როგორ ავალებდა კალმახელიძე ციხის აგენტს თამაზაშვილის მოწამვლას
ციხის აგენტის სკანდალური ჩვენების დეტალები
"მათი მიზანი იყო, გაეგოთ "ნაცმოძრაობის" ცნობილი პირები თანაუგრძნობდნენ თუ არა "ქართულ ოცნებას"
"მითხრეს, დილით საჭმელს რომ შემოიტანენ, მაშინ ჩაუყარე აბიო"
"თამაზაშვილმა იცოდა მოწამვლას რომ უპირებდნენ, მაგრამ ხელს არ აძლევდა ამის გაცხადება, აგენტს შეუცვლიდნენ და ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა"
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქმე მთავარ პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული. ერთ-ერთ ეპიზოდში გენერალი თამაზ თამაზაშვილი დაზარალებულად ცნეს. ცნობილია ისიც, რომ ციხეში პატიმრების წამების ამსახველი სკანდალური ვიდეოფირის გავრცელებას პროკურატურა პატიმარ თამაზაშვილის დაკვეთად ნათლავდა, მის მოსყიდვას კი "ქართულ ოცნებას" მიაწერდა. თამაზაშვილის ადვოკატის, ლილიკო გელაშვილის თქმით, დადგენილია, რომ ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში დაიგეგმა ის სპექტაკლი, რომელიც საზოგადოებას მიაწოდეს.
ფრაგმენტი ალიევის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "მოითხოვდნენ ინფორმაციები მიმეწოდებინა. თავიდან თანამშრომლობაზე უარი რომ ვთქვი, ოლეგ ფაცაციამ დენის სავარძელში მაწამა. მერე შესაშინებლად სამი დღე მორგში დამტოვეს. მაყურებინეს, როგორ ამოაჭრეს გარდაცვლილ პატიმარს ღვიძლი და როგორ შეაჭამეს ციხის კატას. მითხრეს, ამ საქმეს თუ არ გავაკეთებდი, მეც ასე აღმოვჩნდებოდი. სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი...
ხათუნა კალმახელიძეს რამდენჯერმე შევხვდი. დამავალეს, გამეგო, ვის მხარეს იყო ვანო მერაბიშვილი, იყო თუ არა ის "ოცნებაში". თამაზაშვილის ნათქვამი ვუთხარი. თამაზი ამბობს, ვანო კარგი კაცია-მეთქი. თუ გააყალბებენ არჩევნებს და ხალხი ქუჩაში გამოვა, მერაბიშვილი ხალხს არ დახოცავს და ხალხის მხარეს გადმოვა პოლიციასთან ერთად-მეთქი. ამის შემდეგ დიქტოფონი მოიტანეს და თვითონ კალმახელიძემ ჩაწერა ჩემი საუბარი. მითხრა, აბა ახლა კიდევ ერთხელ გაიმეორე, რაც ვანოზე მან გითხრაო. მეც გავიმეორე. ამ ამბიდან სამ დღეში რადიოთი გავიგეთ, რომ ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანეს. იმ დღესვე დავით ხუჭუასთან ამიყვანეს. როგორც ვიცი, იმ დღეს ციხის უფროსს პრემია - 20.000 ლარიც მისცეს. მითხრა, ამ საქმეებზე თუ შენი ნათქვამი გამართლდება, პირობას გაძლევ, შენი "სროკი" განახევრდებაო. მისგან სხვა დავალება მივიღე, ახლა ის გაიგე, პრემიერ-მინისტრად რომ გადაიყვანეს, თამაზაშვილს გაუხარდა თუ არაო... თამაზს ვუთხარი, ეს აინტერესებთ-მეთქი. მან მითხრა, ასე გადაეცი, ძალიან გაუხარდა და მთელი დღე ღიღინებდა სიხარულითო".
პატიმარი ალიევი ირწმუნება, რომ კალმახელიძის უშუალო დავალებით უნდა ჩაედოთ ტელეფონი თამაზაშვილისთვის საკანში:
"... დასაბანად რომ ვიქნებოდით გასული, ამ დროს კამერაში დადებდნენ ტელეფონს, მერე ჩატარდებოდა შმონი, ტელეფონს აღმოაჩენდნენ და მე უნდა მეთქვა, თამაზაშვილის შვილმა, ლექსო თამაზაშვილმა, ამაში 400 ლარი ციხის თანამშრომელს მათე ელბაქიძეს მისცა და მან შემოიტანა. ღამით ამ ტელეფონით ირაკლი ღარიბაშვილთან სმს-ით კავშირი ჰქონდა-მეთქი. მანამდე მაჩვენეს წითელი პატარა ტელეფონი. მითხრეს, ერთხელ პროკურატურა დაგკითხავს, მეორედ სასამართლო და მეტს არ შეგაწუხებენო. მითხრეს, დილით საჭმელს რომ შემოიტანენ, მაშინ ჩაუყრი ამ აბს, 3 თვეში ღვიძლი დაეშლება. შენ უნდა დაადასტურო, რომ მას ღვიძლი სტკიოდა და წამლებს იღებდაო. შენი პირადი საქმე პირდაპირ პრეზიდენტთან დევს, ის შეგიწყალებსო".
