”ალანია ყვიროდა - დამაკავშირეთ ახალაიასთან, მერაბიშვილთან ან სააკაშვილთან, ხომ არ დაავიწყდათ ჟვანიას სიკვდილიო?!"
"ახალ ხელისუფლებას ჟვანიას საქმე უკვე გახსნილი აქვს და ახალაიების დახმარება მაინცდამაინც არ სჭირდება"
რა კომპრომატები გადასცა დათა ახალაიამ საქართველოს მთავრობას - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, რაც გახმაურებულ მკვლელობებს უკავშირდება, "კვირის პალიტრას" აჭარის ტელევიზიის და საინფორმაციო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი პატიმარი (სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით დააკავეს) და ამჟამინდელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.
- მე იმ პერიოდში ვიყავი პატიმარი, როცა ახალაიას სასჯელაღსრულების სისტემა ჩააბარეს. ბათუმის მესამე საპყრობილეში ვიჯექი, როცა ბაჩო ახალაიამ თავი შემოყო "კარმუშკაში" და მომესალმა. ცოტა ხანში ჯერ სპეცრაზმელთა ერთი ჯგუფი შემოცვივდა საკანში და გვცემეს, მერე სხვა სპეცრაზმელები გაგვისწორდნენ და ბოლოს მესამე მობილიზებულმა ჯგუფმა გადაგვიარა. ოთხწელიწად-ნახევარი გავატარე "ახალაიების ციხეში". მაშინ დავისახე მიზნად, რომ თუკი გავთავისუფლდებოდი, ყველაფერს საჯაროდ ვიტყოდი.
განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა მაშინ, როცა თბილისის სასჯელაღსრულების @#1 დაწესებულებაში სანდრო გირგვლიანის მკვლელების მეზობელ საკანში ჩამსვეს და მათი საუბრები ძალიან კარგად მესმოდა. ზოგჯერ ქალაქში გაჰყავდათ, შემდეგ კოლონიაში აბრუნებდნენ. ზოგჯერ მათთვის მეძავებიც მოჰყავდათ. ყველას იარაღი ჰქონდა, ხანდახან გარეთ გადიოდნენ და ისროდნენ, ხშირად გათენებამდე ღრეობდნენ. გირგვლიანის მკვლელებს ხშირად უამრავი მაღალი თანამდებობის პირი და მაღალჩინოსანი სტუმრობდა.
- ციხის ადმინისტრაციამ როგორ დაუშვა, რომ მათ გვერდით საკანში მოგათავსათ?
- თავიდან არ იცოდნენ, რომ მათ გვერდით საკანში ვიყავი. ნოემბრის მოვლენების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარმა ანტიკორუფციულმა საბჭომ, თორთლაძისა და ცაგარეიშვილის ძალისხმევით, პოლიტპატიმართა სიაში შემიყვანა. იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გააპროტესტა, რა პოლიტპატიმარი ეგ არისო. სწორედ მაშინ გაიგეს გირგვლიანის მკვლელებმა, რომ მათ გვერდით საკანში ვიყავი. გამოიძახეს სასჯელაღსრულების პირველი დაწესებულების უფროსი თემურ ტაბაღუა და უსაყვედურეს, - არ იცი, რომ ჟურნალისტის გვერდით საკანში ყოფნა ჩვენთვის ბომბზე ჯდომას უდრის, ეს როგორ გამოგეპარა?! სასწრაფოდ მოაშორე ბაკურიძე აქაურობასო! მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. იმხანად "წითელი ჯვრისა" და ეუთოს წარმომადგენლები მაკითხავდნენ და ციხის ადმინისტრაციას ჩემთვის პირობების გამკაცრების შეეშინდა. იმ პერიოდში შევიტყვე, რომ ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის ფარული დაპირისპირება ყოფილა.
როდესაც გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება დააპირეს, ისინი შესაწყალებელთა სიაშიც ჩასვეს, მაგრამ ზურაბ ადეიშვილს ამოუღია მათი გვარები. ეს გირგვლიანის მკვლელებმა მერაბიშვილს მიაწერეს, საკანში გაჰყვიროდნენ, მერაბიშვილმა ჯერ ხელი შეგვახოცა, შემდეგ კი გადაგვაგდოო! დაიწყეს აქეთ-იქით რეკვა და დამუქრება, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ბევრი რამე ვიცითო...
ისე გამწვავდა ვითარება, რომ მერაბიშვილმა თავისი წარმომადგენელი მოაგზავნა მათთან. ამ უკანასკნელმა გირგვლიანის მკვლელებს განუმარტა, შესაწყალებელთა სიიდან თქვენი ამოღება ვანომ კი არა, ადეიშვილმა გადაწყვიტაო. კი, მაგრამ როგორ ვერ გაგვათავისუფლეთ ამ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილი პრეზიდენტია, მერაბიშვილი - მინისტრი, ახალაია კი დეპარტამენტის თავმჯდომარეო, - ზურაბ ადეიშვილმა საზოგადოებრივ აზრს გაუწია ანგარიში და თქვენი გათავისუფლების საკითხი დროებით გადაიდოო, ბურტყუნებდა მერაბიშვილის კაცი.
- თქვენ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებული რაღაც ინფორმაციაც მოგისმენიათ.
