"ქურდულ სამყაროში ავტორიტეტი იყო... კაციც ჰყავს მოკლული" – ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საიდუმლოებით მოცული დეტალები - კვირის პალიტრა

"ქურდულ სამყაროში ავტორიტეტი იყო... კაციც ჰყავს მოკლული" – ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საიდუმლოებით მოცული დეტალები

ოზურგეთის რაიონში მოკლული გოჩა გუჯაბიძის მკვლელობის მოტივები ამ დრომდე უცნობია, სამართალდამცავებს ჯერ არც მკვლელი დაუკავებიათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ გუჯაბიძე საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. კლინიკაში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. ამ დრომდე უცნობია თავდამსხვმელების რაოდენობაც, საქმე სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, გოჩა გუჯაბიძე ამნისტიით იყო გათავისუფლებული. ის 2011 წლის 11 მაისს ოზურგეთში კოსტავას ქუჩაზე დააკავეს და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სპეცოპერაციის თვითმხილველთა მონათხრობით, დაკავებულს პოლიციამ ნარკოტიკი "ჩაუდო". გუჯაბიძის მამა ირწმუნებოდა, რომ მისი შვილი უკანონოდ დაიჭირეს, დაკავების მიზეზად კი პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამჯერად მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. განცხადების გაკეთებისგან ჯერ-ჯერობით პოლიციაც თავს იკავებს. გუჯაბიძის მკვლელობის სავარუდო მიზეზებზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ მისი მეზობლებიც. თუმცა კულუარულად, ვინაობის გამხელის გარეშე გარკვეულ მოსაზრებებს გამოხატავენ.

მ. ნ.:

- საბრალო ბიჭი სულ ახლახანს გამოვიდა ციხიდან. დედის თვალწინ მოკლეს ის უბედური. შინ იყო თავისთვის, დაუძახეს, გამოიყვანეს გარეთ და ჩაცხრილეს.

- ვის შეიძლებოდა მოეკლა?

- არ ვიცი, წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვის შეიძლებოდა ჩაედინა ეს სისასტიკე. საბრალოს საკუთარ სახლში ნორმალურადაც კი არ გაათევინეს.

ლ. ნ.:

- საერთოდ მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ამ ბიჭსა და მამამისს კარგი სახელი არ აქვთ. მე როგორც ვიცი, გოჩას ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული და ვიღაცეები მოსაკლავადაც დასდევდნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა გამწარებულმა შური იძია.

- რამდენად მართალია გავრცეებული აზრი იმის შესახებ, რომ გოჩას პოლიციამ წამალი ჩაუდო და ისე დააკავა?

- ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება, პოლიციამ მისი ფაქტზე დაკავება ვერ მოახერხა და წამალი იმიტომ ჩაუდო.

კ. მ.:

- მე ზუსტად ვიცი, რომ პოლიციამ გოჩას და მის ერთ-ერთ ძმაკაცს წამალი ჩაუდო. არამგონია, ის მართლა შავ-ბნელი საქმეების მკეთებელი ყოფილიყოს. უბანში მასზე ცუდი არ მსმენია, უბრალოდ, ქურდულ სამყაროში ავტორიტეტი იყო, შეიძლება ეს ვერ აპატიეს...

მ. შ.:

- მეც გამიგია, რომ ეგ ბიჭი კარგ საქმეებში არ იყო გარეული. მე მგონი კაცი ჰყავს მოკლული. მერე ისიც თქვეს, რომ ციხეში ძალიან ცუდი რაღაც გააკეთაო. ალბათ ვიღაცამ მართლა შური იძია.

- ციხეში ასეთი რა გააკეთა?

- არ ვიცი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.

- ხომ არავისი გეშინიათ?

- რა თქმა უნდა, შვილო, მეშინია. მამამისი საკმაოდ საშიში კაცია, სად მაქვს მაგათი გადაკიდების თავი. იმედია არ გამთქვამთ, თორემ აქ აღარ დამედგომება.

ნ. ვ.:

- ძალიან ჩახლართული ამბავია. გოჩაზე ძალიან ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მართალისა და ტყუილის გარჩევა რთულია. ზოგი ამბობს, რომ ციხეში რაღაც ისეთი შეეშეალა, რომ თავად ქურდებმა არ აპატიეს... იმასაც ამბობენ, რომ თავად არ პატიობდა სხვებს ცუდ საქციელს. ზოგი იმასაც ირწმუნება, რომ ამ საქმეში პოლიცია არის გარეული.

- რას გულისხმობთ?

- ამბობენ, თავად პოლიციამ მოკლაო. დამნაშავე აქამდე სწორედ იმიტომაც ვერ იპოვესო. ამბობენ, პოლიციას სისხლს უშრობდა, ძნელი მოსახელთებელი იყოო. სხვას ვერაფერს გეტყვით.

გ. ა.:

- არ ვიცი, ამ ბიჭს რატომ უგდებენ ასეთ ცუდ ხმებს, ცუდი კაცი ნამდვილად არ იყო. პირიქით ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო. მისი მართლა ბევრს ეშინოდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ სისხლისმელი ჯალათი იყო. უბრალოდ უსამართლობას ვერ იტანდა და ვიღაც-ვიღაცებს არაკაცურ საქციელს არ პატიობდა?

- ანუ "საქმეებს არჩევდა"?

- როგორ გითხრათ, ავტორიტეტი იყო. უსამართლოდ არც თავად ექცეოდა ვინმეს და არც ხსვას პატიობდა ცუდ საქმეს.

ანა მამალაძე (სპეციალურად საიტისთვის)