აზერბაიჯანელი ხარ და ბარიგები გეცოდინება, ერთი დაგვაჭერინე და შენ გაგიშვებთო
ბოლო ხანს საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გახშირდა ადამიანთა დაკავების მიზნით ნარკოტიკების ჩადების ფაქტები. ასეთ დროს სამართალდამცავთა "მსხვერპლნი" ამინისტიით გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები არიან, ხოლო თავად წესრიგის დამცველნი კი ის ადამიანები, რომლებმაც მსგავსი საქმეებით ჯერ კიდევ "ვარდების ხელისუფლებაში" გაითქვეს სახელი და რატომღაც თანამდებობებზე ყოფნას დღემდე ახერხებენ.
"არასასურველი" ადამიანების ციხეში გამომწყდევა ნარკოტიკის ან იარაღის ჩადებით, შევარდნაძის ხელისუფლებაში აპრობირებული მეთოდი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროში მას დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ფორმად მოიხსენიებდნენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ასეთ მეთოდებზე უარს იტყოდა, თუმცა ორიოდე წლის შემდეგ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებას კვლავ მიჰყო ხელი, რის გამოც ციხეებში ათასობით ადამიანი ათეულწლობით გამოკეტა.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსგავსი მეთოდებით დანაშაულთან ბრძოლა საკუთარი უწყებისთვის მიუღებლად გამოაცხადა, თუმცა...
2013 წლის პირველ აპრილს, ღამით, რუსთავში, ადგილობრივმა პოლიციამ (როგორც თავად აცხადებენ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე) მორიგი ღონისძიება ჩაატარა და კოსტავას ქუჩის 15 ნომერში ადრე ნასამართლევი ილგარ მამედოვი და ნიკოლოზ ხვედელიძე დააკავა.
ილგარ მამედოვი:
- ორ თვეზე მეტია, რაც ციხიდან გამოვედი, ამინისტია შემეხო. დედა კიბოთი მყავს ავად, ბაქოში ოპერაცია გავუკეთეთ და იქ ვიყავი, შემდეგ ჩემი ძმა ჩამოვიდა დედასთან და მე ცოტა ხნით რუსთავში დავბრუნდი, ძმის ოჯახისთვის ყურადღება რომ მიმექცია. ამ დღეებში ბაქოში დაბრუნებას ვაპირებდი. ქალაქში რამდენჯერმე შემხვდა ზაალ ადამია (რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე, - ავტ.) და მითხრა, - წადი ქალაქიდანო. რატომ წავიდე, ხომ არაფერს ვაშავებ-მეთქი. პირველ აპრილს მე და ნიკუშა ხვედელიძე მეგობართან მივდიოდით კოსტავას 15 ნომერში. დაახლოებით საღამოს 10 საათი იქნებოდა. ეზოში რომ შევედით, ხალხმრავლობა იყო, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მეზობლები ისხდნენ გარეთ. როგორც კი მანქანა გავაჩერეთ და გადმოსვლა დავაპირეთ, მოულოდნელად ჩვენი მანქანა გაანათეს, პოლიციელები მოგვცვივდნენ და მანქანიდან ხელებგაკავებულები გადმოგვიყვანეს, 15 კაცი იქნებოდა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ეზოში მყოფი მეზობლები აყვირდნენ - რას აკეთებთო! მე და ნიკუშა გაგვჩხრიკეს, მანქანა დაათვალიერეს, საეჭვო რომ ვერაფერი იპოვეს, ტელეფონებზე რეკვა და ჩოჩქოლი დაიწყეს. პოლიციელებში ზაალ ადამია ვიცანი. მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გამწარებულმა დავუყვირე - ხომ ნახეთ, რომ სუფთა ვარ, არაფერი ჩამიდოთ-მეთქი. ამ ამბით აღშფოთებულ მეზობლებს ახლოს არ უშვებდნენ, ვიღაცა ყვიროდა, - როგორ იქცევით, ახლა ხომ სხვა დროაო... შევამჩნიე, რომ პოლიციის ორი მანქანა კიდევ შემოვიდა. ჩხრეკის შემდეგ ფარნებით მიწის თვალიერება დაიწყეს.
ცოტა ხანში ერთმა პოლიციელმა დაიძახა, - ვიპოვეო. ხელში რაღაც ეკავა, - მანქანის უკან მიწაზე ეგდოო (მანქანიდან ხელგაკავებული გადმომიყვანეს, იმ ადგილას არც ვყოფილვარ და იქ როგორ დავაგდებდი?!).
ნიკუშა ხვედელიძე: - მე საჭესთან ვიჯექი. მანქანა როგორც კი გავაჩერე, ეგრევე გადმომიყვანეს, ხელები უკვე შეკრული მქონდა, თავი მანქანის კაპოტზე დამადებინეს და გამჩხრიკეს. ვერაფერი მიპოვეს. აშკარად უკმაყოფილოები დარჩნენ და ერთმანეთში ჩურჩული და სადღაც რეკვა დაიწყეს... ამასობაში ერთმა პოლიციელმა დაიყვირა, - მიწაზე ნარკოტიკი ვიპოვეო და კაპოტზე დადო. ვერცხლისფერ ქაღალდში იყო რაღაც გახვეული.
