"ვფიქრობ, ეს ჩანთა კვალის ასარევად ჩააგდეს..."
"ბოდიში კი არა, საქმის გამოძიება გვინდა!" - ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილისგან პირობის შესრულებას ითხოვს
"შეიძლება "ნაციონალები" საერთოდ არაფერ შუაში არიან, როგორც მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, ისე შეეძლო "ქართულ ოცნებასაც"
10 თვის ბარბარე რაფალიანცის შემზარავი მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული და ამ ამბის ირგვლივ ტყუილ-მართალი ერთმანეთში ისეა არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს.
შეგახსენებთ, დანაშაული გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 2012 წლის 30 სექტემბრის ღამით მოხდა. მძინარე ბარბარე საძინებელი ოთახიდან გაქრა. საათნახევრიანი ძებნის შემდეგ მექერიშვილების სახლის მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში, ჩვილის ცხედარი იპოვეს.
შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ დანაშაულის გასახსნელად ყველა ღონეს ხმარობენ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ფაქტიდან 7 თვის თავზე ირკვევა, რომ ძალოვანებს ტრაგედიის ადგილი საფუძვლიანად არც კი შეუსწავლიათ. ქვევრი ამდენ ხანს წყლით სავსე იყო და დაცლა აზრად არავის მოსვლია.
"ამ ამბის შემდეგ დედაჩემი ამბობდა, ეს ქვევრები უნდა ჩავანგრევინო, იქ შესვლა არ მინდაო. ჩემი დისშვილები ხან ბურთზე, ხან სხვა რამეზე შედიან და ეშინოდა, კიდევ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვევრის დაცლას რომ აპირებდა, პოლიციას აცნობა, ამბობდა, რამე სამხილი არ იყოსო. პოლიციელებს უთქვამთ, რა კარგი აზრი მოგვაწოდე, მართლა დავცალოთო. ჩემმა ძმამ წყალი ამოღვარა და ფსკერში ლურჯი წყალგაუმტარი სპორტული ჩანთა და პატარა ნაჭერი იპოვა. გამომძიებლები ამას ესწრებოდნენ, მერე ჩვენთან, სოფელში ამოვიდნენ და ის ჩანთა გვაჩვენეს. იმ ნაჭრით კი ბავშვს სახეს ვწმენდდი. იქ როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი", - ამბობს თათია მექერიშვილი.
ბარბარეს მშობლებს დედოფლისწყაროს სოფელ ქვემო ქედში ჩავაკითხეთ. ოჯახს ძალიან უჭირს და სოციალური დახმარების მოლოდინშია. უმუშევარია ბარბარეს მამა, გურჯაანში სამუშაოდ შვილის სიკვდილის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ცნობილია, რომ ტრაგედია ბავშვის დედის მშობლების სახლში დატრიალდა, სადაც წყვილი დროებით ცხოვრობდა.
არანაკლებ გამაოგნებელი ამ ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული განცხადებები იყო. ოჯახის წევრებმა მომხდარი პოლიტიკას დაუკავშირეს, - მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილისკენ იშვერდნენ ხელს და სავარაუდო ეჭვმიტანილებსაც ასახელებდნენ. მოკლულის დეიდა ირწმუნებოდა, რომ "ქართული ოცნების" წევრობის გამო შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ, საბოლოოდ კი დისშვილი მოუკლეს.
ამ უმძიმეს ბრალდებას აღშფოთებულმა ღვინიაშვილმა არაადამიანური ცილისწამება უწოდა და "ქართული ოცნება" დაადანაშაულა ტრაგედიით სპეკულირებაში. ღვინიაშვილი დღემდე ითხოვს, რომ ცილისწამებისთვის ზოგიერთმა პირმა, მათ შორის, მანანა ბერიკაშვილმა (კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე) პასუხი აგოს.
დანაშაულიდან 7 თვის თავზეც ოჯახი მკვლელობის ერთადერთ მოტივად ისევ პოლიტიკას ასახელებს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისკენ" კატეგორიულად აღარ იშვერს ხელს.
