"ბედუკაძესაც და მის ოჯახსაც მე ვაფინანსებდი"
მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ 9 560-მა მადლიერმა მოქალაქემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქა თავისი ქონება. ბევრი მათგანი ახლა ამ ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს... როგორ ართმევდნენ ხალხს ქონებას, ამას ერთი ბიზნესმენის მაგალითზე შეიტყობთ. თამაზ ელიზბარაშვილის მონათხრობში საგანგაშო ის არის, რომ მას ახალმა ხელისუფლებამაც მოსთხოვა მილიონი.
- 1993 წელს საქართველოში დავბრუნდი და ბიზნესი დავიწყე. 1996 წლიდან "მოქალაქეთა კავშირის" ახალგაზრდულ ფრთას - მიხეილ მაჭავარიანს, გია ბარამიძესა და ზურაბ ჟვანიას დავუმეგობრდი. ყოველთვიურად მათ პარტიას 10.000 ლარით ვეხმარებოდი. მეგონა, ეს ძალა ქვეყანას კორუფციის ჭაობიდან ამოიყვანდა. 1997 წლის მარტში დამაპატიმრეს - ყაჩაღური ჯგუფის ხელმძღვანელობა მედებოდა ბრალად. მეხუთე იზოლატორში მომათავსეს. გვერდით საკანში ჯაბა იოსელიანი იჯდა. საღამოს წყალი წყდებოდა და კანალიზაციის მილში ჩავძახებდით, ერთმანეთისთვის ხმა რომ მიგვეწვდინა. მიწის ქვეშ, სამი სართულით ქვემოთ, ოთხ კედელში ვიყავით გამომწყვდეული. ყველა კუთხიდან წყალი წვეთავდა და საკანში კოჭებამდე იდგა. სამი თვე ასე გავატარე, შემდეგ თავდებით გამათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავს დამესხნენ და ძლივს გადავურჩი სიკვდილს...
- ყველას ახსოვს სიგარეტის ორი დისტრიბუტორის - "ომეგასა" და "ელიზის" გახმაურებული საქმეები. მაშინ ორივე ფირმას ავიწროებდნენ. მკვლელობებიც მოხდა.
- ვერ ვიტყვი, რომ "ომეგას" არ აწყობდა ბიზნესის გათეთრება, მაგრამ მის უკან ასლან აბაშიძე და კახა თარგამაძე იდგნენ, მათ ეს არ აწყობდათ, ფული მხოლოდ თავისთვის სურდათ. მე კი კანონპროექტის გამო გამომიცხადეს ომი... დამიჭირეს და კომპანია "ფილიპ მორისმა", რომლის წარმომადგენელიც ვიყავი, კონტრაქტი შემიწყვიტა, კრიმინალი პარტნიორი არ გვჭირდებაო. რაც აჭარასა და თბილისში ქონება გვქონდა, წაგვართვეს, მანქანები წაიყვანეს, ნულზე დაგვსვეს... ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი პარტნიორის ძებნა დავიწყე. უშუალოდ კახა თარგამაძის მითითება იყო, ელიზბარაშვილს საქართველოში ბიზნესი არ ჰქონოდა. მაინც არ გავჩერდი და ამიტომაც დამესხნენ თავს. მერე ისევ ჩემი დაკავება დაიგეგმა, ეს შევიტყვე და სასწრაფოდ წავედი საქართველოდან. 2000 წელს დავბრუნდი და მაშინ სასამართლომ გამამართლა...
- ამ პერიოდში ძებნა თქვენს 18 წლის ვაჟზე, გურამ ელიზბარაშვილზე გამოცხადდა. ის თანატოლის მკვლელობაში იყო მხილებული.
