შემზარავი წერილი ციხიდან - კვირის პალიტრა

შემზარავი წერილი ციხიდან

"მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი"

შემზარავი წერილი ციხიდან (სტილი დაცულია):

"ვეუბნებოდი, ქართველები ხართ, ღმერთის არ გეშინიათ-მეთქი? უფრო მირტყამდნენ"

"შემზარა რაც ვნახე, ეს საშინელებათა ფილმი იყო"

"მოგესალმებით დიდი პატივისცემით. ამ 8 წლის მანძილზე არაადამიანურად და სადისტურად მეპყრობოდნენ. მე თქვენი იმედი მაქვს, რომ გააგებინებთ, ვისაც ჩათვლით საჭიროდ. 2006 წლის ბუნტის დროს ციხის "ბალნიცაზე" ვიწექი. იმ დღეს, როდესაც სროლა და ადამიანების დახოცვა დაიწყეს, კარის გისოსებიდან ვიყურებოდი. დამინახეს, მაგრამ ჩემთვის არავის ეცალა. იმ დღეს არა, მაგრამ მეორე დღეს ამოცვივდნენ და დამიწყეს ცემა.

ვეხვეწებოდი, პლასტმასი მაქვს თავში-მეთქი. მიპასუხეს, გუშინ ხომ ნახე, რამდენი დავხოცეთ, იმათ სიაში ხარო და ნეკნები დამიმტვრიეს, ტვინის შერყევა დამმართეს. ორი კვირა ლოგინად ჩავვარდი. მერე რუსთავის მე-6 საპყრობილეში წამიყვანეს. 2007 წელი იყო უკვე, მიღების დროს, ანუ საკანში სანამ შემიყვანდნენ, მომკლეს ცემით. იმ წელს სამჯერ 20-20 სუტკა მომცეს,  ზამთარში საცვლების ამარა ვიყავი, ტიტველი. იმ დროს უსაფრთხოების უფროსი მახო იყო, გაიგეთ მისი გვარი. ეს კაცი პატიმრებს ელექტროშოკით აწამებდა. ჩემთანაც ამოდიოდა კარცერში და ელექტროშოკით მაწამებდა. გონებას ვკარგავდი, მაგრამ წყალს მასხამდნენ და მერე ისევ ელექტროშოკში მატარებდნენ. თავს რომ ვერ ვუშველე, თავი ჩამოვიკიდე. ჩემდა საუბედუროდ, გადამარჩინეს. მერე ფეხები და მარცხენა ხელი დავილურსმე. თან ჩემი ადვოკატი დავიბარე. სამი დღე ვიჯექი ასე დალურსმული, მერე ახალ "რეზბალნიცაზე", მე-8 საპყრობილეში გადამიყვანეს.

წყალბურთელი ვიყავი, წამალი ცხოვრებაში არ გამიკეთებია, "რეზბალნიცაზე" კი ბინძური ნემსით "ცე" და "ბე" ჰეპატიტი გადამდეს. ამაზე ერთი ამბავი ავტეხე, იცოდნენ, რომ ციხემდე ჰეპატიტი არ მქონია და დამიწყეს მკურნალობა უკვე ახალ "რეზბალნიცაზე", მაგრამ ამ ახალ ადგილზეც 2009 წლის 3 ივლისს შემომიცვივდნენ პალატაში. რა გინდათ-მეთქი. გვაგინებო და დამესივნენ, ჩამარტყეს თავში და ლიფტში ჩამაგდეს. ჩამიყვანეს მორგში, დამიწყეს ცემა. ჩემ გარდა მორგში ოთხი ავადმყოფი იყო, ისინი მალე აიყვანეს, მე კი დამტოვეს. თვე-ნახევრის მანძილზე ჩავყავდი მორგში და მცემდნენ. მიდიოდა ფურთხება, სიგარეტებით წამება. ამომწვარი მაქვს მთელი ტანი. ბოლოს საცვლების ამარას მკვდრებს სადაც ჭრიან, იქ მაგდებდნენ. მეუბნებოდნენ, ბოთლით გაგაუპატიურებთ, ხმას თუ ამოიღებო.

ოღონდ არ გავეუპატიურებინე და ვითმენდი. მერე, სადაც მიცვალებულებს მალავენ, იქ უნდოდათ ჩემი ჩაკეტვა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მაცივარში ჩავკეტოთო. მეორემ უთხრა, რომ ჩავკეტოთ, გაიგუდებაო. მაცივარში კი შემაგდეს, მაგრამ კარი ღია დატოვეს და მკვდართან ვიჯექი. რომ ჩამოდიოდნენ საცემრად, ვეუბნებოდი, ქართველები ხართ, ღმერთის არ გეშინიათ-მეთქი? უფრო მირტყამდნენ. ჩემებს არ მანახებდნენ. ღამის 3, ხან 4 საათზე შემოვიდოდნენ და ჩამიყვანდნენ მორგში. თან კვდებოდნენ სიცილით, წამო-წამო, ახალი მკვდარი უნდა გაგაცნოთო. არ მქონდა გამოსავალი და თავის მოკვლა დავგეგმე, რომ ვეღარ გადავერჩინე. მიპოვეს და მაინც გადავრჩი. ფსიქიკა, ჯანმრთელობა შემირყიეს, გულის მანკი დამმართეს. დედა ინვალიდი მყავს. რა ვქნა, დამეხმარეთ. აქ ღვიძლი მეშლება, დავიღუპები, დამეხმარეთ, გთხოვთ. ამდენი ხანი გავიდა და დღეს საკნის კარი რომ იღება, კიდევ მგონია, რამეს დამიშავებენ-მეთქი. 4 ნოემბერს 32 წლის გავხდი. ახლა რომ მივედი, ალექსამ და მაიზერამ მითხრეს, შენ ხომ არ დაგავიწყდა მორგიო. მახოს გვარი გაიგეთ, ეგ არის ელექტროშოკით წამების სპეცი. ალექსას და მაიზერას ვინაობაც გაიგეთ. კიდევ უფროსები, 2009 წლის ჯალათები: "რეზბალნიცის" უფროსი ალეკო მუხაძე, მისი მოადგილე გოგა ბუთლიაშვილი, რეჟიმის უფროსი ავთო პოპიაშვილი, უსაფრთხოების უფროსი ნიკო ხატიაშვილი. კიდევ სახალხო დამცველი მჭირდება. წინასწარ მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ირაკლი მარაქველიძე".

ნინო ანდრიაშვილი, ირაკლი მარაქველიძის ადვოკატი:

- ირაკლიმ თავის მოკვლა არაერთხელ სცადა, არაადამიანურ წამებას ვერ უძლებდა. რა ხერხს არ მიმართა - თავის ჩამოხრჩობას, ვენების კბილებით გადაღრღნას, დალურსმვას... ფსიქიკა შეერყა. ის პირები კი, რომლებიც აწამებდნენ, როგორც ირაკლი ამბობს, დღესაც იქ მუშაობენ.

- როგორც ვიცი, მისი საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.

- დიახ, წამების მუხლით, ახლა გადაწყვეტილებას ველოდებით. წარმოიდგინეთ, ისეა ნაწამები და ნაცემი, რომ თავში პლასტმასი აქვს ჩადგმული. ფსიქიკური პრობლემის გარდა, უმძიმესი დიაგნოზიც დაუსვეს - მეორე სტადიის ფიბროზი.

- ეს ხომ ღვიძლის დაშლაა, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი?

- დიახ, უკვე მივმართე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეტაპირების მოთხოვნით. პასუხიც მივიღე, რომ გადახედავენ მარაქველიძის საქმეს.

სტრასბურგში გადაგზავნილ საქმეში დევს იმ პირთა დასჯის მოთხოვნაც, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა მარაქველიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი: - ირაკლი მარაქველიძემ მაჩვენა ის ადგილი, სადაც პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ ვინმე ალექსა და მაიზერა. რამდენადაც ვიცი, ისინი დღესაც იქ მუშაობენ. მერე მორგშიც ჩამიყვანა და ის ადგილი მაჩვენა,  სადაც აწამებდნენ და მთელი ღამე ტოვებდნენ სამაცივრე განყოფილებაში. შემზარა რაც ვნახე. ეს კოშმარი იყო, რომ წარმოვიდგინე ყველაფერი, თავი საშინელებათა ფილმში მეგონა... ახლა ანგარიშს ვამზადებ და შესაბამის ორგანოებს გადავცემ. მარაქველიძეს სასწრაფოდ შველა სჭირდება, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, რაც კანონით ეტაპირებას უნდა დაექვემდებაროს...

P.S. არაერთი წერილი გაიგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაგრამ ვერ მოხერხდა იმ პირთა გამოვლენა, ვისაც ირაკლი მარაქველიძე თავის წერილში მოიხსენიებს. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც "კვირის პალიტრა" კომენტარისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს რეზო ხოფერიას დაუკავშირდა და იმ პირთა ვინაობის დაზუსტება სთხოვა, ვისაც პატიმარი წამებაში ბრალს სდებს... ამის შემდეგ  ციხეში გენერალური ინსპექცია შევიდა და მარაქველიძე დაჰკითხა. დღეს მარაქველიძის მიერ დასახელებული ყველა პირი დაპატიმრებულია.

"ალექსას", "მაიზერასა" და "მახოს" ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით, არ ასახელებენ. როგორც გვითხრეს, საზოგადოება მალე გაიგებს უცნობი ჯალათების გვარ-სახელებს.

დანაშაულის ჩადენის ხიბლი დაუსჯელობის სინდრომითაა წახალისებული

ციცერონი

თამარ როსტიაშვილი