"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა" - კვირის პალიტრა

"როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა"

"კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებმა ნემსი გამიკეთეს, ამას ესწრებოდა ერეკლე კოდუაც"

"რომანი "დაკარგული ფურცლები" "დათა თუთაშხიას" გაგრძელებაა"

"მიშა მაჭავარიანი და გია ბარამიძე ვინც არიან, ჟვანიას  სიკვდილმა გამოაჩინა"

მერაბ რატიშვილი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვისთვის დააპატიმრეს. ციხეში 5 წელი და 3 თვე გაატარა. რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა როგორც პოლიტპატიმარი. რა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი, ინტერვიუდან შეიტყობთ:

-  2007 წლის 24 ოქტომბერს გავაფრთხილე ახლობლები, რომ დამიჭერდნენ. ერთი თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ, მიმანიშნებდნენ, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი. არადა, სააკაშვილი ყველას გვეძახდა, სამშობლოში ჩამოდით, აქ ყველა პირობა გექნებათ ინვესტიციების განსახორციელებლადო. ეს თვალთმაქცობა იყო, მას ფული სჭირდებოდა და არა ჩვენი დაბრუნება. ციხეში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დავინახე, სააკაშვილმა ჩაკლა პოლიტიკური პროცესი, მოკლა ოპოზიცია და მე ამ მკვდრების გაცოცხლება მოვინდომე. გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ვცდილობდი. ვხედავდი, სხვაგვარად ქვეყანას მომავალი არ ექნებოდა.

2006 წლიდან გამძაფრდა ანტირუსული პოლიტიკა. როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდა ხალხი, ვინც გაამყარებდა მის ბრალდებებს რუსეთისადმი. აგვისტოში ჩატარდა კოდორის სპეცოპერაცია და კვიციანი გაიქცა. არადა, სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე კვიციანი ოქრუაშვილს შეხვდა. "მონადირე" რომ დაიშალა, მას მერე იარაღით გაიძეძგა კოდორი. კვიციანი ითხოვდა, იარაღი გაიტანეთ, პრობლემებს ნუ ქმნით და სოჭის ხელშეკრულებას ნუ არღვევთო. კოდორის სპეცოპერაცია წყლის დასხმა იყო რუსეთის წისქვილზე.

ამის მერე, სექტემბერში, იგორ გიორგაძის ხალხი დააპატიმრეს. გიორგი მეტრეველი, რომელიც გიორგაძის მომხრეობის გამო დააკავეს, ჩემს საკანში იჯდა. მითხრა, წინა დღეს დაკავებული ხალხი მანქანებში ვყავდით, ღამე იქ გაგვათენებინეს, რომ მეორე დღეს სოდ-ის ეზოში შვეულმფრენის მონაწილეობით ჩვენი დაკავება დაედგათო.

სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2005 წლის მაის-ივნისში ტელეეთერში თქვა, - რუსეთში მცხოვრები ქართველების 10% რუსეთის ჯაშუშიაო. მაშინ რუსეთში დაახლოებით 800 000 ქართველი ცხოვრობდა და მათგან 80 000 სააკაშვილმა ჯაშუშად გამოაცხადა.

2007 წლის 27 სექტემბერს ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე "სეპარატიზმი, როგორც ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმა", სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის კლუბის" პრეზიდენტად ამირჩიეს, რომელიც სეპარატიზმის აღმოფხვრაზე მუშაობდა. იმ დღიდან ჩათვალეს, რომ პოლიტიკაში შევდგი ფეხი და თვალთვალი დამიწყეს. ეს კონფერენცია ოქრუაშვილის დაპატიმრებით გადაიფარა.

ამერიკულ პოლიტტექნოლოგიურ კომპანიასთან (რომელიც როკფელერის ჯგუფის წევრი იყო) დიალოგს ვაწარმოებდი, რომელსაც პოლ მანაფორტი ხელმძღვანელობს. მათ საქართველოში ჩამოსვლა და დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ჩატარება ვთხოვე. ოქრუაშვილის დაპატიმრებამ ჩემი გეგმები არია. მისი დაპატიმრების მერე ოპოზიციამ სპონტანურად დაიწყო გაერთიანება, მაგრამ

მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ერთიანი იყვნენ, ეროვნული საბჭოს ლიდერები ერთმანეთს ჭამდნენ.