- მეზობელ ბიჭს გოგო უყვარდა, თურმე ის ერთდროულად ორ ბიჭს ხვდებოდა. მიშიკო ცირეკიშვილი თავის დაბადების დღეს საბანკეტო დარბაზში აღნიშნავდა. იმ დღეს მიშიკოსა და ჩვენს მეზობელ გიორგის შორის შელაპარაკება მოხდა. საქმის გასარჩევად გიორგიმ მეგობრები, მათ შორის ჩემი შვილი წაიყვანა, რომელიც ახალი ნაოპერაციები იყო და ხელჯოხით მივიდა. ამ დაპირისპირების დროს გურამი და ჩვენი ნათესავი ბიჭი ცირეკიშვილსა და მის სამეგობროსთან მარტო აღმოჩნდნენ და ამ დროს მოკლა გურამმა ცირეკიშვილი. ძალიან განვიცდი ამ ტრაგედიას. ჩემმა მეგობრებმა ჩემი შვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, რადგან ვშიშობდი, რომ კახა თარგამაძე ციხეში მასზე შურს იძიებდა. კობა ნარჩემაშვილის მინისტრობისას კი ჩემი ხელით მივიყვანე გურამი პოლიციაში და მკვლელობისთვის 21 წელი მიუსაჯეს.
- ფული მართლა გადაიხადეთ, რომ თქვენი ვაჟი ციხის ნაცვლად ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეყვანათ?
- 12 წლის ასაკში გურამმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო, მას მერე სულ ფსიქოტროპულ წამლებზე გვყავდა. დაკავების შემდეგ პირველი ექსპერტიზა მამარდაშვილმა ჩაატარა და დაასკვნა, რომ გურამი ავად არის, მაგრამ მკურნალობა არ სჭირდებაო. გავასაჩივრე და 2002 წელს ახალი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩემი შვილი ასათიანზე, ფსიქიატრიულში რამდენიმე თვე იწვა გამოსაკვლევად. მის სანახავად მისულს საშინელი ანტისანიტარია დამხვდა, ფანჯრებს მინები არ ჰქონდა, იატაკი აყრილი იყო... მაშინ საავადმყოფოს დირექტორი ჩემი მეგობრის, თემო მაჭავარიანის ნათესავი, ნანეიშვილი იყო და ვუთხარი, რემონტის თანხებს გადავიხდი-მეთქი. ეს ქველმოქმედება იყო. დირექტორმა მოადგილესთან, ხარებავასთან გაგვგზავნა და მას 2003 წელს 30.000 დოლარი მართლა გადავეცით. მართლაც გაკეთდა იქ რემონტი, თანხის ნაწილი კი ხელფასებად დარიგდა. 7 წლის შემდეგ, 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურა იმას მედავებოდა, რომ თურმე ფული გადავიხადე ყალბი დასკვნისთვის.
- ისევ ბიზნესს დავუბრუნდეთ, თქვენი ბიზნესი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განვითარდა, ძველ ხელისუფლებას თუ უხდიდით თანხებს?
- "ვარდების რევოლუციაზე" გული მას შემდეგ გამიტყდა, რაც ბიზნესმენების მასობრივად დაპატიმრება და ფულის შეწერა დაიწყეს. პირველად მერაბ ჟორდანია დაიჭირეს, მერე ჯოხთაბერიძე, ამას დაემატა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. ის იყო ერთადერთი, რომელიც სააკაშვილის აღვირახსნილ სისასტიკეს ეწინააღმდეგებოდა და მოიშორეს.…ჩემი ურთიერთობა "ნაციონალებთან" 2005 წლამდე გრძელდებოდა. კახეთში რამდენჯერმე მაყიდვინეს რამდენიმე ტონა ყურძენი და დავურიგე ახლობლებს, მაგრამ იმდენად ბევრი იყო, რომ ნაწილი გადავყარეთ. თუ რამე სჭირდებოდათ, ფულს მთხოვდნენ.
- ვინ გირეკავდათ?