- ერთ ღამეს ხმაურმა გამომაღვიძა. გიორგი ალანია ტელეფონით ვიღაცას აგინებდა და უყვიროდა, დედაჩემთან ერთი ღამის გათევის საშუალება როგორ არ მომეცითო. თურმე იმ დღეს ალანიას მამა დაუკრძალავთ. ისე გაცოფებული იყო, რომ ციხის დირექტორი ვერაფრით აწყნარებდა. "ვინ გასცა ბრძანება? ვინ მომაბრუნა უკან, დამაკავშირეთ ახლავე ახალაიასთან, მერაბიშვილთან ან პირადად სააკაშვილთან, ხომ არ დაავიწყდა თუნდაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება?!" - გაიძახოდა გაცოფებული ალანია. სასწრაფოდ გაიყვანეს საკნიდან. გიორგი ალანია კუდ-ის სამმართველოს უფროსი იყო. არ ვიცი, ჟვანიას მკვლელობის მონაწილე იყო თუU არა, მაგრამ აშკარაა, რაღაც იცოდა. სხვათა შორის, მასთან ხშირად მოდიოდა კუდ-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო თოფურიძე.
ნოემბრის მოვლენების დროს ალანია ურეკავდა ძალოვანებს და ეუბნებოდა, თქვე დებილებო, არ იცით, როგორ უნდა დაშალოთ ხალხი? არაყი შესთავაზეთ ჩანერგილების მეშვეობით, დაათვრეთ და თუკი ვინმე ღამით რუსთაველზე მაინც დარჩება, მერე დაერიეთო.
- დღეს ახალაიები აშკარად უპირისპირდებიან მერაბიშვილს. როგორ ფიქრობთ, მათ ჟვანიას გარდაცვალებაზე რამის თქმა შეუძლიათ?
- ვფიქრობ, ახალ ხელისუფლებას ჟვანიას საქმე უკვე გახსნილი აქვს და ახალაიების დახმარება მაინცდამაინც არ სჭირდება. ახლა სააკაშვილთან, მერაბიშვილსა და სხვებთან პოლიტიკური ვაჭრობა მიდის, რომ დააბრუნებინონ მითვისებული უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილი. სააკაშვილი თუ გაბედავს და მთავრობას შეეწინააღმდეგება, დაუდებენ ჟვანიას საქმეს და მისი პოლიტიკური მომავალი საბოლოოდ განადგურდება.
ხელისუფლებას ბევრი კომპრომატი აქვს მიხეილ სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე, მიშა მაჭავარიანზე, გივი თარგამაძესა და თუნდაც როლანდ ახალაიაზე და თუ მოუნდება, გაასაჯაროებს.
- როგორ ან რა ფორმით უნდა დააბრუნებინონ მითვისებული უძრავ-მოძრავი ქონება, თუკი სამართლებრივად არ დადასტურდება ეს?
- ფორმის მოძებნა ხელისუფლებას არ გაუჭირდება... სხვათა შორის, როცა ციხიდან გამოსული პატიმრების წამების ამბავს ვყვებოდი, მეუბნებოდნენ, ჰიპოთეზებით ნუ ლაპარაკობო. მაგრამ მოგვიანებით ჩემი ნალაპარაკევი ფაქტებით დადასტურდა. ასევე დადასტურდება ის, რასაც ახლა გეტყვით: თურქეთში ყოფნისას დათა ახალაიამ საქართველოს მთავრობას სააკაშვილსა და მერაბიშვილზე კომპრომატებით სავსე პორტფელი გადასცა. თუმცა არ ვვარაუდობ, რომ მასში ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული მასალა იყო. რასაკვირველია, დათა ახალაია მხოლოდ ასლებს გადასცემდა ხელისუფლებას და ორიგინალებს დაიტოვებდა. შესაძლებელია, გადაცემული კომპრომატების ნაწილი - სააკაშვილისა და მერაბიშვილის, ნაწილი კი ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთი წევრის მამხილებელია! ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღესაც აქვს აპარატურა და საჭირო რესურსი მოსმენებისთვის. ასეა თუ ისე, ვითარების "აფეთქებამდე" ცოტაღა დარჩა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ, კომპრომატების ომი დაიწყება. ამ ლაფში როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაისვრებიან.
- ეს ინფორმაცია რამდენად სარწმუნო წყაროსგან გაქვთ?
- ჩემი ერთი ნაცნობი ადრე ძალოვან უწყებაში მუშაობდა, ახლა კი ბიზნესმენია. იგი ბევრ ინფორმაციას იღებს ამჟამინდელი სპეცსამსახურებისგან. ხშირად უწევს თურქეთში გადასვლა და მიამბო: ქალაქ არხავში (სარფთან ახლოს, 15-20 წუთის სავალზე), ერთ სასტუმროსთან ორი დაბურულმინიანი ჯიპი გაჩერდა, სასტუმროდან დათა ახალაია გამოვიდა და ჯიპში მსხდომებს კეისი გადასცა, შემდეგ ის ავტომობილები საქართველოსკენ წამოვიდნენ. ამ ჩემმა ნაცნობმა გადაამოწმა მებაჟეებთან და გაარკვია, რომ შავი ჯიპები (ნომრებითა და სერიებით) საქართველოს უშიშროებას ეკუთვნოდა.
სხვათა შორის, ჩემი პატიმრობის პერიოდში სასჯელს იხდიდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებიც, რომლებსაც თავის დროზე მოსმენა ევალებოდათ. მათგან ბევრი რამ გავიგე. თურმე ადამიანის ხმა ერთხელ თუ დაფიქსირდა, მერე აღარაფერი უშველის. სხვის სახელზეც რომ აიღოს ტელეფონის ნომერი, მაინც მოუსმენენ. მისი ხმა ავტომატურად იწერება და მისთვის მიყურადება მაშინაც კი არის შესაძლებელი, როცა ტელეფონი მასთან არც ისე ახლოს არის.