თათია მექერიშვილი, ბავშვის დედა:
- შეიძლება "ნაციონალები" საერთოდ არაფერ შუაში არიან, როგორც მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, ისე შეეძლო "ქართულ ოცნებასაც". გვეუბნებიან, სულ მალე შედეგები იქნებაო, მაგრამ არ ჩანს. პირდაპირ ხელს არავის ვადებ. ადრე ამბობდნენ, ძველი მთავრობა წავა და "ქართული ოცნების" ხალხი ამ საქმეს გამოიძიებსო. ჩემი მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, რომელმაც უთხრა, ნაადრევ დასკვნას ნუ აკეთებთ, სულ მალე ამ დანაშაულს გავხსნითო. შვიდი თვეა ბოდიშს გვიხდის, მაგრამ ბოდიში კი არა, საქმის გამოძიება გვინდა. უკვე ჩიხშია შესული გამოძიება, ახლა ამ ჩანთაზე გაჩერდნენ. ამდენ ხანს ნუთუ პატარა ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს. ყოველდღე ვურეკავთ გამომძიებელს, მაგრამ სიახლე არაფერია, თითქოს რაღაცას გვიმალავენ. ეტყობა, არ უნდათ, დამნაშავის დასჯა. ჩემი და "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო და მას ბავშვების მოკვლით ემუქრებოდნენ. ჩემი ოჯახის ინტერესი სხვას არავის ჰქონია. სხვა ვერსია არ გამაჩნდა... ჩანთის აღმოჩენის შემდეგ ვფიქრობ, იქნებ ვიღაცას ბავშვის გაყვანა უნდოდა. იქ იმალებოდა, ვერ მოასწრო და ქვევრში ჩააგდო. შეიძლება იმდენ ხალხში ჩემი შვილის მკვლელიც ერია. ისეთი ჩანთა იპოვეს, თავისუფლად შეეძლოთ ბავშვის შიგნით ჩასმა. აშკარაა, ვიღაცას ძალიან აწყობდა ამ ბავშვის მოშორება, მაგრამ ვის, არ ვიცი. ამას ისევ არჩევნებს ვუკავშირებ. უნდა გაირკვეს მკვლელის ვინაობა, რომ ჩვენც საკადრისად გავუსწორდეთ. ვიღაცამ ხომ ჩაიდინა ეს სისასტიკე, თუ არ გამოიძიეს, გამოდის, დამნაშავეს ბევრი მფარველი ჰყავს.
ბარბარე ჩემი ნანატრი შვილი იყო, მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა. გიორგობას, საკეისრო კვეთით 8-თვიანი გავაჩინე, 2 კილოგრამიც არ იყო, უსუსური.
ექიმებმა გვითხრეს, თუ სამი დღე გადალახა, გადარჩებაო. ძუძუს ვერ ვაწოვებდი, გამიშრა ნერვიულობაზე და "ჰუმანა" დავიწყეთ. ჭამა მაშინვე დაიწყო, კარგად გაიზარდა. წინა დღეებში ექიმთან მყავდა, კბილის ამოსასვლელი წამალიც ვუყიდე. ჭოჭინით დადიოდა, სიარული არ იცოდა, მაგრამ იძახდა: "დედა, მამა, მომეცი". მამამისს რომ დაინახავდა, კაკა მომეციო, ეტყოდა. ძალიან აქტიური, თბილი, ცოცხალი ბავშვი იყო. 4 თვის წავიყვანეთ გურჯაანში, ჩემი მშობლების სახლში, რადგან 2 ლიტრამდე რძე სჭირდებოდა. ძალიან გვიჭირდა და იქ ჩემმა მეუღლემ სამუშაო იშოვა. დღეში 10-15 ლარს აძლევდნენ. მეც იქ მეზობელ მოხუცს ვუვლიდი, მითხრეს, დღეში ორ ქილა მაწონს გიყიდიო და დავთანხმდი. როცა ქალს საჭმელს ვაჭმევდი ან ვუცვლიდი, ბავშვი მეზობელს, ნინო დეიდას ეკავა. ბევრჯერ საჭმლის ფული არ გვქონია, რადგან პავლეს ხელფასს არ აძლევდნენ. როცა მაღაზიაში ნისია 100 ლარამდე ადიოდა, აღარაფერს გვაძლევდნენ.
