კახი კახიშვილი: "ბარემ პედოფილიისა და გაუპატიურების საქმეების გამოძიებაზეც უარი ვთქვათ!"
"დამნაშავე მაღალჩინოსნების გამოვლენის შანსი ხელიდან გავუშვით" - ეს განცხადება ექსპერტმა კახა კახიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერები, სულ 104 ფაილი განდგურდა. "უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის" სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კახა კახიშვილი ერთადერთი გახლდათ, ვინც ფირების განადგურებას ეწინააღმდეგებოდა.
- ბატონო კახა, რატომ ფიქრობთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურება არ შეიძლებოდა?
- პირველ რიგში იმიტომ, რომ მოქალაქეების სექსუალური ცხოვრების დანაშაულებრივად მოპოვებული კადრების განადგურება ეწინააღმდეგება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას. თითოეული ეს მასალა წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დამნაშავე პირების, როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლების დადგენა. როგორ გგონიათ, მავანს ის აინტერესებდა, თუ როგორ ამყარებდა სექსუალურ კავშირს ესა თუ ის პოლიტიკოსი? არა, ბატონებო, ასეთი ტიპის მასალებს შანტაჟისთვის მოიპოვებდნენ. კომისიამ განაცხადა, ვწუხვართ იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ სისტემური დანაშაულის ავტორების გამოვლენასო. არადა ვიცით, რომ ფარულ კამერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასტუმროებში ამონტაჟებდნენ. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ არ ჰკითხავს გამოძიება სასტუმროს მეპატრონეებს? მათგან აუცილებლად გაიგებდნენ შსს-ს თანამშრომლების ვინაობას და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც მათ ნომრებში კამერების დამონტაჟებას აიძულებდნენ.
- რამდენად არგუმენტირებულად მოგეჩვენათ კბილაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ პროკურატურა ფირებზე ასახული ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებას მოერიდა და იმიტომ თქვა უარი გამოძიების დაწყებაზე?
- ამ ლოგიკით, ბარემ პედოფილიისა და გაუპატიურების საქმების გამოძიებაზეც უარი ვთქვათ. სექსუალური ძალადობის მსხვერპლსაც ძალიან უჭირს თავს გადახდენილი ამბის გახსენება, მაგრამ გამოძიებას მტკიცებულება ესაჭიროება და თუ მსხვერპლი არ დაიკითხა, ისე დამნაშავეს ვერ დასჯიან. წესით, რა უნდა ექნათ, იცით? პროკურატურას ასოთხივე ფირში ასახული ადამიანი ცალ-ცალკე უნდა დაებარებინა და ისე დაეკითხა. პროკურატურა და კომისიის წერვები კი ამბობენ, რომ განადგურებული 104 ფაილის გარდა 25000 ფაილი კიდევ არის დარჩენილი და გამოძიება იმით იხელმღვანელებსო, მაგრამ ეს არგუმენტი ჩემთვის გაუგებარია, ეს იმას ნიშნავს, 10 ადამიანის მკვლელი მხოლოდ ორი კაცის მკვლელობისთვის გაასამართლო.
- ე.ი. პროკურატურამ ფირების გადადგურებით დანაშაულის კვალი წაშალა?
- ჩემი აზრით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბნენ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. მათ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ფარული მასალების არსებობის შესახებ ინფორმაცია გამოძიების დაწყებამდე გააჟღერეს. საზოგადოებაც სრულიად სამართლიანად აღშფოთდა და ასევე სრულიად სამართლიანად მოითხოვა ფირების განადგურება. ამას ისიც დაერთო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ (რომელიც ამის გამო დაისაჯა) ფირის სათავისოდ გამოყენება სცადა...
- შესაძლებელია თუ არა, რომ იმ ვიდეოფირებზე დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირებიც იყვნენ ასახულნი?
- რა თქმა უნდა, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი ტიპის მასალებს ძირითადად ოპოზიციის წარმოამდგენლებზე აგროვებდა. დღეს კი ხელისუფლებაში სწორედ მაშინდელი ოპოზიციონერები არიან.
- ე.ი. კომპრომატი კბილაშვილზეც შეიძლება ყოფილიყო?
- მე რა ვიცი, ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ... მე ვადასტურებ პატივისცემას კომისიის გადაწყვეტილების მიმართ. მადლობელი ვარ, რომ კომისიამ გაითვალისწინა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების არგუმენტები და არ მიიღო გადაწყვეტილება, უკლებრივ ყველა ფაილის განადგურების შესახებ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებსა და სტანდარტებს.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)