”ნაციონალები” ნიშნავდნენ ”მაყურებლებს”
”ქურდის ინსტიტუტი ზენიტში დაგხვდა”
”ადმინისტრაცია პატიმრებისა და მათი მეუღლეების გრძელვადიანი პაემნების ჩანაწერს აკეთებდა შემდგომ მათი შანტაჟირებისთვის”
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ასობით პატიმრის მოთხოვნა, გაუქმდეს 223-ე პრიმა მუხლი (რაც ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო პატიმრობას გულისხმობს) "ტარასას" (ტარიელ ფოცხვერიას) ორგანიზებულია და სასჯელაღსრულების სისტემაში არეულობის დაწყებას ისახავს მიზნად.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მართავენ ქურდები და "მაყურებლები" დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა სქემაც გამოაქვეყნა.
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი: - "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს "მაყურებლები" და ადმინისტრაცია ერთად აწამებდნენ პატიმრებს. ადმინისტრაციის დაკვეთით აუპატიურებდნენ პატიმრებს. მათი ნებართვის გარეშე შიმშილობის დაწყებას და თვითდაზიანებასაც კი ვერავინ გაბედავდა.
ცხრა წლის განმავლობაში 794 პატიმარია გარდაცვლილი. მათ შორის 36 თვითმკვლელობაა, 50-მდე პატიმარი კი მოკლულია, თუმცა ამის გამო არც ერთ დამნაშავეს პასუხი არ უგია. 2011 წლის მარტის თვეში 21 პატიმარია გარდაცვლილი! ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან 8 თვეში კი ციხეში 15 პატიმარი დაიღუპა. დღეს 9 ათასი პატიმარი გვყავს და მათგან 700-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 150 პატიმარი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ჩვენ 298 პატიმარს გავუკეთეთ ოპერაცია ხერხემალზე, რომელიც ცემისაგან ჰქონდათ დაზიანებული. 38 კაცს ცემისგან ყურის აპკი აქვს გახეთქილი. 55 პატიმარს გავუკეთეთ ოპერაცია სახისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო.
გვეგონა, წინა ხელისუფლება ებრძოდა ქურდულ სამყაროს, მაგრამ 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 700-მდე "მაყურებელი" დაგვხვდა, მათგან 200-მდე ძალიან გავლენიანი. ბევრი მათგანი დღეს თავისუფალია და სახლიდან ვერ გამოდის, რადგან იმ პატიმრების შურისძიების ეშინია, რომელთაც ადმინისტრაციის დავალებით აუპატიურებდნენ. ზოგი "მაყურებელი" იზოლირებული გვყავს, რადგან საფრთხე ემუქრებათ. თუ წინა ხელისუფლება ტყუილს ამბობდა, რომ ციხეში "მაყურებლები" არ არიან და გავლენები არა აქვთო, ჩვენ არ მოვიტყუებით. ზონებში "მაყურებლები" ისევ არიან და გავლენაც აქვთ. განსხვავება ის არის, რომ ადმინისტრაციასთან შეკრული არ არიან. N"ნაციონალებმა" ისიც მოახერხეს, რომ "მაყურებელი" (ვახტანგ თიგიშვილი) დანიშნეს "მატროსოვზე", სადაც არასდროს ყოფილან "მაყურებლები".
- მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა, დღეს როგორი სქემით იმართება ციხეები და დაასახელა "მაყურებლების" გვარები.
- გარდა იმისა, რომ ეს სამი წლის წინანდელი სქემა უნდა იყოს, მასში ბევრი უზუსტობაა. მინაშვილმა ქსნის დაწესებულების კარცერის "მაყურებლად" ზაქრო ჯანგულაშვილი დაასახელა, როდესაც ქსანში კარცერი საერთოდ არა გვაქვს და მეტიც, ასეთი გვარის პატიმარი ვერც დაწესებულებებში მოვნახეთ და ვერც ციხიდან გასულებში. საერთო რეჟიმის დაწესებულებაში "მაყურებლად" დასახელებულია ვინმე ქებურია, მაშინ როდესაც საერთო რეჟიმის დაწესებულებები არ არსებობს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააუქმა. მინაშვილმა ახსენა "სასადილოს მაყურებელი", როდესაც ასეთი ცნება არ არსებობს. მინაშვილი გვაბრალებს იმას, რაც სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააძლიერა. უბრალოდ, მათ დროს ინფორმაცია არ გამოდიოდა ციხიდან. პატიმარს რამე რომ ეთქვა, "ნაციონალების" მართული "მაყურებლები" ჩამოახრჩობდნენ და იტყოდნენ, თავი მოიკლაო.