- მიშა მაჭავარიანი, ირაკლი ჩუბინიშვილი, რომელიც რუსეთში ელჩად მუშაობდა. ბევრჯერ დამაფინანსებინეს ქალაქში გამართული კონცერტები, მაგრამ ერთ დღესაც მიშა მაჭავარიანს მივახალე, მორჩა, აღარაფერს ვაფინანსებ-მეთქი. ამის შემდეგ წამართვეს ორი ძვირად ღირებული ჯიპი, თითქოს არალეგალურად იყო საქართველოში შემოყვანილი. არადა, ორივე აქ ვიყიდე: ერთი - პარლამენტარისგან, მეორე - რიგითი მოქალაქისგან. ეს იყო პირველი ყურის აწევა, ამით მითხრეს, ნახე, რა შეგვიძლიაო. შს მინისტრის მოადგილე კაჭარავასთან მივედი, ვტოვებ ამ მანქანების ღირებულებას - 100.000 დოლარს და სანამ გაარკვევთ ყველაფერს, მანამდე თანხა აქ იყოს და მანქანები მომეცით. თუ გაირკვა, რომ არ იყო სწორად შემოყვანილი, მაშინ იმ თანხასაც გაჩუქებთ და ამ მანქანებსაც-მეთქი. მადროვეო, მითხრა, გავიდა კაბინეტიდან და დაბრუნებულმა მიპასუხა, გამორიცხულიაო. ალბათ, ადეიშვილს შეუთანხმდა. მერე შევთავაზე, 100.000-ს გაჩუქებთ და ჩემს მანქანასაც, ოღონდ მამაჩემისა დამიბრუნეთ (ისიც ჩამომართვეს), არ მინდა, ნაოპერაციებმა ინერვიულოს-მეთქი. არც ამაზე დამთანხმდნენ...
ამის შემდეგ გადავედი ოპოზიციაში, 2007 წლის ნოემბრის აქციებს ვაფინანსებდი. სახალხო პატრულიც მე დავაფინანსე, ერთადერთი ბიზნესმენი ვიყავი, რომელიც საჯაროდ დაუპირისპირდა მათ და ოპოზიცია დააფინანსა. იმდენი ვიბრძოლე, ესპანეთიდან ჩამოვიყვანე ჩემი წართმეული მანქანის მეპატრონე და მამაჩემის ჯიპი მაინც დავიბრუნე. ჩემი მანქანით კი ფინანსური პოლიციის უფროსის დათო ქარსელაძის მძღოლი დადიოდა. ერთხელ ქუჩაში მანქანა დავინახე, მძღოლს გასაღები წავართვი, მაგრამ პატრულის ძალით გასაღები დამაბრუნებინეს. ამას მოჰყვა 2009 წელს ფინანსურის შემოსვლა "ელიზში" და 1.330.000 ლარით დამაჯარიმეს. მერე რესტორან "ბეღელში" შევიდნენ და იქაც 150.000 გადამახდევინეს. მაშინ ადეიშვილისგან მოგზავნილმა კაცმა მითხრა, დაისჯებიო. ამას ის მოჰყვა, რომ 2010 წლის 5 ივნისს დაგვაკავეს მე, ჩემი რძალი სალომე, მისი მამა და ჩემი მეგობარი, გლდანის ციხეში მიკრეს თავი.
- იქ რა პირობებში იყავით?
- იქ პირველსავე წუთიდან იწყება ღირსების აყრა. შიშველს გეუბნებიან, ჩაიკუზე და დუნდულები გასწიე ხელითო. ამ მდგომარეობაში გაიძულებენ, ჩაჯდე და მერე ადგე, თან დედას გაგინებენ...
ამ საშინელების შემდეგ კარანტინში შემიყვანეს. 6-ადგილიან საკანში, სადაც მინიმუმ 22 კაცი იყო, 14 დღე დავყავი. დაბანით ვერ დაიბანდი, ტუალეტის ქაღალდი არ იყო. თითო პატიმარზე დღეში ერთი პური იყო განკუთვნილი. რკინის ნარზე მორიგეობით, თითო პატიმარს დღეში სამი საათი გვეძინა. სადილს "აფეთქებულს" ვეძახდით. გაყინული ქათმის ხორცი ნაფლეთებად იყო ქცეული. იმ აფეთქებულში რამდენიმე კარტოფილი ეყარა. საშინელი სუნი ჰქონდა, მაგრამ იძულებული ვიყავით, გვეჭამა. "აბსლუგა" დაიძახებდა, მოვიდა აფეთქებულიო და დაგვისხამდა ორ პლასტმასის ჯამში. ჩვენ-ჩვენი წილი პური ხელში გვეჭირა, ერთმანეთის უკან ჩავმწკრივდებოდით, მაგიდას წრეს ვარტყამდით და რომ მივუახლოვდებოდით, პურს ჩავაწობდით და გზას ვაგრძელებდით. ერთხელ წნევამ ამიწია და ექიმმა წამალი არ მომცა...