როდესაც რეგიონებში მანქანებით დაიწყეს სიარული, მათ ვოიაჟებს ვაფინანსებდი. მივეცი ფული დროშების და პლაკატებისთვის და პარალელურად პოლ მანაფორტისთვის ვამზადებდი მასალას. ოპოზიციონერების ფსიქოლოგიური პორტრეტები შევქმენი (რაც ჩემი დაპატიმრების მერე ამოიღეს კომპიუტერიდან). ამ მასალაში ავსახე ქვეყანასა და ოპოზიციაში არსებული ვითარება. ვწერდი, ვითარება მომწიფებულია, რომ ოპოზიციისაგან რაღაც გამოიძერწოს და შიდაპოლიტიკური პროცესები დაბალანსდეს-მეთქი. არავინ აპირებდა სააკაშვილის დამხობას, არც მე და არც ამერიკელები. ჩვენ მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გაცოცხლება გვინდოდა.

ამასობაში ნოემბრის აქციები დაანონსდა და შეშინებული ხელისუფლებისთვის რუსეთისგან შექმნილი მტრის ხატი აღარ კმაროდა. დაიწყეს ისეთი პირების ძებნა, ვისაც ოპოზიციასთანაც ჰქონდა კავშირი და რუსეთთანაც. დაინახეს, რომ მე გოგა ხაინდრავას, პაატა დავითაიასა და სხვებს ვხვდებოდი, ჩემთან მოსული ხალხი კი - უსუფაშვილსა და ბერძენიშვილებს და დაასკვნეს, ამისგან შეიძლება ისეთი ფიგურა გამოიძერწოს, როგორიც გვჭირდებაო, თანაც, რუსეთის მოქალაქე ვიყავი. მე შემარჩიეს და მიშამაც ჩემი დაკავების თანხმობა მისცა.

- მაგრამ თქვენ დაახლოებული იყავით ხელისუფლების წევრებთან.

- გია ბარამიძესთან ვმეგობრობდი, მაგრამ მას ანგარიშს არავინ უწევდა. ადეიშვილსაც ვიცნობდი. მოსკოვში, როდესაც სამთავრობო დელეგაცია იყო ჩამოსული, ერთად ვისადილეთ. რამდენჯერმე შევხვედრივარ მერაბიშვილსაც. ამასობაში მოამზადეს ფირები, სადაც ბერძენიშვილები, ხაინდრავა, ნათელაშვილი და კოკო გამსახურდია რუსეთის ჯაშუშებად გამოიყვანეს. ოპოზიციის წინააღმდეგ შეკერილ საქმეს ჩემი დაპატიმრებაღა სჭირდებოდა, მაგრამ რაზე უნდა დავეჭირე? იცოდნენ, რომ გოლფს ვთამაშობდი, მაგრამ ვერ გაიაზრეს, რომ გოლფის მოთამაშის დაკავება ნარკოტიკების გამო უაზრობაა. გოლფი რეფლექტორული სპორტია და ნარკომანი ბურთსაც ვერ დაარტყამს.

- ჯაშუშობის ბრალდებით რატომ არ დაგაკავეს?

