ერთ ლარად გაყიდული დევნილთა ცხოვრება
"იმ დღეს ხელისუფლებამ ღია ცის ქვეშ დაგვტოვა"
"სასტუმრო "აფხაზეთს" სააკაშვილის ძმამ თვალი დაადგა და გაგვყარეს კიდეც"
ცხინვალის რეგიონიდან დევნილი გურამ გუთნიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ყოფილ მინისტრ კობა სუბელიანს უჩივის და აცხადებს, რომ მისი ორგანიზატორობით წინა ხელისუფლებამ დევნილებისთვის განკუთვნილი დიდი ფული "მოტეხა".
გურამ გუთნიაშვილი: "2011 წლის 15 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე მდებარე (აწ დანგრეული) სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილები ისე გამოგვასახლეს, კანონით განკუთვნილი კომპენსაციაც არ მოგვცეს. შენობაში 242 ოჯახი ცხოვრობდა, მათ დასასახლებლად ინვესტორს დაახლოებით 4 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ კი, იმისათვის, რომ ფული "მოეტეხა", 242 ოჯახი ქაღალდზე ხელოვნურად გააერთიანა და 190-მდე დაიყვანა. მაგალითად, მე, დედაჩემსა და ჩემს დას, რომელიც მარტოხელა დედაა, სამი ოთახი გვქონდა, როგორც სამ ოჯახს, რადგან დევნილობამდეც ასე ვცხოვრობდით. ამას ადასტურებს ცხინვალის რეგიონში ჩვენი სარეგისტრაციო მონაცემები და თვით სამინისტროში დევნილთა რეგისტრაცია, რის მიხედვითაც სასურსათო და ფულად დახმარებებს გვაძლევდნენ. გამოსახლების პერიოდში კი ერთ ოჯახად გაგვაერთიანეს, თუმცა გამოსახლების შემდეგ სასურსათო დახმარებას კვლავ როგორც ცალ-ცალკე ოჯახებს, ისე გვაძლევენ. ჩვენთან ინვესტორი არც მოსულა. მხოლოდ სამინისტრომ გამოგვიცხადა, რომ გვასახლებდნენ და კომპენსაციას ახლებური რეგისტრაციის მიხედვით მოგვცემდნენ, რაც მაშინვე გავასაჩივრეთ, მაგრამ სასამართლომ გამოსახლება არ შეაჩერა. ღია ცის ქვეშ დაგვყარეს და იძულებით მოგვაწერინეს ხელი კომპენსაციის მიღებაზე, სამის ნაცვლად, ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი 10.000 დოლარი მივიღეთ. მე დანებებას არ ვაპირებ და პროკურატურაში შევიტანე სარჩელი.
- თავის დროზე კობა სუბელიანთან სცადეთ შეხვედრა?
- ვცადეთ, მაგრამ გამოგვაგდო. რაც შეეხება ფულს, შავით თეთრზე წერია, რომ სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილებისთვის დაახლოებით 4 მილიონი დოლარი გამოიყო. ამ თანხის მხოლოდ ნახევარი დაიხარჯა, დანარჩენი სად წავიდა?
გამოსახლებამდე რამდენიმე თვით ადრე ახლობელმა ჩინოსანმა გვითხრა, სასტუმროს თვალი დაადგა პრეზიდენტ სააკაშვილის ძმამ, დავითმა და აქედან გაგყრიანო. მართლაც გამოგვყარეს. ამბობენ, რომ შპს "ველაჯიო", რომელიც ვითომ ინვესტორია და ჩვენი საკომპენსაციო თანხები გადაიხადა, საფარია, მის უკან დავით სააკაშვილი დგას, რომელმაც დევნილების კუთვნილი ფული არაოფიციალურად, "ველაჯიოს" სახელით, ერთ-ერთ ნავთობკომპანიას გადაახდევინა, რომელთანაც ასევე არაოფიციალურად წილში იყოო. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ინვესტორმა საპრივატიზაციო თანხა - ერთი ლარი უნდა გადაიხადოს და დევნილები კომპენსაციებით უზრუნველყოს. ამხელა შენობის ერთ ლარად პრივატიზაცია ვის გაუგია?
ხელშეკრულებაში ხომ გარკვევით წერია, რისთვის უნდა დახარჯულიყო ფული? დევნილთა და განსახლების სამინისტრო იყო კრიმინალური დაჯგუფება, სუბელიანი კი მისი ხელმძღვანელი, ანუ მავანთა ბინძური დაკვეთების შემსრულებელი და ვეჭვობ, რომ მას დღესაც ჰყავს მფარველები. სხვაგვარად როგორ ახერხებს პარპაშს?!
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე "კვირის პალიტრასთან" საუბარში ადასტურებს, რომ სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილები უსამართლოდ გამოასახლეს და კომპენსაციები არასრულად მისცეს.
- გამოყოფილი 4 მილიონი დოლარი სამინისტროს უნდა გაენაწილებინა. სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებ დევნილებს მხოლოდ თანხის ნახევარი მისცეს, დაახლოებით 2 მილიონი დოლარი კი სამინისტრომ თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენა, მათ შორის 100.000 დოლარი ორი შენობის სარეაბილიტაციოდ. იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს ბრძოლა უაზრო იყო, დევნილები კომპენსაციას ახალი ხელისუფლებისგან ითხოვენ. გვინდა დავეხმაროთ, მაგრამ მათი ინტერესების დაცვას დიდი რესურსი სჭირდება. თუ მომჩივანთა დაკმაყოფილებას კამპანიური სახე მიეცემა, 5 000-ზე მეტი ოჯახი მოითხოვს დამატებითი თანხის მიღებას, ამას კი ას მილიონ დოლარზე მეტი დასჭირდება. ბათუმშიც ასეთივე პრეტენზიას ასამდე ოჯახი აცხადებს".
"კვირის პალიტრამ" სცადა კობა სუბელიანთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ.