გამოცხადებული ავიაკატასტროფის ქრონიკა?!
"ქვეყნიდან დაუბეგრავად გაედინება ასეულობით მილიონი დოლარი"
"შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის ავიაციაში წინა ხელისუფლების დანაშაულს"
ქართული ავიაკომპანია "აირზენა" ქვეყნის საავიაციო პოლიტიკას უგუნურს უწოდებს და ვარაუდობს, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო საავიაციო კატასტროფების საფრთხე ძალიან იზრდება. "აირზენას" ინფორმაციით, უცხოურ ავიაკომპანიებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებების შედეგად საქართველო ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას კარგავს. იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბიზნესის ყველა სფეროს მსგავსად, ავიაციაშიც საეჭვოდ (საკუთარი ინტერესების გამო) თანხმდებოდა მხოლოდ ინვესტორისთვის მომგებიან ხელშეკრულებებს, გაუმართლებელი საგადასახადო შეღავათების გამო ქვეყნიდან დაუბეგრავად გაედინება ასეულობით მილიონი დოლარი. ბიუჯეტში კი თითქმის არაფერი შედის და სახელმწიფო მოგებას ვერ ნახულობს. კომპანიის მფლობელის - თამაზ გაიაშვილის თქმით, ავიაბიზნესში წილებისა და მოგება-წაგების საკითხებზე საგანგაშო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების პრობლემაა, რამაც, შესაძლოა, ყოველ წუთს ნებისმიერი კომპანიის თვითმფრინავის ტრაგედია გამოიწვიოს. "კვირის პალიტრა" "აირზენას" გენერალურ დირექტორს, იასე ზაუტაშვილს ესაუბრა.
- ორ ათეულ წელზე მეტია, არაფერი შეცვლილა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება. 25 წლის წინ მისი მშენებლობა 150-ტონიან თვითმფრინავებზე იყო გათვლილი, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი ბილიკზე სხდებოდა თვითმფრინავები, რომელთა მასა 300 ტონას აღემატება. იმის გამო, რომ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბოლო 25 წლის მანძილზე კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია და ექსპლუატაციის ვადაც ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ზოლი სასიკვდილო გზას ჰგავს. არ მინდა, ვთქვა, რა მოხდება, თუ პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა. ზოლზე ფილებია ამოყრილი, მიმდებარე, ასფალტისსაფრიან ტერიტორიაზე კი მუდმივად კენჭები ყრია. ალბათ, ბავშვმაც კი იცის, რა მოჰყვება ამ კენჭების თვითმფრინავის ძრავაში ან სხვა სახიფათო ნაწილში მოხვედრას. არც ერთი კომპანია არ არის დაცული მოსალოდნელი კატასტროფისგან.
- ამ პრობლემებზე სხვა, უცხოური ავიაკომპანიები არაფერს ამბობენ?
- ჯერჯერობით მათთვის ეს საშიშროება თვალში საცემი არ არის, სამაგიეროდ, "აირზენა", რომელიც საბაზისო ავიაკომპანიაა, კარგად იცნობს ყველა პრობლემას. უცხოური კომპანიები ბაზარზე რომ შემოდიან, ენდობიან აეროპორტისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარდგენილ დოკუმენტს, რომლის მიხედვით ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ჯერჯერობით ბედი სწყალობთ, მაგრამ კოკა ყოველთვის მოიტანს წყალს?
თბილისის აეროპორტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - თვითმფრინავების სადგომები დანგრეული და გაუნათებელია. აეროპორტში თვითმფრინავით მოძრაობისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სოფლის ორღობეში დადიხარ. რაც შეეხება საქართველოს ნავიგაციას, კვლავ მოუგვარებელია ღამის ფრენის პრობლემა და ადამიანთა სიცოცხლეც საფრთხეშია. ღამით ადამიანის გონება მოდუნებულია, დისპეტჩერი ან სხვა ვინმე, შესაძლოა, გაითიშოს და საბედისწერო შეცდომა დაუშვას. ღამის ფრენა წლების წინ უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ უცხოური ავიაკომპანიების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ნავიგაციის სააგენტო ვერ შეცვლის - ისევ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს. ღამით ევროპის აეროპორტები დაკეტილია. თვითმფრინავები დგას და ვერ მუშაობს. თუ ზოგადად და მით უფრო, ღამით, ფრენა მოიმატებს, რისკიც გაიზრდება. ჩვენი საერთაშორისო აეროპორტი არ არის ისეთი გამტარობის, რომ 24-საათიანი რეჟიმით მუშაობა სჭირდებოდეს, დილის შვიდიდან ღამის 12 საათამდე მუშაობა სავსებით საკმარისია.
- "ტავ ჯორჯიას" წარმომადგენელი საქართველოს სახელმწიფოს ახალი ზოლის მშენებლობის გაჭიანურებაში სდებს ბრალს. ამასთან, კატეგორიულად აცხადებს, რომ თურქები არ გადახედავენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, რომლის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 150 კმ-ის რადიუსით სხვა აეროპორტის აშენება იკრძალება.
- "ტავ ჯორჯია" სანამ დღევანდელ მთავრობაზე იტყვის რამეს, ის გაიხსენოს, წინას დროს რა განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა მინიჭებული და როგორ გამოიყენა ისინი მხოლოდ თავის სასარგებლოდ.
წინა მთავრობის დამსახურებაა, რომ საქართველოში ღია ცა და აეროპორტი თურქებს ეკუთვნის.
ვის გაუგია ახალი ზოლის მშენებლობა ძველი ასაფრენი ზოლის გვერდით, როდესაც მათ შორის მანძილი 150 მეტრს არ აღემატება? ადგილმდებარეობაც ვერ იქნება უსაფრთხო, რადგან ასაფრენ ზოლს ორივე მხრიდან ლოჭინის და ორხევის ხევები ემიჯნება. აფრენის შეწყვეტის შემთხვევაში იქმნება ხევში ჩავარდნის საშიშროება, როგორც 1992 წელს მოხდა: Ту-154 ტიპის თვითმფრინავი ვერ აფრინდა და შეჩერებისას ხევში გადაეშვა, რის შედეგად ეკიპაჟის ყველა წევრი და მგზავრი დაიღუპა. ამ ასაფრენი ზოლის ბატონ-პატრონობა თურქებს 2037 წლამდე სურთ.
- თუკი ხელისუფლება მათთან საქართველოსთვის სასარგებლო ხელშეკრულებას დადებს, რატომ არის ცუდი, თურქებმა ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ?
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თურქებს, კერძოდ, "ტავ ჯორჯიას", საქართველოში არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია და საქმე ჩვეულებრივ თაღლითობასთან გვაქვს. 2004 წლის მეორე ნახევარში, წელიწად-ნახევრით ადრე, სანამ ახალი ტერმინალის მშენებლობას დაიწყებდნენ, თურქებმა საქართველოს მთავრობასთან გააფორმეს ხელშეკრულება. ამ პერიოდში მათ მიიღეს საკმაოდ კარგი შემოსავალი, მარკეტინგულად შეისწავლეს მგზავრთა ნაკადი თბილისის აეროპორტში, გააკეთეს ბიზნესგეგმა, პარლამენტს მიაღებინეს დადგენილება, რომლითაც დაწესდა დაუბეგრავი მოსაკრებელი 22 დოლარის ოდენობით თითოეულ მგზავრზე, შემდეგ ეს ხელშეკრულება, ბიზნესგეგმა და პარლამენტის დადგენილება მიიტანეს ევროპის განვითარების ბანკში და აიღეს გრძელვადიანი, ჩემი ინფორმაციით, 90-მილიონიანი კრედიტი. არსებულ სადგომებზე ააშენეს კაბრიოლეტი ტერმინალი (ასე უწოდებენ ტერმინალს იმის გამო, რომ ქარმა პირველსავე წამობერვაზე გადახადა სახურავი), მგზავრებიდან შემოსული თანხა კი მიედინებოდა კრედიტის დასაფარად. ამავე დროს, აეროპორტის შიდა და გარე სერვისები, მათ შორის, საქალაქო ტაქსებიც, მათი შემოსავლის წყაროდ იქცა. ყოველწლიურად მხოლოდ აეროპორტიდან 100 მილიონზე მეტი დოლარი მიედინება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან, კაბალური პირობებით, ე.წ. ინვესტორის ინტერესების სასარგებლოდ აშენებული ტერმინალი უბადრუკობაა იმასთან შედარებით, რაც არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ჩადით, ნახეთ მათი აეროპორტები და მიხვდებით, რა არის კარგი და რა - ცუდი. დღემდე ვერ გამიგია, რატომ იღებენ თურქები შემოსავლებს ასაფრენი ზოლიდან, სადგომებიდან? კი ბატონო, ტერმინალი ააშენეს და კომერციული მომსახურებიდან ეკუთვნით თანხა, მაგრამ გაუგებარია და ამავე დროს, გასაგებიც, რატომ მიუწვდებათ მათ ხელი სხვა შემოსავალზე.
- რატომ მისცეს ასეთი პრივილეგიები?
- გამოიძიონ და დაარქვან თავისი სახელი ყველაფერს. თურქეთის ავიაკომპანიებს საქართველოდან დაუბეგრავად ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი გააქვთ, ჩვენ სარგებელს ვერ ვიღებთ და რატომ გრძელდება ეს დღესაც, გაუგებარია. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს - შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის ავიაციაში წინა ხელისუფლების დანაშაულს და შეიმუშავებს ავიაციის სტრატეგიული განვითარების გეგმას.