მახსოვს, ზაალ ადამიამ თქვა, - ჰეროინიაო. საიდან უნდა სცოდნოდა, ის ხომ არც გაუხსნიათ?! ჩემი მანქანა ისევ დაათვალიერეს, მაგრამ საეჭვო არც იქ იყო რამე. ვიფიქრე, რომ პოლიციელებს ილგარი აინტერესებდათ, ხოლო მე შემთხვევით ვიყავი ამ ამბავში მოხვედრილი...
ილგარ მამედოვი: - ერთმანეთში კაი ხანს ითათბირეს, მერე მე ერთგვარი წრე შემომარტყეს. ამ დროს მეზობელმა, ზემოდან რომ გვიყურებდა, დაიყვირა, - ხალხი არა ხართ, რას შვრებით, ბიჭებს რატომ ღუპავთო. მეც, რაც შემეძლო, გავყვიროდი, - არ ჩამიდოთ, არ ჩამიდოთ-მეთქი. გავიგე, ზაალ ადამიამ იმ პოლიციელს, რომელმაც ნარკოტიკი "იპოვა", როგორ ჩასჩურჩულა, - ჩაუდეო. ის ყოყმანობდა, ჩანდა, ასეთ რამეებს დაჩვეული არ იყო. იმ წუთში ნარკოტიკის ჩადებას სიკვდილი მერჩივნა, ციხეში 8 წელი სწორედ ნარკოტიკის ჩადებისთვის გავატარე. ნარკოტიკი შარვლის წინა ჯიბის ე.წ. "პისტონჩიკში" ჩამიდეს. იქ სანთებელა მედო. ისევ დავიწყე ყვირილი - ჩამიდეს-მეთქი. რამდენიმე წუთში უკვე სახალხოდ, ყველას დასანახად ამომიღეს ჯიბიდან და გამომძიებელს დაურეკეს...
ადამიას ვეუბნებოდი, - რატომ მღუპავ-მეთქი (წინა ნასამართლეობაც სწორედ მისი წყალობით მქონდა, მაშინაც წამალი ჩამიდო). მერე რა მოხდა, კაცურად ჩაჯექიო, - მომაძახა, - ციხეში ჯდომა შენთვის ახალი ხომ არ არისო. ამასობაში, ამ ჩოჩქოლსა და ყვირილზე ჩემი მეგობარი გამოვარდა გარეთ და დაკავებულები რომ დაგვინახა, ეპილეფსიური გულყრა დაემართა. ეზოში იმდენი ხალხი იყო, სასწრაფოს მანქანა ვერ შემოვიდა. ბოლოს, მე და ნიკუშა ჩაგვსხეს მანქანებში და ცალ-ცალკე გადაგვიყვანეს განყოფილებებში.
განყოფილებაში ზაალ ადამია ჩამაცივდა, - კაცურად აიღე შენს თავზე, წადი "სროკზე" და უფრო შეგიმსუბუქებთო(?!). გამთენიისას ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაგვიყვანეს. როდესაც დადასტურდა, რომ "სუფთები" (ორგანიზმში ნარკოტიკის კვალი არ აღმოჩნდა, - ავტ.) ვიყავით, პოლიციელებს ძალიან გაუკვირდათ და ექიმები აიძულეს, კიდევ ერთხელ შევემოწმებინეთ. იქ მყოფი პოლიციელები გაბრაზებას უკვე ვერ მალავდნენ, ექიმები თავისას არ იშლიდნენ, - რა ვქნათ, სუფთები არიანო.
ჩხრეკის ოქმი დილით შეადგინეს განყოფილებაში. ხელი არც ერთმა არ მოვაწერეთ. ოქმში ჩაწერეს, რომ ნარკოტიკი მიწაზე კი არა, შარვლის ჯიბეში მიპოვეს.
ბოლოს, როცა ვერაფერს გახდნენ, მეუბნებოდნენ, - აზერბაიჯანელი ხარ და ბარიგები გეცოდინება, ერთი დაგვეჭერინე და შენ გაგიშვებთო.
ადამიამ კარგად იცოდა, რომ ნარკოტიკებთან შეხება არ მქონია, მაგრამ მაინც მთხოვდა. უარი რომ ვუთხარი, დამემუქრა, - შენი ძმის ოჯახს პრობლემებს შევუქმნითო, შენს ძმას დავიჭერთო. ბოლოს, საერთოდ დამანებეს თავი და დროებით დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს.
ნიკუშა ხვედელიძე:
- ნარკოლოგიურიდან განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, ჩემს მანქანაზე დაიწყეს საუბარი, - აქ დავტოვოთ, თუ საჯარიმოზე გადავიყვანოთო. შემდეგ ისევ წაიყვანეს მანქანა, ხელმეორედ გაჩხრიკეს და დააბრუნეს. დილით მეც გამომიშვეს.
ილგარ მამამედოვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც 7-14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (ამოღებული ჰეროინის ოდენობა იყო 0,0052. ეს კი, მოქმედი კანონმდებლობით 260-ე მუხლის I ნაწილს ითვალისწინებს -0-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას). იმის გამო, რომ მისი დაკავების ოპერაცია უამრავი დარღვევით წარიმართა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღმკვეთ ღონისძიებად მამედოვს გირაო (5000 ლარი) შეუფარდა. სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს არის დანიშნული.
პ.ს. ვეცადეთ, ბატონ ზაალ ადამიასთან დაკავშირებას, გავუგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც, თუმცა ჩვენს ზარს არ უპასუხა.
ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)