"ადგა რძალი და პირუტყვივით დაკლა" - ჩვენში ცივსისხლიანი მკვლელი ქალებიც გაჩნდნენ?! - კვირის პალიტრა

"ადგა რძალი და პირუტყვივით დაკლა" - ჩვენში ცივსისხლიანი მკვლელი ქალებიც გაჩნდნენ?!

მომრავლებული ახალგაზრდა მკვლელების სიას კიდევ ერთი, ამჯერად გოგონა დაემატა, - 24 წლის გურჯაანელმა ე.ხ-მ, მეუღლის საღ-სალამათ ბებიას, ზ. ჯ.-ს ყელი ყოველგვარი ხმაურის გარეშე გამოსჭრა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ მკვლელობის დღეს ან წინა დღეებში მოხუცისა და მისი რძლის ტრადიციული ჩხუბი მეზობლებს არ გაუგიათ. მკვლელობა საბედისწერო სიჩუმეს მოჰყვა, რაც საეჭვოც კი ჩანდა მათი ადრინდელი ჩხუბების ფონზე. თუმცა ამ ეჭვის მიუხედავად მაინც ვერავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდებოდა, - უკვე დილის 10 საათზე შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მეზობლები მოხუცისთვის მიყენებულმა მხეცურმა ჭრილობებმა შოკში ჩააგდო, - მას დანით რამდენიმე ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული როგორც კისერზე, ისე ყელის არეში. ჭრილობებიდან სისხლი თქრიალით გადმოდიოდა. მეზობლებმა ოჯახის რძალი მაშინვე მოიკითხეს, თუმცა ის უკვე გაქცეული აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მეზობელმა სწორედ მაშინ შეამჩნია, როცა ტაქსი გააჩერა და მასში ჩაჯდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მკვლელი ხაშურში დააკავა. ამ უკანასკნელს მკვლელობის იარაღი, სამზარეულოს დანა ჩანთაში ედო. მან დანაშაული მაშინვე აღიარა.

თუ როგორ ვითარდებოდა ეს საზარელი მკვლელობა, შემთხვევის ადგილზე გავარკვიეთ.

გ.თ.:

- აბა, რა უნდა მოვყვეთ, როცა ისევ ელდაში ვართ ამ უბედურების დამნახავები, - ის უბედური მოხუცი ჯერ კიდევ სკამზე იჯდა, გადავარდნილიც არ იყო, როცა მეზობლები რომ შევცვივდით. რა დააშავა მაგ საწყალმა ასეთი, რო ეგრე დანით დაჯიჯგნილიყო?! ზედ ყვებოდა უდედოდ მიტოვებულ შვილიშვილებს, - ორივე ძმას. ცუდი ბავშვები არ არიან, ერთი ავღანეთშიც მსახურობს, მაგრამ მეორემ ეგ ცოდვიანი გოგო ბებიის მოსაკლავად შემოიყვანა ოჯახში, - ასე გამოდის.

- თანმიმდევრობით მომიყევით, რაც მოხდა...

- რა მოხდა და ის მოხდა, რომ ეგ გოგო თავისი ქმრის კლასში სწავლობდა. იმანაც დაავლო ხელი სამი წლის წინ და მოუყვანა ბებიას სახლში. თავიდან იმ საწყალს ისე გაუხარდა, საკუთარი შვილივით მიიღო. მეზობლები რომ დავუძახებდით, ჭირი იყო თუ ლხინი, ასე გვეტყოდა, - მე ბებერი ვარ, ეგ ახალგაზრდაა, ხალხში გასვლა მაგას უნდა, ეგ დაპატიჟეთო! მაგრამ მერე ნახა რომ რძალი უბედური და უგვანო გამოდგა, - მთვრალიც ბევრჯერ გვინახავს და წამლითაც გაბრუებული, გადაირია ის საწყალი და ჩხუბი დაუწყო. სულ ჩხუბი და აყალმაყალი გამოდიდა მაგათი სახლიდან. ბოლოს ადგა რძალი და პირუტყვივით დაკლა. ქმრის ბებია კი არა, საკუთარი დედა ისე ჰყავდა ნაცემი, პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, - ყოველკვირა ცხადდებოდა პოლიციაში და ხელს აწერდა საბუთებზე.