- ეტყობა, ჯაშუშობაზე იმხელა სასჯელი არ არის, რამდენიც ნარკოტიკების შენახვაზე. ჩემს სახლში კი იმდენი ნარკოტიკი ჩადეს (დაკავების დროსაც გამიკეთეს "მეტადონი"), 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა მემუქრებოდა. არადა, "მეტადონი" რომ ნარკოტიკი ყოფილა, სოდ-ში გავიგე. "მეტადონი" იმიტომ შეურჩევიათ, რომ მოსკოვში პოპულარული ნარკოტიკი ყოფილა. ნაინსულტარი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გამწირეს. 28 ოქტომბერს მიმიყვანეს ციხეში და 29 ოქტომბერს კონტრდაზვერვის თანამშრომლები მოვიდნენ ჩემთან. 10 შეხვედრა გვქონდა და ჩვენი საუბარი 4-5 საათი გრძელდებოდა. მითხრეს, შენი მეგობრები ჯაშუშები არიან და შენც დაწერილი გაქვს საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე რაღაცებიო. ეს მხოლოდ პოლიტოლოგის ნამუშევარია-მეთქი. მაიძულებდნენ, მეღიარებინა, რომ ჯაშუში ვიყავი. ამის დასტურად ხელში რა გაქვთ-მეთქი და პოლ მანაფორტისათვის გამზადებულ წერილს მაჩვენებდნენ. ითხოვდნენ, რომ ოპოზიციიდან თუნდაც ერთზე მეთქვა, ეს ჯაშუშია, მე კი მისი კურატორი. რუსეთი გვაფინანსებს-მეთქი. დაკითხვაზე ვუთხარი, მე პირიქით ვფიქრობ, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ძმანი მათნი მუშაობენ რუსეთზე-მეთქი, რაზეც ძალიან გაბრაზდნენ. წყნარი ლაპარაკით რომ არაფერი გამოუვიდათ, მუქარაზე გადავიდნენ, თავს მოგაჭრით და ოჯახს დაგიწიოკებთო. სანამ თქვენ მომკლავთ, მაგას მე თვითონ გავაკეთებ-მეთქი. დაკითხვის დროს კონტრდაზვერვის უფროსი შალვა ჟღენტი ჩემს ზურგს უკან იჯდა. 19 ნოემბერს, როდესაც მიშამ თქვა, გადავდგებიო, სოდ-ელები ჩემთან გამწარებული შემოცვივდნენ, სისხლი რომ დაიღვარა, ამაში შენი ხელიც ურევიაო. ხალხი მე ხომ არ დამირბევია-მეთქი და შეტევაზე გადავედი, - რამე რომ მომივიდეს, ვერ გადარჩებით-მეთქი. ეს ტყუილად არ მითქვამს. მოგვიანებით ციხის ერთმა თანამშრომელმა მკითხა, შენი რატომ ეშინიათო? უპატრონო ხომ არა ვარ, ამხელა სამეგობრო მყავს. უნამუსოდ რომ მომექცნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, ხახვივით არ შერჩებოდათ...

მათ დაუსჯელობის სინდრომი ჰქონდათ და ამიტომ გაბედეს ამდენი. მცხეთაში 49-წლიანი იჯარით აღებული მიწა წამართვეს, სადაც გოლფის მოედნის აშენებას ვაპირებდი. ასევე წამართვეს ლიცენზიები სამთო მოპოვებისთვის. ერთი ლიცენზია აჭარაში (ხულოში) ოქროს მოპოვებაზე თემურ ალასანიამ მიითვისა. ამ საქმეების გამო დავას ვაპირებ სასამართლოში. მეტსაც გეტყვით, - პროკურატურაში უკვე შეტანილია სარჩელი იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ჩემი საქმე შეკერა. სულ 22 კაცია. კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებმა დამაპატიმრეს და გამიკეთეს ნემსი. ამას ესწრებოდა ერეკლე კოდუა, რომელიც ჩემმა მძღოლმა იცნო. პასუხისგება მოუწევს კონტრდაზვერვის უფროს შალვა ჟღენტსაც. როდესაც ვერ დამიყოლიეს, ჩემი მოსყიდვა სცადეს, გოლფის მოედანს აგიშენებთ, ოღონდაც ერთი ოპოზიციონერი მაინც დაასახელეო. მერე თანამდებობას მთავაზობდნენ. გამორიცხულია-მეთქი.

- თქვენ მეგობრობდით ზურაბ ჟვანიასთან.

