"სუბარის აღარ გვჯერა - ჩემი ძმა ციხის ადმინისტრაციამ აწამა, პატიმრები არაფერ შუაში არიან" - კვირის პალიტრა

"სუბარის აღარ გვჯერა - ჩემი ძმა ციხის ადმინისტრაციამ აწამა, პატიმრები არაფერ შუაში არიან"

"ლევანი ნაწამები იყო, მას ორივე მაჯა გახვრეტილი ჰქონდა" - ამბობს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას და, ნათია კორტავა. ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარდაცვლილი 24 წლის ლევან კორტავა, ოფიციალური ვერსიით გეგუთის ციხეში, პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავდა. სასჯელაღსრულების მინისტრმა პატიმრის ცემისა და დაშავების შესახებ განცხადება მეორე დღესვე გააკეთა. მან თავდაპირველ მიზეზად კიბეზე დაგორება დაასახელა, ხოლო მოგვიანებით, თავდაპირველი ვერსია გამორიცხა და განაცხადა, რომ პატიმრის ასე მძიმედ დაშავება მსხვილი ქვებით მოხრეშილი ეზოს ბრალი იყო... ორშაბათს, "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კი სოზარ სუბარმა როგორც იქნა, დაადასტურა ის, რასაც გარდაცვლილის ოჯახი თავიდანვე ეჭვობდა: პატიმარი ლევან კორტავა ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპა. მინისტრმა საზოგადოებას მომხდარის გამოძიება და პრეს-სამსახურის იმ პასუხისმგებელი მუშაკის დასჯა აღუთქვა, ვინც თავიდან მცდარი ინფორმაცია გაავრცელა... გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი არც მინისტრის დაპირებამ დააკმაყოფილა, ისინი თვლიან, რომ ლევან კორტავას სიცოცხლე პატიმრებს შორის ატეხილ ჩხუბს არ შეწირვია, როგორც ამას სამინისტროში აცხადებენ...

ნათია კორტავა:

- არ დაიჯეროთ, რომ ლევანი პატიმრებს შორის ჩხუბის დროს დაშავდა. მას ციხეში ყველა პატივს სცემდა, გამორიცხულია, რომ ლევანზე რომელიმე მათგანს ხელი აეწია.

- ხომ შესაძლებელია, კიბეზე სხვა პატიმრების გაშველების დროს დაგორებულიყო?

- იცით, ლევანი რას ჰგავს? ნაცემი და კიბეებზე დაგორებული კი არა, ნაწამებია. ერთი ძვალიც კი არ აქვს მთელი. კისრიდან დაწყებული თითებით დამთავრებული, მთელი ტანი დამტვრეული აქვს. მაჯებში ნახვრეტები აქვს. კიბეებზე დაგორების ან მცხვილ მოხრეშილ ქვებზე დაგორებით მაჯები როგორ დაეხვრიტა? თანაც ორივე ხელზე ერთნაირად? ციხიდან პატიმრები გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან კარგად გაარკვიეთ ეგ ამბავი, ლევანს პატიმრებს შორის არავისთან ჰქონია პრობლემაო...

- პატიმრებს თუ აქვთ, ვერსია, რა შეიძლება მომხდარიყო?

- ლევანი რუსთავის მეშვიდე საპატიმროში იჯდა. გეგუთში ერთი დღით გადაიყვანეს. სწორედ იმ ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი. ამის მერე გამოვიდა სოზარ სუბარი და ხან ის თქვა, კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო ტრამვებიო, ხანაც ირწმუნებოდა, ქვებზე დაცემის შედეგად დაზიანდაო. ორივე გამორიცხულია. მისი აღარ გვჯერა, არც გამოძიებას ვენდობით, დახმარებას არასამთავრობო სექტორებს ვთხოვთ და საქმეში დამიუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვთ...

- ლევანს თუ დამუქრებია ვინმე, ან ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები თუ ჰქონია?

- არა, არასდროს. ჩემი საბრალო ძმა, ორმეტრიან სასახლეში ვერ ჩავასვენეთ, ორი მეტრი და ოცი სმ იყო...

- კონკრეტულად თუ გაქვთ ვინმეზე ეჭვი, ვის შეიძლებოდა ეწამებინა?

- ვფიქრობ, ციხის ადმინისტრაციას. ლევანი პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროსაც რომ დამტვრეულიყო, ციხის ადმინისტრაცია მაინც დამნაშავე იქნებოდა. თუმცა, ეს ასე არ ყოფილა. ამიტომ მოვითხოვთ, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაისაჯოს, ვინც კი იმ დღეს მორიგე იყო.

- ფიქრობთ, რომ ლევანი ციხის ადმინისტაციამ აწამა?

- რა თქმა უნდა. სხვა ვერსია გამორიცხულია...

- მაინც რატომ უნდა ეწამებინა ლევანი ციხის ადმინისტრაციას?

- არ იცით, რისთვის ცემენ და აწამებენ პატიმრებს? ლევანი ამაყი და სამართლიანი ბიჭი იყო. ალბათ დაამცირეს, მან კი წინააღმდეგობა გაუწია და ამის გამო მოკლეს...

- ციხეში რის გამო იჯდა?

- 18 წლის იყო, პოლიციამ ქუჩაში წესრიგის დარღვევის გამო რომ დააკვა. 2007 წელი იყო... მეგობრებთან ერთად ნასვამი მოდიოდა და ვიღაცამ ამით ისარგებლა, ალბათ გეგმა ჰქონდა შესასრულებელი.

- ქუჩაში ხულიგნობისთვის 6 წელი მიუსაჯეს?

- არა მაშინ სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობა დააბრალეს. პროკურატურამ თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა, ლევანმა კი ამაზე უარი თქვა. ადგნენ და 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

- ლევანი ბოლოს როდის ნახეთ?

- ორი თვის წინ მამიდამ რუსთავის საპატიმროში ნახა. მაშინ კარგად იყო... ახლა კი... საბრალო, ნაწამები სულს ღაფავდა, ჩვენ კი ამბავიც არ გაგვაგებინეს. სამი დღის შემდეგ, ჩვენი შორეული ნაცნობი დაგვიკავშირდა და გვითხრა, კლინიკაში ლევანი შემოიყვანეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოიკითხეთო. მოვიკითხეთ, მაგრამ არ გვაჩვენეს. კვდებოდა, აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ ფანჯრიდანაც კი არ გვაჩვენებდნენ. რომ მოკვდა, ვთხოვეთ, სანამ თბილია, ხელი მაინც მოგვაკიდებინეთ-თქო, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს... როგორ შეიძლება ასეთი სასტიკი ადამიანები სახელწიფო დაწესებულებაში მუშაობდნენ? იმედია, ადრე თუ გვიან სამართალს ვიპოვით.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო:გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, მის დაკრძალვას ექსპერტიზის ჩატარებამდე არ აპირებს