- იქნებ გაიხსენოთ ის ტრაგიკული დღე...
- ბავშვი სახლის პირველ სართულზე დავაძინე, 5 წუთში მისი ტირილი მომესმა. მივედი, ვაჭამე და რომ ჩაეძინა, სახლის მეორე სართულზე ავედი. ჩემი მეუღლე სამსახურიდან ახალი მოსული იყო და ბებიამ დაგვიძახა, ვისადილოთო. ჩემმა მეუღლემ მითხრა, თათია, კარი მოკეტე, ოთახში ძაღლი არ შემოვიდესო, კარი დავკეტე და ფანჯარაც მივხურე. მალე ძაღლების ყეფა მომესმა, ვიფიქრე, ბავშვმა ხომ არ გაიღვიძა-მეთქი, მის ოთახში რომ შევიხედე, ლოგინი გადმოყირავებული დამხვდა, ფარდა ჩამოწყვეტილი იყო და საწოლზე ბავშვი აღარ იწვა, კარიც ღია იყო. ვიყვირე, პალიკო, ბავშვი არ არის-მეთქი. ყვირილზე ხალხიც მოგროვდა, ზოგი მეუბნებოდა, ნუ გეშინია, დააბრუნებენო, ყველგან ვეძებდით.
- პირველად ქვევრთან ვინ მივიდა?
- მთელი უბანი მოგროვდა. ამბობდნენ, იქნებ სადმე კუთხეში ან კალათებში შესვესო. ზოგი ლოგინის ქვეშ ეძებდა. გარდერობთან ვიდექით მე და ჩემი მამიდაშვილის ცოლი, ამ დროს მომესმა ბიჭის ხმა, გარეთ ნუ ეძებთ, ბავშვი ქვევრში არისო. ეს ხმა ჩემმა სიძემაც გაიგონა და ერთმა ჟურნალისტმაც, მაგრამ გადაღება ვერ შეძლო. მაშინვე წავედით მარანში. აშკარად ეტყობოდა, ქვევრზე ქვა ისე არ იდო, როგორც წინადღეს. გადახდა არ სჭირდებოდა, ისე ჩანდა ბავშვის თავი. ყვირილი ავტეხე, ვიცანი ბარბარე, ცისფერი ბენდენა ჰქონდა თავზე ჩამოფარებული. ხალხიც შემოვიდა. მერე პოლიციამ არ მიგვიშვა. მამიდაჩემმა ბავშვი ამოიყვანა.
პოლიცია ამბობდა, თოჯინა არისო. მე ჩემს შვილს ვერ ვიცნობდი? ახალი ნაჭამი ჰქონდა მაწონი და საჭმელი პირიდან ამოსვლოდა. სახეზე ბენდენა ჰქონდა ჩამოფარებული და დუჟი გადმოსდიოდა პირიდან. რომ დააჯანჯღარეს, თითქოს წამწამები დაახამხამა, მაგრამ მკვდარი იყო. ტუჩი გალურჯებული ჰქონდა, ეტყობა, ბავშვს რომ არ ეტირა, მკვლელმა ხელი დააფარა.
- ვინ დაიძახა, ხმა ვერ იცანით?
- არა, ვერ ვიცანი. მას რომ არ დაეძახა, აზრად არ მომივიდოდა ბავშვის ქვევრში მოძებნა. პირამდე იდგა წყალი და ბავშვი ზემოთ ტივტივებდა.
- ბავშვი ფანჯარასთან იწვა და დამნაშავეს თავისუფლად შეეძლო ისე გაეყვანა, რომ სახლში არც შემოსულიყო. დამნაშავემ კი ორი ოთახი გაიარა და მარანში შევიდა, ეს უცნაურად არ გეჩვენებათ?