- ზურა 1996 წელს გავიცანი, როდესაც "საქრუსენერგო" შევქმენი და კავკასიონის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი აღვადგინეთ. მაშინ ზურა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ეს საქმე მისი მხარდაჭერით გაკეთდა. ავტორიტარიზმის გზაზე დამდგარი სააკაშვილისთვის ერთადერთი ბარიერი ზურაბ ჟვანია იყო, რომელსაც შეეძლო მხარზე დაერტყა მიშასთვის და ეთქვა, გაჩერდიო. როგორც კი ჟვანია მოიცილა, სააკაშვილმა აიწყვიტა.

- ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოიცილა?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს იყო მკვლელობა. 2004 წლის შემოდგომაზე მადლენ ოლბრაითმა ზურას ორდენი რომ გადასცა, ჩამოვფრინდი საქართველოში და ზურას ვუთხარი, არ გილოცავ ორდენს-მეთქი. გაიცინა, რატომო? მიშა  ბოღმაა და ამის გამო რა დაემართება, ვიცი-მეთქი. ზურა ამაზე იღიმოდა. მეუბნებოდა, მინდა აქტიურად ჩაება პროცესებში, სოფლის მეურნეობისთვის ინვესტიციები მჭირდებაო. მართლაც ჩამოვიყვანე დიდი კომპანიების წარმომადგენლები... მიშა მაჭავარიანი და გია ბარამიძე ვინც არიან, ზურას სიკვდილმა გამოაჩინა. თუნდაც თავისით მომკვდარიყო, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, რადგან ზურას გამოზრდილი ლეკვები იყვნენ.

2004 წლის დეკემბერში ჩამოვედი საქართველოში და ღამით ზურას კანცელარიაში შევხვდი. იცოდა მის კაბინეტში საუბრები რომ იწერებოდა, გვერდით, პატარა ოთახში გამიყვანა და ონკანიდან წყალი მოუშვა... ყველაფრიდან ჩანდა, რომ საფრთხე ელოდა. ჩემთან ელჩები დადიოდნენ, მათი საუბრიდანაც ჩანდა, რომ განასხვავებდნენ ზურასა და მიშას. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ზურა ნამდვილად მოკლულია და ამაში მისი გარემოცვის ხელი ურევია".

- თქვენ ზურაბ ჟვანიასთან 2004 წლის დეკემბრის შეხვედრას იხსენებდით...

- როგორც გითხარით პატარა ოთახში გავედით. უცებ მკითხა, საჩემო არაფერი გაქვს, რომ მოსკოვში წამიყვანოო? მე საქართველოში მეძახი, პოლიტიკაში ჩართვას მთხოვ და ახლა წასვლა თვითონ გინდა? ამხელა პროექტი (გოლფის მოედნის მშენებლობა) დავიწყე და შენ თუ აქ არ იქნები, არაფრის გაკეთების საშუალებას არ მომცემენ-მეთქი. ზურამ ამით მიმახვედრა, რომ გრძნობდა, მის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა...

ზურა რომ გარდაიცვალა, გაგიჟებული ჩამოვფრინდი საქართველოში. ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ზურა ძეხვს ჭამდა და ამ დროს გაზით გაიგუდა. რატომ ამოიღეს მისი კუჭიდან დაუღეჭავი ძეხვი? ძალით ჩაუტენეს და იმიტომ...

ციხეში მე სხვა საქართველო დავინახე. უკეთესი, ვიდრე გარეთ იყო. შევედი როგორც პოლიტოლოგი და გამოვედი, როგორც მწერალი. ციხეში დავასრულე ტრილოგია (ჯუღა, ილიადი, თეთრი ლამა), რომელიც 5 წიგნისაგან შედგება. რომანი "დაკარგული ფურცლები" "დათა თუთაშხიას" გაგრძელებაა.  მინდა სცენარი დავწერო და ფილმი გადავიღო.

- პოლიტიკა?

-  ქართული პოლიტიკა უკვე კარიკატურული გახდა. გავაგრძელებ წერას და საქართველოში არაერთ გოლფის მოედანს ავაშენებ. ციხიდან გამოსულს ძალიან შეცვლილი დამხვდა გარემო, სილაღეს ვატყობ ხალხს, აღარ ეშინიათ.

სიხარბე სხვისი ქონების დაუფლების დანაშაულებრივი გრძნობაა

ციცერონი