ვინ გასცა ბაიკერებზე "ნადირობის" ბრძანება? - კვირის პალიტრა

ვინ გასცა ბაიკერებზე "ნადირობის" ბრძანება?

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში "ბაიკერების" მასობრივი დაჯარიმება მოხდა. როგორც ექსტრემალები ამბობენ, პატრული მათ მთელი კვირის განმავლობაში ღამის საათებში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზის გამო აჩერებდა. ამჟამად, დაახლოებით 150 მათგანია დაჯარიმებული, 70 მოტოციკლეტი კი - ჩამორთმეულია. პოლიციელების მხრიდან დაჯარიმების მთავარ მიზეზებად მოტოების უსიამოვნო ხმა, დაფარული ნომრები და უვარგისი საბურავები დასახელდა. სპორტსმენები ამტკიცებენ, რომ მოყვანილი მიზეზები, უბრალოდ, უსაფუძვლო და უსამართლოა.

დავით ძოწენიძე, "ბაიკერი":

- შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, სრული სიმართლეა. მართალია, 150 დაჯარიმებული "ბაიკერიდან" ყველას არ ვიცნობ, მაგრამ მათგან ბევრი ჩემი მეგობარია და მართვის მოწმობები ჩემთან ერთად ჩამოართვეს. მე და ჩემი ორი მეგობარი საღამოს საათებში ჩვენ-ჩვენი მოტოციკლებით შუქნიშანთან ვიდექით. მოულოდნელად პატრულის ავტომობილი წამოგვეწია. ერთ-ერთმა ჩვენგანმა წითელზე გაიარა, პატრული კი მას გაეკიდა. შუქნიშანზე მწვანე აინთო და დანარჩენებმა გზა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ, რამდენიმე წუთში პოლიციის სამი-ოთხი მანქანა გამოჩნდა და გაჩერებისკენ მოგვიწოდეს. ჩვენ მომენტალურად დავემორჩილეთ,მაგრამ ჯარიმა მაინც დაუმორჩილებლობის გამო გამოგვიწერეს. გვითხრეს, რომ მართვის მოწმობას ორი წლით გვართმევდნენ. აღნიშნეს, რომ ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიღებული.

- შეიძლება, თქვენი დაჯარიმების მიზეზი ის ყოფილიყო, რომ ჯგუფურად და სწრაფად მოძრაობდით, რაც ხიფათს ქმნიდა?

- ეს ყველაფერი დაახლოებით ღამის 10 საათის შემდეგ მოხდა, შესაბამისად, მოძრაობა დღის საათებთან შედარებით თავისუფალი იყო. შესაძლებელია, სწრაფად გადავადგილდებოდით და სიჩქარესაც გადავაჭარბეთ, მაგრამ სახიფათო სიტუაცია არ შექმნილა და მიზეზადაც ეს არავის დაუსახელებია.

- როგორ შეაფასებდით, მოტივები, რომლის გამოც ბაიკერების მასშტაბური დაჯარიმება მოხდა, რეალურია თუ მხოლოდ საბაბი?

- ის მიზეზები, რაც დასახელებული იქნა, არარეალურია და არანაირად არ ჯდება კანონიერების ფარგლებში. უსამართლოდ ვართ დასჯილები. შეიძლება, ვიღაცამ სიჩქარეს გადააჭარბა, მაგრამ პოლიციელები არ ამბობდნენ, რომ ამის გამო გაგვაჩერეს. აბსურდულ მიზეზებს ასახელებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ, ბრძანება მიიღეს, ბაიკერები დაუმორჩილებლობის გამო მასობრივად დაეკავებინათ.

- თქვენი ვარაუდით, რა სახის ბრძანებას გულისხმობდნენ პატრულის თანამშრომლები?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა ბრძანება შეიძლება ჰქონოდა პატრულს და ვისგან. ჩვენ პოლიციელების რაციებიდანაც გვესმოდა ხმა, როცა ისინი სხვა ეკიპაჟებს უკავშირდებოდნენ და ინფორმაციას ცვლიდნენ. გავიგონე, რომ იმ პოლიციელს, რომელმაც მე გამაჩერა, "რაციაში" ეუბნებოდნენ, "ბაიკები" დაძებნეთ და განურჩევლად ყველა საჯარიმოზე გადაიყვანეთო. რამდენიმე გაჩერებული მოტოციკლიც კი წაიყვანეს.

- რამდენი ბაიკერია დაჯარიმებული და რამდენი გადაიყვანეს საჯარიმოზე?

- პატრულს წინა კვირას დაახლოებით 40 "ბაიკერი" უკვე დაჯარიმებული ჰყავდა. სამშაბათს, როცა ჩვენ გაგვაჩერეს, საჯარიმოზე მივედით, ჩვენთან ერთად კი იმავე დღეს მოყვანილი, დაახლოებით 20-25 მოტო იდგა. სულ, დაახლოებით, 150 ადამიანია დაჯარიმებული, მათგან 70-ს მოტოციკლები ჩამოართვეს.

- რა ფულადი ჯარიმა დაეკისრათ სხვადასხვა მიზეზის გამო დაჯარიმებულებს? თანხის გადახდის შემდეგ ბაიკის დაბრუნება შესაძლებელია თუ ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებაც აუცილებელია?

- ვინც ნომრის დაფარვის გამო გააჩერეს, ჯარიმად 500 ლარი დააკისრეს. ყველამ, ვისაც მოტოციკლი ტექნიკური ხარვეზების გამო ჩამოერთვა, ჯარიმა უნდა გადაიხადოს, მაგრამ ამ ხარვეზების გამოსწორება არ ევალებათ. "ბაიკის" დასაბრუნებლად პირადად მე 130 ლარი გადავიხადე. რამდენიმე თვის შემდეგ პოლიციის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია და მოწმობა დაგვიბრუნდება, თუ გარკვეულ, არცთუ ისე პატარა თანხას გადავიხდით. დაუმორჩილებლობა ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა, სიჩქარის გადაჭარბების გამო რომ დავეჯარიმებინეთ, იმდენად საწყენი არ იქნებოდა, როგორც ახლა. ამიტომ, გასაჩივრებასაც ვაპირებთ და საპროტესტო აქციის მოწყობასაც.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE