ლადო ბედუკაძე: "რაც თქვენ ბუთლიაშვილზე გეწერათ, სიმართლეა და იმაზე ცოტაა, რაც მასზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს" - კვირის პალიტრა

ლადო ბედუკაძე: "რაც თქვენ ბუთლიაშვილზე გეწერათ, სიმართლეა და იმაზე ცოტაა, რაც მასზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს"

ამონარიდი:

გოგა ბუთლიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული  ბრძოლაა გაჩაღებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ იმ პირებთან გასაუბრება, რომლებიც მას პატიმრების წამებაში ამხელენ.

ყოფილი პოლიტპატიმარი არმაზ ხარძიანი.

- ბუთლიაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ შავი პიარი ვიღაცის დაკვეთით აგორდა, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საერთოდ არ გიცნობთ.

- მე ფაქტებით გელაპარაკებით. 2011 წლის 11 აპრილს, საღამოს 10 საათიდან 11-ის ნახევრამდე, გოგა ბუთლიაშვილმა "ა" კორპუსის პირველი კამერიდან გამიყვანა და ოფიცრების ოთახში შემიყვანა, სადაც 2 ოფიცერი - რამაზი და დათო დამხვდნენ, მათი გვარები არ ვიცი, მაგრამ ამ ფაქტს დაადასტურებს ჩემს საკანში მყოფი 9 პატიმარი. ჩვენს შორის გაიმართა ის საუბარი, რაზეც ინტერვიუში უკვე გითხარით (იხ. "კვირის პალიტრა" # 22). იმავე დღეს, 11 აპრილს, მან გამამწესა კარანტინში, ესეც შეუძლიათ გადაამოწმონ ჟურნალში. იმ დღეს მორიგე ლადო ბედუკაძე იყო... ამის შემდეგ, 14 აპრილს ეტაპში შემთხვევით მოვხვდი და უნდა გადავეყვანეთ ზონაში. ბუთლიაშვილმა ეტაპის მანქანიდან ჩამომიყვანა, ვერსად წახვალ, თანამშრომელს პირზე უნდა დაადგეო. იმავე წლის 24 აპრილს ბუთლიაშვილმა კარანტინის დაშლაზე ნეკნები ჩაუმტვრია პატიმარ ირაკლი ხარებავას.

ამასაც დაადასტურებენ სხვები...

- ამბობს, რომ კარანტინის დაშლაში არასოდეს მიუღია მონაწილეობა, ეს არ იყო მისი ფუნქცია.

- სისხლზე გონება ებინდებოდა, მაგის გარეშე გამორიცხული იყო კარანტინის დაშლა. ამის უარყოფით, ის ცდილობს თავი იმართლოს. სხვა რა დარჩენია, რატომ არ ვამბობს სხვაზე და ვამბობ მაგაზე? ბარბარობას საკანში რომ შემოვიდა, სამხედრო ფორმა ეცვა. ვიცოდით, რომ სვამდნენ და ეს შემოუძღვებოდა. 22 კამერა დალეწეს. ეს რასაც აკეთებდა, საშინელება იყო, ასობით პატიმარი დაადგება პირზე. თუ ტყუილია, გვიჩივლოს ცრუ დასმენისთვის, მაგრამ ამას ვერ გაბედავს...

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პატიმარი: - ბუთლიაშვილი ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრებს: წერეთელს, საყვარელიძეს, ზედელაშვილს. გაითვალისწინეთ, მე სამარტოო საკანში ვიჯექი და ჩემი ხედვის არეალი შეზღუდული იყო. ამიტომ მოგახსენებთ მხოლოდ იმას, რასაც იმ პატარა კორიდორში ვხედავდი. მე ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა მორგში. ბევრი პატიმარი ერთსა და იმავე გარემოებაზე საუბრობს: ცხვედიანს, ავთო პოპიაშვილს, ბუთლიაშვილს და სხვებს ჩაჰყავდათ პატიმრები იქ და ხშირად პატიმრის სიკვდილითაც მთავრდებოდა...

სამარტოო საკანში გამოკეტილმა გამსახურდიამ 4-5 ფაქტი ნახა და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მთელ ტერიტორიაზე? შეგიძლიათ გამოითხოვოთ მონაცემები, რამდენი პატიმარი იღუპებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დამერწმუნეთ, ასეთი იყო ათეულობით პატიმარი. არჩევნების შემდეგ 6-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა ციხეში. ნანახი მაქვს ბუთლიაშვილი და მისი რამდენიმე თანამშრომელი, როგორ გაუსწორდნენ საყვარელიძეს. შემდეგ პროკურატურის თანამშრომელი მოვიდა და ყველა პატიმარს ჩამოართვა განმარტება, რომ მსგავს შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. ბუთლიაშვილი თავს იმართლებს, აბა რას იტყვის. ამდენი პატიმარი ადებს ხელს, მაგრამ მაინც თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია. წარმოგიდგენიათ ჯალათი, რომელიც აღიარებს დანაშაულს? ამაზე ლაპარაკი დღეს არ დამიწყია, თქვენ ესწრებოდით 4 წლის წინ ჩემს სასამართლო პროცესებს და ისმენდით ჩემს განცხადებებს ამ ფაქტებზე. არავითარი პირადი ინტერესი მე არ მაქვს, უბრალოდ, დამნაშავე ჯალათები უნდა დაისაჯონ.

ლადო ბედუკაძე, ციხის ყოფილი თანამშრომელი: - სხვა რა უნდა თქვას? ის სისტემის პირველი დამრტყმელი ძალა იყო,  მუხაძის მარჯვენა ხელი. ორი ფაქტი უკვე გითხარით... შეგიძლიათ ხაინდრავაც მოინახულოთ და დარწმუნდებით, რომ ხერხემალი დაუზიანა. სანამ ციხის კადრები გამოჩნდებოდა, ყველა ჰყვებოდა იქ არსებულ ვითარებაზე, მაგრამ სამხილი არ იყო და არავის სჯეროდა. სანამ არ გამოჩნდება მის წინააღმდეგ მტკიცებულება, იძულებულია, თავი იმართლოს. კიდევ 2-3 ციხის თანამშრომელი გამოჩნდება, რომლებიც ამას დაადასტურებენ. წავიკითხე სტატიები, რაც თქვენ ბუთლიაშვილზე გეწერათ, ყველაფერი სიმართლეა და იმაზე ცოტაა, რაც მასზე

საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

იხ. სტატია სრულად

მოამზადა თეა ხურცილავამ