- სადაც "მაყურებელია", ალბათ, იქ "ობშჩიაკიც" შეიკრიბება.
- ასეა და იმის გამო, რომ პატიმრებს "ობშჩიაკის" აკრეფაში ეხმარებოდნენ, ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გავათავისუფლე. ქურდი "წრიპა" წელიწადში ორჯერ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაჰყავდათ, რომ "მაყურებლები" დაენიშნა. სახალხო დამცველის ოფისში მუშაობისას Mმე და ჩემმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ ვნახეთ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში როგორ პირობებში იხდიდა სასჯელს ერთი "მაყურებელი", ორი ოთახი ჰქონდა, რომელიც შიგნიდან იკეტებოდა და 2 კაცი ემსახურებოდა, ედგა უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი, მაცივარი კი ქოქოსებითა და დელიკატესებით იყო სავსე.
- ითქვა, რომ "ტარასა" აკონტროლებს "მაყურებლებს".
- ის მძიმე ავადმყოფია. საუბარიც უჭირს. ტარიელ ფოცხვერია უზენაესმა სასამართლომ გაუშვა, მაგრამ შს სამინისტრომ ისევ დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. ჩვენი ხელისუფლება რომ მასთან თანამშრომლობდეს, ვინ დააკავებდა? როდესაც ხელმოწერები კეთდება 223-ე პრიმა მუხლის გაუქმების მოთხოვნით და ასეთ წერილს ისეთი პატიმრები აწერენ ხელს, რომელთაც შეხება არა აქვთ ქურდულ სამყაროსთან, ჩანს, ავტორიტეტები ჩვეულებრივი პატიმრებით მანიპულირებენ.
- ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ქურდული მენტალიტეტი ციხეში მე დავამარცხეო.
- როგორ დაამარცხა იქიდანაც ჩანს, რომ ქურდის ინსტიტუტი ზენიტში დაგვხვდა. "კანონიერი ქურდების" უმეტესობა მე-7 საპყრობილეში იყო, მაგრამ მათი ავტორიტეტით მართავნენ ციხეებს. "მაყურებლებსა" და ქურდებს "ნაციონალები" თავისთვის ამუშავებდნენ. რამდენიმე ციხეში ადმინისტრაცია პატიმრებისა და მათი მეუღლეების გრძელვადიანი პაემნების ჩანაწერს აკეთებდა შემდგომ მათი შანტაჟირებისთვის.
- ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუკზე" კომენტარი გააკეთა, სუბარი ქურდებმა მოხსნესო.
- თავის დროზე, რამდენიმე კაცი დააკავეს და აწამეს მხოლოდ იმის გამო, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან ზარი გაუშვეს, ამის მერე ის და მისი ქმარი როდესაც ვინმეზე ლაპარაკობენ, სირცხვილია. ჩანს, ჟორჟოლიანს კარგად ესმის ქურდების ენა, მე კი სურვილიც არა მაქვს, გამეგებოდეს.
- ბოლო დროს პრეზიდენტის რეზიდენციასთან პრობაციონერობის მოხსნის მსურველთა რიგები დგას. რა მიზანი აქვს სააკაშვილის ამ მოულოდნელ ინიციატივას?
- სააკაშვილის დროს 25 ათასი პატიმარი და 40 ათასი პრობაციონერი იყო, ამნისტიის შედეგად კი დარჩა 13 ათასი. პრობაციონერობის მოხსნა საქმეების ინდივიდუალური შესწავლის გარეშე მავნებლობაა. ჩანს, სააკაშვილს კრიმინოგენული ვითარების გაუარესება უნდა.
- რამდენიმე დღის წინ პატიმარი გივი კუბლაშვილი საოპერაციოდან გამოიყვანა ბადრაგმა და ისევ საპყრობილეში დააბრუნა. რის გამო დაისაჯა ასე მსჯავრდადებული?
