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი, ჩვენს პატრიარქს კი დაბადების დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ყველას ერთად კარგ ქვეყანაში ცხოვრება.
გამიხარდა, პოლიტპატიმრად რომ მაღიარეს. ყველა ჩვენგანს სამართლიანობის განცდა დაგვეუფლა. ისედაც ვიცოდით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები რომ ვიყავით, მაგრამ, როცა ამას პარლამენტი აღიარებს, სულ სხვაა.
- როგორც ვიცი, სამარტოო საკანში კარგა ხანს იყავი გამოკეტილი.
- სულ ვფიქრობდი, რომ ის რეჟიმი აუცილებლად დამაპატიმრებდა. ამას ე. წ. მეექვსე გრძნობით ვგრძნობდი და ფსიქოლოგიურად შეგუებული ვიყავი. პირველი ორი დღე ძალზე მძიმე იყო, მერე კი შევეგუე... სამარტოო საკანში წელიწადი და 3 თვე გავატარე. ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ 10 კვადრატულ მეტრ საკანში, მაგრამ მოვახერხე საკუთარი თავის მობილიზება, ლიტერატურის კითხვაში გავატარე ეს დრო.
- ფიზიკური ზეწოლა ხომ არ ყოფილა?
- ძალიან ცუდი ვითარება იყო გლდანის დაწესებულებაში. ჯოჯოხეთი იყო. მე, ალბათ, იმიტომ მერიდებოდნენ, რომ იცოდნენ, დიდ ხმაურს ავტეხდი, არ გავჩუმდებოდი. რაც ნაკლებად აქტიურობდა პატიმარი, უფრო მეტად ექმნებოდა პრობლემა. ვინც თავს იცავდა ადვოკატის საშუალებით, თავს ანებებდნენ. ასეთები ცოტანი იყვნენ. რაც თქვენ ნახეთ, სამწუხაროდ, სინამდვილეა.
- რა მოხდა ირინა ბათიაშვილის დაბადების დღეზე?
- სანამ სუფრასთან ვიყავი, არაფერი მომხდარა. მე ხელი მქონდა ამოვარდნილი - რამდენიმე დღით ადრე ფურცელაძის ქუჩაზე აქციის მშვიდობიან მონაწილეებს პოლიცია ხელკეტებით დაგვერია, ხელი დამიზიანდა და დალევას ვერიდებოდი. ასე რომ, ფხიზელი ვიყავი...
სასამართლო და პროკურატურა მათ ხელში იყო. უბრალოდ, ადგნენ და დამაბრალეს. მომავალი გვიჩვენებს, ისინი იყვნენ მართლები თუ მე.
- ახალ პროკურორს უკვე მიმართეთ საჩივრით?
- საქმე სტრასბურგში მაქვს გასაჩივრებული. რაც შეეხება საქართველოში სამართლებრივ ბრძოლას, საჩივრის შეტანას არ ვჩქარობ, მინდა გავიდე ციხიდან და თვითონ მივყვე ამ საქმეს. ჩემი ადვოკატი შეიტანდა საჩივარს, მაგრამ ვიცი, ამას ბევრი ადამიანის დასჯა მოჰყვება. არ მინდა ეს, მინდა ჩემ წინაშე აღიარონ დანაშაული, მერე სასამართლო და პროკურატურა გადაწყვეტს, რა ზომა გამოიყენოს. არავის ვუსურვებ ციხეში ყოფნას, მოინანიონ დანაშაული, ყველას თავისი ცხოვრება აქვს.
- ანუ მზად ხარ, აპატიო დანაშაული?
- არ ვაპირებ მათ დევნას, დასჯის მოთხოვნას არ დავაყენებ. მე გამოვალ ინიციატივით, რომ ამ ადამიანებს სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდოს, დატოვონ საპროცესო შეთანხმებით გარეთ.
- შეგიძლია დაასახელო კონკრეტული პირები, ვისაც დამნაშავეებად თვლი?
- პროცესუალურად და საკანონმდებლო დონეზე პროკურორი და მოსამართლე. მოსამართლე ჯუღელი სამი შვილის მამაა, ავადმყოფი მშობლები ჰყავს, პრობლემები აქვს... წარმოიდგინეთ, სასამართლო სხდომებს მთვრალი ატარებდა, ვერ უძლებდა ფსიქოლოგიურ სტრესს. არ ვიტყუები, ნამდვილად ასე იყო. ეს არ არის დანაშაული, მორალური შეფასების კატეგორიაა. ჩემთვის წაყენებული მუხლი 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მინიმალური სასჯელი, 7 წელი მომისაჯა. თუ დამნაშავე ვიყავი, რატომ მომცეს მინიმუმი? ესეც ადასტურებს, რომ ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
მესმის მისი, ვერ გაუძლო გამოცდას, კარიერა და ოჯახის კეთილდღეობა არჩია სიმართლეს.
რაც შეეხება პროკურორს, ის მარიონეტი იყო, რასაც ავალებდნენ, იმას გაიძახოდა. კომიკური იყო ჩემი საქმე, ბოლოს დამცველის სიტყვის გარეშე დამტოვეს. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა პროცესებზე.
დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არავინ მამხელდა. მათიც კარგად მესმის. მისი და დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაიჭირეს, ციხეში დიდი ხნით გამოკეტვა ელოდა, 15 წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა ეს ბრალდება და არჩევანი გააკეთეს - პროკურატურას გაურიგდნენ და მე დამადანაშაულეს იმაში, რაშიც ბრალი არ მიმიძღოდა. თავიდან მთელი ორი თვე ვფიქრობდი, ვის დაჭრაში მადანაშაულებდნენ. მხოლოდ სასამართლოში ვნახე ის ადამიანი. რას ვიზამთ, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, უსამართლობის ეტაპიც გავიარე ცხოვრებაში. აქ ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი რამ სულ სხვა თვალით დავინახე. ციხემ ნერვების მოთოკვა, ემოციების შეკავება მასწავლა. სიტყვის გაკონტროლება ვისწავლე.
- ვის აძლევდა ხელს შენი იზოლაცია?
- ძალიან აქტიური ვიყავი. შემეძლო ბევრი პრობლემა შემექმნა იმ ხელისუფლებისთვის და თავიდან მომიშორეს. ჩემი დაკავების შემდეგ, ფაქტობრივად, ახალგაზრდული მოძრაობები აღარ არსებობდა, ბოლო პროცესებამდე. კარგად მახსოვს 7 ოქტომბერი, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. ვიცოდი, მიშა აუცილებლად დამარცხდებოდა. თქვენ არ იცით, რა განწყობა იყო 1-ელ ოქტომბერს ციხეში, როცა სააკაშვილმა თავისი მარცხი აღიარა. სიხარულისგან მთელი ციხე გუგუნებდა. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. სიხარულისგან ისე წამოვხტი, თავი მივარტყი საწოლს და გავიტეხე, ასეთი სიხარულისგან შეიძლება გულიც გაუსკდეს კაცს. ეს ფაშიზმის დამარცხებას შეიძლება შეადარო. ანალოგიური იყო ამნისტიის გამოცხადების დროსაც, ლამის დაინგრა სიხარულისგან ციხე. წლებია ვუყურებ ამ ადამიანებს, ბევრს მოენატრა ოჯახი, წლებია, დედას არ ჩახუტებიან.
- როგორც ვიცი, პრეზიდენტი შენს შეწყალებას აპირებდა, მაგრამ უარი თქვი, რატომ?
- მოთხოვნა მომივიდა, თანხმობის შემთხვევაში, შემიწყალებდნენ, მაგრამ ხელი არ მოვაწერე. არა ჩემი ამპარტავნობის გამო, უბრალოდ, ჩემი პრინციპები მაქვს. გამოსვლას ყოველთვის მოვასწრებ. საკუთარ ღირსებაზე, თავმოყვარეობაზე გადაბიჯების ხარჯზე თავისუფლებაც არ მინდა. არც გმირი მგონია ჩემი თავი, უბრალოდ ასე გადავწყვიტე, ეს ჩემი უფლებაა.
- ლევან, ფერხდება თქვენი გათავისუფლება, ახლა რა განცდა გაქვთ?
- ძალიან რთულია, ასე არ გამჭირვებია დაკავების დღეებში. პირველად რომ გადაიდო მოსმენა, ძალიან ვინერვიულე, მესამე მოსმენაზეც განვიცადე. როცა ვეტოდადებული დოკუმენტი პარლამენტში ისევ განიხილეს, ამას უკვე ვეღარ ვუყურე... გლდანში რომ ვიყავი, 7 საათზე ვიღვიძებდი და დღე ლოცვით იწყებოდა, მერე დაძინებამდე ვკითხულობდი წიგნებს. ახლა რუსთავში, ღია ტიპის დაწესებულებაში ვარ და დღეში 3-4 საათს ვვარჯიშობ, მერე ვისვენებ ან ტელევიზორს ვუყურებ. ოქტომბრის შემდეგ წიგნებს ისე ხშირად ვეღარ ვკითხულობ, უფრო სხვა რამით ვცდილობ დავკავდე...
ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, მაგრამ აქ უფრო ვიგრძენი მათი ფასი. მათი სიყვარული განუზომელია. ყველას მოვუწოდებ, ჩაეხუტონ საკუთარ დედიკოებსა და მამიკოებს.
იმედია, ძველით ახალ წლამდე გავალ აქედან. სააკაშვილს იმის გარანტიას ვაძლევ, რომ მისი რეჟიმი არასოდეს დაბრუნდება. მშვიდად მძინავს, ცოდვები არ მაწუხებს. დანაშაული რომ ჩამედინა, იმის ვაჟკაცობაც მეყოფოდა, მეღიარებინა კიდეც. მე მართალი ადამიანი ვარ.
ადამიანი, ვისაც სიმართლის არ ეშინია, არც სიცრუეს უფრთხის!
თომას ჯეფერსონი
თეა ხურცილავა