ვუგარ ალიევის მონათხრობში ეჭვი არ ეპარება ლილიკო გელაშვილს, თამაზ თამაზაშვილის ადვოკატს: ვუგარ ალიევს ორჯერ შევხვდი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სიმართლეს ამბობს. წარმოუდგენელია ასეთი დეტალები მოიგონოს ადამიანმა. აღწერს სად იჯდა, ვინ რა უთხრა, რომელი წინადადების მერე რა რეაქცია ჰქონდა ხათუნა კალმახელიძეს. ალიევი აცხადებს, არ ვაპირებდი თამაზაშვილისთვის წამლის მიცემას, უნდა გაგვეთამაშებინა, თითქოს დალიაო. თამაზაშვილი ამით ალიევის გადარჩენასაც ცდილობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც მოკლავდნენ. სწორი ტაქტიკა აირჩია, დრო გაჰყავდა, რომ როგორმე არჩევნებამდე მიეღწია.
- როგორ შეირჩა ალიევი?
- შეიძლება დასაწყისში იმ ნიშნით შეარჩიეს, რომ იმ საკანში თორნიკე მოლაშვილი იჯდა. ის იცნობდა თამაზაშვილს და, ალბათ, ამიტომ შეიყვანეს იქ. მერე მოლაშვილი "მატროსოვში" გადაიყვანეს და ისინი დარჩნენ.
სხვა პროვოკაციაც სცადეს, - ბატონ თამაზთან შეიყვანეს ფსიქიკურად დაავადებული პირი, რომელიც მეუღლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს ალიევი. უთხრეს, ამას ვერ აიტანს თამაზაშვილი, მასთან ჩხუბი მოუვა და მას დავსჯითო. მახსოვს, მაშინ თამაზაშვილს რომ ვხვდებოდით, ამბობდა, ჩემი ნერვების გამოცდა უნდათ და ვერ ხვდებიან, მყარი ფსიქიკის ადამიანი რომ ვარო. ამ პროვოკაციას რომ არ აჰყვა, ის პატიმარი გაიყვანეს.
ვუგარ ალიევი ამბობს, რომ ხათუნა კალმახელიძეს სამჯერ შეხვდა. უშუალოდ მისი თანდასწრებით ურეკავდა იგი ქვეყნის პირველ პირს. იყო შემთხვევა, გადიოდა ოთახიდან ან ზურგს შემაქცევდა და ისე ესაუბრებოდაო. მათი მიზანი იყო, გაეგოთ, რა გეგმები ჰქონდა "ქართულ ოცნებას" და რაც მთავარია, "ნაცმოძრაობის" ცნობილი პირები თანაუგრძნობდნენ თუ არა "ქართულ ოცნებას".
- მერაბიშვილზე რატომ იყო აქცენტი?
- ალბათ, იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ახასიათებდა. ამ დეზინფორმაციაში თამაზაშვილმაც ითამაშა როლი და მათაც დაიჯერეს.
- ლიკვიდაციის დავალება უშუალოდ კალმახელიძემ გასცა?
- ალიევს გლდანის ციხის უფროსის ოთახში შეხვდა კალმახელიძე. პირველად, როდესაც მან უარი თქვა დავალების შესრულებაზე, კალმახელიძეს უთქვამს ციხის უფროსისთვის, ამას ჭკუა ასწავლეთო და ალიევი მორგში გამოუმწყვდევიათ. ლიკვიდაციაზე კი ციხის უფროსი ესაუბრა. ალიევი ამბობს, ისეთი განცდა მქონდა, ისინი შეთანხმებული იყვნენო. კალმახელიძემ მკითხა, რა ხდებაო, მერე ციხის უფროსს მიუბრუნდა და უთხრა, რაც სათქმელია, უთხარიო. მან მითხრა, აბი უნდა შეუტანო თამაზაშვილსო. ამ დროს კალმახელიძემ გამაჩერა და მკითხა, ქართული კარგად გესმის? ხომ ხვდები, რა აბზე გელაპარაკებაო და მითარგმნა კიდეც - "ტაბლეტკა", "ტაბლეტკაო".
არჩევნების ბოლო პერიოდი იყო და იმ სკანდალურმა ვიდეოფირმა, როგორც ჩანს, გადაფარა ეს საკითხი. არადა, მოლაპარაკებული იყვნენ, - ეჭვი რომ არ შეეტანათ, თამაზი ალიევს აბს გამოართმევდა, მერე იტყოდა, ცუდად ვარო და საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. თამაზაშვილმა იცოდა ყველაფერი, მაგრამ ხელს არ აძლევდა ამის გაცხადება, აგენტს შეუცვლიდნენ და ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა.
P.S. როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა განგვიმარტა, ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ოფიციალურად აღძრული არ არის. ვნახოთ, დაჰკითხავენ თუ არა ყოფილ მინისტრს და დადასტურდება თუ არა ალიევის სკანდალური ჩვენება.
თეა ხურცილავა