- ამ პატიმარს კიდურების ქრონიკული პრობლემა აქვს და ჩვენ გამოკვლევა ჩავუტარეთ. პატიმარი გადავიყვანეთ სამოქალაქო საავადმყოფოში (ქირურგიის ინსტიტუტში) ოპერაციის გასაკეთებლად, მაგრამ მან ექიმს შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო მომსახურება ჩაშალა. ამაზე შესაბამისი დოკუმენტაცია გაუფორმეს და ბადრაგმა იმავე დაწესებულებაში დააბრუნა, სადაც მანამდე იყო(?!). დღეს ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ქრონიკული პრობლემა რჩება.
- თუ პატიმარს სათანადო მკურნალობა უტარდებოდა, დებოში რატომ ატეხა? თან, როგორც ვიცი, უკვე კათეტერები ედგა და ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
- ამას ვსწავლობთ. დებოშს ხშირად აწყობენ პატიმრები სამკურნალო დაწესებულებებში. პაციენტები ხშირად ექიმებს სთხოვენ ისეთი ტიპის დახმარებას ან მედიკამენტს, რომელიც არ შედის მკურნალობაში და უარის შემდეგ დებოშს ტეხენ, საავადმყოფოში ითხოვენ ისეთ პრივილეგიებს, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს, საკვებს და ნათესავებს თავმდგმურად, მაშინ როდესაც უარს იღებენ, აპროტესტებენ. მეოთხე კლასიკური სცენარია, როდესაც პატიმარი გასაწერია და ულტიმატუმის სახით ითხოვს, - კიდევ ერთი კვირით დატოვონ და როცა მათი მოთხოვნა არ სრულდება, ამაზეც დებოშს აწყობენ.
- მაგრამ ეს ე.წ. კლასიკური შემთხვევები არ ესადაგება ამ კონკრეტულ შემთხვევას. ამჯერად პაციენტი უკვე საოპერაციოში იყო და ოპერაციიდან ბადრაგის და არა ექიმის მითითებით, მოხსნეს.
- პატიმარი ამბობს, ჩაი გადამიღვარესო და ეს შემთხვევა საოპერაციოში ვერ მოხდებოდა. ამ შემთხვევას შევისწავლით, თუმც წინასწარი ინფორმაციით, თვითონ პატიმარმა ჩაშალა სამედიცინო მომსახურება. თუ ასე გაინტერესებთ ეს შემთხვევა, მიდით იმ საავადმყოფოში, სადაც ამ პატიმარმა დებოში მოაწყო და ექიმებს ჰკითხეთ (ჩვენ მივედით საავადმყოფოში და ექიმები გამოვკითხეთ იხ. გვ.7 - ავტ.). როგორც კი ასეთ ფაქტებზე ადეკვატურ ზომებს ვიღებთ, ჟურნალისტები ხმაურს ტეხთ და ლამის პატიმრების ადვოკატებად გამოდიხართ.
- პატიმრის ადვოკატი რა შუაშია, ჟურნალისტი ყველა ადამიანის ადვოკატი უნდა იყოს და მუდმივად შეუძახოს ხელისუფლებას, თუ რამე გადაცდომას შეამჩნევს, თქვენ ცოტა ხნის წინ ომბუდსმენი იყავით და მგონი არ ხუჭავდით თვალს უსამართლობაზე...
- კი ბატონო, მაგრამ გაარკვიეთ, რა, ყველა კონკრეტული შემთხვევა. იმას კი ნუ იჯერებთ, რასაც პატიმრის მამა ან თვითონ პატიმარი გიყვებათ. პატიმარმა თუ აგინა ექიმსაც, ბადრაგსაც და ზედამხედველსაც და ამაზე პასუხი მიიღო, პრესა და მთელი საზოგადოება თავს გვესხმის.
- მაგრამ ამისთვის პატიმარმა სასჯელად ოპერაციიდან მოხსნა უნდა მიიღოს?! ხომ არ ჰქონდა ადგილი ბადრაგის თვითნებობას?
- ჩვენ კანონს მკაცრად დავიცავთ, არავის უფლებას არ დავარღვევთ და არავის ვაწამებთ. Mმე ასე მესმის საზოგადოების მოთხოვნა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ვინმეს ბრალეულობა კიდევ გამოიკვეთება, იმასაც საკადრისად დავსჯით.