"ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ"(!)
"აუცილებლად შევეცდები, საზოგადოებამ ნახოს ეს ვიდეოფირი"
"მაძალებდნენ, გიორგი თევდორაშვილს დაადე ხელი, რომ შეკვეთილი მასალების წერას გაიძულებდათო"
"თქვენ ნახეთ ამ სისასტიკის მეოთხედი"
გაზეთ "ყველა სიახლის" ყოფილი ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი 2010 წლის 24 ნოემბერს დააპატიმრეს და ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლებით გაასამართლეს. ხარძიანის ადვოკატები ჟურნალისტისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ და იმ 109-კაციან მეორად სიაშიც შეიყვანეს, რომლის განხილვასაც საპარლამენტო კომისია ჯერ არ ჩქარობს. არმაზ ხარძიანი საკანონმდებლო ცვლილების, კერძოდ, სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 16 მაისს გათავისუფლდა.
არმაზ ხარძიანი: - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2010 წელს გარდაბანში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვიყარე კენჭი და "ნაციონალების" შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის სიით მეორე ადგილზე გავედი. "ნაციონალებმა" მანამდე დაიწყეს ჩემზე ზეწოლა, კანდიდატურა მომეხსნა. უარს მოჰყვა ტერორი ჩემს ოჯახზე. არჩევნების შემდეგ, გაზეთ "ყველა სიახლეში" გავაშუქეთ გიგი უგულავას ცოლის მშობიარობასთან დაკავშირებული ვოიაჟი ავსტრიაში, რაც თბილისის მერს 95.000 ევრო დაუჯდა. ეს მაშინ, როცა დეკლარაციაში მას წლიური შემოსავალი 80.000 ლარი ეწერა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მითხრა, შენი დაჭერის ბრძანებაა გაცემულიო. დამაკავეს კიდეც და შემიფარდეს ყაჩაღობის მუხლი (ეს ცალკე საუბრის თემაა, როგორ მომიწყვეს ეს ყველაფერი).
- თუკი თვლიდი, რომ უსამართლოდ გაგასამართლეს, თავიდანვე რატომ არ გააპროტესტე შენი უკანონო პატიმრობა?
- ამის გაკეთება ძნელია, როდესაც ხარ გლდანის დაწესებულებაში, როდესაც რეჟიმის უფროსი არის ოლეგ ფაცაცია, ხოლო ციხის უფროსი - ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "კილერა". თავდაპირველად, დავაპირე გაპროტესტება, ადვოკატმა მითხრა, ჟურნალისტები ამბობენ, თუ უდანაშაულოა, მზად ვართ, ბოლომდე დავიცვათო. საპატიმროში მომიტანეს გაზეთები, რომლის ერთ ნომერში პატიმარი კახაბერ თედლიაშვილი აცხადებდა, მოკვლას მიპირებენო და შველას ითხოვდა, გაზეთის მომდევნო ნომერი კი მის მკვლელობას იუწყებოდა.
ციხის თანამშრომლებმა მითხრეს, თუ იტყვი, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, იცოდე, გაზეთის მომდევნო ნომერში დაიწერება, ხარძიანი მოკლესო.
სხვათა შორის, პოლიტიკურმა პარტიებმაც შემომთავაზეს, ვიხმაურებთო. ვკითხე, სიცოცხლის გარანტიას რომელი მაძლევთ-მეთქი და პასუხზე ყველამ თავი შეიკავა. მანამდე ვწერდი ინტერვიუებს ემზარ კვიციანთან, რომელიც ხშირად ამხელდა ძველ ხელისუფლებას კოდორის ხეობის ჩაბარებაში. ერთხელ კვიციანმა მომწერა, კალაში ჩამოვალ და ინტერვიუ ჩავწეროთო. მათ ეს მიმოწერა დამიდეს წინ და მითხრეს, კვიციანი ჩამოიტყუე და დაგვაჭერინეო. შემდეგ კახა კუკავასა და ზვიად ძიძიგურისთვის ფულის ჩადება შემომთავაზეს, ვიტყვით, რომ ეს რუსული ფულიაო.
როცა მეგონა, ყველაფერი მიწყნარდა, მომისაჯეს 10 წელი-მეთქი, ამის შემდეგ იყო ავადსახსენებელი 26 მაისი და "პალიტრა TV"-ს მიერ გავრცელებული ცემა-ტყეპის ექსკლუზიური ვიდეოფირი, რასაც ერთ კვირაში საგადასახადოს შესვლა მოჰყვა...
მათ გაახსენდათ, რომ "პალიტრამედიის" თანამშრომელი ვიყავი და პირდაპირ მეუბნებოდნენ, გიორგი თევდორაშვილს დაადე ხელი და თქვი, რომ შეკვეთილი მასალების წერას გაიძულებდათო. სხვათა შორის, ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ, რაც გულში ძალზე მეამაყებოდა. როდესაც დაკითხვა დამიწყეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს არის "ალ-ჯაზირას" თანამშრომელიო. ჯერ მეგონა, ჩემთვის ჯაშუშობის დაბრალება უნდოდათ.
მერე განმიმარტეს, "პალიტრაა" "ალ-ჯაზირაო" (მოგეხსენებათ, "ალ-ჯაზირა" ცნობილი არაბული ტელეკომპანიაა, რომელიც არ ერიდება სკანდალური და სენსაციური მასალების გამოქვეყნებას).