- ეს მეც მიკვირს. ფანჯარაც ღია იყო და კარიც. ფაქტია, დამნაშავე შიგნით შევიდა. უცხო ადამიანი, რომელიც სახლში ნამყოფი არ იყო, იქ შესვლას ვერ შეძლებდა. ვინ რა იცის, სად არის ქვევრი? თან იმ ოთახში შუქიც არ იყო. ვინც ეს ჩაიდინა, სავარაუდოდ, ჩვენს სახლში ნამყოფი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ჩანთაც კვალის ასარევად ჩააგდეს. რა დარწმუნებული იყო ის ადამიანი, რომ მე ან ჩემი მეუღლე ბავშვთან არ ჩამოვიდოდით?
- თათია, თავდაპირველად ეჭვი თქვენს დასა და სიძეზე მიიტანეს, ითქვა, რომ ისინი დაკავებულიც ჰყავდათ. თუ განიხილება ეს ვერსია?
- გამორიცხულია, ამ ვერსიას არსებობის უფლება ჰქონდეს. ბევრი ჭორი გავრცელდა, მათ შორის ჩემს დასა და სიძეზე. ისინი გამოირიცხნენ, არც დაუკავებიათ, თუმცა ტელევიზიით გამოცხადდა, რომ დააკავეს. პირველ დღეს პოლიციელებმა გვითხრეს, სანამ თქვენს შვილს გადმოასვენებენ პროზექტურიდან, მანამდე მოგიყვანთ მკვლელს შემთხვევის ადგილზეო. სახლში ბავშვის ცხედრის დასვენების უფლებაც არ მომცეს, მერე გვითხრეს, შეგვეშალაო. დანაშაული თუ არ გაიხსნა, არ ვიცი, რას ვიზამთ. ჩვენს თავზე პასუხს არ ვაგებთ.
- თქვენზე ზეწოლას ხომ არ ახდენდნენ?
- დიახ, უცხო ადამიანები მაგიდაზე ხელებს მიბრახუნებდნენ. ცუდად გავხდი. არადა, ჩვენი ადვოკატი უნდა დასწრებოდა დაკითხვას. თავიდან ესწრებოდა, მერე ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, მალე დავბრუნდებიო. ამ დროს დაიძახეს, მექერიშვილი შემოვიდესო. თბილისიდან ჩამოსული 5 კაცი რასაც მე მეუბნებოდა, იმის საწინააღმდეგოს თურმე ჩემს დას ეკითხებოდნენ. დამყვიროდნენ, ტყუიხარ და სიმართლე თქვიო. უნდოდათ, ჩვენება შემეცვალა. გარეთ გაყვანა ვითხოვე და დედაჩემს ვუთხარი, წამალი მომეცი, ცუდად ვარ-მეთქი. ახლა ვფიქრობ, ადვოკატიც სპეციალურად წავიდა. დედაჩემმა ერთი ამბავი ატეხა, მაშინ დაგვირეკეს "ქართული ოცნებიდან" და გვითხრეს, ადვოკატებს გიგზავნითო. ცოტა ხნით ჩაერთვნენ საქმეში, ახლა კი აღარ გვიცავენ.
ხალხში ხმა გავრცელდა, მშობლები იმიტომ არიან ჩუმად, რომ ღვინიაშვილისგან ფული აიღესო, სინამდვილეში მან შემოგვითვალა, ნუ გაჩუმდებითო. მანანა ბერიკაშვილი სამძიმარზე არ მოსულა და არც დაინტერესებულა ჩვენი ბედით. იმ დღეს კი გვეუბნებოდა, თქვენ გვერდით ვარო.
- თათია, პატარას როდის ელოდებით?
- ეს ამბავი რომ მოხდა, მაშინ ერთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მაგრამ ნერვიულობაზე მომშორდა. ახლა აგვისტოში ველოდებით გოგონას, მას სალომეს დავარქმევთ.
საინტერესოა, რა ვერსიებს განიხილავენ ძალოვანები, რა მტკიცებულებები მოიპოვეს ამ საქმეზე და ამ უმძიმესი დანაშაულის კვალი საით მიდის. ჯერჯერობით პოლიცია დუმს, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. იმედია, მალე გაირკვევა, რას შეეწირა პატარა, უცოდველი ბარბარეს სიცოცხლე.
იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე
თეა ხურცილავა