საშინლად გავცივდი, ვერ ვსუნთქავდი და ცხვირის წვეთები მოვითხოვე, ექიმმა მითხრა, სულელი ხომ არა ხარ, მარილიანი წყალი ჩაიწვეთეო. მაშინ მარილი მაინც მომიტანეთ-მეთქი, ამაზე სიცილით მოკვდა. მერვე დღესაც რომ არ გადამიყვანეს საკანში, შიმშილობა დავიწყე. იქიდან ფუქსის კამერაში შემიყვანეს, სადაც არც საწოლი იყო, არც სკამი. მკრთალი შუქი ანათებდა. ვიგრძენი, რაღაცას ფეხი დავაბიჯე, თურმე ფეკალია ყოფილა. ავტეხე ხმაური, კარი გამიღეთ, ვიღაცას აქ მოუსაქმებია-მეთქი. მოვიდა ზედამხედველი და ირონიით მითხრა, რას ყვირიხარ, ამისთვის განზრახ შემოვიყვანეთ "აბსლუგის" თანამშრომელიო. იმ საშინელ სუნში მამყოფეს 24 საათი. ლადო ბედუკაძემ მომაკითხა და მითხრა, ეს კალმახელიძის დაკვეთაა, მაგრამ მასაც ვიღაცამ დაავალაო. ლადო ბედუკაძემ ციხის მაღაზიაში თავისი ფულით კბილის პასტა და ჯაგრისი მიყიდა და მალულად კბილის გახეხვის საშუალება მომცა. მერე ისიც მითხრა, ფრთხილად იყავი, ისეთ კამერაში შეჰყავხართ, სადაც კამერაა დამონტაჟებულიო. 66-ე საკანში შემიყვანეს, 5 თვე ვეძებე კამერა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ახლახან აჩვენეს ტელევიზიით ის საკანი, თურმე ჩემი საწოლის ზემოთ ყოფილა დამონტაჟებული.
- მაშინ დანაშაული აღიარეთ. ახლაც იმავე აზრის ხართ?
- სხვა გამოსავალი არ მქონდა, მთავარი იყო, ჩემი რძალი გაეთავისუფლებინათ, თან 10 მილიონს მთხოვდნენ და ამაზე არ წავედი. ოთხჯერ ჩამიყვანეს კარცერში, ფუქსშიც ჩამაგდეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. საბოლოოდ გირაოთი გამოვედი, 6 მილიონი დამადებინეს. ჩემთან ერთად დაკავებულებში, თითოეულში, 5.000 ლარი გადამახდევინეს. დაკავების დროს კიდევ ორი ჯიპი წამართვეს - ჩემი და სალომესი. მისი დაბრუნება რომ მოვითხოვე, მითხრეს, სახელმწიფოს უნდა აჩუქოო. ჩემმა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ მირჩია, ჯობს ასე მოიქცე, იცოდე, რაღაცას გაგიჩალიჩებენო. რა მექნა, ეკონომიკის სამინისტროში დავწერე განცხადება და ვაჩუქე. 2010 წელს 27 მილიონის პროექტი უნდა გამეკეთებინა და გამეყინა. განსასჯელი ვარ დღესაც. უცხოელი პარტნიორები ეჭვით მიყურებენ, ჩემი რეპუტაცია შელახულია.
- მანამდე თქვენმა სახელმა გაიჟღერა ციხის ბუნტის საქმეში. ითქვა, რომ ლადო ბედუკაძესთან იყავით შეკრული.