ჩემს დაკითხვას მუდმივად ესწრებოდნენ "კილერა" და ოლეგ ფაცაცია, მათთან ერთად სამი ჰალსტუხიანი ახალგაზრდა, რომლებიც ვითომ მაშინებდნენ, აქედან მერაბიშვილთან მივდივართ და რას დაგვაბარებო. მაჩვენებდნენ გაუპატიურების ფირებს, თან მემუქრებოდნენ, ჩვენთან თუ არ ითანამშრომლებ, იმავეს გიზამთო.
რამდენჯერმე ჩემი მოკვლაც სცადეს, და რომ არა ლადო ბედუკაძე, ჩანაფიქრს სისრულეშიც მოიყვანდნენ.
მათ აქვთ ცნობილი ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების ფარული ვიდეოფირები, რომლებითაც მათ აშანტაჟებდნენ. დიდი ალბათობით, მაღალჩინოსნებმა ფარული ჩანაწერები საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვნახე ე.წ. ციხის ვიდეოფირი. თქვენ ნახეთ იმ სისასტიკის მეოთხედი, რაც მე-8 დაწესებულებაში ხდებოდა. არ გინახავთ, როგორ აშარდავენ სახეზე გონებადაკარგულ პატიმრებს, როგორი გამეტებით ურტყამს ერთი ქალი პატიმარ მამაკაცს.
აუცილებლად შევეცდები, საზოგადოებამ ნახოს ეს ვიდეოფირი. ის ქალი "ნაციონალების" ცნობილი წევრია, მაგრამ არა ხათუნა კალმახელიძე.
მე მინახავს, როგორ სასტიკად ექცეოდნენ პატიმრებს ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ყველაზე სასტიკი ჯალათი გოგა ბუთლიაშვილი, გაგა მკურნალიძე... დღეს რამდენიმე ჯალათი ისევ მუშაობს ამ სისტემაში. რუსთავში, მე-17 დაწესებულებაში მუშაობდა რეჟიმის უფროსი ლევან პაჭკორია, მეტსახელად "ნინძა", რომელიც ახლაც მუშაობს მაღალ თანამდებობაზე. როდესაც 2010 წელს გარდაბანში კენჭს ვიყრიდი, გარდაბნის რაიონის პოლიციის უფროსმა ლევან აბურჯანიამ შემომითვალა, მოგკლავო. ის შემდგომ რუსთავის მე-16 დაწესებულების ხელმძღვანელად გაუშვეს. ხათუნა კალმახელიძე დაწესებულებაში ნარნარად დადიოდა, ეზოში დადგებოდა და კორპუსებს მოავლებდა თვალს. დეპარტამენტს დავით ჭაკუა მართავდა, ხოლო მისი "რეფორმების" გამტარებელი იყო გაგა მკურნალიძე, რომელიც პირადად სცემდა, აწამებდა, კლავდა პატიმრებს. ყველაზე დიდი ჯალათი მაინც გოგა ბუთლიაშვილია, სოციალური სამსახურის უფროსი. ეს 130-კილოგრამიანი მძორი წაქცეულ პატიმრებს ზემოდან ახტებოდა და ნეკნებს უმტვრევდა. ყველა პატიმრის გვარი ვიცი, რომლებსაც ნეკნები დაუმტვრია და რომელთაც თავზე აშარდავდა. გაგონილს არ გიყვებით, ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
- შენც გისწორდებოდნენ ფიზიკურად?
- როდესაც გაუპატიურების ვიდეოფირი მანახეს და დამემუქრნენ, მაგიდაზე იდო სკრეპი და მისი გადაყლაპვა ვცადე, მეცნენ და მცემეს. როდესაც რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მიმიყვანეს, იქ "ნინძამ", (ლევან პაჭკორია) გამომიცხადა, აქ მიღებაზე ყველა პატიმარს ვცემთო და გამარტყა. მერე ცინიკურად მითხრა, კიდევ გაგარტყაო? ვუთხარი, თუ გსიამოვნებს, კაცს უსამართლოდ დაარტყა, დამარტყი-მეთქი და "თხოვნა" შემისრულა.
თქვენ რომ გარეთ გიხაროდათ ესა თუ ის დღესასწაული, ჩვენ შიგნით შიშით ველოდით, ციხეში თანამშრომლები თვრებოდნენ, რის შემდეგაც თავს ვეღარ აკონტროლებდნენ და თუ ვინმეა მოკლული გლდანში, თითქმის ყველა დღესასწაულებზე მთვრალი ბადრაგის მიერ. 26 მაისის მოვლენების დროს მე-8 დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს, ვიჯექი საკანში, რომელიც მორგს უყურებდა. საკანში ექვსნი ვიყავით და ყველა დამიდასტურებს, რომ 26 მაისის ღამეს 17 მიცვალებული შეიყვანეს მორგში.
- არმაზ, ამ ყველაფრის შემხედვარეს, ე.წ. ციხის სინდრომი ხომ არ გაწუხებს?
- მაქსიმალურად ვცდილობდი, არ გავბოროტებულიყავი.
იმედია, ფსიქოლოგიურად დავიბრუნებ იმ მდგომარეობას, რომ რომელიმე ჯალათის დანახვაზე თვალზე ბინდი არ გადამეკრას. თუ ყველას და ყველაფერს სახელი არ დაერქვა, არაა გამორიცხული, ხალხმა თავად დაიწყოს სამართლის აღსრულება.
ხალხის სამართალი კი ხშირად ძალზე მკაცრია.
დასასრულ, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ მძიმე წლებში გვერდით მედგა. განსაკუთრებით მადლობელი ვარ "კვირის პალიტრის" ხელმძღვანელობისა, რომლის თანადგომის წყალობითაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია. ეს ბევრს ნიშნავდა ჩემთვის იმ მიწიერ ჯოჯოხეთში.
ნანა ფიცხელაური