- საკუთარი დედა რატომღა ჰყავდა ნაცემი?

- მაგის დედას ეგ გოგოც და მისი დებიც მიტოვებული ჰყავდა, წასული იყო სახლიდან. ეგ გოგო კი ღამესაც არ ათევდა სახლში. მერე დედა სადაც იყო, იქ მიუვარდა და ისე სცემა, საავადმყოფოში დააწვინეს დაასისხლიანებული. ამაზე მიუსაჯეს პატიმრობა. მერე პირობით გამოუშვეს.

- ამის შესახებ მკვლელის მეუღლემ არაფერი იცოდა თუ მისი კლასელი იყო?

- როგორ არ ეცოდინებოდა, მთელმა გურჯაანმა იცის, მაგრამ ახლაც გაიძახის, მიყვარდა და მოვიყვანეო. ეგ არის მაგის სათქმელი, დანარჩენი დამუნჯებულია, არავის სცემს ხმას.

ი. შ.:

- მარტო რომ დარჩა, დრო იხელთა ალბათ. ისე, გარეგნულად არაფერი შეგვიტყვია, თორემ ალბათ მთლად ფსიქიკაც ვერ ჰქონდა ჯანსაღად. განა რა უნდა დაეშავებინა ერთ მოხუც ქალს ისეთი, ასე რომ შეიზიზღა? ის საცოდავი მეზობლებთანაც არ ამბობდა, რძალს სინამდვილეში რატომ ეჩხუბებოდა. მარტო იმას გაიძახოდა, - ეგ ახალგაზრდაა და მე ბებერი, იმიტომ ვერ ვეწყობით ერთმანეთსო, ეგ იყო მაგის პასუხი. ერთხანს ამ ჩხუბისთვის ქმარს სახლიდანაც ჰყავდა გაგდებული, მაგრამ მერე ისევ დაიბრუნა. ახლა ირკვევა, რომ ბათუმიდან ჩამოუყვანია. იქ რას აკეთებდა, არავინ იცის. მაგრამ რაც დაბრუნდა მას შემდეგ, მაგ ოჯახიდან ჩხუბის ხმა აღარ გაგვიგვია, თურმე ჩუმად ემზადებოდა რომ ის უბედური ასე დაეკლა. ისე, ერთი მეზობლისთვის კი უთქვამს იმ საწყალს, რაღაც არ მომწონს მაგის თვალები, მეშინია, არ მომკლავსო. სიკვდილის წინა დღეს კი ის უთქვამს, - ჩემს რძალს გული სახლში არ უდგება, ისევ ბათუმში უნდა წასვლა, ასე მითხრა, - ოცი ლარი მომეცი და მოგშორდებიო. მეც რაღას ვიზამდი, პენსია ავიღე და მივეციო. ეტყობა წასვლის წინ მოიფიქრა იმ უბედურის მოკვლა.

... ამ საუბრის შემდეგ მეზობლებს თავადაც სულშეძრული დავემშვიდობე, - შესაძლოა სუბიექტური აზრია, მაგრამ რადგან აზრის გამოხატვის უფლება მეც მაქვს, პირდაპირ ვიტყვი, - ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ისევ მიმიყვანა იმ ფიქრამდე, რომ ჩვენში ცივსისხლიანი მკვლელობების რიცხვი არც მომავალში მოიკლებს. მიზეზი ძალზე მარტივია, - ამ ახალგაზრდა გურჯაანელი ქალივით, ჩვენში უკვე ბევრს გაუნადგურდა ბავშვობა, - ქუჩებში მშობლებისგან და სახელმწიფოსაგან მიტოვებული ასეულობით ბავშვი დაწანწალობს. პიროვნული ტრაგედიები უხშირესად სწორედ აქედან ბავშვობდან იწყება. ასე რომ, გაცვეთილი გამოთქმა, "ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მივდივართო", გურჯაანში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)