- ლადო 2011 წელს დამიკავშირდა და შევხვდი, კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი იყო ჩვენთან. მითხრა, სამხილები მაქვს და მინდა სააშკარაოზე გამოვიტანოო. დახმარება აღვუთქვი. მერე ჩემთან არ დაურეკავს, გიორგი ლომიას დაუკავშირდა და მასთან ერთად გააკეთა ის საქმე. მთავარმა პროკურორმა ზოდელავამ თქვა, თამაზ თამაზაშვილი აფინანსებდაო, მერე თქვა, თამაზ ელიზბარაშვილიო. ზოდელავას დასჯას მოვითხოვ. მეორე დღეს, 19 სექტემბერს, 5 საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა. გამომძიებელ ნათელაშვილს სულ ვიღაც ურეკავდა. ბოლო მომენტში გადაიფიქრეს ჩემი დაკავება, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება ჩაერია და გააფრთხილეს სააკაშვილი, ეს არ გაეკეთებინა. უცხოეთში გაქცეულ ბედუკაძეს და მის ოჯახსაც, რომელიც სტამბოლში იყო, მე ვაფინანსებდი.
- ახლა რა სტადიაშია თქვენი ბრალდების საქმე, ხომ არ არის მოსალოდნელი საქმის შეწყვეტა?
- ვითხოვ, ყველაფრის გარკვევას, მაინტერესებს ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გურამს ინსულტი და ეპილეფსია აქვს, ხელ-ფეხი წაერთვა, ფილტვები, თირკმელი, ნაღვლის ბუშტი აწუხებს. 2009 წელს, როცა ბრძოლა გამომიცხადეს, გურამი ზუგდიდის ციხეში გადაიყვანეს. იქ კინაღამ მოკლეს, მანაც საპასუხოდ სცემა ბადრაგს და ციხის ბუნტსა და ბადრაგის ცემაში დაადანაშაულეს. ის ხელი მოატეხეს, რომლითაც ბადრაგს დაარტყა.
ახალი ბრალდებით გაასამართლეს და მისჯილ 21 წელს კიდევ 11 დაუმატეს. როცა 6 მილიონის გადახდაზე დამითანხმეს, მაშინ გურამზეც საპროცესო გააფორმეს იმ მისჯილ 11 წელზე და აპელაციაში ორწელიწადნახევარი დაუტოვეს, ამაშიც ცალკე 200 ათასი ლარი გადამახდევინეს. 6 მარტს კი ჩემმა ადვოკატმა დათო ხაჟალიამ გამაოგნებელი რამ შემატყობინა, - მითხრა, ქალაქის პროკურატურაში მითხრეს, თამაზ ელიზბარაშვილმა მილიონი გადაიხადოს, საპროცესო გაფორმდება და დანარჩენი თანხა უკან დაუბრუნდება, მაგრამ ქრთამის ნაწილში ბრალს უნდა დაეთანხმოსო. ერთი ამბავი ავტეხე. ადვოკატმა ამის მთქმელი პირი არ დამისახელა, მითხრა, შარში ნუ გამხვევო. ვფიქრობ, უნდოდათ, პროვოკაციას წამოვგებოდი და ამას გამოიყენებდნენ, იტყოდნენ, ელიზბარაშვილს მილიონი გადაახდევინეს და ახალმა ხელისუფლებამ გაატყავაო. არჩილ კბილაშვილს მივაწვდინე ეს ამბავი, მან გვითხრა, მე სხვანაირად მითხრესო. თურმე ქალაქის პროკურატურიდან დაურეკეს კბილაშვილს და უთხრეს, თითქოს მე მზად ვარ საპროცესო გარიგებაში მილიონი გადავიხადო. მოვითხოვ გაირკვეს, ვისგან წამოვიდა ეს ამბავი. არ უარვყოფ, რომ ფული მივეცი ხარებავას, მაგრამ მივეცი სხვა საქმისთვის. სასამართლოს გადასაწყვეტია, ამას რა შეფასებას მისცემს. თუ ქველმოქმედება დანაშაულია, მითხრან.
თეა ხურცილავა